ინდ.მეწარმე „მალხაზ გოგიტიძისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 31, 2020 17:19
მიღების თარიღი თებერვალი 27, 2020
ინდ.მეწარმე „მალხაზ გოგიტიძისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათის (28.01.2020 N20-10-237) და კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის წერილის (17.01.2020 N20-10-87) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ინდ.მეწარმე „მალხაზ გოგიტიძისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. აღნიშნული სამსახურებრივი ბარათების თანახმად, ინდ.მეწარმე „მალხაზ გოგიტიძეს“ კომისიაში არ წარმოუდგენია 2019 წლის ივნისი-დეკემბრის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები (1.9 ფორმა), ასევე 2019 წლის ივნისი- დეკემბრის თვეების სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.
ინდ.მეწარმე „მალხაზ გოგიტიძისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა რამდენჯერმე გადაიდო, ვინაიდან ავტორიზებულ პირს არ ბარდებოდა შეტყობინება. საბოლოოდ კომისიამ აღნიშნულ საკითხზე იმსჯელა 2020 წლის 27 თებერვალს, ხოლო შეტყობინება საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის ვებგვერდზე www.gncc.ge, შეტყობინებების განყოფილებაში.
ინდ.მეწარმე „მალხაზ გოგიტიძისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გამართული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა, რომ სახეზეა ინდ.მეწარმე „მალხაზ გოგიტიძის“ ავტორიზაციის შეჩერების კანონით განსაზღვრული საფუძვლები, კერძოდ, ავტორიზებული პირი ბოლო 12 თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში წარმოადგენდა ნულოვან რეგულირების საფასურის გაანგარიშებას.
II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები
1. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათები (28.01.2020 N20-10-237; 06.02.2020 N20-10-376);
2. კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (17.01.2020 N 20-10-87);
3. კომისიის შეტყობინება გაგზავნილი ინდ.მეწარმე „მალხაზ გოგიტიძისთვის“ და აღნიშნული შეტყობინების საჯაროდ გამოქვეყნების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
4. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-506 19.02.2020);
5. კომისიის 12.12.2019 Nგ-19-18/686 გადაწყვეტილება „ინდ.მეწარმე „მალხაზ გოგიტიძისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. ინდ.მეწარმე „მალხაზ გოგიტიძე“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს;
2. 2019 წლის ივნისის შემდეგ არ ავსებს რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს და მსგავსი დარღვევისთვის კომისიის 2019 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს გაფრთხილება, რაც ამჯერად ჯარიმის (3000 ლარი) დაკისრების საფუძველია;
3. ინდ.მეწარმე „მალხაზ გოგიტიძე“ 2019 წლის ივნისამდე ბოლო 12 თვის განმავლობაში წარმოადგენდა ნულოვანი რეგულირების საფასურის გაანგარიშებას, შესაბამისად არ იხდის რეგულირების საფასურს, ასევე არ ფიქსირდება კონტრაჰენტად არცერთ ავტორიზებულ პირთან, რაც მოწმობს, რომ ავტორიზებული პირი არ ეწევა ავტორიზებად საქმიანობას.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად: ბ.ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას; ბ.ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას; ბ.გ) არ იხდის რეგულირების საფასურს;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ავტორიზაციის შეჩერება ნიშნავს ავტორიზებული საქმიანობის აკრძალვას მის განახლებამდე;
3. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილების 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, თუ არ არსებობს გაფრთხილების ან ჯარიმის საფუძველი, ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.
კომისია აღნიშნავს, რომ სახეზეა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის შეჩერების საფუძველი, შესაბამისად, ინდ.მეწარმე „მალხაზ გოგიტიძისთვის“ მომდევნო სანქციის, მით უფრო ჯარიმის დაკისრება არ არის მიზანშეწონილი და დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფს უნდა დაევალოს ინდ.მეწარმე „მალხაზ გოგიტიძისთვის“ ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ორგანიზება.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 191 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შეწყდეს ინდ.მეწარმე „მალხაზ გოგიტიძისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება, მისი ავტორიზაციის შეჩერების საფუძვლების არსებობის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფს ინდ.მეწარმე „მალხაზ გოგიტიძისთვის“ ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ორგანიზება;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების ინდ.მეწარმე „მალხაზ გოგიტიძისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის ინდ.მეწარმე „მალხაზ გოგიტიძისთვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ინდ.მეწარმე „მალხაზ გოგიტიძესთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
