წვდომის მენიუ

შპს „მეგა.ჯესთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 158

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 28, 2020 15:21

მიღების თარიღი თებერვალი 13, 2020

შპს „მეგა.ჯესთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

1.    აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათიდან (N20-10-41, 10.01.2020) ირკვევა, რომ შპს „მეგა.ჯეს“ კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების (1.9 ფორმა) შესაბამისად, ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება 21.39 ლარის ოდენობით.

კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათის (N20-10-41, 10.01.2020) საფუძველზე ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში 2020 წლის 20 იანვარს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „მეგა.ჯესთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 23 იანვარს, 15:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს „მეგა.ჯეს“ გაეგზავნა შეტყობინება (N გ-20-03/152,20/01/2020) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების შესახებ შპს „მეგა.ჯეს“   არ ჩაბარდა. შესაბამისად, საკითხის განხილვა გადაიდო და დაინიშნა 2020 წლის 6 თებერვალს. აღნიშნულის თაობაზე შპს„მეგა,ჯეს“ ეცნობა კომისიის შეტყობინებით (N გ-20-03/279, 30/01/2020), რომლითაც დამატებით გაეგზავნა წარმოების მასალა - კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-237, 28.01.2020).

კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათის (N20-10-237,28.01.2020) თანახმად, შპს „მეგა.ჯეს“ კომისიაში წარმოდგენილი გაანგარიშებების შესაბამისად ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება - 18.89 ლარის ოდენობით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის შეტყობინებით (N გ-20-03/279, 30/01/2020) შპს „მეგა.ჯეს“ კვლავ არ ჩაბარდა. შესაბამისად, 2020 წლის 6 თებერვალს დანიშნული სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2020 წლის 13 თებერვალს, 15 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს „მეგა.ჯეს“ ეცნობა კომისიის შეტყობინებით (N გ-20-03/397,11/02/2020), რომელის კომპანიის სხდომაზე დასწრების უზრუნველყოფის  მიზნით ასევე გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე

(http://www.gncc.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps-megadjes1.page). შპს „მეგა.ჯეს“   დამატებით გადაეცა ადმინისტრაციული წარმოების მასალა - კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო- საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-376, 06.02.2020) და კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-400, 10.02.2020).

კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათიდან (N20-10-376, 06.02.2020) ირკვევა, რომ შპს „მეგა.ჯეს“ კომისიაში წარმოდგენილი აქვს რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1,9 ფორმა დეკემბრის თვის ჩათვლით, ხოლო კომისიაში წარმოდგენილი გაანგარიშებების შესაბამისად ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება 18.89 ლარი.

კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათიდან (N20-10-400, 10.02.2020) ირკვევა, რომ შპს „მეგა.ჯეს“ არ აქვს წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1,2 თანამშრომლები (ივსება წელიწადში ერთხელ შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღისა).

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა   გაიმართა კომისიის 2020 წლის 13 თებერვლის სხდომაზე. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადებულა შპს „მეგა.ჯე“. ვინაიდან,   შპს „მეგა.ჯესთვის“ გაგზავნილი შეტყობინების შინაარსი საჯაროდ გამოქვეყნდა  კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, კომისიის მიერ შესრულებული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის   მოთხოვნა  დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით და კომისიამ იზანშეწონილად მიიჩნია საკითხის განხილვა შპს „მეგა.ჯეს“ დაუსწრებლად.

კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათის (N20-10-443,13.02.2020) თანახმად, შპს „მეგა.ჯემ“ სრულად გადაიხადა არსებული დავალიანება. ხოლო, კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (N10-10-445, 13.02.2020) ირკვევა, რომ შპს „მეგა.ჯეს“ არ აქვს წარმოდგენილი 2019 წლის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.2 თანამშრომლები (ივსება წელიწადში ერთხელ შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღისა).

II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

 

1. კომისიის  ადმინისტრაციის  საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურის  სამსახურებრვი  ბარათი(N20-10-41, 10.01.2020);

2. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-237, 28.01.2020);

3. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-376, 06.02.2020);

4. კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-400, 10.02.2020);

5. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-443, 13.02.2020);

6. კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N10-10-445, 13.02.2020);

7. კომისიის შეტყობინებები (N გ-20-03/152, 20/01/2020, N გ-20-03/279, 30/01/2020, N გ-20-03/397,11/02/2020)        და        აღნიშნული      შეტყობინების შპს „მეგა.ჯესთვის“გაგზავნის დამადასტურებელი  დოკუმენტაცია. ასევე,  კომისიის შეტყობინების (N  გ-20-03/397,11/02/2020)            ვებგვერდზე  განთავსების დამადასტურებელი ბმული

http://www.gncc.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps-megadjes1.page);

8.   ამონაწერი   მეწარმეთა   და   არასამეწარმეო   (არაკომერციული)   იურიდიული   პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „მეგა.ჯეს“ შესახებ;

 III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

1.  შპს  „მეგა.ჯე“  2015  წლის  29  აპრილიდან  წარმოადგენს  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო     ციფრული    (სადენიანი)    სისტემების    ტერმინალური    საშუალებებით უზრუნველყოფა: ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური    საშუალებებს    ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა);

2. შპს „მეგა.ჯე“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3.  კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ N12 დადგენილების მე-6  პუნქტის შესაბამისად,  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

4. „საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის    2011  წლის  25  მარტის N144/22 გადაწყვეტილების      ნაწილობრივ     ძალადაკარგულად   ცნობისა  და    სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით   ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

5. 2020 წლის 10 იანვრის მდგომარეობით შპს „მეგა.ჯეს“ კომისიაში   წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების (1.9 ფორმა) შესაბამისად, ერიცხებოდა რეგულირების საფასურის დავალიანება 21.39  ლარის ოდენობით;  ხოლო, 2020 წლის 28 იანვრის მდგომარეობით რეგულირების საფასურის დავალიანება შეადგენდა 18.89 ლარს; წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დღისათვის შპს „მეგა.ჯემ“ სრულად დაფარა რეგულირების საფასურის დავალიანება;

6. შპს „მეგა,ჯეს“ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დღისათვის არ აქვს წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.2 თანამშრომლები (ივსება წელიწადში ერთხელ შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღისა);

7. შპს „მეგა.ჯეს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

 IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს  მთავრობის  დადგენილებები, აგრეთვე,  კომისიის   დადგენილებები   და გადაწყვეტილებები,    ხოლო    ლ)    ქვეპუნქტის  შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;

2. „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-12 მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ- ის გარეშე)0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ  კომისიას  ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;

3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

4. „საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის    2011  წლის  25  მარტის N144/22 გადაწყვეტილების      ნაწილობრივ     ძალადაკარგულად     ცნობისა     და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების   შესაბამისად,  კომისიამ დაადგინა  ავტორიზებულ  ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური  ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად  კომისიაში    წარმოდგენის  ვალდებულება    ახალი    პირობებით,    ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების      შევსება     და     კომისიაში     წარმოდგენა,     ამ     ფორმებში     მითითებული პერიოდულობით;

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების კომისიაში წარმოუდგენლობით შპს „მეგა.ჯეს“ მხრიდან ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2  პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის    2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევას,    ხოლო    რეგულირების    საფასურის    დადგენილ  ვადებში გადაუხდელობით - „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის   ბ) ქვეპუნქტისა და   „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას, რაც  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს წარმოადგენს.

კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მეგა.ჯეს“ მიერ რეგულირების საფასურის გადახდასთან დაკავშირებით ვადების დარღვევა სახეზეა,  თუმცა,  იმის გათვალისწინებით,  რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები შესრულებული იქნა (დარღვევა აღმოფხვრილი იქნა) ნებაყოფლობით, კერძოდ, შპს „მეგა,ჯეს“ მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შესრულებულია ის კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც მას, როგორც ავტორიზებულ პირს გააჩნდა ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე, კომისია უფლებამოსილია დარღვევის აღმოფხვრის ფაქტის გათვალისწინებით (შპს „მეგა,ჯემ“ გადაიხადა რეგულირების საფასურის დავალიანება), გაათავისუფლოს შპს „მეგა.ჯე“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან ამ ნაწილში. ხოლო, 2019 წლის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმის წარმოუდგენლობისთვის უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების   სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია   დამრღვევი   წერილობით   გააფრთხილოს.   გამომდინარე   იქიდან,   რომ შპს „მეგა.ჯეს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა,    ის    „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს. ამასთან, კომპანიას უნდა დაევალოს 2019 წლის სტატისტიკური ანგარიშგების ფორის - 1.2 თანამშრომლები (ივსება წელიწადში ერთხელ შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღისა) შევსება და კომისიაში წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში.

V.   სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) და ლ) ქვეპუნქტების,  45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76- ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95,  98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი  პუნქტის  ბ)  ქვეპუნქტის  და  36-ე  მუხლის  მე-13  და  მე-14  პუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის    2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს  „მეგა.ჯეს“  მიეცეს  წერილობითი  გაფრთხილება  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“   საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2  პუნქტის   ბ)  ქვეპუნქტის  და„საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2011  წლის 25  მარტის  N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;

2. შპს „მეგა.ჯეს“ დაევალოს 2019  წლის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმის (1.2 თანამშრომლები) შევსება და კომისიაში წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას   (ო.ვოტ)   აღნიშნული   გადაწყვეტილების  შპს„მეგა.ჯესთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე  (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4.  დაევალოს  კომისიის აპარატის  სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.    გოშუა)  შპს „მეგა.ჯესთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5.  გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „მეგა.ჯესთვის“ ჩაბარების დღიდან;

6.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „მეგა.ჯესთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს (ქ. რეხვიაშვილი).

კახი ბექაური             თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე         წევრი

ელისო ასანიძე          წევრი

მერაბ ქათამაძე          წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები