წვდომის მენიუ

შპს ,,მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 115

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 19, 2020 18:59

მიღების თარიღი თებერვალი 13, 2020

შპს ,,მთავარი არხისთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

 I. აღწერილობითი ნაწილი

2019 წლის 16 იანვარს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2020 წლის 15 იანვრის №20-10-73 სამსახურებრივი ბარათი თანდართულ მასალასთან (CD) ერთად. სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 14 და 15 იანვარს განხორციელდა შპს „მთავარი  არხის“  მონიტორინგი, რომლის შედეგად გამოვლინდა, რომ მაუწყებლის ეთერში კვლავ განთავსებულია პოლიტიკური შინაარსის ვიდეორგოლები. აღნიშნულ ვიდეორგოლებთან დაკავშირებით კომისიამ 2019 წლის 30 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება №გ-19-18/727 ,,შპს ,,მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“, რომლითაც შპს ,,მთავარ არხს“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება და დაევალა ვიდეორგოლების სამაუწყებლო ბადიდან დაუყონებლივ ამოღება. აღნიშნული გადაწყვეტილება ,,მთავარ არხს“ ჩაბარდა 13 იანვარს.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური  მედია მომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტის 2020 წლის 15 იანვრის №20-10-73 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ კომისიის 2019 წლის 30 დეკემბრის №გ-19-18/727 გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 23 იანვარს, რის თაობაზეც შპს ,,მთავარ არხს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის 98-ე და 99-ე  მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. 2020 წლის 23 იანვრის კომისიის სხდომა გადაიდო შპს ,,მთავარი არხის“   შუამდგომლობის (22.01.2020) საფუძველზე და დაინიშნა 2020 წლის 6 თებერვალს, რის შესახებ წერილობითი შეტყობინებით ეცნობა შპს ,,მთავარ არხს“. 2020 წლის 6 თებერვალს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,მთავარი არხის“ დირექტორი თ. მურადაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ 2020 წლის 5 თებერვალს სადავო კლიპები სამაუწყებლო ბადიდან ამოიღეს და დარღვევა აღმოფხვრეს, რითაც შესრულდა კომისიის გადაწყვეტილება. შესაბამისად, შპს ,,მთავარი არხის“ სანქცირების საფუძველი არ არსებობს. მან, ასევე აღნიშნა, რომ კომისიის გადაწყვეტილება, რომელიც დაუყონებლივ აღსრულებას ითვალისწინებდა, შპს ,,მთავარ არხს“ ჩაბარდა 2020 წლის 13 იანვარს. გადაწყვეტილების ჩაბარებიდან მომდევნო 2 დღის განმავლობაში (14 და 15 იანვარი) კომისიის მიერ ჩატარდა მონიტორინგი, რაც, მისი აზრით, არ უნდა ჩატარებულიყო, რათა არ ყოფილიყო აღქმული ისე, რომ კომისიამ მონიტორინგი ჩაატარა განზრახ. შპს ,,მთავარი არხის“ დირექტორის განცხადებით, კომისიის გადაწყვეტილებით არ იყო განსაზღვრული დარღვევის აღმოფხვრისთვის გონივრული ვადა, რაც, მისი აზრით, იქნებოდა 1 კვირა, ვინაიდან, სამაუწყებლო ბადეში საჭირო იყო ალტერნატიული მასალის განთავსება, რათა არ გაჩენილიყო სიცარიელე.

კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების დეპარტამენტის 2020 წლის 12 თებერვლის მოხსენებითი ბარათის (№20-10-435) თანახმად, შპს ,,მთავარი არხის“ მიერ კომისიის 2019 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილების №გ-19-18/727 შესრულების დადგენის მიზნით, 2020 წლის 5 თებერვლიდან 12 თებერვლის ჩათვლით, კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „მთავარი არხის“ ეთერით გასული გადაცემების დამატებითი მონიტორინგი, რის შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნულ პერიოდში ზემოხსენებული წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა შპს „მთავარი არხის“ ეთერით არ გასულა.

II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები

1.კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების  რეგულირების დეპარტამენტის 2020 წლის 15 იანვრის №20-10-73 სამსახურებრივი ბარათი თანდართულ მასალასთან - CD ერთად.

2. კომისიის 2019 წლის 30 დეკემბრის №გ-19-18/727 გადაწყვეტილება ,,შპს ,,მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“.

3. შპს ,,მთავარი არხის“ დირექტორის თ.მურადაშვილის მიერ კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტება.

4. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების დეპარტამენტის 2020 წლის 12 თებერვლის მოხსენებითი ბარათი (№ 20-10-435).

5. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (№ 20-10-112, 20.01.2020).

6. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს ,,მთავარ არხთან“ დაკავშირებით.

 III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 1. შპს ,,მთავარი არხი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს მაუწყებლობის სფეროში (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა. თარიღი: 5.09.2019).

 მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეეტრიდან

2. კომისიის 2019 წლის 30 დეკემბერის №გ-19-18/727 გადაწყვეტილებით შპს ,,მთავარ არხს“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო. კერძოდ, შპს ,,მთავარმა არხმა“ სამაუწყებლო ბადეში განათავსა ვიდეორგოლები, რომლებიც წარმოადგენენ პოლიტიკურ რეკლამებს, რომელთა განთავსება მაუწყებელს შეზღუდული აქვს თუ წინასაარჩევნო კამპანია არ მიმდინარეობს. ამასთან, ამავე გადაწყვეტილებით შპს ,,მთავარ არხს“ დაევალა აღნიშნული ვიდეორგოლების სამაუწყებლო ბადიდან დაუყონებლივ ამოღება. კომისიის 2019 წლის 30 დეკემბერის №გ-19-18/727 გადაწყვეტილება შპს ,,მთავარ არხს“ ჩაბარდა 2020 წლის 13 იანვარს.

მტკიცებულება: კომისიის 2019 წლის 30 დეკემბერის №გ-19-18/727 გადაწყვეტილება; კომისიის 2019 წლის 30 დეკემბრის №გ-19-18/727 გადაწყვეტილების შპს ,,მთავარი არხისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2020 წლის 14 და 15 იანვარს განხორციელდა შპს „მთავარი არხის“ გადაცემების მონიტორინგი, რომლის შედეგად   გამოვლინდა, რომ შპს ,,მთავარი არხის“ სამაუწყებლო ეთერში კვლავ განთავსებულია ის  ვიდეორგოლები,    რომელთა განთავსებისათვის კომისიის 2019 წლის 30 დეკემბერის №გ-19-18/727 გადაწყვეტილებით შპს ,,მთავარ არხს“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება და რომელთა დაუყონებლივ ამოღება დაევალა სამაუწყებლო ბადიდან.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის 2020 წლის 15 იანვრის №20-10-73 სამსახურებრივი ბარათი თანდართულ მასალასთან ერთად (CD); კომისიის 2019 წლის 30 დეკემბრის №გ-19-18/727 გადაწყვეტილება ,,შპს ,,მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“.

4. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ, 2020 წლის 5 თებერვლიდან 12 თებერვლის ჩათვლით, შპს ,,მთავარი არხის“ მიერ კომისიის 2019 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილების Nგ-19-18/727 შესრულების დადგენის მიზნით, განხორციელდა შპს „მთავარი  არხის“   გადაცემების მონიტორინგი, რომლის შედეგად დგინდება, რომ შპს ,,მთავარი არხის“ სამაუწყებლო ეთერით ზემოაღნიშნული წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა არ გასულა.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების დეპარტამენტის 2020 წლის 12 თებერვლის მოხსენებითი ბარათი (#20-10-435);

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს  კონსტიტუცია,  საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის  სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების  დაკისრება,    ხოლო  ი)  ქვეპუნქტის  შესაბამისად,  საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.

3. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა, ხოლო ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული.

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის    პირობებთან შესაბამისობა, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში      განხორციელებული  ზედამხედველობისა და კონტროლისა.

5. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იკრძალება არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება.

6. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა.

7. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.

8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების  საფუძველია კომისიისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვიდეორგოლების, რომლებიც წარმოადგენენ  არასათანადო  რეკლამებს,  სამაუწყებლო  ბადეში  განთავსების  გამო შპს ,,მთავარ არხს“ კომისიის 2019 წლის 30 დეკემბრის № გ-19-18/727 გადაწყვეტილებით მიეცა წერილობითი გაფრთხილება და დაევალა სამაუწყებლო ბადიდან მათი ამოღება დაუყონებლივ, შპს ,,მთავარმა არხმა“  არ შეასრულა კომისიის 2019 წლის 30 დეკემბრის № გ-19-18/727 გადაწყვეტილება და გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში არ აღმოფხვრა ის დარღვევა, რისთვისაც მას მიეცა გაფრთხილება. შპს „მთავარი არხის“ მიერ არასათანადო რეკლამის სამაუწყებლო ბადიდან ამოღება აღნიშნული კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლისვე განცხადებით  მოხდა  მხოლოდ  2020  წლის  5  თებერვალს,  ანუ  შპს „მთავარი არხისთვის“ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან (13.01.2020) 23 დღის შემდეგ, მაშინ, როცა კომისიის 2020 წლის 30 დეკემბრის #გ-19-18/727 გადაწყვეტილებით შპს „მთავარ არხს“ დაევალა ვიდეორგოლების სამაუწყებლო ბადიდან ამოღება დაუყოვნებლივ, რითაც მის მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის  ა) და ბ) ქვეპუნქტები,  70-ე მუხლის პირველი  პუნქტი  და 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. პრევენცია წარმოადგენს სპეციალურ ღონისძიებას (ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია დარღვევის, მართლსაწინააღმდეგო ქმედების სამომავლოდ ჩადენის ან განმეორების თავიდან არიდება. ამასთანავე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად „კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა....“ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შპს „მთავარმა არხმა“ კომისიის 30.12.2020 წლის №გ-19-18/727 გადაწყვეტილებით არ აღმოფხვრა დარღვევა, კომისიას წარმოეშობა კანონისმიერი ვალდებულება მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.“ ვინაიდან აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე კომისიას გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება ჯარიმის ოდენობასთან დაკავშირებით,  კომისიამ სრულყოფილად  უნდა შეაფასოს  საქმის გარემოებები  და ისე მიიღოს         დასაბუთებული  გადაწყვეტილება   ჯარიმის   ოდენობასთან   დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად    „თუ  ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს    დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.“ ამასთანავე, ამავე კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას დაცული უნდა იქნას საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსი. მოცემულ შემთხვევაში, კომისია მხედველობაში იღებს იმას, რომ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის შპს „მთავარი არხის“ მიერ სამაუწყებლო ბადიდან ამოღებულია ვიდეორგოლები და განიხილავს მას როგორც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად „ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის აღნიშნული კანონმდებლობაში“. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს „მთავარი არხის“ მიმართ გამოყენებულ იქნას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის მინიმალური ოდენობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის, მე-7, მე-13, 53-ე, 54-ე მუხლების, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და ი) ქვეპუნქტების, 451  მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 63-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 71-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, 72-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის   34-ე მუხლის, ,,საქართველოს    კომუნიკაციების    ეროვნული    კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის,  შესაბამისად, კომისიამ ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს ,,მთავარ არხს“ დაეკისროს ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით.

2. შპს „მთავარმა არხმა“  უზრუნველყოს:

ა) წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი  რეკვიზიტების  მიხედვით:  ხაზინის  ერთიანი  ანგარიში,  ანგარიშის  ნომერი  -200122900;  ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 300773251.

ბ) ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან

3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,მთავარი არხისთვის”                        დაუყოვნებლივ    გაგზავნა    და    კომისიის    ოფიციალურ    ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ო.ვოტ).

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,მთავარი არხისთვის“ ჩაბარების დღიდან.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი№ 64) შპს ,,მთავარი არხისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

6. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

კახი ბექაური           თავმჯდომარე

 ვახტანგ აბაშიძე       წევრი

ელისო ასანიძე         წევრი

 მერაბ ქათამაძე       წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები