შპს „ჯიკონეკტისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 13, 2020 17:33
მიღების თარიღი მარტი 05, 2020
შპს „ჯიკონეკტისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათების (N20-10-41, 10/01/2020 და N20-10-237, 28/01/2020) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯიკონეკტისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. აღნიშნული სამსახურებრივი ბარათების თანახმად, შპს „ჯიკონეკტს” ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება 19.95 ლარის ოდენობით.
შპს „ჯიკონეკტისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2020 წლის 5 მარტი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება გაეგზავნა შპს „ჯიკონეკტს” და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე. შპს „ჯიკონეკტს“ შეტყობინება არ ჩაბარდა და გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge), ასევე განთავსდა კომისიის შენობაში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათები (N20-10-41, 10/01/2020 და N20-10-237, 28/01/2020) და 2020 წლის 5 მარტის განახლებული ინფორმაცია N20-10-237, 28/01/2020 სამსახურებრივ ბარათთან დაკავშირებით.
2. შპს „ჯიკონეკტისთვის” გაგზავნილი კომისიის შეტყობინება.
3. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ჯიკონეკტის” შესახებ.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „ჯიკონეკტი” ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირია. იგი, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია, შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
2. წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის შპს „ჯიკონეკტს” კომისიაში წარმოდგენილი გაანგარიშებების შესაბამისად ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება 19.95 ლარის ოდენობით;
3. შპს „ჯიკონეკტის” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. ამავე პუნქტის „ლ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია, გადაიხადოს რეგულირების საფასური;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობა შეადგენს ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტს. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;
3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ” კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ჯიკონეკტის” მიერ რეგულირების საფასურის დავალიანების გადაუხდელობით ირღვევა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” და „ლ” ქვეპუნქტების და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ” კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის მოთხოვნები, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.
შპს „ჯიკონეკტის” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად, კომპანიას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება. ამასთან, კომპანიას უნდა დაევალოს 19.95 ლარის ოდენობით რეგულირების საფასურის დავალიანების - გადახდა ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მისთვის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
ამავდროულად, კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, შპს „ჯიკონეკტის” მიერ 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, შესაძლებელია, კომპანიას დაეკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” და „ლ” ქვეპუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის, 95-ე 98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ” კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ჯიკონეკტს” მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” და „ლ” ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ” კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის დარღვევის გამო;
2. შპს „ჯიკონეკტს” დაევალოს რეგულირების საფასურის 19.95 ლარის კომისიის ანგარიშზე ჩარიცხვა ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ჯიკონეკტისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ლ. მაისურაძე) შპს „ჯიკონეკტისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ჯიკონეკტისთვის” ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ჯიკონეკტისთვის” ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
