წვდომის მენიუ

ტელეკომპანია „კავკასიის“ მიმართ ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივრის (№შ-20-6/5992, 27.11.2020) გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: გ-20-16 / 880

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 07, 2020 19:27

მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2020

ტელეკომპანია „კავკასიის“ მიმართ ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივრის (№შ-20-6/5992, 27.11.2020)  გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

I.   საქმის აღწერა

1.  საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნულ   კომისიას   (შემდგომში:   „კომისია“) საჩივრით (№შ-20-6/5992, 27.11.2020) მიმართა ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ტელეკომპანია „კავკასიის“ წინააღმდეგ. საჩივარში მითითებულია, რომ 2020 წლის 08 სექტემბერს ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ტელეკომპანია „კავკასიას“ სამაუწყებლო ბადეში სოციალური რეკლამის სახით განთავსების მოთხოვნით წარუდგინა განცხადება და შესაბამისი ვიდეორგოლი. ტელეკომპანია „კავკასიამ“ ეთერში არ განათავსა ვიდეორგოლი და არც განთავსებაზე უარის თქმის მიზეზი აცნობა განმცხადებელს. საჩივრის ავტორის მტკიცებით, მაუწყებლისადმი წარდგენილი აუდიო-ვიზუალური მასალა სრულად აკმაყოფილებს სოციალური რეკლამისადმი კანონით წაყენებულ მოთხოვნებს. შესაბამისად, ტელეკომპანია „კავკასიამ“ მისი არგანთავსებით დაარღვია მოქმედი კანონმდებლობა. ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ითხოვს კომისიამ შეისწავლოს საკითხი და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. საჩივარს თან ერთვის ტელეკომპანია „კავკასიისადმი“ გაგზავნილი განცხადება და ვიდეორგოლის ჩანაწერი.

2. საჩივართან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის მიზნით კომისიის მოსამზადებელი სხდომა გაიმართა 2020 წლის 3 დეკემბერს, 15:00 საათზე. სხდომაში მონაწილეობა მიიღეს ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა   ცენტრის“   წარმომადგენელმა   ნესტან   ლონდარიძემ   და   ტელეკომპანია „კავკასიის“ წარმომადგენელმა ნინო ჯანგირაშვილმა.

3. ა(ა)იპ   „ადამიანის   უფლებათა   ცენტრის“   წარმომადგენელმა   მხარი   დაუჭირა საჩივარს და კიდევ ერთხელ მიუთითა, რომ ტელეკომპანია „კავკასიისათვის“ წარდგენილი ვიდეორგოლი სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნებს, ვინაიდან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს. წარმომადგენლის განმარტებით, მაუწყებელმა დაარღვია კანონმდებლობის მოთხოვნები. აღნიშნულის გათვალისწინებით, საჩივრის ავტორი   კომისიისგან   ითხოვს   საკითხის   შესწავლას  და   სათანადო   სამართლებრივ რეაგირებას.

4. ტელეკომპანია  „კავკასიის“  წარმომადგენელმა  მიუთითა,  რომ  საჩივარში აღნიშნული გარემოებები არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან საჩივრის ავტორს სოციალური ქსელის („ფეისბუქის“) მეშვეობით განემარტა ვიდეორგოლის ეთერში განუთავსებლობის მიზეზები. მაუწყებლის წარმომადგენლის მტკიცებით, ვიდეორგოლი არ აკმაყოფილებს სოციალური რეკლამის მიმართ კანონმდებლობით წაყენებულ მოთხოვნებს, ვინაიდან - შეიცავს იურიდიული პირის - ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საქმიანობის რეკლამას. გარდა ამისა, მისი პოზიციით, კომისიამ საჩივარი არ უნდა მიიღოს განსახილველად, რადგან კანონი მკაფიოდ არ განსაზღვრავს მაუწყებლის ვალდებულებას და არ ადგენს კონკრეტულად როდის უნდა განათავსოს მისთვის წარდგენილი სოციალური რეკლამა.

II.  სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის  სფეროში  კომისიის  ფუნქციებს  განეკუთვნება „მაუწყებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“, ამავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით  „მაუწყებლობის    სფეროში    მოქმედი  კანონმდებლობის    მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება“, ხოლო „ი“ ქვეპუნქტით კი - საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.

2. „მაუწყებლობის  შესახებ"  საქართველოს  კანონის  მე-14  მუხლის  მე-2  პუნქტის მიხედვით, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს (ძალადაკარგულად არის ცნობილი მე-2 პუნქტის სიტყვები „გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა“ იმ ნაწილში, რომელიც ეხება 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვებს „ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“). ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა  და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. მომხმარებელთა იმ განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც შეეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს, კომისია განიხილავს მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

3. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა.

 

4. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა.

5.  „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 171  მუხლის თანახმად, სამაუწყებლო რეკლამის სფეროში რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილისა) და გამოყენებული საშუალებების, აგრეთვე სამაუწყებლო რეკლამის გამავრცელებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) იღებს გადაწყვეტილებას არასათანადო რეკლამის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებაზე ან კონტრრეკლამის განხორციელებაზე; ბ) უფლებამოსილია „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა დამრღვევს კანონით დადგენილი წესით დააკისროს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სანქცია; გ) უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის ორგანოებს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე.

6. „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 21  პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის მარეგულირებელი ნორმების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

7. „რეკლამის    შესახებ“ საქართველოს    კანონის    მე-3    მუხლის მე-15    პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამა განმარტებულია როგორც მაუწყებლის    მიერ გავრცელებული  (გადაცემული)  კომერციული,  სოციალური  ან წინასაარჩევნო  რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული  პირის,  საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და   წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა  და შენარჩუნებას,   აგრეთვე   საქონლის,   მომსახურების,   სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.

8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან  დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.

9.   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, ავტორიზებულ პირებსა და მომხმარებლებს შორის დავის განხილვის შემთხვევაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას საჩივრის/განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო მაუწყებლებს, მაუწყებლებსა და მომხმარებლებს შორის დავის განხილვის შემთხვევაში – საჩივრის/განცხადების მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. თუ არსებობს დავის არსებითი განხილვის წინაპირობები, მოსამზადებელი სხდომა შეიძლება გადაიზარდოს დავის არსებითი განხილვის სხდომაში.

10. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, ან განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, თუ განმცხადებელი/საჩივრის ავტორი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტს.

ამრიგად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის  თანახმად,  მაუწყებლობის  სფეროში  კომისიის  ფუნქციებს განეკუთვნება „მაუწყებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“. ამასთან, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების“    45-ე    მუხლის    მე-6    პუნქტის    შესაბამისად,    კომისია უფლებამოსილია,მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას.  აღნიშნულის    გათვალისწინებით,    ა(ა)იპ    „ადამიანის  უფლებათა ცენტრის“ საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად უნდა დადგინდეს, უკავშირდება თუ არა საჩივარში დასმული საკითხი კომისიისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას.

როგორც აღინიშნა, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კომისიის ფუნქციებში შედის „მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება“. თავის მხრივ, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლისა და 21-ე მუხლის 21 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ სამაუწყებლო რეკლამის, მათ შორის, სოციალური რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი განეკუთვნება კომისიის უფლებამოსილებებს.

ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიუთითებს, რომ მან სოციალური რეკლამის სახით განსათავსებლად ტელეკომპანია „კავკასიას“ წარუდგინა ვიდეორგოლი, ხოლო მაუწყებელმა აღნიშნული ვიდეორგოლი ეთერში არ განათავსა. საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ შპს ტელეკომპანია „კავკასიის“ ქმედება არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს და ითხოვს სათანადო რეაგირებას. კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად, ტელეკომპანია „კავკასია“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია. ამრიგად, საჩივარში დასმული საკითხი უკავშირდება მაუწყებლის მიერ სამაუწყებლო რეკლამის, კერძოდ, სოციალური რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულების  კონტროლს  და  მისი  გადაწყვეტა  განეკუთვნება  კომისიის უფლებამოსილებებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივარი უნდა იქნეს მიღებული განსახილველად.

„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. განსახილველ შემთხვევაში დავის გადასაწყვეტად კომისიამ უნდა დაადგინოს, განეკუთვნება თუ არა ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“   მიერ შპს ტელეკომპანია „კავკასიისთვის“ წარდგენილი ვიდეორგოლი „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სოციალურ რეკლამას და დაარღვია თუ არა მაუწყებელმა კანონმდებლობის მოთხოვნები აღნიშნული ვიდეორგოლის განთავსებაზე უარის თქმით. კომისია მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხის გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას და „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მიზანშეწონილია ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივარი განხილულ იქნეს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით (იხ. „შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ მიმართ ა(ა)იპ „თანასწორობის მოძრაობის“ საჩივართან (№შ-20-6/4641, 08.09.2020) დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის შესახებ“ კომისიის გადაწყვეტილება (№გ-20-16/726, 24.09.2020).

III.  სარეზოლუციო ნაწილი

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ და „ვ“ ქვეპუნქტების, მე-14 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, 65-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  VII  თავისა  და  177-ე მუხლის  მე-4  ნაწილის, „რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონის 171  მუხლის, 21-ე მუხლის 21  პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების გათვალისწინებით, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   ტელეკომპანია   „კავკასიის“   მიმართ   ა(ა)იპ   „ადამიანის   უფლებათა   ცენტრის“ საჩივარი (№შ-20-6/5992, 27.11.2020) მიღებულ იქნეს განსახილველად.

2.  ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ და ტელეკომპანია „კავკასიას“ შორის დავის განხილვა დაინიშნოს 2020 წლის 10 დეკემბერს 15:00 საათზე.

3. დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივარზე (№შ-20-6/5992, 27.11.2020) თანდართული ვიდეორგოლის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა (ი. მახარაძე).

4. დაევალოს     კომისიის     აპარატის     ადმინისტრაციას     (ო. ვოტ)    წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის დაუყონებლივ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

6. გადაწყვეტილების   შესრულებაზე   კონტროლი   დაევალოს   კომისიის   აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

კახი ბექაური       თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე    წევრი

მერაბ ქათამაძე     წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები