შპს ,,ხარისხის არხის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 22, 2020 14:01
მიღების თარიღი აპრილი 16, 2020
შპს ,,ხარისხის არხის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N20-10-825;01.04.2020) თანახმად, 2020 წლის 23 - 25 მარტს ჩატარდა შპს „ხარისხის არხის“ სამაუწყებლო ბადის შემოწმება. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნულ პერიოდში მაუწყებლის ეთერში გავიდა ორი უცხოური წარმოების სერიალი: „უკანასკნელი იანიჩარი“ და „მარუსია“, რომელთა აუდიო-ვიზუალური პროდუქციის მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომპანიას კომისიაში არ წარმოუდგენია.
2020 წლის 25 მარტს კომისიამ წერილით მიმართა შპს „ხარისხის არხს“ და მოითხოვა სამაუწყებლო ბადეში განთავსებული აუდიოვიზუალური პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის 5 სამუშაო დღეში წარმოდგენა. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათში (N20-10-825; 01.04.2020) აღნიშნულია, რომ შპს „ხარისხის არხმა“ მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოდგენა ვერ შეძლო და 2020 წლის 27 მარტის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი #შ-20-6/1700) კომისიას აცნობა, რომ 2020 წლის 26 მარტიდან აღნიშნული სერიალების ჩვენება შეწყვეტილი იყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „ხარისხის არხის“ მიერ მოხდა სერიალების - „უკანასკნელი იანიჩარი“ და „მარუსია“ შესაბამისი უფლებების გარეშე ეთერში განთავსება.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 20-10-825; 01.04.2020) საფუძველზე კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ხარისხის არხისთვის“ ადმინისტრაციული წარმოების დაკისრების თაობაზე, მის მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო. საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 16 აპრილს, რის თაობაზეც შპს ,,ხარისხის არხს“ ეცნობა კომისიის შეტყობინებით (Nგ-20-03/1273; 08.04.2020). ამავე შეტყობინებით კომპანიას განემარტა მისი უფლებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით. კომისიის შეტყობინება (Nგ-20-03/1273; 08.04.2020) შპს ,,ხარისხის არხს“ ჩაბარდა კომპანიის ელექტრონული ფოსტის მისამართზე asatiani@athensa.tv ა/წ 8 აპრილს, რაც დაადასტურა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა გ. ასათიანმა ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილი წერილით (08.04.20; 18:21 სთ). ამდენად, კომისიამ შეასრულა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულება დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით. კომისიის 2020 წლის 16 აპრილის სხდომას არ ესწრებოდა შპს ,,ხარისხის არხის“ წარმომადგენელი. შპს ,,ხარისხის არხს“ კომისიაში არ წარმოუდგენია შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე და არ უცნობებია კომისიისთვის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ უფლებამოსილი იყო განეხილა საკითხი შპს ,,ხარისხის არხის“ წარმომადგენლის დაუსწრებლად.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 20-10-825; 01.04.2020);
2. კომისიის წერილი შპს „ხარისხის არხს“ (Nგ-20-04/1137; 25.03.2020);
3. შპს ,,ხარისხის არხის“ საპასუხო წერილი (Nშ-20-6/1700; 27.03.2020);
4. 2020 წლის 23-25 მარტს ჩატარებული შპს ,,ხარისხის“ არხის შემოწმების ამსახველი ვიდეოჩანაწერები;
5. შპს ,,ხარისხის“ არხის შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
6. შპს ,,ხარისხის არხის“ შესახებ მონაცემები კომისიის ავტორიზებული/ლიცენზირებული პირების რეესტრიდან;
7. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის უზრუნველყოფის სპეციალისტის თ. ჭაჭუკაშვილის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს ,,ხარისხის არხი“ არის მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი: 26.10.2012; მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა). შესაბამისად, შპს ,,ხარისხის არხი“ როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები;
მტკიცებულება: მონაცემები შპს ,,ხარისხის არხის“ შესახებ კომისიის ავტორიზებულ/ლიცენზირებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
2. 2020 წლის 23-25 მარტს კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს ,,ხარისხის არხის“ სამაუწყებლო ბადის მონიტორინგი, რომლის დროს გამოვლინდა, რომ 2020 წლის 23-25 მარტს შპს ,,ხარისხის არხმა“ შესაბამისი ნებართვის გარეშე განათავსა ორი უცხოური წარმოების სერიალი: „უკანასკნელი იანიჩარი“ და „მარუსია“;
მტკიცებულება: კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-825; 01.04.2020) და ა/წ 23-25 მარტის პერიოდში შპს ,,ხარისხის არხის“ სამაუწყებლო ბადის შემოწმების ამსახველი ვიდეოჩანაწერი.
3. შპს ,,ხარისხის არხმა“ 2020 წლის 27 მარტს კომისიას წერილობით დაუდასტურა შპს ,,ხარისხის არხის“ სამაუწყებლო ბადეში სატელევიზიო სერიალების „უკანასკნელი იანიჩარი“ და „მარუსია“ მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციისა და ნებართვის გარეშე განთავსების ფაქტი. ამავე წერილით შპს ,,ხარისხის არხმა“ კომისიას აცნობა, რომ სერიალების „უკანასკნელი იანიჩარი“ და „მარუსია“ ჩვენება ა/წ 26 მარტიდან შეწყვიტა;
მტკიცებულება: შპს ,,ხარისხის არხის“ წერილი კომისიას (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/1700;
27.03.2020).
4. შპს ,,ხარისხის არხმა“ 2020 წლის 26 მარტიდან შეწყვიტა სერიალების „უკანასკნელი იანიჩარი“ და „მარუსია“ ჩვენება;
მტკიცებულება: კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის უზრუნველყოფის სპეციალისტის თ. ჭაჭუკაშვილის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება შპს ,,ხარისხის არხის“ სამაუწყებლო ბადის განმეორებით შემოწმებისა და სერიალების არამართლზომიერი ჩვენების შეწყვეტის თაობაზე.
5. შპს ,,ხარისხის არხის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის.
მტკიცებულება: მონაცემები შპს ,,ხარისხის არხის“ შესახებ კომისიის ავტორიზებულ/ლიცენზირებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქცია და ვალდებულებაა მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა, კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება. ამავე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციაა საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ამავე პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
4. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით) და „საავტორო უფლებების შესახებ“ 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) მიერთებით, საქართველომ იკისრა საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის და ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებების გატარების ვალდებულება.
5. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებით, ნება დართონ თავისი ნაწარმოებების ეთერით გადაცემაზე, ან ამ ნაწარმოებების საყოველთაო გაცნობაზე ნიშნების, ხმების ან გამოსახულებების უსადენო გადაცემის ნებისმიერი საშუალებით;
6. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციისა და ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების დასახელებულ დებულებებს შეესატყვისება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
7. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა;
8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული უფლებაა. კერძოდ, ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიანტს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით. ამავე კანონის 42-ე მუხლის თანახმად, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით;
9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, გამოიყენოს თავისი გადაცემა ნებისმიერი ფორმით, გადაცემის ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ანაზღაურების მიღების უფლების ჩათვლით. ამავე მუხლის მეორე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, გადაცემის გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა;
10. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე- 2 პუნქტის შესაბამისად, პირი, რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა.
კომისია აღნიშნავს, რომ 2020 წლის 23-25 მარტის პერიოდში შპს ,,ხარისხის არხის“ ეთერში, მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე განთავსებული იქნა შემდეგი ორი უცხოური წარმოების სერიალი: „უკანასკნელი იანიჩარი“ და „მარუსია“. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ხარისხის არხის“ მიერ დაირღვა „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 42-ე, 50-ე მუხლები და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, რისთვისაც ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით გათვალისწინებულია წერილობითი გაფრთხილება, თუკი მაუწყებლის მხრიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის ჩადენას პირველად აქვს ადგილი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ხარისხის არხმა“ კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე უზრუნველყო სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, ა/წ 26 მარტიდან შეწყვიტა სერიალების „უკანასკნელი იანიჩარი“ და „მარუსია“ მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე ეთერში განთავსება (იხ. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მე-4 პუნქტი). ამასთანავე, შპს ,,ხარისხის არხი“ 2020 წლის 27 მარტის Nშ-20-6/1700 წერილში თავად ადასტურებს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს და აცხადებს, რომ მსგავს პრეცედენტს მომავალში ადგილი აღარ ექნება.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე კომისიას არ გამოუვლენია შპს ,,ხარისხის არხის“ მიერ სამაუწყებლო ეთერში სერიალების მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე განთავსების ფაქტი და არ მიუღია გადაწყვეტილება ზემოთ მითითებული დარღვევის ჩადენის გამო შპს ,,ხარისხის არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით. ამდენად, ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების მთავარ მიზანს წარმოადგენს არა სუბიექტის დასჯა, არამედ პრევენციული და აღმზრდელობითი ღონისძიებების განხორციელება, რათა შემდგომში თავიდან იქნას აცილებული მგავსი გადაცდომა. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ხარისხის არხის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შემთხვევაში დაცული იქნება კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპი, ასევე, მიიღწევა ის მიზანი, რაც ზოგადად გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 95-ე მუხლის, 98-ე და 99-ე მუხლების, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 42-ე, 50-ე და 58-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და ი) ქვეპუნქტების, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,ხარისხის არხი“ ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37- ე, 38-ე, 42-ე და 50-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2. შპს ,,ხარისხის არხი“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,ხარისხის არხისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს ,,ხარისხის არხისთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ხარისხის არხისთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს ,,ხარისხის არხის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (გარდა მე-3 და მე-6 პუნქტებისა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
