წვდომის მენიუ

შპს „ქართული-ტვ“-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 142

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 25, 2020 16:13

მიღების თარიღი იანვარი 23, 2020

შპს „ქართული-ტვ“-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციულიპასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

1.    აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათის (08.01.2020. N20-10-21) და კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის წერილის (17.01.2020 N 20-10-87) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ქართული-ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. აღნიშნული სამსახურებრივი ბარათების თანახმად, შპს „ქართული-ტვ“-ს კომისიაში არ წარმოუდგენია 2019 წლის ნოემბრის თვის რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები (1.9 ფორმა) და  2019 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვეების სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.

შპს „ქართული-ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2020 წლის 23 იანვარი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება ფოსტით გაეგზავნა შპს „ქართული-ტვ“-ს და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2020 წლის 23 იანვრის კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ქართული-ტვ“- ის წარმომადგენელი, თუმცა შეტყობინება ჩაბარდა 2020 წლის 21 იანვარს. ამდენად, კომისიის მიერ შესრულებული    იქნა  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  95-ე  მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით და  კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის განხილვა შპს „ქართული-ტვ“-ის დაუსწრებლად.

II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

1. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათები (08.01.2020. N20-10-21, N20-10-172 23.01.2020);

2. კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი  ბარათი (17.01.2020 N 20-10-87);

3.  კომისიის შეტყობინება გაგზავნილი შპს „ქართული-ტვ“-სთვის და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

4.   ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ქართული- ტვ“-ის შესახებ.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „ქართული-ტვ“ წარმოადგენს მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს და ვალდებულია    შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

2. „საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის“ 2011 წლის 25 მარტისN144/22  გადაწყვეტილების  ნაწილობრივ  ძალადაკარგულად  ცნობისა და სტატისტიკური  ანგარიშგების  ფორმების  დამტკიცების  შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით  ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

3. შპს „ქართული-ტვ“-ს კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი 2019 წლის ნოემბრის თვის რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშება (1.9 ფორმა); ასევე, არ ჰქონდა  წარმოდგენილი 2019  წლის ოქტომბრის   და   ნოემბრის    თვეების სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები;

4. წინამდებარე  გადაწყვეტილების  მიღების  დღისთვის  შპს  „ქართული-ტვ“-მ კომისიაში წარმოადგინა 2019 წლის აგვისტოს თვის რეგულირების ყოველწლიური საფასურის  გაანგარიშება  (1.9  ფორმა)  და  2019 წლის  ოქტომბრის  და  ნოემბრის თვეების სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები;

 IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო ამავე პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ასევე ერთ- ერთი    ფუნქციაა    ავტორიზაცია,    ავტორიზაციის    პირობების    მოდიფიცირება, ავტორიზაციის შეჩერება, განახლება და გაუქმება, მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

2. „საქართველოს      კომუნიკაციების      ეროვნული      კომისიის      საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული ან ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-2 მუხლის ტ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის     ტელევიზია     და     რადიო,     ამ     კანონის     საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან მაუწყებლები. რეგულირების საფასურის ოდენობაა მაუწყებლის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მაუწყებელთა შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით;

5.   „რეგულირების  საფასურის განსაზღვრისა  და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

6.   „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების

სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

7. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  451   მუხლის   მე-10  პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად,     ავტორიზებული     პირი      ვალდებულია     დაიცვას მაუწყებლობის სფეროში    მოქმედი    კანონმდებლობა,    მათ    შორის,    კომისიის დადგენილებები  და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის  სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების  შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

8.    „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   70-ე   მუხლის   მე-2  პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის    საქმიანობის    საქართველოს  კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე    ზედამხედველობასა   და   კონტროლს  ახორციელებს   მხოლოდ კომისია,  გარდა  საგადასახადო   და  სამართალდამცავი   ორგანოების  მიერ  მათი უფლებამოსილების   ფარგლებში    განხორციელებული  ზედამხედველობისა    და კონტროლისა;

9.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის  პირობების  დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა    ან    პრევენცია.    კომისია    მაუწყებელს    განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მაუწყებელს    დააკისროს    ჯარიმა,    თუ    მან    ამ    მუხლის    პირველი  პუნქტით გათვალისწინებულ   გაფრთხილებაში     მითითებულ     ვადაში     არ     აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარმოუდგენლობით, რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობით შპს „ქართული-ტვ“-ის მხრიდან ადგილი აქვს „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს     წარმოადგენს.  თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის მიერ მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები შესრულებულ იქნა (დარღვევა აღმოფხვრილი იქნა) ნებაყოფლობით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ქართული-ტვ“-ის სამართალდამრღვევად ცნობითა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შემთხვევაში დაცული იქნება  კანონიერების პრინციპი.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451  მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „ქართული-ტვ“ ცნობილი იქნას სამართალდამრღვევად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451   მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის   2005   წლის   28   ოქტომბრის   №12   დადგენილების  მე-6   პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;

2. შპს „ქართული-ტვ“ განთავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან;

3. დაევალოს    კომისიის    აპარატის    ადმინისტრაციას    (ო.ვოტ)    აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ქართული-ტვ“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge ) გამოქვეყნება;

4.   დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.ხუხუნაიშვილი) შპს „ქართული-ტვ“-ს სამართალდამრღვევად ცნობისა  და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

5.   გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ქართული-ტვ“-სთვის ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „ქართული-ტვ“-სთვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-4 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაურით      თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე     წევრი

მერაბ ქათამაძე      წევრი

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები