წვდომის მენიუ

სს ,,სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და ინფორმაციის წარმოდგენის დავალდებულების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 403

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 24, 2020 14:10

მიღების თარიღი აპრილი 16, 2020

სს ,,სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული   პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის    მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და ინფორმაციის წარმოდგენის დავალდებულების თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ბაზრის განვითარებისა და სტრატეგიული დეპარტამენტის სამსახურებრივი   ბარათის (N20-10-736, 18.03.2020) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს ,,სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის მიზნით, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების შესაძლო დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის ბაზრის განვითარებისა და სტრატეგიული დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში (№20-10-736, 18.03.2020) აღნიშნულია, რომ კომისიის აპარატმა დაიწყო კორპორატიული სეგმენტის შესწავლა და შესაბამისად, მათთვის შეთავაზებული მომსახურებების პირობებისა და ტარიფების გამოკვლევა. ამ მიზნით, კომისიის მიერ ოპერატორებისგან გამოთხოვნილ იქნა კორპორატიულ აბონენტებთან გაფორმებული მოქმედი   ხელშეკრულებები.    კომისიის   მიერ  გაგზავნილი წერილის პასუხად, სს ,,სილქნეტმა“ კომისიას აცნობა, რომ გარდა იმისა, რომ აღნიშნული მოთხოვნის შესრულება მოითხოვს დიდი ადამიანური რესურსის მობილიზებას, ხელშეკრულებების ნაწილი ინახება არქივში, სადაც ინფორმაცია არ არის დაყოფილი ფიზიკური და იურიდიული პირების ჭრილში. ამასთან, სს ,,სილქნეტმა“ კომისიისაგან მოითხოვა კანონის იმ მუხლის დაზუსტება, რომლის საფუძველზეც ითხოვდა კომისია აღნიშნულ ინფორმაციას. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიას, როგორც ოფიციალურად, ისე არაოფიციალურად (ელ.ფოსტა) გაეგზავნა წერილობითი განმარტება თუ რა მიზნით გამოითხოვა კომისიამ ინფორმაცია და მიეცა დამატებითი ვადა დოკუმენტაციის წარმოსადგენად, თუმცა, სს ,,სილქნეტს“ დამატებითი ვადის გასვლის შემდეგაც არ წარმოუდგენია ინფორმაცია კომისიაში და არც განუმარტავს ინფორმაციის წარმოუდგენლობის მიზეზი. კომისიის აპარატის ბაზრის განვითარებისა და სტრატეგიული დეპარტამენტის განმარტებით, ინფორმაციის წარმოუდგენლობა აფერხებს მოკვლევის და ბაზრის შესწავლის მიმდინარეობას და შესაბამისად, კომისიის მიერ მისი ფუნქცია/მოვალეობის შესრულებას.

კომისია აღნიშნავს, რომ სს ,,სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 26 მარტს, რის შესახებ სს ,,სილქნეტს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (№გ-20-03/; 20.03.2020). ამავე შეტყობინებით, მას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შეტყობინებით, სს ,,სილქნეტს“, ასევე, ეცნობა, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, კომისია გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე და კომისიის სხდომაზე დისტანციურად დასწრების მიზნით, გაეგზავნებოდათ სპეციალური ბმული (ლინკი), კომისიისთვის ცნობილ და მათ მიერ დაფიქსირებულ ბოლო ელფოსტის ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე. შესაბამისად, სს ,,სილქნეტს“ ეთხოვა, რომ შესაბამის ელექტრონულ პორტალზე (https://eforms.gncc.ge) უმოკლეს ვადაში განეახლებინა ან/და კომისიის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე (post@gncc.ge) გამოეგზავნათ მათი საკონტაქტო მონაცემები (ელფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი), წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისია იხელმძღვანელებდა მის ხელთ არსებული ბოლო საკონტაქტო მონაცემებით, რომელზეც გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება ოფიციალურად გაგზავნილად, ყველა თანმდევი სამართლებრივი შედეგით. ამასთანავე, სს ,,სილქნეტს“ ეცნობა, რომ კომისიის შესაბამისი შეტყობინებები და გადაწყვეტილებები გამოქვეყნდებოდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზეც (www.gncc.ge).

კომისიის   2020   წლის   26 მარტის დისტანციურად ჩატარებულ სხდომაზე   გამოცხადდა სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენელი ნ.ნიჟარაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ სს ,,სილქნეტს“ არც წერილობით, არც სხვა ფორმით ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ კომისიის უფლებამოსილება და არც ხელშეკრულებების წარმოდგენაზე არ უთქვამს უარი. მისი განმარტებით, ინფორმაციის წარმოდგენის ვადა იყო არარელევანტური, ვინაიდან, საქმე ეხება 15-20 ათას, 14-15 გვერდიან ხელშეკრულებას, რომელთა დახარისხებასა და დასკანირებას დიდი დრო და ადამიანური რესურსი სჭირდება. საგანგებო მდგომარეობის გამო, კომპანია დისტანციურ მუშაობაზეა გადასული და კომპანიის ნორმალური ფუნქციონირების აღდგენამდე, კომისიისთვის ასეთი მოცულობის ინფორმაციის წარმოდგენა რთულია და მოითხოვს დიდ დროს.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიიის მიერ კომპანიისაგან გამოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენის ფორმატისა და ვადის შეთანხმების მიზნით, კომისიის 2020 წლის 26 მარტის სხდომა რამდენჯერმე გადაიდო და დაინიშნა 16 აპრილს.

კომისიის     2020     წლის   16 აპრილის დისტანციურად ჩატარებულ სხდომაზე კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის წამყვანმა სპეციალისტმა გ. ჯღარკავამ აღნიშნა, რომ სს „სილქნეტთან“ და შპს „მაგთიკომთან“. გამართულ სამუშაო შეხვედრებზე შეთანხმდნენ კომპანიების მიერ კომისიის მიერ გამოთხოვნილი ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენის ფორმატზე და ვადაზე - 3 თვე, თუმცა, კომპანიის წარმომადგენლები ვერ აკონკრეტებენ იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულებების წარმოდგენის ვადას. საქმე ეხება არსებული ხელშეკრულებების 10%-ს, დაახლოებით   1000   ხელშეკრულებას.   თუმცა   არსებობს მოცემულობა, რომ სხვა კომპანიამ  ანალოგიური ფორმატით   დაახლოებით   1500 ხელშეკრულება 4 კვირის ვადაში წარმოადგინა.

სს „სილქნეტის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ნ. ნიჟარაძემ აღნიშნა, რომ მონაცემების წარმოდგენზე სს „სილქნეტს“ უარი არასდროს არ განუცხადებია, ის მზად არის თანამშრომლობისთვის და წარმოადგენს ყველა მონაცემს, თუმცა ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე სს ,,სილქნეტი“ ვერ ასახელებს ხელშეკრულებების წარმოდგენის კონკრეტულ ვადას. მან აღნიშნა, რომ ხელშეკრულებების წარდგენის ვადა იმის მიხედვით უნდა განისაზღვროს, რა რაოდენობის ხელლშეკრულებას მოითხოვს კომისია სს ,,სილქნეტისგან“. მან იმედი გამოთქვა, რომ 3 თვის შემდეგ სს ,,სილქნეტს“ სხვა რეჟიმში შეეძლება მუშაობა და სს „სილქნეტი“ მაქსიმალურად ეცდება, რომ გონივრული მოთხოვნის ფარგლებში,   4 კვირის ვადაში წარმოადგინოს ხელშეკრულებები, როგორც ეს გააკეთა სხვა კომპანიამ.

 II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის ბაზრის განვითარებისა და სტრატეგიული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№20-10-736, 18.03.2020).

2. კომისიის წერილი (№გ-20-05/363, 6.02.2020).

3. სს ,,სილქნეტის“ წერილი (№შ-20-6/359, 21.02.2020).

4. კომისიის წერილი (№ გ-20-05/681, 27.02.2020).

5. კომისიის წერილი (№გ-20-05/218, 24.01.2020).

6. შეტყობინება კომისიის სხდომის დანიშვნის თაობაზე.

7. მონაცემები სს ,,სილქნეტის“ შესახებ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

8. სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა- განმარტებები.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. სს ,,სილქნეტი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 10.03.2010).

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან

2. 2020 წლის 24 იანვარს, კომისიამ წერილობით (N გ- 20-05/218, 24.01.2020) მიმართა სს,,სილქნეტს“ 2020 წლის 4 თებერვლამდე კომისიის ელექტრონული ფოსტის მისამართზე გადმოეგზავნა იურიდიულ პირებთან გაფორმებული მოქმედი ხელშეკრულებები როგორც ფიქსირებულ, ისე მობილურ მომსახურებაზე მომსახურების პირობებისა და სატარიფო გეგმების ჩათვლით, ასევე, 2019 წლის მე-4 კვარტლის საბილინგო მონაცემები იურიდიული აბონენტების მიხედვით, რაც სს ,,სილქნეტის“ მიერ არ შესრულდა. კომისიამ წერილობით (N გ- 20-05/363, 6.02.2020) ხელმეორედ მიმართა სს ,,სილქნეტს“ აღნიშნული ინფორმაციის კომისიაში 2020 წლის 7 თებერვლამდე წარმოდგენის მოთხოვნით.

2020 წლის 21 თებერვალს, სს ,,სილქნეტმა“ წერილობით (Nშ-20-6/359, 21.02.2020) აცნობა კომისიას, რომ სს ,,სილქნეტი“ და შპს ,,ჯეოსელი“ (სს ,,სილქნეტთან“ შერწყმამდე) დაფუძნების დღიდან მომსახურებას უწევენ იურიდიულ პირებს. შესაბამისად, 20 წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში იურიდიულ პირებთან გაფორმებული მოქმედი ყველა სააბონენტო ხელშეკრულების   (ფიქსირებულ ინტერნეტ მომსახურებაზე და მობილურ მომსახურებაზე) კომისიაში წარმოდგენა, გარდა იმისა, რომ მოითხოვს დიდი ადამიანური რესურსის  მობილიზებას,  რთულია  იმის  გამო, რომ  აღნიშნული  ხელშეკრულებების მნიშვნელოვანი ნაწილი გადაცემულია კომპანიის არქივში, სადაც   ხელშეკრულებების დაარქივება  არ  ხდება  ფიზიკური  და  იურიდიული  პირების  ჭრილში. ამასთან, სს ,,სილქნეტმა“ კომისიას მოსთხოვა დაეზუსტებინა კანონით განსაზღვრული რა ფუნქციების და ამოცანების შესრულების მიზნით ესაჭიროებოდა აღნიშნული ინფორმაცია.

2020 წლის 27 თებერვალს, კომისიამ სს ,,სილქნეტს“ წერილობით (Nშ-20-6/681, 27.02.2020) აცნობა,   რომ    ინფორმაცია    ესაჭიროებოდა    კორპორატიული    (იურიდიულ    პირი აბონენტების) ბაზრის სეგმენტზე არსებული მდგომარეობის შესწავლის, მათ შორის, კორპორატიულ მომხმარებლებთან დადებული ხელშეკრულებების კომისიის კანონქვემდებარე აქტებთან შესაბამისობის შესწავლის მიზნით, რაც კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენდა.    ამავე    წერილით, სს ,,სილქნეტს“  ეთხოვა კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენა 2020 წლის 13 მარტამდე.

მტკიცებულება: კომისიის 2020 წლის 24 იანვრის Nგ-20-05/218, 6 თებერვლის Nგ-20-05/363 და  27  თებერვლის  Nგ-20-05/681  წერილები;  სს  ,,სილქნეტის“  წერილი   (Nშ-20-6/359, 21.02.2020); კომისიის აპარატის ბაზრის განვითარებისა და სტრატეგიული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-736, 18.03.2020).

3. კომისიის მიერ გამოთხოვნილი ინფორმაციის მოწოდების ფორმატზე და ვადაზე სს „სილქნეტთან“ შეთანხმება შედგა და სს ,,სილქნეტი“ თანახმაა კომისიაში წარმოადგინოს კომისიის მიერ გამოთხოვნილი ინფორმაცია 3 თვის ვადაში კომისიასთან შეთანხმებული ფორმით, კერძოდ, ელექტრონულ ფორმატში (Microsoft Excel). ასევე, სს ,,სილქნეტი“ თანახმაა მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, კომისიას მიაწოდოს ხელშეკრულებები, რომლის წარდგენის ვადა გონივრულ შესაბამისობაში იქნება გამოთხოვნილი ხელშეკრულებების რაოდენობასთან, რომლის ოდენობა არ იქნება ხელშეკრულებების საერთო რაოდენობის 10%-ზე მეტი.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის   მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული      უფლებამოსილებების ფარგლებში  ამავე  კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების მიერ ბოლო მომხმარებლებისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდების, მათთვის მომსახურების ფართო არჩევანისა და სატარიფო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციებია: გ) მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; მ) სხვა ფუნქციები, რომლებიც გამომდინარეობს ამ კანონიდან და კომისიის ამოცანებიდან.

3. ,,ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ”   საქართველოს   კანონის   43-ე   მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს  კანონმდებლობის, მათ  შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული  მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის   62-ე მუხლის მე-2 პუნქტის  თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ზედამხედველობს კომისია. ამავე მუხლის  მე-4   პუნქტის   თანახმად, ელექტრონული   საკომუნიკაციო   მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ აბონენტს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდოს მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

5. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია    თავისი    საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ- ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო    და მომიჯნავე      უფლებების      შესახებ      საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა  მიწოდებული ინფორმაციისა,  რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და„პერსონალურ მონაცემთა       დაცვის   შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე,     ასევე მონაცემები აბონენტთა  რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის     მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. ხოლო, ამავე   მუხლის   მე-2    პუნქტის   ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, თუ არ არსებობს გაფრთხილების ან ჯარიმის საფუძველი, ადმინისტრაციული წარმოება წყდება.

კომისია აღნიშნავს, რომ სს ,,სილქნეტი“ თანახმაა კომისიაში წარმოადგინოს კომისიის მიერ გამოთხოვნილი ინფორმაცია კომისიასა და სს ,,სილქნეტს“ შორის შეთანხმებული ფორმით, კერძოდ, ელექტრონულ ფორმატში (Microsoft Excel), წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 თვის ვადაში. ასევე, სს ,,სილქნეტი“ თანახმაა მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, კომისიას მიაწოდოს ხელშეკრულებები. ვინაიდან ხელშეკრულებები საჭიროა სს ,,სილქნეტის“  კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, კომისიას მიზანშეწონილად  მიაჩნია, ხელშეკრულებები გამოთხოვნილ იქნეს კომპანიის მიერ კომისიისითვის ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ, ხოლო ხელშეკრულებების წარმოდგენის ვადა განისაზღვრულ იქნეს წარმოსადგენი ხელშეკრულებების რაოდენობიდან გამომდინარე, რომელიც არ იქნება ხელშეკრულებების საერთო რაოდენობის 10%-ზე მეტი.

 V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის     მე-4,     98-ე,     99-ე     მუხლების,     „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-3 პუნქტის გ) და მ) ქვეპუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის პირველი   პუნქტის,   62-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული  საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. დაევალოს სს „სილქნეტს“ კომისიის მიერ მისგან გამოთხოვნილი ინფორმაციის, კომისიასა და სს ,,სილქნეტს“ შორის შეთანხმებული ფორმით (გადაწყვეტილებას თან ერთვის), კერძოდ, ელექტრონულ ფორმატში (Microsoft Excel) წარმოდგენა წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 თვის ვადაში.

2. განემარტოს სს ,,სილქნეტს“, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, კომისიის მიერ მისგან გამოთხოვნილი იქნება შესაბამისს იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულებები, რომლის ოდენობა, მის მიერ კომისიისთვის შემოთავაზებული წინადადების შესაბამისად, არ იქნება ხელშეკრულებების საერთო რაოდენობის 10%-ზე მეტი.

3. შეწყდეს სს ,,სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების სს „სილქნეტისთვის“          დაუყოვნებლივ          გაგზავნა   და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება.

5.  გადაწყვეტილება    ძალაში    შედის    გადაწყვეტილების    დამოწმებული    ასლის    სს

„სილქნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან.

6.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის   საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების სს „სილქნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ბაზრის განვითარებისა და სტრატეგიულ დეპარტამენტს (ქ. რეხვიაშვილი).

 

კახი ბექაური      თავმჯდომარე

ელისო ასანიძე    წევრი

მერაბ ქათამაძე    წევრი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები