წვდომის მენიუ

შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პაუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 117

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2020 14:56

მიღების თარიღი იანვარი 23, 2020

 შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და

ადმინისტრაციული პაუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

 I.    აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათის (08.01.2020. N20-10-21) და კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის წერილის (17.01.2020 N 20-10-87) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელერადიოკომპანია რიონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. აღნიშნული სამსახურებრივი ბარათების თანახმად, შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“ კომისიაში არ წარმოუდგენია 2019 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები (1.9 ფორმა) და 2019 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვეების სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.

შპს „ტელერადიოკომპანია რიონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2020 წლის 23 იანვარი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება ფოსტით გაეგზავნა შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“ და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“ შეტყობინება ჩაჰბარდა   და სხდომაზე    არ    გამოცხადდა,    შესაბამისად    კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება შპს„ტელერადიოკომპანია რიონის“ წარმომადგენლის დაუსწრებლად.

II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

1. კომისიის ადმინისტრაციის  საფინანსო-საბიუჯეტო  ჯგუფის მოხსენებითი ბარათები (08.01.2020. N20-10-21, N20-10-172 23.01.2020);

2. კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი  ბარათი (17.01.2020 N 20-10-87);

3. კომისიის შეტყობინება გაგზავნილი შპს „ტელერადიოკომპანია რიონისთვის“ და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

4. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს„ტელერადიოკომპანია რიონის“ შესახებ;

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.   შპს „ტელერადიოკომპანია რიონი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში სფეროში  ავტორიზებულ პირს;

2. შპს „ტელერადიოკომპანია რიონი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული  კომუნიკაციების  სფეროში  და  მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3.  „საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის   2011  წლის  25  მარტის N144/22  გადაწყვეტილების       ნაწილობრივ      ძალადაკარგულად      ცნობისა და  სტატისტიკური  ანგარიშგების  ფორმების  დამტკიცების  შესახებ“  კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით  ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

4. შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“ კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი 2019 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშება   (1.9   ფორმა);   ასევე,   არ   ჰქონდა    წარმოდგენილი   2019    წლის ოქტომბრის და ნოემბრის  თვეების  სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები;

5.  წინამდებარე  გადაწყვეტილების  მიღების  დღისთვის  შპს  „ტელერადიოკომპანია რიონმა“ კომისიაში წარმოადგინა 2019 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშება (1.9 ფორმა) და 2019 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვეების სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები;

 IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული      კომუნიკაციების      სფეროში      საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები   და   გადაწყვეტილებები,   ხოლო   ლ)   ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს  მთლიანი  ღირებულების  (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის  შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;

3.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად,   კომისიის   ფუნქციას   წარმოადგენს   მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების  დაკისრება, ხოლო ამავე პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ასევე ერთ-ერთი ფუნქციაა ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება, ავტორიზაციის შეჩერება, განახლება და გაუქმება, მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

4. „საქართველოს     კომუნიკაციების     ეროვნული     კომისიის     საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული ან ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-2 მუხლის ტ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის    ტელევიზია    და    რადიო,    ამ    კანონის    საფუძველზე ტელემაუწყებლობის  ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;

6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, რეგულირების  საფასურის გადამხდელები არიან მაუწყებლები. რეგულირების საფასურის ოდენობაა მაუწყებლის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მაუწყებელთა შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად  ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით;

7. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

8.  „საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის   2011  წლის  25  მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ  ან/და  ლიცენზიის   მფლობელ   პირთა   მიერ   სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

9.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების  დარღვევის   შემთხვევაში   კომისია   უფლებამოსილია   დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული      თვის   შემოსავლის   (საქართველოს   საგადასახადო   კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

10. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  70-ე  მუხლის  მე-2  პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ  მათიუფლებამოსილების   ფარგლებში   განხორციელებული   ზედამხედველობისა   და კონტროლისა;

11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის     პირობების     დარღვევის     შემთხვევაში     კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ   ვადას    დარღვევის    აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარმოუდგენლობით, რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობით    შპს    „ტელერადიოკომპანია    რიონის“    მხრიდან    ადგილი    აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2  პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის,  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის 2011  წლის  25  მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტითა და„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს წარმოადგენს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები შესრულებულ იქნა (დარღვევა აღმოფხვრილი იქნა)   ნებაყოფლობით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ სამართალდამრღვევად ცნობითა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შემთხვევაში დაცული იქნება  კანონიერების პრინციპი.

 V.   სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის,   45-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის,  „მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95,  98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების    ეროვნული     კომისიის     საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13  და  მე-14  პუნქტების,  „რეგულირების  საფასურის  განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“   კომისიის  2005 წლის 28  ოქტომბრის  №12   დადგენილებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.შპს „ტელერადიოკომპანია რიონი“ ცნობილი იქნას სამართალდამრღვევად„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ)  ქვეპუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451   მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის  2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების   მე-6   პუნქტისა   და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;

2.   შპს      „ტელერადიოკომპანია      რიონი“      განთავისუფლდეს      ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან;

3.   დაევალოს  კომისიის  ადმინისტრაციას  (ო.ვოტ)  აღნიშნული  გადაწყვეტილების შპს „ტელერადიოკომპანია რიონისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4.   დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელერადიოკომპანია რიონისთვის“ ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ტელერადიოკომპანია რიონისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოთ კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი) და კომისიის აპარატის     ბაზრის     ანალიზისა     და     სტრატეგიული     განვითარების დეპარტამენტს (ქ.რეხვიაშვილი).

კახი ბექაური           თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე       წევრი

მერაბ ქათამაძე        წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები