შპს „ტელევიზია კახეთისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 13, 2020 19:00
მიღების თარიღი მარტი 05, 2020
შპს „ტელევიზია კახეთისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათის (N20-10-237, 28.01.2020) და 2020 წლის 5 მარტის განახლებული ინფორმაციის საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელევიზია კახეთისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. აღნიშნული სამსახურებრივის ბარათების თანახმად, შპს „ტელევიზია კახეთს“ რეგულირების საფასურის გაანგარიშებების შესაბამისად (1.9 ფორმა), ერიცხებოდა რეგულირების საფასურის დავალიანება 21.53 ლარის ოდენობით, და ასევე შპს „ტელევიზია კახეთს“ არ ჰქონდა წარმოდგენილი 2020 წლის რეგულირების საფასურის გაანგარიშების (1.9 ფორმა) და 2020 წლის იანვრის თვის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.
შპს „ტელევიზია კახეთისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2020 წლის 5 მარტი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება (N გ-20-03/713, 27/02/2020) შპს „ტელევიზია კახეთს“ გაეგზავნა ფოსტით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. შპს „ტელევიზია კახეთის“ სხდომაზე დასწრების უზრუნველყოფის მიზნით შეტყობინება ასევე გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (http://www.gncc.ge/uploads/other/5/5106.pdf). კომისიის 2020 წლის 5 მარტის სხდომაზე შპს „ტელევიზია კახეთის“ წარმომადგენელი არ გამოცხადდა. ვინაიდან, შპს „ტელევიზია კახეთისათვის“ გაგზავნილი შეტყობინების შინაარსი საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, კომისიის მიერ შესრულებული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით და კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის განხილვა შპს „ტელევიზია კახეთის“ დაუსწრებლად.
II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-237, 28.01.2020) და 2020 წლის 5 მარტის განახლებული ინფორმაცია აღნიშნულ სამსახურებრივ ბარათთან დაკავშირებით.
2. კომისიის შეტყობინება და აღნიშნული შეტყობინება (N გ-20-03/713, 27/02/2020) და აღნიშნული შეტყობინების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ასევე შეტყობინების კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნების ბმული (http://www.gncc.ge/uploads/other/5/5106.pdf).
3. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელევიზია კახეთის“ შესახებ.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „ტელევიზია კახეთი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს.
2. შპს „ტელევიზია კახეთი“ როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
3. შპს „ტელევიზია კახეთს“ ერიცხებოდა რეგულირების საფასურის დავალიანება 21.53 ლარის ოდენობით და არ ჰქონდა წარმოდგენილი 2020 წლის რეგულირების საფასურის გაანგარიშების იანვრის თვის 1.9 ფორმა და 2020 წლის იანვრის თვის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.
4. შპს „ტელევიზია კახეთმა“ გადაწყვეტილების მიღების დღისთვის ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე დაფარა რეგულირების საფასურის დავალიანება, მაგრამ კომისიაში არ წარმოუდგენია 2020 წლის რეგულირების საფასურის გაანგარიშების იანვრის თვის 1.9 ფორმა და 2020 წლის იანვრის თვის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
2. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
3. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და რეგულირების საფასურის გაანგარიშების (1.9 ფორმა) წარმოუდგენლობით ირღვევა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს წარმოადგენს.
შპს „ტელევიზია კახეთის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა, შესაბამისად, ის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს. ამასთან, კომპანიას უნდა დაევალოს კომისიაში 2020 წლის იანვრის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმისა და 2020 წლის იანვრის თვის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ამ გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისიაში წარმოდგენა.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95, 98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ტელევიზია კახეთს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;
2. შპს „ტელევიზია კახეთს“ დაევალოს კომისიაში 2020 წლის იანვრის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმისა და 2020 წლის იანვრის თვის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ამ გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისიაში წარმოდგენა;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ტელევიზია კახეთისათვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. კაველიძე) შპს „ტელევიზია კახეთისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელევიზია კახეთისთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ტელევიზია კახეთისათვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოთ კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი) და კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს (ქ.რეხვიაშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
