შპს ,,მაგთიკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და ინფორმაციის წარმოდგენის დავალდებულების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 24, 2020 14:34
მიღების თარიღი აპრილი 16, 2020
შპს ,,მაგთიკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და ინფორმაციის წარმოდგენის დავალდებულების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ბაზრის განვითარებისა და სტრატეგიული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N20-10-735, 18.03.2020) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,მაგთიკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების შესაძლო დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის ბაზრის განვითარებისა და სტრატეგიული დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათის (№20-10-735, 18.03.2020) თანახმად, კომისიის აპარატმა დაიწყო კორპორატიული სეგმენტის შესწავლა და შესაბამისად, მათთვის შეთავაზებული მომსახურებების პირობებისა და ტარიფების გამოკვლევა. ამ მიზნით, კომისიის მიერ ოპერატორებისგან გამოთხოვნილ იქნა კორპორატიულ აბონენტებთან გაფორმებული მოქმედი ხელშეკრულებები. კომისიის მიერ გაგზავნილი წერილის პასუხად, შპს,,მაგთიკომმა“ კომისიას აცნობა, რომ კომისიის მიერ მითითებული ვადა არ იყო საკმარისი მოთხოვნის შესასრულებლად, ასევე, ბუნდოვანი იყო თუ რა მიზნით და რომელი ფუნქციის შესასრულებლად ესაჭიროებოდა კომისიას დოკუმენტაცია. ამასთან, შპს ,,მაგთიკომის“ განმარტებით, კომისიის მიერ გამოთხოვნილი ინფორმაცია იყო კონფიდენციალური და არსებობდა მისი გამჟღავნების რისკი. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომისიამ კომპანიას წერილობით განუმარტა თუ რა მიზნით ესაჭიროებოდა კომისიას ინფორმაცია, ასევე, განემარტა ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვასთან დაკავშირებით რა ნაბიჯების გადადგმა იყო შესაძლებელი და ხელმეორედ მიეცა ვადა დოკუმენტაციის წარმოსადგენად. აღნიშნულის მიუხედავად, შპს ,,მაგთიკომმა“ კვლავ არ შეასრულა კომისიის მოთხოვნა. ამასთან, კომისიას აცნობა, რომ აღნიშნული ბაზრის მოკვლევა ეწინააღმდეგება კომისიის გაცხადებულ მიდგომებს საცალო ბაზრის რეგულირებასთან დაკავშირებით. ამასთან, ეჭვი გამოთქვა ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვაში კომისიის ყოფილი თანამშრომლების კონკურენტ კომპანიაში სამუშაოდ გადასვლის გამო და განმარტა, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება არ არის განუსაზღვრელი და კომისიამ ეს უფლებამოსილება უნდა გამოიყენოს ჯეროვნად და გონივრულად. კომისიის აპარატის ბაზრის განვითარებისა და სტრატეგიული დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში, ასევე, აღნიშნულია, რომ კომისიის მიერ გამოთხოვნილი ინფორმაციის წარმოუდგენლობა აფერხებს მოკვლევის და ბაზრის შესწავლის მიმდინარეობას და შესაბამისად, კომისიის მიერ მისთვის დაკისრებული ფუნქციის/მოვალეობის შესრულებას.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,მაგთიკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 26 მარტს, რის შესახებ შპს ,,მაგთიკომს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით. ამავე შეტყობინებით, მას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შეტყობინებით, შპს ,,მაგთიკომს“, ასევე, ეცნობა, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, კომისია გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე და კომისიის სხდომაზე დისტანციურად დასწრების მიზნით, გაეგზავნებოდათ სპეციალური ბმული (ლინკი), კომისიისთვის ცნობილ და მათ მიერ დაფიქსირებულ ბოლო ელფოსტის ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე. შესაბამისად, შპს ,,მაგთიკომს“ ეთხოვა, რომ შესაბამის ელექტრონულ პორტალზე (https://eforms.gncc.ge) უმოკლეს ვადაში განეახლებინა ან/და კომისიის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე (post@gncc.ge) გამოეგზავნათ მათი საკონტაქტო მონაცემები (ელფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი), წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისია იხელმძღვანელებდა მის ხელთ არსებული ბოლო საკონტაქტო მონაცემებით, რომელზეც გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება ოფიციალურად გაგზავნილად, ყველა თანმდევი სამართლებრივი შედეგით. ამასთანავე, შპს ,,მაგთიკომს“ ეცნობა, რომ კომისიის შესაბამისი შეტყობინებები და გადაწყვეტილებები გამოქვეყნდებოდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზეც (www.gncc.ge).
კომისიის 2020 წლის 26 მარტის დისტანციურად ჩატარებულ სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენელი ლ. გიორგაძე, რომელაც აღნიშნა, რომ ყველა იურიდიულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების წარმოდგენის თაობაზე კომისიის წერილის პასუხად, ვინაიდან, წერილში არ იყო მითითებული ინფორმაციის გამოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები და მიზანი, შპს ,,მაგთიკომმა“ საპასუხო წერილით კომისიისაგან მოითხოვა ინფორმაციის გამოთხოვნის მიზანი და სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგ, კომისიისაგან მიიღეს წერილი, რომელშიც მითითებული იყო ინფორმაციის გამოთხოვნის ორი ზოგადი საფუძველი: იურიდიულ პირებთან დაკავშირებით ბაზრის კვლევა და ხელშეკრულების შესაბამისობის შემოწმება მოქმედ კანონმდებლობასთან. ამის შემდეგ, შპს „მაგთიკომმა“ კომისიას აცნობა, რომ უფრო მკაფიოდ უნდა ყოფილიყო კომისიის მიზანი დეკლარირებული და კომპანია მაქსიმალურად შეუწყობდა კომისიას ხელს ამ მიზნების განხორციელებაში. შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლის განმარტებით, კომისია უფლებამოსილია ოპერატორს მოსთხოვოს დოკუმენტაცია, თუმცა კომისიის უფლებამოსილება არ არის განუსაზღვრელი, მას სჭირდება შესაბამისი დასაბუთება. კერძოდ, ის, რომ კომისიას სურს იურიდიული პორების ბაზრის წინასწარი შესწავლა. კომისიის მოთხოვნას უნდა დაედოს არგუმენტაცია, რაც კანონში არის გაწერილი. შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომისიის მიერ გამოთხოვნილი ინფორმაცია დიდი მოცულობისაა, რომლის ფიზიკურად დამუშავება შეუძლებელია კომისიის მიერ მოთხოვნილ ვადაში, შესაბამისად, საჭირო იყო ისეთი გზის გამონახვა, რათა კომისიას თავისი ფუნქცია შეესრულებინა, ხოლო ოპერატორებს მისცემოდათ ინფორმაციის დამუშავების და კომისიაში წარმოდგენის შესაძლებლობა. ამ მიზნით, სამუშაო შეხვედრის ჩატარებისთვის, შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენელმა თხოვნით მიმართა კომისიას სხდომის გადადების თაობაზე, რაც დაკმაყოფილდა კომისიის მიერ. შესაბამისად, კომისიიის მიერ კომპანიისაგან გამოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენის ფორმატისა და ვადის შეთანხმების მიზნით, კომისიის 2020 წლის 26 მარტის სხდომა რამდენჯერმე გადაიდო და დაინიშნა 16 აპრილს.
კომისიის 2020 წლის 16 აპრილის დისტანციურად ჩატარებულ სხდომაზე კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის წამყვანმა სპეციალისტმა გ. ჯღარკავამ აღნიშნა, რომ სს „სილქნეტთან“ და შპს „მაგთიკომთან“. გაიმართა სამუშაო შეხვედრები, სადაც შეთანხმდნენ კომპანიების მიერ კომისიისთვის ინფორმაციის წარმოდგენის ფორმატზე და ვადაზე - 3 თვე, თუმცა, კომპანიის წარმომადგენლები ვერ აკონკრეტებენ იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულებების წარმოდგენის ვადას. საქმე ეხება არსებული ხელშეკრულებების 10%-ს, დაახლოებით 1000 ხელშეკრულებას. ამავე დროს, არსებობს მოცემულობა, რომ სხვა კომპანიამ ანალოგიური ფორმატით დაახლოებით 1500 ხელშეკრულება 4 კვირის ვადაში წარმოადგინა.
შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენელმა ლ. გიორგაძემ აღნიშნა, რომ შპს ,,მაგთიკომი“ მზად არის ხელშეკრულებები წარმოადგინოს გონივრულ ვადაში, რომელიც განსაზღვრულ უნდა იქნეს ხელშეკრულების რაოდენობიდან გამომდინარე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებების საერთო რაოდენობის 10%-ს.
II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის ბაზრის განვითარებისა და სტრატეგიული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N20-10-735, 18.03.2020).
2. კომისიის წერილი (Nგ-20-05/363, 6.02.2020).
3. შპს ,,მაგთიკომის“ წერილი (Nშ-20-6/669, 7.02.2020).
4. კომისიის წერილი (Nგ-20-05/521, 18.02.2020).
5. შპს ,,მაგთიკომის“ წერილი (Nშ-20-6/1053, 27.02.2020).
6. კომისიის წერილი (Nგ-20-05/218, 24.01.2020).
7. შეტყობინება კომისიის სხდომის დანიშვნის თაობაზე.
8. მონაცემები შპს ,,მაგთიკომის“ შესახებ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
9. შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა- განმარტებები.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „მაგთიკომი“ არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი (კომისიაში ავტორიზაციის თარიღი: 01/02/2010).
მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან
2. 2020 წლის 24 იანვარს, კომისიამ წერილობით (N გ- 20-05/218, 24.01.2020) მიმართა შპს,,მაგთიკომს“ 2020 წლის 4 თებერვლამდე კომისიის ელექტრონული ფოსტის მისამართზე გადმოეგზავნა იურიდიულ პირებთან გაფორმებული მოქმედი ხელშეკრულებები როგორც ფიქსირებულ, ისე მობილურ მომსახურებაზე მომსახურების პირობებისა და სატარიფო გეგმების ჩათვლით, ასევე, 2019 წლის მე-4 კვარტლის საბილინგო მონაცემები იურიდიული აბონენტების მიხედვით, რაც შპს ,,მაგთიკომის“ მიერ არ შესრულდა. კომისიამ წერილობით (N გ- 20-05/363, 6.02.2020) ხელმეორედ მიმართა შპს,,მაგთიკომს“ აღნიშნული ინფორმაციის კომისიაში 2020 წლის 7 თებერვლამდე წარმოდგენის მოთხოვნით, რაც შპს ,,მაგთიკომის“ მიერ ისევ არ შესრულდა.
მტკიცებულება: კომისიის 2020 წლის 24 იანვრის Nგ-20-05/218 და 6 თებერვლის Nგ-20- 05/363 წერილები; კომისიის აპარატის ბაზრის განვითარებისა და სტრატეგიული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-735, 18.03.2020).
3. 2020 წლის 7 თებერვალს, შპს ,,მაგთიკომმა“ წერილობით (Nშ-20-6/669, 7.02.2020) აცნობა კომისიას, რომ 7 თებერვლამდე კომისიის მოთხოვნის შესრულება ფიზიკურად შეუძლებელი იყო, ამასთან, კომისიის მოთხოვნა არ იყო დასაბუთებული. ასევე, აცნობა, რომ კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენს შპს ,,მაგთიკომის“ კომერციულ საიდუმლოებას, რომლის გამჟღავნება/ხელმისაწდომობა არსებით და მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებდა მაგთიკომს და მის კონკურენტუნარიანობას. შპს ,,მაგთიკომმა“, ასევე განმარტა, რომ მისი წერილი არ წარმოადგენს შპს ,,მაგთიკომის“ მხრიდან მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებზე უარის თქმას და ის მზად არის დაეხმაროს კომისიას მისი ფუნქციის შესრულებაში თუ კომისიის მხრიდან დასაბუთდება მოთხოვნის მიზნობრიობა/კანონიერება, რა დროსაც გათვალისწინებულ იქნებოდა ადამიანური რესურსების ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობა, მოთხოვნილი მოცულობითი ინფორმაციის დასამუშავებლად გონივრული ვადა და მისი კონფიდენციალობა.
კომისიის 2020 წლის 18 თებერვლის წერილით შპს ,,მაგთიკომს“ ეცნობა, რომ კომისიას 2020 წლის 24 იანვრის №გ-20-05/218 წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას ესაჭიროებოდა ე.წ. კორპორატიული (იურიდიული პირი აბონენტების) ბაზრის სეგმენტზე არსებული მდგომარეობის შესწავლის, მათ შორის, კომისიის კანონქვემდებარე აქტებთან ხელშეკრულებების შესაბამისობის შესწავლის მიზნით, რომელიც კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენდა, ხოლო, ინფორმაციის კონფიდენციალობასთან დაკავშირებით განემარტა, რომ ხელშეკრულებების წარმოდგენისას უნდა მოეთხოვა ხელშეკრულების რომელი მუხლის ცნობა სურდა კონფიდენციალურად შესაბამისი დასაბუთებით და კომისია მიიღებდა შესაბამის გადაწყვეტილებას. ამასთან, შპს ,,მაგთიკომს“ ისევ ეთხოვა აღნიშნული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა არაუგვიანეს 2020 წლის 28 თებერვლისა.
მტკიცებულება: შპს ,,მაგთიკომის“ წერილი (Nშ-20-6/669, 7.02.2020); კომისიის 2020 წლის 18 თებერვლის N შ 20-05/521 წერილი.
4. 2020 წლის 27 თებერვალს, შპს ,,მაგთიკომმა“ კომისიას წერილობით (Nშ-20-6/1053, 27.02.2020) მიმართა, სადაც განმარტა, რომ კომისიას 2020 წლის 24 იანვრის Nგ-20-05/218 წერილის მოთხოვნა და მასში ასახული მოთხოვნის დასაბუთება - ე.წ. კორპორატიული ბაზრის სეგმენტზე არსებული მდგომარეობისა და ხელსეკრულებების კანონქვემდებარე აქტებთან შესაბამისობის შესწავლა, მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს და არ შეესაბამება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის მოთხოვნებს. შპს ,,მაგთიკომის“ განმარტებით, ინფორმაციის მოთხოვნა წინააღდეგობაში მოდის თავად კომისიის მიერ საჯაროდ დეკლარირებულ პოლიტიკასთან, რომლის თანახმად, არცერთი საცალო ბაზრის სეგმენტი არ უნდა იყოს დარეგულირებული კომისიის მიერ. სწორედ ამ პოლიტიკის განხორციელებას წარმოადგენდა მობილურ ოპერატორებზე ვირტუალური ოპერატორის ქსელთან დაშვების უზრუნველყოფის ვალდებულების დაკისრება. ამასთან, მაგთიკომის მიერ სტატისტიკური ფორმების საშუალებით და სხვადასხვა კვლევის, მათ შორის, 2019 წელს ჩატარებული საცალო ბაზრების კვლევის ფარგლებში (კომისიის №266/9, №267/9,№268/9 გადაწყვეტილებები), კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაცია სავსებით საკმარისია კომისიის მიერ დეკლარირებული მიზნის მისაღწევად. შესაბამისად, არ არსებობს ლოგიკური კავშირი მოთხოვნილ ინფორმაციასა და კომისიის წერილში მითითებულ მიზანს შორის. მაგთიკომის განმარტებით, ხელშეკრულებების კანონქვემდებარე აქტებთან შესაბამისობის შესწავლას არ სჭირდება ყველა იურიდიულ პირთან გაფორმებული ყველა ხელშეკრულების წარდგენა. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია ბევრი სხვა საშუალებითაც. შესაბამისად, კომისიის მოთხოვნა ამ თვალსაზრისითაც დაუშვებელია. ამასთან, მაგთიკომის განმარტებით, კომისიას კანონი მხოლოდ იმ შემთხვევაში ანიჭებს კომისიას უფლებამოსილებას ავტორიზებული პირებისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია კომისიის კანონმდებლობით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან. ინფორმაციის კონფიდენციალობასთან დაკავშირებით შპს ,,მაგთიკომმა“ აღნიშნა, რომ მიუხედავად მისი კომერციულ საიდუმლოდ ცნობისა, არსებობს რისკი მისი გამჟღავნებისა იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ კომისიის ყოფილი თანამშრომლები დასაქმებულნი არიან კონკურენტ კომპანიაში.
მტკიცებულება: შპს ,,მაგთიკომის“ წერილი (Nშ-20-6/1053, 27.02.2020). კომისიის აპარატის ბაზრის განვითარებისა და სტრატეგიული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-735, 18.03.2020).
5. კომისიის მიერ გამოთხოვნილი ინფორმაციის მოწოდების ფორმატზე და ვადაზე შპს,,მაგთიკომთან“ შეთანხმება შედგა და შპს ,,მაგთიკომი“ თანახმაა კომისიაში წარმოადგინოს კომისიის მიერ გამოთხოვნილი ინფორმაცია 3 თვის ვადაში კომისიასთან შეთანხმებული ფორმით, კერძოდ, ელექტრონულ ფორმატში (Microsoft Excel). ასევე, შპს ,,მაგთიკომი“ თანახმაა, მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, კომისიას მიაწოდოს ხელშეკრულებები, რომლის წარდგენის ვადა გონივრულ შესაბამისობაში იქნება გამოთხოვნილი ხელშეკრულებების რაოდენობასთან, რომლის ოდენობა არ იქნება ხელშეკრულებების საერთო რაოდენობის 10%-ზე მეტი.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების მიერ ბოლო მომხმარებლებისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდების, მათთვის მომსახურების ფართო არჩევანისა და სატარიფო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციებია: გ) მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; მ) სხვა ფუნქციები, რომლებიც გამომდინარეობს ამ კანონიდან და კომისიის ამოცანებიდან.
3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ზედამხედველობს კომისია. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ აბონენტს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდოს მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
5. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ- ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, თუ არ არსებობს გაფრთხილების ან ჯარიმის საფუძველი, ადმინისტრაციული წარმოება წყდება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,მაგთიკომი“ თანახმაა კომისიაში წარმოადგინოს კომისიის მიერ გამოთხოვნილი ინფორმაცია კომისიასა და შპს ,,მაგთიკომს“ შორის შეთანხმებული ფორმით, კერძოდ, ელექტრონულ ფორმატში (Microsoft Excel), წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 თვის ვადაში. ასევე, შპს ,,მაგთიკომი“ თანახმაა მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, კომისიას მიაწოდოს ხელშეკრულებები. ვინაიდან ხელშეკრულებები საჭიროა შპს ,,მაგთიკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, ხელშეკრულებები გამოთხოვნილ იქნეს კომპანიის მიერ კომისიისითვის ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ, ხოლო ხელშეკრულებების წარმოდგენის ვადა განისაზღვრულ იქნეს წარმოსადგენი ხელშეკრულებების რაოდენობიდან გამომდინარე, რომელიც არ იქნება ხელშეკრულებების საერთო რაოდენობის 10%-ზე მეტი.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-3 პუნქტის გ) და მ) ქვეპუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 62-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. დაევალოს შპს ,,მაგთიკომს“ კომისიის მიერ მისგან გამოთხოვნილი ინფორმაციის, კომისიასა და შპს ,,მაგთიკომს“ შორის შეთანხმებული ფორმით (გადაწყვეტილებას თან ერთვის), კერძოდ, ელექტრონულ ფორმატში (Microsoft Excel) წარმოდგენა წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 თვის ვადაში.
2. განემარტოს შპს ,,მაგთიკომს“, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, კომისიის მიერ მისგან გამოთხოვნილი იქნება შესაბამისს იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულებები, რომლის ოდენობა, კომპანიის მიერ კომისიისთვის შემოთავაზებული წინადადების შესაბამისად, არ იქნება ხელშეკრულებების საერთო რაოდენობის 10%-ზე მეტი.
3. შეწყდეს შპს ,,მაგთიკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,მაგთიკომისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება.
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,მაგთიკომისთვის“ ჩაბარების დღიდან.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების შპს ,,მაგთიკომისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ბაზრის განვითარებისა და სტრატეგიულ დეპარტამენტს (ქ. რეხვიაშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ელისო ასანიძებ წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
