წვდომის მენიუ

შპს „ფლაი ტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 241

გამოქვეყნების თარიღი მარტი 10, 2020 21:28

მიღების თარიღი მარტი 05, 2020

შპს „ფლაი ტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.    აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათის (28.01.2020. N20-10-299) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ფლაი ტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. აღნიშნული სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „ფლაი ტივის“ გააჩნია რეგულირების საფასურის დავალიანება.

შპს „ფლაი ტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2020 წლის 5 მარტი, რის შესახებ შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების მასალებთან ერთად დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაეგზავნა შპს „ფლაი ტივის“ და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. აღნიშნული შეტყობინება შპს ,,ფლაი ტივის“ ჩაბარდა 2020 წლის 28 თებერვალს.

II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

1. კომისიის  ადმინისტრაციის  საფინანსო-საბიუჯეტო  ჯგუფის  სამსახურებრივი ბარათი (№20-10-237, 28.01.2020) და 2020 წლის 5 მარტის განახლებული ინფორმაცია 2020 წლის 5 მარტის მდგომარეობით.

2. კომისიის შეტყობინება გაგზავნილი შპს „ფლაი ტივისთვის“ და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

3. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან   შპს   „ფლაი ტივის“ შესახებ.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს   „ფლაი ტივი“   წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს.

2. შპს „ფლაი ტივი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს  კანონმდებლობა,   მათ  შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

3. კომისიის   ადმინისტრაციის   საფინანსო-საბიუჯეტო   ჯგუფის   სამსახურებრივი ბარათისა (№20-10-237, 28.01.2020) და 2020 წლის 5 მარტის განახლებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის 5 მარტის მდგომარეობით. შპს ,,ფლაი ტივის“ ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება 30.04 ლარის ოდენობით.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური.

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური.

3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში   ავტორიზებული       პირები       და  მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული     ფორმით    (დანართი    №1) ელექტრონულად,    კომისიის    საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად,   ავტორიზებული   პირის   მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში   საქართველოს   კანონმდებლობის,  მათ   შორის,  კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული   მოთხოვნებისა   და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ რეგულირების საფასურის გადაუხდელობით  შპს „ფლაი ტივის“ მხრიდან     ადგილი  აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“   საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2  პუნქტის  ბ) ქვეპუნქტისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას, რაც   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს წარმოადგენს. ვინაიდან, შპს „ფლაი ტივის“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე, მას უნდა დაეკისროს გაფრთხილება და ამავდროულად უნდა განესაზღვროს 5 დღიანი ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად.

V.   სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს  კანონის   მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის   ბ) ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95,  98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების  შესახებ“ კომისიის 2005  წლის  28  ოქტომბრის  №12  დადგენილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.    შპს  „ფლაი ტივის“  მიეცეს  წერილობითი გაფრთხილება  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“  კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე - 6 პუნქტის დარღვევის გამო.

2. შპს „ფლაი ტივის“ დაევალოს რეგულირების საფასურის დავალიანების - 30.04 ლარის კომისიის ანგარიშზე ჩარიცხვა  5 კალენდარული დღის ვადაში.

3.    დაევალოს   კომისიის   ადმინისტრაციას   აღნიშნული   გადაწყვეტილების შპს „ფლაი ტივისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება.

4.    გადაწყვეტილება    ძალაში    შედის    მისი    დამოწმებული    ასლის    შპს    „ფლაი ტივისთვის“ ჩაბარების დღიდან.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „ფლაი ტივისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

6.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური   თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

ელისო ასანიძე  წევრი

მერაბ ქათამაძე   წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები