შპს ,,მთავარი არხის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვისა და შპს ,,მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 18, 2021 20:30
მიღების თარიღი დეკემბერი 31, 2020
შპს ,,მთავარი არხის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვისა და შპს ,,მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის არწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოვიდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/6402; 21.12.2020) შპს ,,მთავარი არხის“ მიერ საარჩევნო სუბიექტის უფასო პოლიტიკური წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებაზე უარის თქმის თაობაზე.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარში აღნიშნულია, რომ 2020 წლის 21 ნოემბრის არჩევნების მეორე ტურისთვის შპს ,,მთავარ არხს“ სამაუწყებლო ბადეში უნდა განეთავსებინა მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების, მათ შორის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ უფასო წინასაარჩევნო რეკლამა ხუთი დღის განმავლობაში. შპს ,,მთავარმა არხმა“ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ უფასო წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებაზე საჯაროდ განაცხადა უარი. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის თანახმად, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებამ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ოფიციალურად მიმართა მაუწყებელს უფასო წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების თხოვნით და წარუდგინა შესაბამისი ვიდეორგოლები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებდნენ წინასაარჩევნო რეკლამისთვის კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს. საჩივრის ავტორის განცხადებით, შპს ,,მთავარმა არხმა“ საჯაროდ გაცხადებული უარი კიდევ ერთხელ დაადასტურა ელექტრონული შეტყობინებით, რომელიც საჩივრის ავტორმა მიიღო წერილის პასუხად. შესაბამისად, საჩივრის ავტორის განცხადებით, შპს ,,მთავარმა არხმა“ რეკლამის განუთავსებლობით დაარღვია მოქმედი კანონმდებლობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ითხოვს კომისიის მიერ საკითხის შესწავლას და რეაგირებას.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარს ერთვის შპს ,,მთავარი არხისთვის“ გაგზავნილი და მაუწყებლისგან მიღებული ელექტრონული წერილების ამონაბეჭდები.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის მიზნით კომისიის სხდომა დაინიშნა 2020 წლის 31 დეკემბერს, რის თაობაზეც შპს ,,მთავარ არხს“ და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ეცნობათ კომისიის შეტყობინებებით ((Nგ-20-03/4340; 28.12.2020; Nგ-20-03/4343; 28.12.2020).
კომისიის 2020 წლის 31 დეკემბრის დისტანციურად გამართულ სხდომას ესწრებოდნენ შპს ,,მთავარი არხის“ წარმომადგენელი თ. მურადაშვილი და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი ნ. ბოკუჩავა. კომისიის სხდომაზე ნ. ბოკუჩავამ დაადასტურა საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ასევე აღნიშნა, რომ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო რეკლამის სამაუწყებლო ბადეში განთავსების მიზანი იყო პარლამენტის არჩევის ხელშეწყობა. ნ. ბოკუჩავას განმარტებით, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ავალდებულებს ავტორიზებულ პირს დაიცვას ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, ხოლო კომისიის ფუნქცია არის მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნის შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში სათანადო რეაგირება. ნ. ბოკუჩავას განცხადებით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ,,ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ მოთხოვნას წარმოადგენდა მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენება. მან ასევე აღნიშნა, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლი ცალსახად ავალდებულებს მაუწყებელს, რომ განათავსოს უფასო წინასაარჩევნო რეკლამა. ფაქტია, რომ ტელეკომპანია მთავარმა უფასო წინასაარჩევნო რეკლამა არ განათავსა მეორე ტურთან დაკავშირებით, რითაც დაარღვია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლი და ასევე, საარჩევნო სუბიექტის უფლებები, რაც კომისიის მხრიდან არის სათანადო რეაგირების, კერძოდ, სანქცირების საფუძველი.
კომისიის სხდომაზე შპს ,,მთავარი არხის“ წარმომადგენელმა თ. მურადაშვილმა დაადასტურა, რომ შპს ,,მთავარ არხსა“ და მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას ,,ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ წარმომადგენელს შორის შედგა კომუნიკაცია, მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ა/წ 16 ნოემბერს წერილობით მიმართა მაუწყებელს, ხოლო 18 ნოემბერს მაუწყებელმა წერილობით დაუდასტურა, რომ უარს ამბობდა საკუთარი ინვენტარის, უფასო დროის გამოყოფაზე მეორე ტურების წინასაარჩევნო პერიოდისთვის. თ. მურადაშვილის განმარტებით, შპს ,,მთავარი არხი“ ვერ იქნებოდა გულგრილი მიმდინარე მოვლენების მიმართ. მისი განცხადებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსი და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლი არსებითად ეფუძნება არადისკრიმინაციულობას და თანაბარი პირობების, შესაძლებლობების მიცემას ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის. თ. მურადაშვილის განმარტებით, აქ საუბარი არის არა იმაზე, რომ მაუწყებელი ვალდებულია გამოუყოს დრო კონკრეტულ პარტიას, არამედ იმაზე, რომ მაუწყებელი ვალდებულია გამოყოს დრო უფასო პოლიტიკური რეკლამისთვის, რომელიც უნდა გადაანაწილოს არადისკრიმინაციულად და თანაბრად. აქედან გამომდინარე, ამ ნორმის ამოსავალი წერტილი არის არხის რესურსების დათმობა თანაბარი შესაძლებლობებით ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, რომელიც მონაწილეობს არჩევნებში. თ. მურადაშვილის განმარტებით, შპს ,,მთავარ არხს“ დაცული ჰქონდა არადისკრიმინაციულობის პრინციპი ანუ დისკრიმინაციული რაიმე ნიშნით მაუწყებელს არ შეურჩევია რომელიმე პოლიტიკური პარტია და უარი არ უთქვამს მისთვის მომსახურებაზე. ამიტომ, მაუწყებელს არ დაურღვევია კანონმდებლობა. თ. მურადაშვილის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ მაუწყებლობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, საარჩევნო კოდექსი, უნდა განიმარტოს საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ ევროპული კონვენციის მიხედვით, მაუწყებლის პროტესტი და გამოხატვა სრულად ჯდებოდა ამ ფუნდამენტურ უფლებაში. გამოხატვის თავისუფლება არ გულისხმობს მხოლოდ შინაარსის დაცვას, არამედ ფორმების დაცვასაც. მოცემულ შემთხვევაში კი მაუწყებლის პროტესტი გამოხატული იყო სიჩუმით, უარით, რაც არის გამოხატვის დაცული ფორმა და აღიარებულია სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკით. თ. მურადაშვილმა დამატებით განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც მაუწყებელი გადაწყვეტს გამოყოს უფასო საეთერო დრო, ის ვალდებულია არადისკრიმინაციულობის დაცვით განახორციელოს წინასაარჩევნო რეკლამის განთავსება. იმ შემთხვევაში თუ მაუწყებელი არ გამოყოფს საეთერო დროს, დარღევას ადგილი არ აქვს. ყველა სუბიექტს უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები მაუწყებლის მხრიდან და ეს ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც მაუწყებელი გამოყოფს უფასო საეთერო დროს. მან ასევე, დაამატა, რომ მაუწყებელი აქამდე ყოველთვის გამოყოფდა საეთერო დროს და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა უარი განაცხადა საეთერო დროის გამოყოფაზე.
შპს ,,მთავარი არხის“ წარმომადგენლის განმარტებით, სხვა სამაუწყებლო არხები აძლევდნენ საარჩევნო სუბიექტებს უფასო წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების შესაძლებლობას და პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდათ სხვა ალტერნატიული საშუალებები მთელი საქართველოს მაშტაბით. ამიტომ, ამ გარემოების გათვალისწინებით შპს ,,მთავარმა არხმა“ მიიჩნია, რომ ეს არ იქნებოდა დარღვევა და პოლიტიკური პარტიები არ იქნებოდნენ მძიმე მდგომარეობაში. ამასთანავე, მაუწყებლის პროტესტი გამოიხატა არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებით, არამედ ასევე, ცესკოსთან მიმართებით, რაც ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. თ. მურადაშვილის განცხადებით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს იმ პირობებს, რომელთა არსებობისას შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, რეკლამა შეიძლება იყოს ასეთი შეზღუდვა და არსებობს შეზღუდვის სამ-საფეხურიანი ტესტი, რომელიც უნივერსალურია. შეზღუდვამ უნდა დააკმაყოფილოს სამივე საფეხური. ერთ-ერთია შეზღუდვა, რომელიც გაწერილი უნდა იყოს კანონში. ამ შემთხვევაში თუ კანონში გაწერილია, რომ მაგალითად რეკლამის ნაწილში შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება მათ შორის, გულისხმობს მედიის იძულებას გამოყოს უფასო დრო ან კონკრეტულ რეგულაციებში მოაქციოს რეკლამის ფორმით გამოხატვა, ეს არ არის საკმარისი. შეზღუდვის ტესტის მეორე საფეხურია ის, რომ შეზღუდვა ლეგიტიმურ მიზანს უნდა ემსახურებოდეს, ხოლო მესამე საფეხურია ის, რომ აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში და ამასთან, სანქცია საბოლოოდ უნდა იყოს პროპორციული. ამ შემთხვევაში გამოხატვის უფლება გულისხმობდა იმას, რომ მაუწყებლის ლეგიტიმური მიზანი იყო პროტესტის გამოხატვა და აუცილებელი იყო დემოკრატიულ საზოგადოებაში.
თ. მურადაშვილის განცხადებით, მაუწყებელს ჰქონდა მოლოდინი, რომ შესაძლოა მისი ქმედება მიჩნეული ყოფილიყო კანონდარღვევად. მიუხედავად ამისა, მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლებასა და პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების უფლების ურთირთკონფლიქტის ჭრილში, მაუწყებელმა გადაწყვიტა, რომ მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლება გადაწონიდა პარტიის უფლებას.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარი (Nშ-20-6/6402; 21.12.2020), რომელსაც ერთვის შპს ,,მთავარი არხისთვის“ გაგზავნილი და მაუწყებლისგან მიღებული ელექტრონული წერილების ამონაბეჭდები;
2. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლის განცხადება (Nშ-20-6/6507; 28.12.2020) თანდართული მინდობილობით;
3. კომისიის წერილი (Nგ-20-04/3473; 03.11.2020) მაუწყებლებს და ამ წერილის შპს ,,მთავარი არხისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
4. კომისიის წერილი მაუწყებლებს (Nგ-20-04/3825; 16.11.2020) და მისი შპს ,,მთავარი არხისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
5. 2020 წლის 13 ნოემბერს შპს ,,მთავარი არხის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული საინფორმაციო გამოშვების ,,მთავარი 9“ ვიდეოჩანაწერი;
5. შპს ,,მთავარი არხის“ შესახებ მონაცემები კომისიის ავტორიზებულ ლიცენზირებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
6. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლისა და შპს ,,მთავარი არხის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს ,,მთავარი არხი“ (ს/კ: 404574518) წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს მაუწყებლობის სახე - ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა - კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა - საერთო ტელემაუწყებლობა; ავტორიზაციის თარიღი - 18.04.2019);
მტკიცებულება: შპს ,,მთავარი არხის“ შესახებ მონაცემები კომისიის ავტორიზებულ ლიცენზირებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 13 ნოემბრის N360/2020 განკარგულებით, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტურის გამართვის თარიღად განისაზღვრა 2020 წლის 21 ნოემბერი;
მტკიცებულება: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 13 ნოემბრის N360/2020 განკარგულება.
3. 2020 წლის 3 ნოემბერს, კომისიამ მაუწყებლებს, მათ შორის, შპს ,,მთავარ არხს“ აცნობა (Nგ-20-04/3473; 03.11.2020), რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 761 მუხლის 21-ე პუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო რეკლამების განთავსებისათვის მოქმედებს არჩევნების პირველი ტურისათვის გამოქვეყნებული ტარიფები. შესაბამისი ტარიფის შეცვლა დასაშვებია პირველი ტურის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა. ახალი ტარიფი ეგზავნება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით. ეს ტარიფი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. წინასაარჩევნო რეკლამებს მაუწყებლები გადასცემენ მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან. ამავე მუხლის 22-ე პუნქტის შესაბამისად, იმ საარჩევნო ოლქში (ოლქებში), სადაც არჩევნების მეორე ტური ტარდება, უფასო საეთერო დრო ნაწილდება მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებს შორის იმ პროპორციით, რომლითაც არიან წარმოდგენილი ეს საარჩევნო სუბიექტები შესაბამის საარჩევნო ოლქში (ოლქებში) მეორე ტურში მონაწილეობისათვის. მაუწყებლებს ეთხოვათ ზემოაღნიშნული გაეთვალისწინათ თავის საქმიანობაში. 2020 წლის 16 ნოემბერს, კომისიამ მაუწყებლებს, მათ შორის, შპს ,,მთავარ არხს“ დამატებით მიაწოდა ინფორმაცია მეორე ტურში უფასო პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების წესებისა და პროპორიულობის თაობაზე, მათ შორის იმის შესახებ, რომ 2020 წელს „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების ფარგლებში საქართველოს პარლამენტში წარდგენილ განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ უფასო საეთერო დრო მეორე ტურში შესაბამისი პროპორციით გადანაწილდება მეორე ტურში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტზე, მიუხედავად იმისა, პირველი ტურში სარგებლობდა თუ არა კონკრეტული სუბიექტი კვალიფიციური სუბიექტის სტატუსით, მათ შორის, დამოუკიდებელი კანდიდატებიც (Nგ-20-04/3825; 16.11.2020).
მტკიცებულება: კომისიის წერილი მაუწყებლებს (Nგ-20-04/3473; 3.11.2020) და მისი შპს ,,მთავარი არხისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი; კომისიის წერილი მაუწყებლებს (Nგ-20-04/3825; 16.11.2020) და მისი შპს ,,მთავარი არხისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
4. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტს. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას ღებულობდნენ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები.
მტკიცებულება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული საარჩევნო სუბიექტების სია (https://cesko.ge/geo/list/show/119952-saqartvelos-parlamentis-2020-tslis-archevnebi- registrirebuli-partiebi); ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა და მათწარმდგენთა სია (https://cesko.ge/geo/list/show/123276-saqartvelos-parlamentis-2020-tslis-31-oqtombris-archevnebis-II- turshi-monatsile-majoritari-deputatobis-kandidatebi)
5. 2020 წლის 16 ნოემბერს მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ მიმართა შპს ,,მთავარ არხს“ თხოვნით სამაუწყებლო ბადეში განეთავსებინა მაუწყებლისთვის წარდგენილი სარეკლამო რგოლები საარჩევნო სუბიექტისთვის უფასო პოლიტიკური რეკლამისთვის განკუთვნილი საეთერო დროის შესაბამისად, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საკონტაქტო პირის მიერ მოწოდებული რგოლების მონაცვლეობის გრაფიკის მიხედვით;
მტკიცებულება: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარი (Nშ-20-6/6402; 21.12.2020), რომელსაც ერთვის შპს ,,მთავარი არხისთვის“ გაგზავნილი და მაუწყებლისგან მიღებული ელექტრონული წერილების ამონაბეჭდები.
6. 2020 წლის 18 ნოემბერს, შპს ,,მთავარმა არხმა“ აცნობა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“, რომ მაუწყებელს არ შეუცვლია აქამდე საჯაროდ გაცხადებული პოზიცია და უარს აცხადებდა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად უფასო დრო გამოეყო როგორც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოსთვის, ასევე, სხვა საარჩევნო სუბიექტებისთვის;
მტკიცებულება: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარი (Nშ-20-6/6402; 21.12.2020), რომელსაც ერთვის შპს ,,მთავარი არხისთვის“ გაგზავნილი და მაუწყებლისგან მიღებული ელექტრონული წერილების ამონაბეჭდები.
7. 2020 წლის 13 ნოემბერს, 22:03 საათზე შპს ,,მთავარი არხის“ ეთერით (საინფორმაციო გამოშვება ,,მთავარი 9“) გავრცელდა სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადება იმის თაობაზე, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ან/და ქართული ოცნების არცერთი საარჩევნო რეკლამა, თუნდაც ეს იყოს კანონდარღვევა, ტელეკომპანია მთავარის ეთერში არ გავიდოდა;
მტკიცებულება: 2020 წლის 13 ნოემბერს შპს ,,მთავარი არხის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული საინფორმაციო გამოშვების ,,მთავარი 9“ ვიდეოჩანაწერი.
8. შპს ,,მთავარი არხის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი/იდენტური დარღვევისთვის არ გამოყენებულა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე.
მტკიცებულება: შპს ,,მთავარი არხის“ შესახებ მონაცემები კომისიის ავტორიზებულ/ლიცენზირებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქცია და ვალდებულებაა მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა, კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;
3. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს;
4. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „წ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეკლამა არის - კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;
5. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ14“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასაარჩევნო რეკლამა არის- რეკლამა, რომლის მიზანია საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს –საკრებულოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირის – მერის არჩევის ხელშეწყობა;
6. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
7. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა არის - მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ – მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.
8. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 761 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, წინასაარჩევნო რეკლამების განთავსებისათვის მოქმედებს არჩევნების პირველი ტურისათვის გამოქვეყნებული ტარიფები. შესაბამისი ტარიფის შეცვლა დასაშვებია პირველი ტურის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა. ახალი ტარიფი ეგზავნება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით. ეს ტარიფი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. წინასაარჩევნო რეკლამებს მაუწყებლები გადასცემენ მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან, ხოლო 22-ე პუნქტის შესაბამისად, იმ საარჩევნო ოლქში (ოლქებში), სადაც არჩევნების მეორე ტური ტარდება, უფასო საეთერო დრო ნაწილდება მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებს შორის იმ პროპორციით, რომლითაც არიან წარმოდგენილი ეს საარჩევნო სუბიექტები შესაბამის საარჩევნო ოლქში (ოლქებში) მეორე ტურში მონაწილეობისათვის.
9. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-15 პუნქტისა და 185-ე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განსაზღვრავს საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესს, უზრუნველყოფს მაუწყებლის მიერ ამ კანონით დადგენილ ნორმათა დაცვის მონიტორინგს და ახდენს შესაბამის რეაგირებას ამ ნორმების დარღვევაზე.
10. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, რომლის 761 მუხლი ადგენს არჩევნების მეორე ტურის დროს მაუწყებლის მიერ ფასიანი და უფასო წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების სპეციალურ წესს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის 21- ე პუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო რეკლამებს მაუწყებლები გადასცემენ მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან, ხოლო 22-ე პუნქტის თანახმად, იმ საარჩევნო ოლქში (ოლქებში), სადაც არჩევნების მეორე ტური ტარდება, უფასო საეთერო დრო ნაწილდება მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებს შორის იმ პროპორციით, რომლითაც არიან წარმოდგენილი ეს საარჩევნო სუბიექტები შესაბამის საარჩევნო ოლქში (ოლქებში) მეორე ტურში მონაწილეობისათვის.
საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტური დაინიშნა 2020 წლის 13 ნოემბერს. შესაბამისად, შპს ,,მთავარი არხი“, როგორც მაუწყებელი, ვალდებული იყო დაეცვა მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრული მოთხოვნა და 2020 წლის 16 ნოემბრიდან სამაუწყებლო ბადეში განეთავსებინა საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამები უფასოდ.
კომისია ვერ გაიზიარებს შპს ,,მთავარი არხის“ წარმომადგენლის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, წინასაარჩევნო/პოლიტიკურ რეკლამასთან მიმართებით მაუწყებელს აკისრია მხოლოდ არადისკრიმინაციულობის დაცვის ვალდებულება და რომ მას წინასაარჩევნო პერიოდში არ აქვს ზოგადად წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსების ვალდებულება და თუ მაუწყებელი არ გამოყოფს საეთერო დროს, ის არ არის ვალდებული განათავსოს საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა. კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 185-ე მუხლი ადგენს საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენამდე წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფის დროებით წესს, მათ შორის, მაუწყებლის მიერ არჩევნების პირველი ტურის დროს უფასო წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების წესს. აღნიშნული მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საერთო საეთერო მაუწყებლობის განმახორციელებელი ეროვნული მაუწყებელი ვალდებულია საერთო არჩევნების დროს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას არჩევნების დღემდე 50-ე დღიდან თავის ეთერში ყოველ 3 საათში 7,5 წუთი გამოყოს წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის. წინამდებარე დებულება ცალსახად და მკაფიოდ განსაზღვრავს მაუწყებლის ვალდებულებას თავის ეთერში გამოყოს საეთერო დრო უფასო წინასაარჩევნო რეკლამისთვის და ამასთან, განათავსოს მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამები თანაბრად და არადისკრიმინაციულად. გამონაკლისს წარმოადგენს მაუწყებელი (რომელიც არ არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია/რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი და საერთო საეთერო მაუწყებლობის განმახორციელებელი ეროვნული მაუწყებელი), რომელსაც თავის ეთერში წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად დროის გამოყოფის ვალდებულება არჩევნების დღემდე ბოლო 30 დღის განმავლობაში წარმოეშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მომსახურების ზონაში საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას იგი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტის ფასიან წინასაარჩევნო რეკლამას განათავსებს (იხ. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 185-ე მუხლის მე-6 პუნქტი).
როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 761 მუხლის 21-ე პუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო რეკლამებს მაუწყებლები გადასცემენ მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან, ხოლო 22-ე პუნქტის თანახმად, იმ საარჩევნო ოლქში (ოლქებში), სადაც არჩევნების მეორე ტური ტარდება, უფასო საეთერო დრო ნაწილდება მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებს შორის იმ პროპორციით, რომლითაც არიან წარმოდგენილი ეს საარჩევნო სუბიექტები შესაბამის საარჩევნო ოლქში (ოლქებში) მეორე ტურში მონაწილეობისათვის. შესაბამისად, საქართველოს საარჩევნო კოდექსი ერთმნიშვნელოვნად ავალდებულებს მაუწყებელს არჩევნების მეორე ტურის დროსაც განათავსოს უფასო წინასაარჩევნო რეკლამა.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მაუწყებელი პასუხისმგებელია საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მაუწყებლებისთვის განსაზღვრულ ვალდებულებათა შესრულებაზე და სხვა მაუწყებლის მიერ კანონით დადგენილი მოთხოვნის შესრულება არ ათავისუფლებს ამ მაუწყებელს მასზე საქართველოს საარჩევნო კოდექსით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისგან. გარდა ამისა, მაუწყებლის მიერ უფასო წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებაზე უარის თქმის ფაქტის თანმდევი შედეგების თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ თოთოეულ მაუწყებელს შესაძლებელია ჰყავდეს მაყურებელთა/მსმენელთა განსხვავებული აუდიტორია და თუ საარჩევნო სუბიექტს არ მიეცა კანონით გარანტირებული უფლების რეალიზაციის შესაძლებლობა (უფასო წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების უფლება) ერთ საერთო ეროვნულ მაუწყებელთან, როგორიცაა შპს ,,მთავარი არხი“, თუნდაც იმ პირობებში, როცა სხვა მაუწყებლებმა განათავსეს მისი წინასაარჩევნო რეკლამა, საარჩევნო სუბიექტს არ ექნება შესაძლებლობა მიაწოდოს ინფორმაცია საარჩევნო პროგრამის შესახებ იმ ამომრჩევლებს, რომლებიც წარმოადგენენ შპს ,,მთავარი არხის“ მაყურებლებს/მსმენელებს, ხოლო საარჩევნო სუბიექტის შესახებ ინფორმაციის მიღება უმნიშვნელოვანესია ამომრჩევლის მიერ გააზრებული არჩევანის გაკეთების მიზნისთვის.
კომისია ასევე, ვერ გაიზიარებს შპს ,,მთავარი არხის“ წარმომადგენლის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მაუწყებელი მოქმედებდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, უფლებათა ურთიერთკონფლიქტის ჭრილში მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლებამ უნდა გადაწონოს პოლიტიკური პარტიის უფლება განათავსოს უფასო წინასაარჩევნო რეკლამა და შესაბამისად, მაუწყებლის ქმედება არ უნდა იქნეს მიჩნეული კანონდარღვევად. შპს ,,მთავარი არხის“ წარმომადგენლის მოსაზრებით, საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლებაზე შეზღუდვის დადგენა მაუწყებლისთვის უფასო წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების დავალდებულების სახით არ არის საკმარისი და აუცილებელია შეზღუდვა აკმაყოფილებდეს დამატებით ორ პირობას, კერძოდ, ლეგიტიმურ მიზანს უნდა ემსახურებოდეს და აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში.
იმ მოცემულობაში როდესაც საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ იმპერატიულად ადგენს მაუწყებლების ვალდებულებას წინასაარჩევნო პერიოდში განათავსონ პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა, ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შეუძლებელია კონკრეტული ნორმის თანაზომიერების პრინციპთან შეუსაბამობაზე მსჯელობა. საქმის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოსთვის პრეზუმირებულია, რომ ნორმა, რომელსაც ის იყენებს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სრულად აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპს (ნორმას გააჩნია ლეგიტიმური მიზანი და არის მიზნის მიღწევის გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული საშუალება). ამ შემთხვევაშიც პრეზუმირებულია, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ის ნორმები, რომლებიც ადგენენ მაუწყებლის ვალდებულებას -წინასაარჩევნო პერიოდში განათავსონ პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა, ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და არის ამ მიზნის მიღწევის გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული საშუალება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლების უფლება. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თითოეულ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი; ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ყოველგვარი ინფორმაცია ზეპირად, წერილობით ან პრესის და გამოხატვის მხატვრული საშუალებებით ან საკუთარი არჩევანით სხვა საშუალებებით, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა განსაკუთრებულ მოვალეობასა და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. ამიტომ, იგი შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს, რომლებიც დადგენილია კანონით და აუცილებელია: ა) სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის დასაცავად; ბ) სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზნეობის დასაცავად.
,,სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კანონით შეიძლება დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ეს ეხება რეკლამას.
კომისია აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მაუწყებლის ქმედება ვერ იქნება გამართლებული გამოხატვის თავისუფლებით, ვინაიდან, წინასაარჩევნო პერიოდში (მათ შორის არჩევნების მეორე ტურის შემთხვევაშიც) წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსების ვალდებულებას ადგენს საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და მაუწყებელი ვალდებული იყო დაეცვა აღნიშნული მოთხოვნა, კერძოდ, თავის ეთერში უფასოდ განეთავსებინა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამები, რაც მან არ შეასრულა. მაუწყებლის მიერ მისთვის კანონით დაკისრებული წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსების ვალდებულების უგულებელყოფა ერთის მხრივ, საარჩევნო სუბიექტს ართმევს შესაძლებლობასა უფლება კონკრეტული მაუწყებლის სამაუწყებლო პლატფორმის მეშვეობით ამომრჩეველს მიაწოდოს ინფორმაცია საკუთარი საარჩევნო პროგრამის, საკუთარი პოლიტიკური იდეების შესახებ, ხოლო მეორეს მხრივ, აღნიშნული მაუწყებლის მაყურებელ ამომრჩეველს ხელს უშლის ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში და აფერხებს კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლების სრულყოფილ რეალიზებას. ამასთან, უფასო პოლიტიკური რეკლამის მიზანს ასევე წარმოადგენს პოლიტიკური პარტიებისთვის გარკვეულ დონეზე თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ მიერ შპს ,,მთავარი არხისთვის“ წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამების სამაუწყებლო ბადეში განუთავსებლობით შპს ,,მთავარმა არხმა“ დაარღვია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 761 მუხლის 21-ე პუნქტი. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარი შპს ,,მთავარი არხის“ წინააღმდეგ უნდა დაკმაყოფილდეს და მაუწყებელს უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონსა და სხვა საკანონმებლო აქტებთან ერთად შეადგენს საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. ზემოაღნიშნული ნორმების სიტემური ანალიზის შედეგად, კომისია განმარტავს, რომ მაუწყებლების მიერ კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობა განისაზღვრება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, გარდა იმ შემთხვევისა თუ კონკრეტული დარღვევისთვის პასუხისმგებლობა დადგენილია სპეციალური კანონმდებლობით.
ვინაიდან საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 761 მუხლის 21-ე პუნქტით მაუწყებლისთვის განასაზღვრული ვალდებულების დარღვევისთვის ამავე კანონით არ არის გათვალისწინებული მაუწყებლის პასუხისმგებლობის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონისგან განსხვავებული სახე და პასუხისმგებლობის დაკისრების განსხვავებული წესი, შპს „მთავარ არხს“ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს ,,მთავარი არხის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი/იდენტური სამართალდარღვევისთვის არ გამოყენებულა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე, მაუწყებელს უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების და VII თავის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „წ“ და „ჰ14“ ქვეპუნქტების, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტის, 761 მუხლის 21-ე და 22-ე პუნქტების, 185-ე მუხლის მე-17 პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭსყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარი შპს ,,მთავარი არხის“ წინააღმდეგ;
2. შპს ,,მთავარ არხს“ (ს/კ: 404574518) მიეცეს წერილობითი გაფრთხილება ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 761 მუხლის 21-ე პუნქტის დარღვევის გამო;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსა“ და შპს ,,მთავარი არხისთვის“ ჩაბარების დღიდან;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოსთვის“ და შპს ,,მთავარი არხისთვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე.ჭახრაკია) შპს ,,მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ/ლიცენზირებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-6 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
