შპს „ტ-ნეტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 31, 2020 18:07
მიღების თარიღი თებერვალი 27, 2020
შპს „ტ-ნეტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციულიპასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათის (N20-10-237 28.01.2020) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტ-ნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. აღნიშნული სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „ტ-ნეტს“ არ გადაუხდია 2019 წლის რეგულირების საფასური 84.10 ლარის ოდენობით.
შპს „ტ-ნეტსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2020 წლის 27 თებერვალი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება ფოსტით გაეგზავნა შპს „ტ-ნეტს“ და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები
1. ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-237 28.01.2020);
2. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მიერ სამართლებრივი დეპარტამენტისთვის 27.02.2020 ელექტრონული ფოსტით მიწოდებული ინფორმაცია ავტორიზებული პირების მიერ რეგულირების საფასურისგაანგარიშებისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების კომისიისთვის წარდგენის, ასევე რეგულირების საფასურის დავალიანების დაფარვის თაობაზე ინფორმაცია;
3. კომისიის შეტყობინება გაგზავნილი შპს „ტ-ნეტისთვის“ და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
4. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტ-ნეტის“ შესახებ.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „ტ-ნეტი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს;
2. შპს „ტ-ნეტი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
3. შპს „ტ-ნეტს“ არ ჰქონდა გადახდილი 2019 წლის რეგულირების საფასური 84.10 ლარის ოდენობით.
4. წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დღისთვის შპს „ტ-ნეტმა“ გადაიხადა 2019 წლის რეგულირების საფასურის დავალიანება 84.10 ლარის ოდენობით (აღმოფხვრა დარღვევა).
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;
3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი№1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ რეგულირების საფასურის გადაუხდელობით შპს „ტ-ნეტის“ მხრიდან ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს წარმოადგენს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის მიერ მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები შესრულებულ იქნა (დარღვევა აღმოფხვრილი იქნა) ნებაყოფლობით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტ- ნეტის“ სამართალდამრღვევად ცნობითა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შემთხვევაში დაცული იქნება კანონიერების პრინციპი.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95, 98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ტ-ნეტი“ ცნობილი იქნას სამართალდამრღვევად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის დარღვევის გამო;
2. შპს „ტ-ნეტი“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ტ- ნეტისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) შპს „ტ-ნეტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ტ-ნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ტ-ნეტისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
