წვდომის მენიუ

შპს „სატელიტ პლიუსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: გ-20-18 / 218

გამოქვეყნების თარიღი მარტი 06, 2020 15:16

მიღების თარიღი თებერვალი 06, 2020

შპს „სატელიტ პლიუსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

I.    აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათის (28.01.2020 N20-10-237) და კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის წერილის (17.01.2020 N20-10-87) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სატელიტ პლიუსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. აღნიშნული სამსახურებრივი ბარათების თანახმად, შპს „სატელიტ პლიუსს“ კომისიაში არ წარმოუდგენია 2019 წლის ნოემბრის და დეკემბრის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები (1.9 ფორმა),   ასევე 2019 წლის ნოემბრის და დეკემბრის თვეების სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.

შპს „სატელიტ პლიუსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2020 წლის 6 თებერვალი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება ფოსტით გაეგზავნა შპს „სატელიტ პლიუსს“ და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. შპს „სატელიტ პლიუსს“ შეტყობინება ჩაბარდა 2020 წლის 3 თებერვალს.

შპს „სატელიტ პლიუსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გამართული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა, რომ სახეზეა შპს „სატელიტ პლიუსის“ ავტორიზაციის შეჩერების კანონით განსაზღვრული საფუძვლები,  შესაბამისად  კომისიის  2020 წლის  6  თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „სატელიტ პლიუსს“ ავტორიზაცია შეუჩერდა.

II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

1. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათები (28.01.2020 N20-10-237; 06.02.2020 N20-10-376);

2. კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი  ბარათი (17.01.2020 N 20-10-87);

3.   კომისიის შეტყობინება გაგზავნილი შპს „სატელიტ პლიუსისთვის“ და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დოკუმენტაცია;

4. კომისიის 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-3/76 გადაწყვეტილება „შპს „სატელიტ პლუსის“ ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე“.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

შპს „სატელიტ პლიუსი“ წარმოადგენდა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს თუმცა კომისიის 2020 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით შეუჩერდა ავტორიზაცია.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ავტორიზაციის შეჩერება ნიშნავს ავტორიზებული საქმიანობის აკრძალვას მის განახლებამდე;

2.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის   შემთხვევაში   კომისია   უფლებამოსილია   დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით         განსაზღვრულ    ვადაში    აღმოუფხვრელობის    ან 1    წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა;

3. „საქართველოს     კომუნიკაციების     ეროვნული     კომისიის     საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილების   36-ე მუხლის მე-17 პუნქტის   შესაბამისად, თუ არ არსებობს გაფრთხილების ან ჯარიმის საფუძველი, ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შპს „სატელიტ პლიუსს“ შეუჩერდა ავტორიზაცია, აღარ არის სახეზე მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები, ვინაიდან მას აკრძალული აქვს ავტორიზებული საქმიანობა ავტორიზაციის განახლებამდე და შესაბამისად, აღარ ექცევა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებულ სფეროში. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული კანონით განსაზღვრული სანქცია შესაძლოა გამოყენებული იქნას მხოლოდ ავტორიზებულ პირის მიმართ.

V.   სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  191 მუხლის მე-2 პუნქტის,  45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 95-ე,  98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შეწყდეს შპს „სატელიტ პლიუსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება, მისი ავტორიზაციის შეჩერების გამო.

2.   დაევალოს  კომისიის  ადმინისტრაციას  (ო.ვოტ)  აღნიშნული  გადაწყვეტილების შპს „სატელიტ    პლიუსისთვის“    გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

3.  გადაწყვეტილება    ძალაში  შედის მისი  დამოწმებული  ასლის შპს  „სატელიტ პლიუსისთვის“ ჩაბარების დღიდან;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „სატელიტ პლიუსისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური          თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე         წევრი

ელისო ასანიძე           წევრი

მერაბ ქათამაძე           წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები