ინდმეწარმე დიმიტრი მილევსკის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 11, 2020 14:49
მიღების თარიღი მარტი 05, 2020
ინდმეწარმე დიმიტრი მილევსკის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათის (28.01.2020. №20-10-237) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ინდმეწარმე დიმიტრი მილევსკისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. აღნიშნული სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ინდმეწარმე დიმიტრი მილევსკის კომისიაში არ წარმოუდგენია 2019 წლის დეკემბრის თვის რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშება (1.9 ფორმა) და ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება 10.31 ლარის ოდენობით.
ინდმეწარმე დიმიტრი მილევსკისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2020 წლის 5 მარტი, რის შესახებ შეტყობინება ფოსტით გაეგზავნა ინდმეწარმე დიმიტრი მილევსკის და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები
1. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (28.01.2020. №20-10-237) და 2020 წლის 5 მარტის განახლებული ინფორმაცია 2020 წლის 5 მარტის მდგომარეობით.
2. ინდმეწარმე დიმიტრი მილევსკისთვის გაგზავნილი შეტყობინება და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
3. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან ინდმეწარმე დიმიტრი მილევსკის შესახებ.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. ინდმეწარმე დიმიტრი მილევსკი წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს;
2. ინდმეწარმე დიმიტრი მილევსკი, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
3. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათის (28.01.2020. №20-10-237) შესაბამისად, ინდმეწარმე დიმიტრი მილევსკის კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი 2019 წლის დეკემბრის თვის რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშება (1.9 ფორმა) და ერიცხებოდა რეგულირების საფასურის დავალიანება 10.31 ლარის ოდენობით.
4. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის 2020 წლის 5 მარტის დამატებითი ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის 5 მარტის მდგომარეობით, ინდმეწარმე დიმიტრი მილევსკიმ კომისიაში წარმოადგინა 2019 წლის დეკემბრის თვის რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშება (1.9 ფორმა) და დაფარა რეგულირების საფასურის დავალიანება 10.31 ლარის ოდენობით.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური.
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური.
3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობითა და რეგულირების საფასურის გადაუხდელობით ინდმეწარმე დიმიტრი მილევსკის მხრიდან ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს წარმოადგენს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ინდმეწარმე დიმიტრი მილევსკის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები შესრულებულ იქნა და დარღვევა ნებაყოფლობით იქნა აღმოფხვრილი, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ინდმეწარმე დიმიტრი მილევსკი ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად და განთავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95, 98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ინდმეწარმე დიმიტრი მილევსკის ცნობილი იქნეს სამართალდამრღვევად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე - 6 პუნქტის დარღვევის გამო.
2. ინდმეწარმე დიმიტრი მილევსკი გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების ინდმეწარმე დიმიტრი მილევსკისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება.
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის ინდმეწარმე დიმიტრი მილევსკისთვის ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ინდმეწარმე დიმიტრი მილევსკისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
