შპს „ტელეიმედის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2020 16:34
მიღების თარიღი აპრილი 02, 2020
შპს „ტელეიმედის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (შემდგომში „კომისია“) კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის N20-10-514 19.02.2020 სამსახურებივი ბარათის საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეიმედის“ მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვის მიზნით. აღნიშნული სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „ტელეიმედს“ (ს/კ-202188612), კომისიის 2019 წლის 19 დეკემბრის N9-18/706 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით დაკისრებული ვალდებულება არ შეუსრულებია, კერძოდ, არ წარუდგენია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული 2018 წლის აუდირებული ფინანსური და მმართველობის ანგარიშგებები, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში, გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში;
შპს „ტელეიმედის“ მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 19 მარტის კომისიის სხდომაზე. შპს „ტელეიმედს“ გაეგზავნა შეტყობინება და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შპს „ტელეიმედის“ შუამდგომლობის საფუძველზე საკითხის განხილვა გადაიდო 2020 წლის აპრილის სხდომისთვის.
II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები
1. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის N20-10-513 19.02.2020
სამსახურებრივი ბარათი;
2. „შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2019 წლის 19 დეკემბრის N9-18/709 გადაწყვეტილება;
3. შპს „ტელეიმედის“ მიერ კომისიისთვის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარმოდგენილი მიმოწერა აუდიტორულ კომპანიასა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურთან, რომელიც ადასტურებს, რომ კომპანიას მომზადებული აქვს შესაბამისი დოკუმენტი, თუმცა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით ვერ ხერხდება აღნიშნულ დოკუმენტზე მატერიალური ხელმოწერის დატანა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარდგენა;
4. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის 02.04.2020 შ-6-20/1816 წერილი კომისიას.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „ტელეიმედი“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში კომისიის მიერ ავტორიზებულ/ლიცებზიის მფლობელ პირს;
2. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ კომისიისთვის მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ბაზის მიხედვით, შპს „ტელეიმედი“ წარმოადგენს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ფ) ქვეპუნქტით განსაზღვრულ II კატეგორიის საწარმოს;
3. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შპს „ტელეიმედი“ ვალდებულია ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგინონ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით;
4. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, შპს „ტელეიმედს“ 2020 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების მიღების დღისათვის არ აქვს წარდგენილი 2018 წლის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფინანსური დოკუმენტი - აუდირებული ფინანსური და მმართველობის ანგარიშგებები;
5. შპს „ტელეიმედი-ს 2018 წლის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფინანსური დოკუმენტი - აუდირებული ფინანსური და მმართველობის ანგარიშგებების წარუდგენლობისთვის კომისიის 2019 წლის 19 დეკემბრის N9-18/706 გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახე - გაფრთხილება;
6. 2020 წლის 21 მარტის საქართველოს პრეზიდენტის N1 დეკრეტის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა;
7. შპს „ტელეიმედს“ მომზადებული აქვს შესაბამისი დოკუმენტი, თუმცა საგანგებო მდგომარეობისა და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ვერ ხერხდება აღნიშნულ დოკუმენტზე მატერიალური ხელმოწერის დატანა და სათანადო ფორმით ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარდგენა;
8. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა 02.04.2020 შ-6-20/1816 წერილით კომისიას აცნობა, რომ საგანგებო მდგომარეობისა და საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების გათვალისწინებით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ფულადი ჯარიმები გამოყენებული არ იქნება. ანგარიშგების წარდგენის პროცესის ადმინისტრირება, მათ შორის, სანქციების დაკისრება, განახლდება საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე.
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სუბიექტი (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა) ვალდებულია მისთვის ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგინოს სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით;
2. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სდპ-მა და პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოებმა უნდა მოამზადონ და სამსახურს უნდა წარუდგინონ მმართველობის ანგარიშგება. მმართველობის ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესს შესაბამისი ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების გათვალისწინებით ადგენს სამსახური. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მმართველობის ანგარიშგება მოიცავს: ა)საქმიანობის მიმოხილვას; ბ) კორპორაციული მართვის ანგარიშგებას; გ) არაფინანსურ ანგარიშგებას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობის მიმოხილვას ამზადებენ სდპ და პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოები;
3. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონისა და მის საფუძველზე მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს რეგულირებისადმი/ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის მიმართ გამოსაყენებელ სანქციებს განსაზღვრავსნშესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო;
4. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ბუღალტრულიმაღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების წარმოებისა და კონსოლიდაციის წესების, მე-7 მუხლის, მე-8 მუხლის, მე-9 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებისა და მე-16 მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობა ან/და აუდიტორული შემოწმების ჩატარებისათვის თავის არიდება გამოიწვევს სუბიექტის დაჯარიმებას: ა)მეოთხე კატეგორიის საწარმოსი – 500 ლარის ოდენობით; ბ) მესამე კატეგორიის საწარმოსი – 1 000 ლარის ოდენობით; გ) მეორე კატეგორიის საწარმოსი – 5 000 ლარის ოდენობით; დ) პირველი კატეგორიის საწარმოსი და სდპ-ისა – 10 000 ლარის ოდენობით. ხოლო მეორე პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის სამსახურმა შესაძლებელია ფულადი ჯარიმის ნაცვლად წერილობითი გაფრთხილება გამოიყენოს. სამსახურის წერილობითი გაფრთხილების შეუსრულებლობის ან/და პასუხისმგებლობის დაკისრებიდან 1 თვის ვადაში შესაბამისი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სუბიექტს უორმაგდება დაკისრებული ჯარიმის ოდენობა;
5. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია ამ კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა. ამ შემთხვევაში უფლებამოსილი პირი აღნიშნული საქმის განხილვის შედეგებზე დაყრდნობით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს გამოსცემს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,,შპს „ტელეიმედის“ მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ანგარიშგებების, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარუდგენლობით დარღვეულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტისშესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი, რაც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად სანქცირების - 5000 ლარიანი ჯარიმის დაკისრების საფუძველია.
გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, შპს „ტელეიმედი“ იმყოფება ფორს-მაჟორულ მდგომარეობაში, კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაცია მომზადებული აქვს, თუმცა საპატიო მიზეზით ვერ ახერხებს მასზე მატერიალური ხელმოწერის დატანას და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარდგენას, ამასთან აღნიშნულ სამსახურს საგანგებო მდგომარეობის ამოწურვამდე შეჩერებული აქვს ფულადი ჯარიმების გამოყენება, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, არ გამოიყენოს ფულადი ჯარიმა მაუწყებლის მიმართ, სცნოს სამართალდამრღვევად, გაათავისუფლოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და ვალდებულების შესრულების ვადად განუსაზღვროს საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან ერთი თვე.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შპს „ტელეიმედი“ ცნობილი იქნას სამართალდამრღვევად „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო;
2. შპს „ტელეიმედი“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან;
3. უზრუნველყოს შპს „ტელეიმედმა“ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული 2018 წლის აუდირებული ფინანსური და მმართველობის ანგარიშგებების ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარდგენა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ტელეიმედისთვის“ და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ო.ვოტ);
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.ხუხუნაიშვილი) შპს„ტელეიმედის“ სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელეიმედისთვის“ ჩაბარების დღიდან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „ტელეიმედისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-5 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
