წვდომის მენიუ

შპს „ნიუნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 153

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 26, 2020 16:22

მიღების თარიღი თებერვალი 13, 2020

შპს „ნიუნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

 I.   აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათიდან (N20-10-41, 10.01.2020) ირკვევა, რომ შპს „ნიუნეტს“ კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების (1.9 ფორმა) შესაბამისად, ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება 10.61 ლარის ოდენობით.

კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათის (N20-10-41, 10.01.2020) საფუძველზე ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში 2020 წლის 20 იანვარს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ნიუნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 23 იანვარს, 15:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს „ნიუნეტს“ გაეგზავნა შეტყობინება (N გ-20-03/156,20/01/2020) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების შესახებ შპს „ნიუნეტს“  არ ჩაბარდა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათიდან (N 20-10-237, 28/01/2020) დამატებით ირკვევა, რომ შპს „ნიუნეტს“ 2020 წლის 28 იანვრის მდგომარეობით ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება 13.24 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2020 წლის 23 იანვრის სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2020 წლის 6 თებერვალს, 15 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს „ნიუნეტს“ ეცნობა კომისიის შეტყობინებით (N გ-20-03/280, 20/01/2020), რომლითაც დამატებით გადაეცა ადმინისტრაციული წარმოების მასალა - კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-237, 28/01/2020). კომისიის შეტყობინება (N გ-20-03/280, 20/01/2020) თანდართული მასალით შპს „ნიუნეტს“ კვლავ არ ჩაბარდა.

კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათიდან (N20-10-376, 06.02.2020) დამატებით ირკვევა, რომ შპს „ნიუნეტმა“ წარმოადგინა რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმა და კომისიაში წარმოდგენილი გაანგარიშებების შესაბამისად ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება 13.24 ლარი.

ასევე, კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N20-10-400, 10.02.2020) თანახმად, 2020 წლის 10 თებერვლის მდგომარეობით შპს „ნიუნეტს“ წარმოსადგენი აქვს 2019 წლის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა-  1.2 თანამშრომლები (ივსება წელიწადში ერთხელ შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღისა).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2020 წლის 6 თებერვლის სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2020 წლის 13 თებერვალს, 15 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს „ნიუნეტს“ ეცნობა კომისიის შეტყობინებით (N გ-20-03/395, 11/02/2020), რომლითაც დამატებით გადაეცა ადმინისტრაციული წარმოების მასალა - კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-376, 06.02.2020)   და კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-400, 10.02.2020). შპს „ნიუნეტის“ სხდომაზე დასწრების უზრუნველყოფის მიზნით კომისიის შეტყობინება ასევე საჯაროდ გამოქვეყნდა  კომისიის  ოფიციალურ  ვებგვერდზე (http://www.gncc.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps-niunets.page).

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა   გაიმართა კომისიის 2020 წლის 13 თებერვლის სხდომაზე. კომისიის  სხდომაზე  არ გამოცხადებულა შპს „ნიუნეტი“.  ვინაიდან, შპს „ნიუნეტისთვის“ გაგზავნილი შეტყობინების შინაარსი საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, კომისიის მიერ შესრულებული  იქნა  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული   კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა  დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით და კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის განხილვა შპს „ნიუნეტის“ დაუსწრებლად.

კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის (N20-10-445, 13.02.2020) სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს „ნიუნეტმა“ წარმოადგინა სტატისტიკური ანგარიშგების 1.2 ფორმა. ხოლო, კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო- საბიუჯეტო  ჯგუფის  სამსახურებრივი  ბარათიდან  (N20-10-443,  13.02.2020)  ირკვევა, რომ შპს „ნიუნეტს“ კვლავ ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება - 13.24 ლარი.

 II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

1.  კომისიის  ადმინისტრაციის  საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურის  სამსახურებრვი  ბარათი (N20-10-41, 10.01.2020);

2.  ამონაწერი   მეწარმეთა   და   არასამეწარმეო   (არაკომერციული)   იურიდიული  პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ნიუნეტის“ შესახებ;

3. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N 20-10-237, 28/01/2020);

4. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-376, 06.02.2020);

5. კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის (N20-სამსახურებრივი ბარათი 10-445, 13.02.2020);

6. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-443, 13.02.2020);

7. კომისიის შეტყობინებები (N გ-20-03/156, 20/01/2020; N გ-20-03/280, 20/01/2020; N გ-20-03/395,11/02/2020) და აღნიშნული შეტყობინებების შპს „ნიუნეტისთვის“’ გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ასევე, კომპანიის კომისიის სხდომაზე დასწრების უზრუნველყოფის მიზნით შეტყობინება (Nგ-20-03/395, 11/02/2020) საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (http://www.gncc.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps- niunets.page).

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 1. შპს  „ნიუნეტი“  (ს/კ402036596)  2016  წლის  29  ივლისიდან  წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;   A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: WiFi);

2. შპს „ნიუნეტი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3.  კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“    N12    დადგენილების    მე-6    პუნქტის    შესაბამისად,  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

4.  2020   წლის  10 იანვრის მდგომარეობით შპს „ნიუნეტს“ კომისიაში   წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების (1.9 ფორმა) შესაბამისად, ერიცხებოდა რეგულირების საფასურის დავალიანება 10.61 ლარის ოდენობით; 2020 წლის 28 იანვრის მდგომარეობით რეგულირების საფასურის დავალიანებამ, წარმოდგენილი გაანგარიშებების შესაბამისად, შეადგინა 13.24 ლარი;

5.    2020  წლის  10  თებერვლის  მდგომარეობით  შპს  „ნიუნეტს“  არ  ჰქონდა  წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა - 1.2.; გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის კომპანიამ სრულად წარმოადგინა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები;

6.   შპს „ნიუნეტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

 IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-19  მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულო ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო  ლ)    ქვეპუნქტის    შესაბამისად,    ავტორიზებული    პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;

2.  „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-12 მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ- ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული  ფორმით წარუდგინონ კომისიას  ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;

3.  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005წლის  28  ოქტომბრის  №12  დადგენილების  შესაბამისად,  დადგენილია ელექტრონულიკომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

4.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით  განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დადგენილ  ვადებში  კომისიაში  წარმოუდგენლობით  შპს „ნიუნეტის“  მხრიდან  ადგილი  აქვს„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2  პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევას, ხოლო რეგულირების საფასურის გადაუხდელობით - „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005  წლის  28  ოქტომბრის  №12  დადგენილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას,რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს წარმოადგენს.

კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ნიუნეტის“ მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარმოუდგენლობასთან დაკავშირებით ვადების დარღვევა სახეზეა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები შესრულებული იქნა (დარღვევა აღმოფხვრილი იქნა)     ნებაყოფლობით, კერძოდ,     შპს „ნიუნეტის“     მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შესრულებულია ის კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც მას, როგორც ავტორიზებულ პირს გააჩნდა ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე, კომისია უფლებამოსილია დარღვევის აღმოფხვრის ფაქტის გათვალისწინებით (შპს „ნიუნეტმა“ კომისიაში წარმოადგინა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა - 1.2 თანამშრომლები), გაათავისუფლოს შპს „ნიუნეტი“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან ამ ნაწილში. ხოლო, კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების შესაბამისად არსებული დავალიანების - 13.24 ლარის გადაუხდელობის გამო უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების   სფეროში საქართველოს       კანონმდებლობის, მათ  შორის, კომისიის  დადგენილებებითა  და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია   დამრღვევი   წერილობით   გააფრთხილოს.   გამომდინარე   იქიდან,   რომ      შპს „ნიუნეტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა, ის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.     ამასთან, კომპანიას უნდა დაევალოს კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების შესაბამისად,  არსებული დავალიანების -  13.24 ლარის გადახდა 10 სამუშაო დღის ვადაში.

 V.   სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების,  45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76- ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95, 98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების,   „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „ნიუნეტს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის დარღვევის გამო;

2. შპს „ნიუნეტს“ დაევალოს რეგულირების საფასურის დავალიანების - 13.24 ლარის კომისიის ანგარიშზე ჩარიცხვა 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას   (ო.ვოტ)   აღნიშნული   გადაწყვეტილების  შპს „ნიუნეტისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე   (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4.  დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ    დეპარტამენტს    (თ. გოშუა)    შპს „ნიუნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5.  გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ნიუნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;

6.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის    საქალაქო    სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ნიუნეტისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი).

კახი ბექაური         თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე     წევრი

ელისო ასანიძე       წევრი

მერაბ ქათამაძე       წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები