ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 05, 2020 15:46
მიღების თარიღი თებერვალი 27, 2020
ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - „კომისია“) აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N20-10-467, 14/02/2020) მიხედვით, 2020 წლის 7 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით ჩატარდა ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მონიტორინგი მხატვრული ფილმების ეთერში განთავსების შემოწმების მიზნით. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნულ პერიოდში მაუწყებლის ეთერში გავიდა 6 უცხოური მხატვრული ფილმი: “A Cinderella Story: Christmas Wish“ („კონკიას ისტორია: საშობაო სურვილი“), “The Black Tulip”, („შავი ტიტა“), “Octopussy” („რვაფეხა“), “Mamma Mia” („მამა მია“), “Le Magnifique” („ბრწყინვალე“), “The Family Man” („მეოჯახე“), რომელთა აუდიოვიზუალური პროდუქციის მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ორგანიზაციას კომისიაში არ წარმოუდგენია.
2020 წლის 16 იანვარს კომისიამ წერილით მიმართა ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივს“ და მოითხოვა სამაუწყებლო ბადეში განთავსებული აუდიო-ვიზუალური პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის 5 სამუშაო დღეში წარმოდგენა. კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში ორგანიზაციამ მოთხოვნა არ შეასრულა, რის შემდეგაც კომისიამ განმეორებით მიმართა მაუწყებელს და მოსთხოვა დოკუმენტაციის 2 სამუშაო დღეში წარმოდგენა.
კომისიის მიერ გაგზავნილი შეტყობინებების საპასუხოდ, ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია- კავშირი ობიექტივის“ წერილში (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/612) აღნიშნული იყო, რომ ფილმები ეთერში არ განთავსებულა სრულმეტრაჟიან ფორმატში. შესაბამისად, მათი ეპიზოდური განთავსებით მაუწყებელმა შექმნა ახალი პროდუქტი, რომელიც აღარ საჭიროებდა აუდიო-ვიზუალური პროდუქციის მართლზომიერი ჩვენების უფლების ქონას. გარდა ამისა, ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოსაპოვებლად მათ ვერ შეძლეს ბაზარზე მოქმედ განთავსების ნებართვის გამცემ ორგანიზაციებთან დაკავშირება, რის გამოც მოკლებულნი იყვნენ მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობას.
კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტმა შეამოწმა ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ ეთერში განთავსებული მხატვრული ფილმების ხანგრძლივობა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ნაწარმოებების ხანგრძლივობა შემცირებულია გარკვეული ეპიზოდების ამოჭრისა და გადახვევის მეთოდების გამოყენებით. კერძოდ, მხატვრული ფილმები განთავსებულია შემდეგი ხანგრძლივობით: “A Cinderella Story: Christmas Wish“ („კონკიას ისტორია: საშობაო სურვილი“), – 00:52:01 (ორიგინალური ხანგრძლივობა 01:25:00); “The Black Tulip”, („შავი ტიტა“), – 00:54:15 (ორიგინალური ხანგრძლივობა 01:55:00); “Octopussy” („რვაფეხა“), – 00:49:35 (ორიგინალური ხანგრძლივობა 02:11:00); “Mamma Mia” („მამა მია“),– 00:51:00 (ორიგინალური ხანგრძლივობა 01:48:00); “Le Magnifique” („ბრწყინვალე“)– 00:52:00 (ორიგინალური ხანგრძლივობა 01:35:00); “The Family Man” („მეოჯახე“) - 00:50:03 (ორიგინალური ხანგრძლივობა 02:05:00).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიერ აუდიოვიზუალური პროდუქცია ეთერში განთავსდა შესაბამისი უფლების გარეშე.
ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 27 თებერვალს, რის შესახებაც ორგანიზაციას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
კომისიის სხდომაზე გამოცხადდა ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წარმომადგენელი ბექა ფერაძე. მისი განმარტებით, აუდიო-ვიზუალური პროდუქციის შესაბამისი ნებართვის გარეშე განთავსება განაპირობა ნებართვის გამცემი სუბიექტების მოძიებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა და საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში ბაზრის მოუწესრიგებლობამ.
II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-467, 14/02/2020) და თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები;
2. კომისიის წერილი (16.01.2020 N შ-20-04/99) ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივს“;
3. კომისიის წერილი (28.01.2020 N შ-20-04/257) ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივს“;
4. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/612)
5. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრიდან;
6. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება (Nგ-19-03/3066 10.10.2020) კომისიის 2020 წლის 27 თებერვლის სხდომაზე მოწვევის თაობაზე და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი გზავნილი;
7. ა(ი)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წარმომადგენლის ახსნა- განმარტება.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული და ლიცენზირებული პირია. შესაბამისად, იგი, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები;
2. 2020 წლის 07-14 იანვრის პერიოდში ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ ეთერში, მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე განთავსდა შემდეგი მხატვრული ფილმები: “A Cinderella Story: Christmas Wish“ („კონკიას ისტორია: საშობაო სურვილი“), “The Black Tulip”, („შავი ტიტა“), “Octopussy” („რვაფეხა“), “Mamma Mia” („მამა მია“), “Le Magnifique” („ბრწყინვალე“), “The Family Man” („მეოჯახე“). ამასთან, ფილმების ხანგრძლივობა შემცირებულია გარკვეული ეპიზოდების ამოჭრისა და გადახვევის მეთოდების გამოყენებით. კერძოდ, მხატვრული ფილმები განთავსებულია შემდეგი ხანგრძლივობით: “A Cinderella Story: Christmas Wish“ („კონკიას ისტორია: საშობაო სურვილი“), – 00:52:01 (ორიგინალური ხანგრძლივობა 01:25:00); “The Black Tulip”, („შავი ტიტა“), – 00:54:15 (ორიგინალური ხანგრძლივობა 01:55:00); “Octopussy” („რვაფეხა“), – 00:49:35 (ორიგინალური ხანგრძლივობა 02:11:00); “Mamma Mia” („მამა მია“),– 00:51:00 (ორიგინალური ხანგრძლივობა 01:48:00); “Le Magnifique” („ბრწყინვალე“)– 00:52:00 (ორიგინალური ხანგრძლივობა 01:35:00); “The Family Man” („მეოჯახე“) - 00:50:03 (ორიგინალური ხანგრძლივობა 02:05:00).
3. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ა(ი)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიმართ არ ყოფილა გამოყენებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის.
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქცია და ვალდებულებაა მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა, კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება. ამავე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციაა საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
4. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით) და „საავტორო უფლებების შესახებ“ 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) მიერთებით, საქართველომ იკისრა საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის და ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებების გატარების ვალდებულება.
5. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებით, ნება დართონ თავისი ნაწარმოებების ეთერით გადაცემაზე, ან ამ ნაწარმოებების საყოველთაო გაცნობაზე ნიშნების, ხმების ან გამოსახულებების უსადენო გადაცემის ნებისმიერი საშუალებით;
6. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციისა და ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების დასახელებულ დებულებებს შეესატყვისება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
7. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა“;
8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გადამუშავებული ნაწარმოების ავტორმა უნდა დაიცვას ამ ნაწარმოების ავტორის საავტორო უფლება. ამავე კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ავტორი ადრე შექმნილი ნაწარმოებისა, რომელიც გადამუშავებულია ან ჩართულია შემადგენელ ნაწილად აუდიოვიზუალურ ნაწარმოებში, აგრეთვე ავტორი ნაწარმოებისა, რომელიც შექმნილია აუდიოვიზუალური ნაწარმოების შექმნის პროცესში, ინარჩუნებენ საავტორო უფლებას დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე თავიანთ ნაწარმოებებზე. მათ უფლება აქვთ, დამოუკიდებლად ისარგებლონ ამ ნაწარმოებებით, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, იმ პირობით, რომ ასეთი სარგებლობა ხელს არ შეუშლის აუდიოვიზუალური ნაწარმოების ნორმალურ გამოყენებას.
9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული უფლებაა. კერძოდ, ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიატს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით. ამავე კანონის 42-ე მუხლის თანახმად, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით.
10. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი, რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა;
12. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ ავტორიზაციის შესაჩერებლად.
კომისია აღნიშნავს, რომ 2020 წლის 07-14 იანვრის პერიოდში ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია- კავშირი ობიექტივის“ ეთერში, მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე განთავსებული იქნა შემდეგი მხატვრული ფილმები: “A Cinderella Story: Christmas Wish“ („კონკიას ისტორია: საშობაო სურვილი“), “The Black Tulip”, („შავი ტიტა“), “Octopussy” („რვაფეხა“), “Mamma Mia” („მამა მია“), “Le Magnifique” („ბრწყინვალე“), “The Family Man” („მეოჯახე“). ამასთან, ფილმების ხანგრძლივობა შემცირებულია გარკვეული ეპიზოდების ამოჭრისა და გადახვევის მეთოდების გამოყენებით. კერძოდ, მხატვრული ფილმები განთავსებულია შემდეგი ხანგრძლივობით: “A Cinderella Story: Christmas Wish“ („კონკიას ისტორია: საშობაო სურვილი“), – 00:52:01 (ორიგინალური ხანგრძლივობა 01:25:00); “The Black Tulip”, („შავი ტიტა“), – 00:54:15 (ორიგინალური ხანგრძლივობა 01:55:00); “Octopussy” („რვაფეხა“), – 00:49:35 (ორიგინალური ხანგრძლივობა02:11:00); “Mamma Mia” („მამა მია“),– 00:51:00 (ორიგინალური ხანგრძლივობა 01:48:00); “Le Magnifique” („ბრწყინვალე“)– 00:52:00 (ორიგინალური ხანგრძლივობა 01:35:00); “The Family Man” („მეოჯახე“) - 00:50:03 (ორიგინალური ხანგრძლივობა 02:05:00).
ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წერილის მიხედვით, დასახელებული მხატვრული ფილმების ეპიზოდური განთავსებით მაუწყებელმა შექმნა ახალი პროდუქტი, რომელიც აღარ საჭიროებდა აუდიო-ვიზუალური პროდუქციის მართლზომიერი ჩვენების უფლების ქონას.
როგორც აღინიშნა, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამა თუ იმ ობიექტის საავტორო უფლებებით დაცულ ნაწარმოებად განხილვა უკავშირდება იმ გარემოებას, არის თუ არა იგი ორიგინალური ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „იმისათვის, რომ იყოს დაცვის ობიექტი, შემოქმედებას უნდა ჰქონდეს ორიგინალური ხასიათი და გამოსახავდეს ავტორის ინდივიდუალობას. ნაწარმოების ორიგინალობა არ არის აბსოლუტური ხასიათის, საავტორო სამართალი შესაძლებლად მიიჩნევს ინტელექტუალურ შემოქმედებას უკვე არსებული ელემენტების საფუძველზე. აქ მთავარია, რომ ნაწარმოებები განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, ისინი არ უნდა წარმოადგენდნენ ერთმანეთის ასლებს ან მიახლოებულ გამეორებას. ორიგინალობა მდგომარეობს გამოხატვის შემოქმედებით და ინდივიდუალიზებულ ხერხში“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 1 დეკემბრის განჩინება საქმეზე Nას-468-780-09). აუდიო-ვიზუალური ნაწარმოების, ფილმის მექანიკური დანაწევრება, გარკვეული ეპიზოდების ამოჭრისა და გადახვევის მეთოდების გამოყენებით მისი ხანგრძლივობის შემცირება არ მოიცავს გამოხატვის შემოქმედებით და ინდივიდუალიზებულ ხერხს და ვერ შეფასდება ახალი პროდუქტის შექმნად. შესაბამისად, ა(ი)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიერ არ შექმნილა ახალი პროდუქტი. მან უკვე არსებული აუდიო-ვიზუალური ნაწარმოებები (ფილმები) მექანიკურად შემცირებული ხანგრძლივობით განათავსა საკუთარ სამაუწყებლო ბადეში შესაბამისი საავტორო უფლების მფლობელი სუბიექტისგან მოპოვებული ნებართვის გარეშე.
ამავდროულად, იმ პირობებშიც კი, თუ ჩაითვლება, რომ ა(ი)იპ „არასამეწარმეო მედია- კავშირი ობიექტივის“ მიერ ფილმების მექანიკურად დანაწევრების გზით შეიქმნა ახალი პროდუქტი, იგი უნდა შეფასდეს არა დამოუკიდებელი ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად, არამედ - სხვა ნაწარმოებების (ფილმების) გადამუშავებით მიღებულ ნაწარმოებად. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გადამუშავებული ნაწარმოების ავტორმა უნდა დაიცვას ამ ნაწარმოების ავტორის საავტორო უფლება, ხოლო ავტორი ადრე შექმნილი ნაწარმოებისა, რომელიც გადამუშავებულია ან ჩართულია შემადგენელ ნაწილად აუდიოვიზუალურ ნაწარმოებში, ინარჩუნებს საავტორო უფლებას დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე თავის ნაწარმოებზე. შესაბამისად, ამგვარი დაშვების შემთხვევაშიც იკვეთება ა(ი)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიერ სამაუწყებლო ბადეში განთავსებულ ფილმებზე საავტორო უფლების მფლობელი სუბიექტის ნებართვის აუცილებლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასახელებული ფილმების სამაუწყებლო ბადეში განთავსება ეპიზოდურად, ორიგინალურზე შემცირებული ხანგრძლივობით, არ გამორიცხავს ა(ი)იპ„არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ ვალდებულებას, კანონით დადგენილი წესით საავტორო უფლების მფლობელი სუბიექტისაგან მოეპოვებინა ზემოთხსენებული ნაწარმოებების საჯარო გადაცემის უფლება.
ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წარმომადგენელი ასევე მიუთითებდა, რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოსაპოვებლად მათ ვერ შეძლეს დაკავშირებოდნენ ბაზარზე მოქმედ განთავსების ნებართვის გამცემ ორგანიზაციებს, რის გამოც მოკლებულნი იყვნენ მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობას. კომისია განმარტავს, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი და ამ სფეროში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებები არ ითვალისწინებს ავტორის ნებართვის გარეშე ნაწარმოების გამოყენებისა და საჯარო გადაცემის შესაძლებლობას იმაზე მითითებით, რომ ვერ მოხერხდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოსაპოვებლად ნებართვის გამცემ სუბიექტებთან (საავტორო უფლების მფლობელი ან ორგანიზაცია, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ქონებრივ უფლებებს) დაკავშირება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიერ 2020 წლის 07-14 იანვრის პერიოდში მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე მხატვრული ფილმების განთავსებით დაირღვა „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლები, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. ამავდროულად, ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია. შესაბამისად, ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 98-ე და 99-ე მუხლების, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, 58-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტების, 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ორგანიზაციისთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ჩაბარების დღიდან;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ლ. მაისურაძე) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
6. წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ელისო ასანიძე წევრი
ვახტანგ აბაშიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
