შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 24, 2020 13:52
მიღების თარიღი აპრილი 16, 2020
შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 20-10-749, 19/03/2020) თანახმად, 2020 წლის 24 – 25 თებერვალს ჩატარდა შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ სამაუწყებლო ბადის შემოწმება, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ ეთერში განთავსებული იყო მხატვრული ფილმები: „ნერგები“, „მაგდანას ლურჯა“,„ზღვის ბილიკი“, „A night in the Show“ და „Battling Butler“, რომელთა აუდიო-ვიზუალური პროდუქციის მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომპანიას კომისიაში არ წარმოუდგენია.
2020 წლის 10 მარტს კომისიამ წერილით (N გ-20-04/898) მიმართა შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ და მოითხოვა სამაუწყებლო ბადეში განთავსებული აუდიო-ვიზუალური პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის 5 სამუშაო დღეში წარმოდგენა.
კომისიის აპარატის აოდუო-ვიზუალურ მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრვ ბარათში ასევე აღნშნულია, რომ კომისიის წერილის (N გ-20-04/898, 10.03.2020) საპასუხოდ, შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ წერილში (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/1426, 18.03.2020) აღნიშნულია, რომ მაუწყებელს რეზო ჩხეიძის ოჯახისგან ჰქონდა მიღებული ფილმების - „ნერგები“, „მაგდანას ლურჯა“ და „ზღვის ბილიკის“ ჩვენების უფლება, თუმცა აღნიშნული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი შპს ‘ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მიერ ხდება მხატვრული ფილმების - „ნერგები“, „მაგდანას ლურჯა“, „ზღვის ბილიკი“, „A night in the Show“ და „Battling Butler“-ის, შესაბამისი უფლებების გარეშე ეთერში განთავსება.
შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 2 აპრილს, რის თაობაზეც შეტყობინებით (N გ-20-03/1156, 27/03/2020) ეცნობა შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ და ეთხოვა საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებებისა და მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა. კომპანიას ასევე განემარტა მისი უფლებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით. შეტყობინება შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს’ გაეგზავნა კომისიისთვის ცნობილ და კომპანიის მიერ დაფიქსირებულ ბოლო ელ. ფოსტის მისამართზე და ამავდროულად გამოყვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზეც (http://gncc.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba- shps-tele-radio-kompani-trialets.page).
2020 წლის 30 მარტს კომისიაში შემოვიდა შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ წერილი კომისიაში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/1719, 30.03.2020), რომელშიც აღნიშნულია, რომ რეზო ჩხეიძის ოჯახისგან, კერძოდ, თამარ ჩხეიძისგან და მისი ძმისგან, აქვთ მიღებული თანხმობა, ფილმების გაშვებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ჩარლი ჩაპლინის და ბასტერ კიტონის ფილმებს, წერილში აღნიშნულია, რომ ფილმები მიეკუთვნება „Public Domain“-ს. კომისიის მიერ განსახილველად შეტანილი ფილმები, კომპანიის ეთერში გადის კანონიერად და კომისიას, არც უნდა დაეყენებინა ეს საკითხი განხილვაზე. შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კომისიის სხდომაში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, იმის გამო, რომ აქვთ ბევრად მნიშვნელოვანი საქმეები, კერძოდ, მოსახლეობას მიაწოდონ შექმნილი მდგომარეობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია, რათა უფრო მეტად მოხდეს მოსახლეობის ინფორმირება, თუ როგორ გაუფრთხილდნენ ვირუსის გავრცელებას და როგორ დაიცვან თავი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მიერ წერილში დასმული საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, კომისიის 2020 წლის 2 აპრილის სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2020 წლის 16 აპრილის, 15 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ ეცნობა კომისიის შეტყობინებით (Nგ-20-03/1226, 03/04/2020), რომელიც გაეგზავნა კომისიისთვის ცნობილ და კომპანიის მიერ დაფიქსირებულ ბოლო ელ. ფოსტის მისამართზე და ამავდროულად გამოყვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზეც (http://gncc.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps-tele-radio-kompani-trialets1.page).
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (N 20-10-869, 10/04/2020) ირკვევა, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ 2020 წლის 29 მარტის (კომისიაში რეგისტრაციის N შ-20-6/1719, 30.03.2020) წერილის საფუძველზე მოხდა ორი მხატვრული ფილმის: „Battling Buttler“-ის და „A night in the show“-ის დამატებითი შესწავლა. შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ ფილმი „Battling Buttler“ არ არის გამოქვეყნებული ე.წ. “public domain”-ში და მისი გამოყენებისთვის აუცილებელია შესაბამისი უფლებების მოპოვება. რაც შეეხება ფილმ „A night in the show“-ს, აღნიშნული ფილმი საჯაროდ ხელმისაწვდომი ობიექტია და ის არ არის საავტორო უფლებებით დაცული.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 20- 10-869, 10/04/2020) შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ გაეგზავნა კომისიის წერილით (Nგ-20-03/1304, 14/04/2020) კომისიისთვის ცნობილ და კომპანიის მიერ დაფიქსირებულ ბოლო ელ. ფოსტის მისამართზე.
კომისიის 2020 წლის 16 აპრილის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი, თუმცა შეტყობინება სხდომის გამართვის თარიღის, დროისა და ადგილის თაობაზე ჩაბარდა შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“, ამდენად, კომისიამ შეასრულა მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლით დაკისრებული ვალდებულება დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვისა და მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე და შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის დაუსწრებლად.
II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 20-10-749, 19/03/2020) და თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები;
2. კომისიის წერილი (N გ-20-04/898, 10.03.2020) შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“;
3. შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/1426, 18.03.2020);
4. შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრიდან;
5. შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება (N გ-20-03/1156, 27/03/2020) კომისიის 2020 წლის 2 აპრილის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;
6. შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/1719, 30.03.2020);
7. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 20-10-869, 10/04/2020);
8. შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის“ გაგზავნილი შეტყობინებები (Nგ-20-03/1226, 03/04/2020 და Nგ-20-03/1304, 14/04/2020) კომისიის 2020 წლის 16 აპრილის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში კომისიის მიერ ავტორიზებულ პირს;
2. 2020 წლის 24 – 25 თებერვალს შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ სამაუწყებლო ეთერში განთავსებული იყო შემდეგი მხატვრული ფილმები: „ნერგები“, „მაგდანას ლურჯა“, „ზღვის ბილიკი“, „A night in the Show“ და „Battling Butler“; ხოლო, შესაბამისი ნებართვის გარეშე განთავსებული იყო შემდეგი მხატვრული ფილმები: „ნერგები“, „მაგდანას ლურჯა“, „ზღვის ბილიკი“, „Battling Butler“;
3. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მიმართ არ ყოფილა გამოყენებული ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველო კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის.
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, ხოლო ამავე პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
3.3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტისთანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
4. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის№609 დადგენილებით) და ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) მიერთებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
5. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები;
6. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
7. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. კერძოდ, ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიანტს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით;
8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით;
9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, გამოიყენოს თავისი გადაცემა ნებისმიერი ფორმით, გადაცემის ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ანაზღაურების მიღების უფლების ჩათვლით. ამავე მუხლის მეორე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, გადაცემის გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა;
10. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
11. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
12. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისის ფუნქციას წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
13. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია, მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა;
14. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ ავტორიზაციის შესაჩერებლად.
კომისია აღნიშნავს, რომ 2020 წლის 24 – 25 თებერვალის პერიოდში შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ ეთერში, მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე განთავსებული იქნა შემდეგი მხატრული ფილმები: „ნერგები“, „მაგდანას ლურჯა“, „ზღვის ბილიკი“ და „Battling Butler“. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მიერ დაირღვა „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე და 42-ე, 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი.
შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, შესაბამისად, შპს „ტელე- რადიო კომპანია თრიალეთს“ უნდა დაეკისროს წერილობითი გაფრთხილება.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 98-ე და 99-ე მუხლების, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, 50-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 58-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და ი) ქვეპუნქტების, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ დაეკისროს გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37- ე, 38-ე და 42-ე მუხლების, 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება ;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) კომპანიისთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის“ ჩაბარების დღიდან;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
