შპს „იმპერიისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 27, 2020 23:57
მიღების თარიღი აპრილი 23, 2020
შპს „იმპერიისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 20-10-792, 25/03/2020) თანახმად, 2020 წლის 25 – 27 თებერვალს ჩატარდა შპს „იმპერიის“ სამაუწყებლო ბადის შემოწმება, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ ეთერში განთავსებული იყო მხატვრული ფილმები: „აფრიკის დედოფალი“, „400 დარტყმა“, „ელ სიდი“ და „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“, რომელთა აუდიო-ვიზუალური პროდუქციის მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომპანიას კომისიაში არ წარმოუდგენია.
2020 წლის 10 მარტს კომისიამ წერილით (N გ-20-04/897) მიმართა შპს „იმპერიას“ და მოითხოვა სამაუწყებლო ბადეში განთავსებული აუდიო-ვიზუალური პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის 5 (ხუთი) სამუშაო დღეში წარმოდგენა, თუმცა კომისიის მიერ მოთხოვნილ ვადაში მაუწყებელმა მოთხოვნა არ შეასრულა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „იმპერიის“ მიერ ხდება მხატვრული ფილმების - „აფრიკის დედოფალი“, „400 დარტყმა“, „ელ სიდი“ და „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ შესაბამისი უფლებების გარეშე ეთერში განთავსება.
შპს „იმპერიამ“ კომისიის ელექტრონულ ფოსტაზე (შ-20-6/1756, 31.03.2020) წარმოადგინა 2020 წლის 24 მარტის განცხადება და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციისაგან გამოგზავნილი ელექტრონულ ფოსტა (რასაც თან ერთვის ე.წ. სქრინ შოტი). განცხადებით კომისიას განემარტა, რომ შპს „იმპერიის“ ეთერში გადის მხოლოდ ის ფილმები, რომელიც სხვადასხვა პერიოდში საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის (GARB) მიერ გადაეცა მასში შემავალ ტელეკომპანიებს. განცხადებაში მითითებულია, რომ ტელეპროდუქციის შეძენა ხდებოდა როგორც საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის შემოსავლებით, ასევე საწევრო შენატანებით, ამასთან, რადგან ძირითად შემთხვევაში ტელეპროდუქციის შემსყიდველი იყო საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GARB), შესაბამისად, ოფიციალური საბუთების წარმოებასაც ეს ორგანიზაცია ახდენდა. საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციისაგან გამოგზავნილი ელექტრონულ ფოსტა კი თარიღდება 2013 წლით და მითითებულია ლიცენზირებული პროდუქციის ბმულები საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის (GARB) სერვერიდან.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „იმპერიისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 2 აპრილს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც შეტყობინებით (Nგ-20-03/1155, 27/03/2020) ეცნობა შპს „იმპერიას“. ამავე შეტყობინებით, მას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შეტყობინებით, შპს „იმპერიას“ ასევე, ეცნობა, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, კომისია გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე და კომისიის სხდომაზე დისტანციურად დასწრების მიზნით, გაეგზავნებოდათ სპეციალური ბმული (ლინკი), კომისიისთვის ცნობილ და მათ მიერ დაფიქსირებულ ბოლო ელფოსტის ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე. შესაბამისად, შპს „იმპერიას“ ეთხოვა, რომ შესაბამის ელექტრონულ პორტალზე (https://eforms.gncc.ge) უმოკლეს ვადაში განეახლებინა ან/და კომისიის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე (post@gncc.ge) გამოეგზავნათ მათი საკონტაქტო მონაცემები (ელფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი), წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისია იხელმძღვანელებდა მის ხელთ არსებული ბოლო საკონტაქტო მონაცემებით, რომელზეც გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლებოდა ოფიციალურად გაგზავნილად, ყველა თანმდევი სამართლებრივი შედეგით. ამასთანავე, შპს „იმპერიას“ ეცნობა, რომ კომისიის შესაბამისი შეტყობინებები და გადაწყვეტილებები გამოქვეყნდებოდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზეც (www.gncc.ge).
2020 წლის 2 აპრილის დისტანციურად ჩატარებულ სხდომაზე კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა იშუამდგომლა კომისიის წინაშე, რომ გადადებულიყო სხდომა 16 აპრილისათვის, რათა ამ დროისათვის წარმოედგინა შპს „იმპერიას“ დამატებითი დოკუმენტაცია, რაც დაადასტურებდა აუდიო-ვიზუალური პროდუქციის მართლზომიერი ჩვენების უფლებას, ვინაიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციით აღნიშნული ვერ დგინდებოდა. სხდომას ესწრებოდა შპს „იმპერიის“ წარმომადგენელიც, რომელმაც განაცხადა, რომ ასევე სჭირდებოდა დრო კომისიისაგან, რათა წარმოედგინა დამატებითი დოკუმენტაცია.
2020 წლის 16 აპრილის სხდომას შპს „იმპერიის“ წარმომადგენელი ვერ დაესწრო, ამასთან კომპანიის მიერ არ იქნა წარმოდგენილი აუდიო-ვიზუალური პროდუქციის მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შესაბამისად, კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სხდომის 23 მაისისთვის გადადების თაობაზე.
2020 წლის 23 აპრილის სხდომაზე კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფის ფორმატში გაიმართა შეხვედრა შპს „იმპერიის“ წარმომადგენელთან და ასევე შედგა კომუნიკაცია საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის (GARB) წარმომადგენელთან, რომლიც იყო შპს „იმპერიისათვის“ გაგზავნილი ელექტრონული ფოსტის ავტორი. ასოციაციის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, რომლის ელექტრონული ფოსტის ე.წ. სქრინ შოტი წარმოადგინა მხარემ, დაადასტურა, რომ წარსულში არსებობდა აღნიშნული აუდიო-ვიზუალური პროდუქციის მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულებები, თუმცა აღნიშნული ხელშეკრულებების მოქმედების ვადა იყო გასული, ამასთან, ასევე ვერ მოხდა აღნიშნული ვადაგასული დოკუმენტაციის მოძიება. აღნიშნული ასევე დაადასტურა შპს „იმპერიის“ წარმომადგენელმაც და აღნიშნა, რომ მიზანმიმართულად არ მომხდარა კომპანიის მხრიდან კანონმდებლობის დარღვევა და რომ მათ აღნიშნული ფილმები თავის დროზე გადაეცათ მრავალჯერადი გამოყენების უფლებით და დარწმუნებული იყო, რომ ეთერში განთავსებული ფილმებზე ჰქონდათ მართლზომიერი ჩვენების უფლება, ამასთან წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მისი ბრალი იყო, რაც მოხდა და მას უნდა შეემოწმებინა ხელშეკრულებების მართლზომიერება.
II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 20-10-792, 25/03/2020) და თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები;
2. კომისიის წერილი (N გ-20-04/897, 10.03.2020) შპს „იმპერიას“;
3. შპს „იმპერიის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრიდან;
4. შპს „იმპერიისათვის“ გაგზავნილი შეტყობინება (N გ-20-03/1155, 27/03/2020) კომისიის 2020 წლის 2 აპრილის სხდომაზე მოწვევის თაობაზე და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი საფოსტო გზავნილი.
5. კომისიის ელექტრონულ ფოსტაზე (შ-20-6/1756, 31.03.2020) შპს „იმპერიის“ მიერ წარმოდგენილი 2020 წლის 24 მარტის განცხადება და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციისაგან გაგზავნილი ელექტრონულ ფოსტა (რასაც თან ერთვის ე.წ. სქრინ შოტი).
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „იმპერია“ წარმოადგენს მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისიის მიერ ავტორიზებულ პირს;
2. 2020 წლის 25 – 27 თებერვალს შპს „იმპერიის“ სამაუწყებლო ეთერში შესაბამისი ნებართვის გარეშე განთავსებული იყო შემდეგი მხატვრული ფილმები: „აფრიკის დედოფალი“, „400 დარტყმა“, „ელ სიდი“ და „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“;
3. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „იმპერიის“ მიმართ გამოყენებულ იქნა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველო კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახე, გაფრთხილება, მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის.
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, ხოლო ამავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
4. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით) და ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) მიერთებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
5. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები;
6. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
7. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. კერძოდ, ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიანტს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით;
8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით;
9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, გამოიყენოს თავისი გადაცემა ნებისმიერი ფორმით, გადაცემის ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ანაზღაურების მიღების უფლების ჩათვლით. ამავე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაცემის გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა;
10. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
11. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
12. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისის ფუნქციას წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
13. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია, მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა;
14. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა;
15. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ ავტორიზაციის შესაჩერებლად.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის ელექტრონულ ფოსტაზე (შ-20-6/1756, 31.03.2020) შპს „იმპერიის“ მიერ წარმოდგენილი 2020 წლის 24 მარტის განცხადება და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციისაგან გაგზავნილი 2013 წლის 5 მარტის ელექტრონულ ფოსტა (რასაც თან ერთვის ე.წ. სქრინ შოტი), სადაც მითითებულია ლიცენზირებული პროდუქციის ბმულები საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის სერვერიდან, ვერ ადასტურებს შპს „იმპერიის“ მიერ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული აუდიოვიზუალური პროდუქციის მართლზომიერი ჩვენების უფლებას. შესაბამისად, 2020 წლის 25 – 27 თებერვლის პერიოდში შპს „იმპერიის“ ეთერში, მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე განთავსებული იქნა შემდეგი მხატრული ფილმები: „აფრიკის დედოფალი“, „400 დარტყმა“, „ელ სიდი“ და „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „იმპერიის“ მიერ დაირღვა „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე და 42-ე, 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მუხლები, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
იმის გათვალისწინებით, რომ შპს „იმპერიის“ მიმართ კომისიის 2019 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით იდენტური დარღვევებისთვის გამოყენებულ იქნა წერილობითი გაფრთხილება (იხ. კომისიის 2019 წლის 25 ივლისის N გ-19-18/439 გადაწყვეტილება) და გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩადენილია ახალი დარღვევა, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „იმპერიას“ უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 71- ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია კომპანიას დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათის (N 20-10-816, 31/03/2020) თანახმად, შპს „იმპერიას“ უნდა დაეკისროს 2500 ლარის ოდენობის ჯარიმა.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 98-ე და 99-ე მუხლების, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, 50-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 58-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და ი) ქვეპუნქტების, 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 71-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „იმპერიას“ დაეკისროს ჯარიმა - 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2. შპს „იმპერიამ“ უზრუნველყოს: ა) წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900; ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 300883251; ბ) გადახდის დამდასტურებელი დოკუმენტის კომისიაში 3 დღის ვადაში წარმოდგენა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „იმპერიისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
4. შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) კომპანიისთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „იმპერიისათვის“ ჩაბარების დღიდან;
6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. კაველიძე) შპს „იმპერიისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
7. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-6 პუნქტისა) დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
მერაბ ქათამაძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
