წვდომის მენიუ

შპს „ჯიმობაილისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: გ-20-18 / 245

გამოქვეყნების თარიღი მარტი 10, 2020 22:44

მიღების თარიღი თებერვალი 13, 2020

შპს „ჯიმობაილისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

I.    აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათის (28.01.2020 N20-10-237) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯიმობაილისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. აღნიშნული სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „ჯიმობაილს“ კომისიაში არ წარმოუდგენია 2019 წლის სექტემბრის, ოქტომბრის და ნოემბრის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები (1.9 ფორმა).

შპს „ჯიმობაილისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2020 წლის 6 თებერვალი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება ფოსტით გაეგზავნა შპს „ჯიმობაილს“ და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

შპს „ჯიმობაილისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გამართული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში   შპს „ჯიმობაილმა“ წარმოადგინა კომისიაში განცხადება ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე. შესაბამისად, საკითხის განხილვა გადაიდო 2020 წლის 13 თებერვლის სხდომისთვის.

II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

1.   კომისიის   ადმინისტრაციის   საფინანსო-საბიუჯეტო   ჯგუფის   სამსახურებრივი ბარათები (28.01.2020 N20-10-237; 06.02.2020 N20-10-376);

2.   კომისიის შეტყობინება გაგზავნილი შპს „ჯიმობაილისთვის“;

3.  კომისიის 2020 წლის 11 თებერვლის Nგ-20-03/429 წერილი შპს „ჯიმობაილის“ ავტორიზაციის გაუქმების მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

შპს     „ჯიმობაილი“      წარმოადგენდა      ელექტრონული      კომუნიკაციების      სფეროში ავტორიზებულ პირს, თუმცა 2020 წლის   11 თებერვალს გაუქმდა შპს „ჯიმობაილის“ ავტორიზაცია.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის მე-7 პუნქტის   თანახმად,   ავტორიზაცია   გაუქმდება   ავტორიზებული   პირის განცხადების საფუძველზე;

2.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის   შემთხვევაში   კომისია   უფლებამოსილია   დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით  განსაზღვრულ    ვადაში    აღმოუფხვრელობის    ან 1    წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა;

3. „საქართველოს     კომუნიკაციების     ეროვნული     კომისიის     საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილების   36-ე მუხლის მე-17 პუნქტის   შესაბამისად, თუ არ არსებობს გაფრთხილების ან ჯარიმის საფუძველი, ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გაუქმდა შპს „ჯიმობაილის“ ავტორიზაცია, აღარ არის სახეზე მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები, ვინაიდან მას აღარ აქვს ავტორიზებული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება და შესაბამისად, აღარ ექცევა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებულ სფეროში. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული კანონით განსაზღვრული სანქცია შესაძლოა გამოყენებული იქნას მხოლოდ ავტორიზებულ პირის მიმართ.

V.   სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  191 მუხლის მე-7 პუნქტის,  45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 95-ე,  98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შეწყდეს შპს „ჯიმობაილისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე  დაწყებული  ადმინისტრაციული წარმოება, შპს „ჯიმობაილის“ ავტორიზაციის გაუქმების გამო.

2.   დაევალოს  კომისიის  ადმინისტრაციას  (ო.ვოტ)  აღნიშნული  გადაწყვეტილების შპს „ჯიმობაილისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ჯიმობაილისთვის“ ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ჯიმობაილისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური   თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

ელისო ასანიძე  წევრი

მერაბ ქათამაძე    წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები