ინდ. მეწარმე „ავთანდილ ეგუტიძესთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 28, 2020 15:04
მიღების თარიღი თებერვალი 13, 2020
ინდ. მეწარმე „ავთანდილ ეგუტიძესთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათიდან (N20-10-41, 10.01.2020) ირკვევა, რომ ინდ. მეწარმე „ავთანდილ ეგუტიძეს“ კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების (1.9 ფორმა) შესაბამისად, ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება 74.42 ლარის ოდენობით.
კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათის (N20-10-41, 10.01.2020) საფუძველზე,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2020 წლის 20 იანვარს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ინდ. მეწარმე „ავთანდილ ეგუტიძესთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 23 იანვარს, 15:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე ინდ. მეწარმე „ავთანდილ ეგუტიძეს“ გაეგზავნა შეტყობინება (N გ-20-03/150, 20/01/2020) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ინდ. მეწარმე „ავთანდილ ეგუტიძეს“ ჩაბარდა 2020 წლის 22 იანვარს. კომისიის 2020 წლის 23 იანვრის სხდომაზე ინდ. მეწარმე „ავთანდილ ეგუტიძე“ არ გამოცხადდა. შესაბამისად, საკითხის განხილვა გადაიდო და დაინიშნა 2020 წლის 6 თებერვალს, 15 საათზე. აღნიშნულის თაობაზე ინდ. მეწარმე „ავთანდილ ეგუტიძეს“ ეცნობა კომისიის შეტყობინებით (Nგ-20-03/282, 30/01/2020), რომლითაც დამატებით გადაეცა ადმინისტრაციული წარმოების მასალა - კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-230, 27.01.2020), საიდანაც ირკვევა, რომ ინდ. მეწარმე „ავთანდილ ეგუტიძეს“ არ აქვს წარმოდგენილი 2019 წლის დეკემბრის თვის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-237, 28.01.2020), საიდანაც ირკვევა, რომ ინდ. მეწარმე „ავთანდილ ეგუტიძეს“ კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების შესაბამისად, ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება 104.12 ლარი .
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის შეტყობინება (Nგ-20-03/282, 30/01/2020) ინდ. მეწარმე „ავთანდილ ეგუტიძეს“ არ ჩაბარდა. შესაბამისად, 2020 წლის 6 თებერვლის სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2020 წლის 13 თებერვალს, 15 საათზე. აღნიშნულის თაობაზე ინდ. მეწარმე ავთანდილ ეგუტიძეს“ ეცნობა კომისიის შეტყობინებით (), რომელიც ინდ. მეწარმე „ავთანდილ ეგუტიძის“ სხდომაზე დასწრების მიზნით ასევე გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (http://www.gncc.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-ind-mewarme-avtandil-egutidzes.page). ინდ. მეწარმე „ავთანდილ ეგუტიძეს“ ზემოაღნიშნული შეტყობინებით ასევე გადაეცა ადმინისტრაციული წარმოების მასალა - კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-400, 10.02.2020), საიდანაც ირკვევა, რომ კომპანიას წარმოსადგენი აქვს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა - 1.2 თანამშრომლები (ივსება წელიწადში ერთხელ შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 20კალენდარული დღისა) და კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-376,06.02.2020), საიდანაც ირკვევა, რომ ინდ. მეწარმე „ავთანდილ ეგუტიძეს“ კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების შესაბამისად კვლავ ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება 104.12 ლარის ოდენობით.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2020 წლის 13 თებერვლის სხდომაზე. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადებულა ინდ. მეწარმე „ავთანდილ ეგუტიძე“. ვინაიდან, ინდ. მეწარმე „ავთანდილ ეგუტიძესთვის“ გაგზავნილი შეტყობინების შინაარსი საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე და ასევე ჩაბარდა ელექტრონული ფოსტის მისამართზე (დასტურის მიღების თარიღი: 2020 წლის 11 თებერვალი, 11:39 საათზე), კომისიის მიერ შესრულებული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით და კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის განხილვა ინდ. მეწარმე „ავთანდილ ეგუტიძეს“ დაუსწრებლად.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათის (N20-10-443, 13.02.2020) თანახმად, ინდ. მეწარმე „ავთანდილ ეგუტიძეს“ კვლავ ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება 104.12 ლარი. ხოლო, კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (N10-10-445, 13.02.2020) ირკვევა, რომ ინდ. მეწარმე „ავთანდილ ეგუტიძეს“ არ აქვს წარმოდგენილი 2019 წლის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.2 თანამშრომლები (ივსება წელიწადში ერთხელ შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღისა).
II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები
1. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრვი ბარათი (N20-10-41, 10.01.2020);
2. კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-230, 27.01.2020);
3. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-237, 28.01.2020);
4. კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-400, 10.02.2020);
5. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-376, 06.02.2020);
6. კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-443, 13.02.2020);
7. კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N10-10-445, 13.02.2020);
8. კომისიის შეტყობინებები (N გ-20-03/150, 20/01/2020, Nგ-20-03/282, 30/01/2020 და Nგ-20-03/398, 11/02/2020) და აღნიშნული შეტყობინების ინდ. მეწარმე „ავთანდილ ეგუტიძესთვის“ ჩაბარების და გაგაზავნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ასევე, კომისიის შეტყობინების (Nგ-20-03/398, 11/02/2020) ვებგვერდზე გამოქვეყნების ბმული (http://www.gncc.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-ind-mewarme-avtandil-egutidzes.page);
9. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან ინდ. მეწარმე „ავთანდილ ეგუტიძეს“ შესახებ;
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. ინდ. მეწარმე „ავთანდილ ეგუტიძე“ 2014 წლის 04 სექტემბრიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: WiFi);
2. ინდ. მეწარმე „ავთანდილ ეგუტიძე“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
3. კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ N12 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
4. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
5. 2020 წლის 10 იანვრის მდგომარეობით ინდ. მეწარმე „ავთანდილ ეგუტიძეს“ კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების (1.9 ფორმა) შესაბამისად, ერიცხებოდა რეგულირების საფასურის დავალიანება 74.42 ლარის ოდენობით; ხოლო, 2020 წლის 28 იანვრის მდგომარეობით რეგულირების საფასურის დავალიანება, წარმოდგენილი გაანგარიშებების შესაბამისად შეადგენს 104.12 ლარს;
6. 2020 წლის 27 იანვრის მდგომარეობით ინდ. მეწარმე „ავთანდილ ეგუტიძეს“ არ წარმოუდგენია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა - 1.2 თანამშრომლები (ივსება წელიწადში ერთხელ შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღისა);
7. ინდ. მეწარმე „ავთანდილ ეგუტიძეს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ)ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ- ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;
3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
4. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ რეგულირების საფასურის გადაუხდელობით და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარმოუდგენლობით ინდ. მეწარმე „ავთანდილ ეგუტიძეს“ მხრიდან ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს წარმოადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ ინდ. მეწარმე „ავთანდილ ეგუტიძეს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა, ის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.
ამასთან, ინდ. მეწარმე „ავთანდილ ეგუტიძეს“ უნდა დაევალოს რეგულირების საფასურის დავალიანების - 104.12 ლარის გადახდა 10 სამუშაო დღის ვადაში. ასევე, 2019 წლის სტატისტიკური ანგარიშგების ფორის (1.2 თანამშრომლები) წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76- ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95, 98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ინდ. მეწარმე „ავთანდილ ეგუტიძეს“ მიეცეს გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის დარღვევის გამო;
2. ინდ. მეწარმე „ავთანდილ ეგუტიძეს“ დაევალოს რეგულირების საფასურის დავალიანების -104.12 ლარის კომისიის ანგარიშზე ჩარიცხვა 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. ინდ. მეწარმე „ავთანდილ ეგუტიძეს“ დაევალოს 2019 წლის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმის (1.2. თანამშრომლები) წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების ინდ. მეწარმე „ავთანდილ ეგუტიძესთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე(www.gncc.ge) გამოქვეყნება;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) ინდ. მეწარმე „ავთანდილ ეგუტიძესთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის ინდ. მეწარმე „ავთანდილ ეგუტიძესთვის“ ჩაბარების დღიდან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ინდ. მეწარმე „ავთანდილ ეგუტიძესთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოთ კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი) და კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს (ქ. რეხვიაშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
