წვდომის მენიუ

შპს „ერა ნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 253

გამოქვეყნების თარიღი მარტი 11, 2020 10:49

მიღების თარიღი თებერვალი 27, 2020

შპს „ერა ნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.    აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათის სამსახურებრივი ბარათის (28.01.2020 N20-10-237) და კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის წერილის (17.01.2020 N20-10-87) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ერა ნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. აღნიშნული სამსახურებრივი ბარათების თანახმად, შპს „ერა ნეტს“ კომისიაში არ წარმოუდგენია 2019 წლის სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები (1.9 ფორმა),   ასევე 2019 წლის სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.

შპს „ერა ნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2020 წლის 27 თებერვალი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება ფოსტით გაეგზავნა შპს „ერა ნეტს“ და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

1. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (28.01.2020 N20-10-237); კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მიერ    27.02.2020    ელექტრონული    ფოსტით    კომისიის  აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტისთვის მიწოდებული ინფორმაცია ავტორიზებული პირების მიერ რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარდგენის თაობაზე;

2. კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი  ბარათი (17.01.2020 N 20-10-87);

3. კომისიის შეტყობინება გაგზავნილი შპს „ერა ნეტისთვის“ და აღნიშნული შეტყობინების გაგზავნისა და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

4.   ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ერა ნეტის“ შესახებ.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „ერა ნეტი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს;

2. შპს „ერა ნეტი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს     მთავრობის     დადგენილებები,     აგრეთვე     კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3.  „საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის   2011  წლის  25  მარტის N144/22 გადაწყვეტილების  ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური  ანგარიშგების  ფორმების  დამტკიცების  შესახებ“  კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით  ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

4.   წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დღისთვის შპს „ერა ნეტმა“ წარადგინა კომისიაში 2019 წლის სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმები (1.9 ფორმა); თუმცა არ შეუვსია

2019 წლის სექტემბრის, ოქტომბრის,   ნოემბრის და დეკემბრის სტატისტიკური ანგარიშგების  ფორმები;

5. შპს  „ერა  ნეტს“  ბოლო  ერთი  წლის  განმავლობაში  არ  დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;

3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის   სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული           ფორმით    (დანართი    №1)  ელექტრონულად,    კომისიის    საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

4. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი  პუნქტის    შესაბამისად,  ავტორიზებული პირის    მიერ    ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში   საქართველოს   კანონმდებლობის, მათ  შორის, კომისიის დადგენილებებითა და    გადაწყვეტილებებით  განსაზღვრული მოთხოვნებისა    და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის  ჩადენის  შემთხვევაში  –  დააკისროს  ჯარიმა,  რომლის  ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარმოუდგენლობით, შპს „ერა ნეტის“ მხრიდან ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2  პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევას, რაც  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს წარმოადგენს.

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან, შპს „ერა ნეტს“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე, მას უნდა დაეკისროს გაფრთხილება და ამავდროულად უნდა განესაზღვროს 10 დღიანი ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად.

V.   სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს  კანონის   მე-19  მუხლის  მე-2  პუნქტის   ბ)    ქვეპუნქტის,   45-ე  მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე,  98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.   შპს „ერა ნეტს“ დაეკისროს გაფრთხილება ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების       ეროვნული   კომისიის   2011   წლის   N144/22   გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;

2.   შპს  „ერა  ნეტს“  დაევალოს  2019  წლის  სექტემბრის,  ოქტომბრის,  ნოემბრისა და დეკემბრის  რეგულირების     საფასურის გაანგარიშებისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების კომისიაში წარმოდგენა 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში;

3.   დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ერა ნეტისთვის“  გაგზავნა    და    კომისიის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4.   დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) შპს „ერა ნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5.  გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ერა ნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ერა ნეტისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) და კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს (ქ. რეხვიაშვილი).

კახი ბექაური   თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

ელისო ასანიძე  წევრი

მერაბ ქათამაძე  წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები