წვდომის მენიუ

შპს ,,ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 412

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 29, 2020 21:33

მიღების თარიღი აპრილი 23, 2020

შპს ,,ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათების (№20-10-755, 19.03.2020; №20-10-912, 16.04.2020) საფუძველზე კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით მის მიერ კომისიის 2015 წლის 16 იანვრის №29/6 გადაწყვეტილებისა და სალიცენზიო პირობების შესაძლო დარღვევის გამო. აღნიშნული სამსახურებრივი ბარათის თანახმად, რადიომონიტორინგის სისტემის დასავლეთ საქართველოში განთავსებული (ურთა) სტაციონალური სადგურით ჩატარებული მონიტორინგის შედეგების ანალიზით დგინდება, რომ შპს ,,ტელე - რადიო კომპანია მწვანე ტალღა", რომელიც ფლობს №B75 ლიცენზიას, არ ფუნქციონირებს FM 101,5მგჰ (ბათუმი) და FM 103,7 მგჰ (ზუგდიდი) სიხშირეებზე 2019 წლის 12 დეკემბრიდან დღემდე. ასევე,  2020 წლის 18 და 20 თებერვალს სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის ინჟინრების მიერ, კახეთის რეგიონში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ შპს ,,ტელე-რადიოკომპანია მწვანე ტალღა" არ მაუწყებლობდა კომისიის 2015 წლის 16 იანვრის №29/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, კერძო მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის პირობების შესაბამისად, FM 106,1მგჰ (თელავი) და FM 100,7 მგჰ (დედოფლისწყარო) სიხშირეებზე 2020 წლის 18 და 20 თებერვალს, რაზედაც შედგა შემოწმების აქტები  №023 და  №053.

შპს ,,ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 23 აპრილს, რის შესახებ კომპანიას  ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შეტყობინებით, შპს ,,ტელე-რადიო   კომპანია   მწვანე   ტალღას“,   ასევე   ეცნობა,   რომ   ქვეყანაში  შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს  მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, კომისია გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე და კომისიის სხდომაზე დისტანციურად დასწრების მიზნით, გაეგზავნებოდათ სპეციალური ბმული (ლინკი), კომისიისთვის ცნობილ და მათ მიერ დაფიქსირებულ ბოლო ელფოსტის ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე. შესაბამისად, კომპანიას ეთხოვა, რომ შესაბამის ელექტრონულ პორტალზე (https://eforms.gncc.ge) უმოკლეს ვადაში განეახლებინა ან/და კომისიის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე (post@gncc.ge) გამოეგზავნათ მათი საკონტაქტო მონაცემები (ელფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი),   წინააღმდეგ    შემთხვევაში,    კომისია იხელმძღვანელებდა მის ხელთ არსებული ბოლო საკონტაქტო მონაცემებით, რომელზეც გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება ოფიციალურად გაგზავნილად, ყველა თანმდევი სამართლებრივი შედეგით. ამასთანავე, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღას“ ეცნობა,   რომ    კომისიის  შესაბამისი შეტყობინებები და გადაწყვეტილებები გამოქვეყნდებოდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზეც (www.gncc.ge).

2020 წლის  22  აპრილს, შპს ,,ტელე-რადიო   კომპანია   მწვანე ტალღამ“   კომისიაში წარმოადგინა წერილობითი ახსნა-განმარტება (შ-20-6/2124, 22.04.2020), სადაც აღნიშნულია, რომ კომპანია 1995 წლიდან მაუწყებლობს და მთელი ამ ხნის განმავლობაში არასოდეს მიუღია გაფრთხილება ან  რაიმე სხვა ადმინისტრაციული სასჯელი, რადგან არასოდეს დაურღვევია ლიცენზიით გათვალისწინებული პირობა და მითუმეტეს კანონი. კომპანიამ, კომისიის შეტყობინებიდან გაიგო, რომ მას რეგიონული ლიცენზიის ფარგლებში აღმოაჩნდა ხარვეზები, რაც ამ დრომდე მისთვის პრაქტიკულად უცნობი იყო და ახლა საგანგებო მდგომარეობის გამო, არანაირი საშუალება არ აქვთ, რომ ჯგუფი წავიდეს იმის გასარკვევად თუ რა მოხდა. სამწუხაროა, რომ 25 წლიანი არსებობის განმავლობაში პირველი მსგავსი შეტყობინების მიღება მაინცდამაინც ყველაზე კრიტიკულ და კრიზისულ პერიოდს რომ დაემთხვა. აქამდე ხარვეზის აღმოჩენიდან რამდენიმე დღეში კომისია უკავშირდებოდა კომპანიას და აძლევდა მაქსიმუმ 2-3 დღეს პრობლემის აღმოსაფხრელად, რასაც მაშინვე აგვარებდნენ. ახლა ირკვევა, რომ 12 დეკემბერს აღმოაჩინეს პრობლემა, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ 3 დღის წინ აცნობეს, არადა, ჯერ კიდევ 2017 წელს კომისიას წერილობით (№15012017/01) სთხოვეს, რომ ხარვეზების აღმოჩენისთანავე ეცნობებინათ მათთვის ამის შესახებ პრობლემაში უკეთ გარკვევის მიზნით.  შპს ,,ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღა“ არ უარყოფს, რომ შესაძლოა მის ტექნიკურ პარკს ხარვეზები ჰქონდეს, თუმცა, მედია სექტორი ისედაც ღრმა კრიზისშია და არა მხოლოდ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე. 2013 წლიდან 2019 წლამდე რადიო სარეკლამო შემოსავლები ისედაც შემცირებული იყო 70%-ით, თუმცა ამის მიუხედავად არ შემცირებულა არანაირი გადასახადი და ტარიფი.   არასოდეს რადიო სექტორს არ მიუღია ტელესექტორისგან განსხვავებით რაიმე ტიპის შეღავათი ან ფინანსური ამნისტია, რაც ამ სექტორს ყოველთვის არათანასწორ კონკურენტულ გარემოში აყენებდა და შესაბამისად ასუსტებდა, რის გამოც მათთან შემცირებულია თანამშრომელთა რაოდენობა, მათ შორის ტექნიკურ დეპარტამენტშიც. ასეთ ვითარებაში დროული შეტყობინება კომპანიისთვის დიდი დახმარების ტოლფასი იქნებოდა. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღა“ წერილში აღნიშნავს, რომ არც იმის მტკიცება შეუძლია მართლა იყო თუ არა გამორთული მაუწყებლობა და არც იმის თუ რამდენი დღე იყო გამორთული. მათი ინფორმაციით, რომელიც სატელეფონო შემოწმებას ეყრდნობა, რადიო ეთერში იყო. მათი გამოთვლებით შესაძლებელია გამორთვები რამდენიმე დღით ყოფილიყო დენის ვარდნის ან სხვა მიზეზით გამოწვეული. კომპანიის განმარტებით, კოვიდ 19 -მა კიდევ უფრო დიდი ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა როგორც კომპანიებს, ასევე ფიზიკურ პირებს. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, პარტნიორების უმეტესმა ნაწილმა, რომლებიც რეკლამას ანთავსებენ რადიოში, სრულიად, ხოლო ზოგიერთმა მათგანმა დროებით  შეაჩერა  ხელშეკრულებები.  რადიო  მაუწყებლები დადგნენ  საკმაოდ  მძიმე ეკონომიკური გამოწვევის წინაშე, რაც კომპანიის მხრიდან როგორც თანმაშრომლების სახელფასო ანაზღაურებას, ასევე როგორც ბიზნეს სუბიექტის არსებობას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ.  როგორც ეკონომიკის ექსპერტები პროგნოზირებენ,  კრიზისული პერიოდი დიდი ალბათობით შეიძლება გასტანოს 2020 წლის ბოლომდე. სექტორისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გაატაროს ეფექტური ზომები და დაეხმაროს რადიომაუწყებლებს ამ კრიზისული პერიოდის დაძლევაში.  ორი დღის წინ მთელი სექტორის სახელით მივმართეთ თხოვნით ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს, რომ რადიო კომპანიები გაანთავისუფლონ მიმდინარე წლის ბოლომდე გადასახადების გადახდისგან (დღგ, საშემოსავლო გადასახადი, ანძის საიჯარო ).

შპს ,,ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღა“ წერილში აღნიშნავს, რომ კომპანიას ბოლო 25 წლის განმავლობაში რამდენიმე მილიონი ლარი აქვს შესაბამისი გადასახადების, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის და ადამიანების დასაქმების ნაწილში, მათ შორის ამ ქვეყნის ყველა კრიტიკულ პერიოდში, როცა ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო დასაქმება. უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი სახელმწიფოს, ბიზნესის და დემოკრატიის განვითარებაში. ამჯერად,    რადიო სექტორი ელოდება თანადგომას სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან და ეჭვი არ ეპარებათ, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს რათა სექტორი არ ჩამოიშალოს. მედიის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ცდილობს შეინარჩუნოს კეთილსინდისიერი გადამხდელის სტატუსი და ასევე კომპანიაში დასაქმებული ადამიანური რესურსი და თავიდან აიცილონ კრიზისული მდგომარეობა. ამ ვითარებაში კომპანია კომისიას მიმართავს თხოვნით, რომ გაითვალისწინოს კრიზისული პერიოდი და 2020 წლის ბოლომდე გამოაცხადოს მორატორიუმი სადამსჯელო პოლიტიკაზე და მიეცეთ გადარჩენის და კომპანიების შენარჩუნების საშუალება. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის“ დირექტორი, როგორც  ევროპის  აღმოსავლეთ  პარტნიორობის  სამოქალაქო  საზოგადოების  ფორუმის 2020-21 წლების არჩეული დელეგატი, აღნიშნავს, რომ მარეგულირებლის ასეთი პოლიტიკა დიდი ინვესტიცია იქნება ხელისუფლებისთვის, ევროკომისიის მხრიდან მედიარეგულაციის და ინდექსის მაღალი მაჩვენებლის მიღებაში, რაც საბოლოოდ აუცილებლად მოახდენს გავლენას სახელმწიფოსთვის კიდევ მეტი ფულადი დახმარების გამოყოფას. ის თვითონაა ჩართული და აქტიურად მუშაობს ევროკომისიის მხრიდან რადიოსექტორისთვის ფინანსური დახმარების მიღების საქმეში,  რასაც რამდენიმე  თვე სჭირდება  და  სწორედ ამიტომ ითხოვს  ამ რამდენიმე კრიზისულ თვის განმავლობაში კომისიის მხრიდან ლმობიერ დამოკიდებულებას. ზემოჩამოთვლილი მიზეზების გათვალისწინებით და მარეგულირებლის მრავალი წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული ლოგიკის მიხედვით, ის დარწმუნებულია, რომ კომისია 2020 წლის ბოლომდე რადიოსექტორის, როგორც ყველაზე მოწყვლადი სექტორის მიმართ, შეარბილებს რეგულაციებს.

კომისიის 2020 წლის 23 აპრილის დისტანციურ სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის“ დირექტორი, რომელმაც მხარი დაუჭირა შპს ,,ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის“ წერილობით პოზიციას და დამატებით აღნიშნა, რომ რადიომაუწყებლები ამზადებენ წერილს, რომლითაც მიმართავენ კომისიას თხოვნით, საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, მორატორიუმი გამოაცხადოს რადიოსექტორის მიმართ, რომელიც ყველაზე მოწყვლადია. ეს არ არის მხოლოდ კორონა ვირუსით გამოწვეული. თითქმის 70%-ით შემცირდა სარეკლამო ბაზარი, დიდ კომპანიებსაც გაუჭირდა. მან აღნიშნა, რომ  რამდენიმე თვეში ყველა რადიომაუწყებელი გაერთიანდება და იქნება დიდი დონაცია საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რათა ეს სექტორი შენარჩუნდეს. დღეს მოამზადეს მიმართვა პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის, ასევე კომისიის მიმართ. მისი განმარტებით, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღას“ საკუთარი ძალებით ვერ შეამოწმებენ და ვერ შეაკეთებენ გადამცემებს, რისთვისაც მან უნდა დაიქირავოს ჯგუფები დროებითი ჰონორარით და გააგზავნოს რეგიონებში. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ადრე კომისიის თანამშრომლები ყოველთვის აცნობებდნენ დარღვევის შესახებ და ჰქონდათ ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობა. თავად ამ ზამთრის განმავლობაში შემოწმება ვერ შეძლეს. მან, ასევე, აღნიშნა, რომ ევროპის რადიომაუწყებლების  ასოციაციის წევრია და მისთვის ცნობილია,  რომ ყველა ქვეყანამ გარკვეული შეღავათები შესთავაზა მაუწყებლებს. ის ყველა რადიომაუწყებლის სახელით თხოვნით მიმართავს კომისიის თავმჯდომარეს, რომ კომისიისგან წამოვიდეს ერთგვარი მორატორიუმის შეთავაზება მაუწყებლების მიმართ და იშუამდგომლოს პრემიერ- მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან,  რომ რადიომაუწყებლებს მოეკიდონ არა როგორც მედიას, არამედ როგორც წვრილ მეწარმეებს, ბიზნესს და მათზეც გაავრცელონ ის შეღავათები, რასაც წვრილ ბიზნესს უწესებენ (სუბსიდირება, თანხით დახმარება, საშემოსავლოს პატიება და ა.შ.). მან დაამატა, რომ ტელევიზიებს ბევრჯერ გაუწიეს შეღავათები, ჩამოაწერეს მილიონობით თანხა და ისიც ცნობილია, ყველა ტელევიზიის უკან რა პოლიტიკური ძალა და ფინანსები დგას. რადიოსექტორი მართლაც დამოუკიდებელია, არასდროს ყოლია დონორი და არის ყველაზე მოწყვლადი სექტორი, რომელსაც განსაკუთრებულად უჭირს, კორონა ვირუსი კი იყო ბოლო დარტყმა და ასეთი სერიოზული კრიზის დროს თუ საერთო ერთგვარი ამნისტია გამოცხადდება რადიოებისთვის რამდენიმე თვით, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებშია, იქნება ძალიან კარგი.

II.    კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათები (№20-10-755, 19.03.2020; №20-10-912, 16.04.2020) მონიტორინგის შედეგების ამსახველ დანართთან და შემოწმების აქტებთან (№023, 18.02.2020 და №053, 20.02.2020) ერთად.

2. შპს ,,ტელე-რადიო  კომპანია მწვანე ტალღის“ წერილობითი ახსნა-განმარტება  (შ-20- 6/2124, 22.04.2020).

3.  სამეწარმეო  და  არასამეწარმეო  პირთა  საჯარო  რეესტრისა  და  კომისიის  უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს ,,ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის“ შესახებ.

III.      კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.   შპს ,,ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღა“ ფლობს კერძო მაუწყებლობის № B75 ლიცენზიას კომისიის 2015 წლის 16 იანვრის №29/6 გადაწყვეტილებით (აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ცვლილებები იქნა შეტანილი კომისიის 2015 წლის 24 დეკემბრის №29/6 და 2019 წლის 7 თებერვლის №29/6 გადაწყვეტილებებით) განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;

დ)    მაუწყებლობის    ენა/ენები:    ქართული,    სომხური,    აზერბაიჯანული,    რუსული,

ინგლისური;

ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურების განთავსება  შესაძლებელია მითითებული კოორდინატების მიმართ 500მ  რადიუსის  ფარგლებში,  ზღვის დონიდან  გადამცემი  ანტენის  დაკიდების  სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

ვ)  მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:  წინამდებარე გადაწყვეტილებაში მითითებული გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო  ტერიტორია, რომელიც  პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.

ე) დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად განისაზღვროს 6 საათი.

2. კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მიერ, რადიომონიტორინგის სისტემის დასავლეთ საქართველოში განთავსებული (ურთა) სტაციონალური სადგურით ჩატარებული მონიტორინგის შედეგების ანალიზით დგინდება, რომ შპს ,,ტელე - რადიოკომპანია მწვანე ტალღა" არ მაუწყებლობს  კომისიის 2015 წლის 16 იანვრის №29/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, კერძო მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის პირობების შესაბამისად, ქ. ბათუმისა და ქ. ზუგდიდის ანძებზე განთავსებული  გადამცემი  სადგურების  ტექნიკური პარამეტრების (სიხშირეები: FM101,5მგჰ - ბათუმის ანძა და FM 103,7 მგჰ - ზუგდიდის ანძა) შესაბამისი მომსახურების ტერიტორიებზე   2019 წლის 12 დეკემბრიდან. ასევე, 2020 წლის 18 და 20 თებერვალს სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის ინჟინრების მიერ, კახეთის რეგიონში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ შპს,,ტელე-რადიოკომპანია მწვანე ტალღა" არ მაუწყებლობდა კომისიის 2015 წლის 16 იანვრის № 29/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, კერძო მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის პირობების შესაბამისად, თელავის და დედოფლისწყაროს ანძებზე განთავსებული გადამცემი სადგურების ტექნიკური პარამეტრების (სიხშირეები: FM 106,1მგჰ (თელავი) და FM 100,7 მგჰ (დედოფლისწყარო) შესაბამისი მომსახურების ტერიტორიებზე 2020 წლის 18 და  20  თებერვალს,  რაზედაც  შედგა  შემოწმების  აქტები    (№023,  18.02.2020  და  №053, 20.02.2020).

3.  შპს ,,ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღას“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხიმგებლობა არ დაკისრებია.

IV.  სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1. მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია, ხოლო მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქცია სალიცენზიო პირობების დადგენა; ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება; ლიცენზიების მოქმედების შეჩერება  და  განახლება;  ლიცენზიების  გაუქმება;  სალიცენზიო  პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.

2. მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის    თანახმად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.

3. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 361 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გამცემი ორგანოა კომისია, რომელიც საჯაროობის პრინციპის დაცვით აკონტროლებს სალიცენზიო პირობების დაცვას.

4. „მაუწყებლობის    შესახებ“    საქართველოს    კანონის    48-ე    მუხლის    მიხედვით, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე საავტორიზაციო ან/და სალიცენზიო განცხადებაში ნაკისრი ვალდებულებებით.

5.  ,,მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  71-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის   შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის  აღმოფხვრა  ან პრევენცია. კომისია   მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ტელე-რადიო კომპანაია მწვანე ტალღის“ მიერ ქ. ბათუმისა და ქ. ზუგდიდის ანძებზე განთავსებული გადამცემი სადგურების ტექნიკური პარამეტრების (სიხშირეები: FM 101,5მგჰ - ბათუმის ანძა და FM 103,7 მგჰ - ზუგდიდის ანძა) შესაბამისი მომსახურების ტერიტორიებზე 2019 წლის 12 დეკემბრიდან მაუწყებლობის განუხორციელებლობით დარღვეულია ,,შპს ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის” კერძო მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე“ საქართველოს   კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 16 იანვრის №29/6 გადაწყვეტილება და კერძო მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის პირობები, რომლის შესაბამისად, კომპანია ვალდებულია ქ. ბათუმისა და ქ. ზუგდიდის ანძებზე განთავსებული გადამცემი სადგურების ტექნიკური პარამეტრების (სიხშირეები: FM 101,5 მგჰ - ბათუმის ანძა და FM 103,7 მგჰ - ზუგდიდის ანძა) შესაბამისი მომსახურების ტერიტორიებზე   მაუწყებლობა განახორციელოს დღე-ღამის განმავლობაში არანაკლებ 6 საათი.  იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღას“ ბოლო ერთი წლის მანძილზე არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე, მას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. ამავე დროს, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღას“ უნდა დაევალოს დარღვევის აღმოფხვრა.

კომისია აღნიშნავს, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დროისთვის, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიად გამოცხადების, მისი მასობრივი გავრცელებისა და ქვეყნის წინაშე არსებული მზარდი გამოწვევის გათვალისწინებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და მოქმედებს შეზღუდვები, მათ შორის, დაწესებულია ფიზიკური გადაადგილებისა და ცალკეული საქმიანობის განხორციელების შეზღუდვა. ამ პირობებში, შესაძლებელია, შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღას“ შეექმნას გარკვეული დაბრკოლებები რეგიონებში (ბათუმი, ზუგდიდი) მაუწყებლობის აღდგენის უზრუნველსაყოფად. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღას“ დარღვევის აღმოფხვრისთვის მიეცეს „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 და 2020 წლის 21 აპრილის№2 ბრძანებებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დასრულებიდან 3 თვის ვადა.

V.   სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 361  მუხლის პირველი პუნქტის, 48-ე მუხლის, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.  შპს ,,ტელე-რადიო მწვანე ტალღას“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება ,,შპს ტელე- რადიო კომპანია მწვანე ტალღის” კერძო მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე“ საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 16 იანვრის №29/6 გადაწყვეტილებისა და კერძო მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის პირობების დარღვევის გამო.

2.   შპს ,,ტელე-რადიო მწვანე ტალღას“ დაევალოს  „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 და 2020 წლის 21 აპრილის №2 ბრძანებებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დასრულებიდან  3 თვის ვადაში უზრუნველყოს ქ. ბათუმისა და ქ. ზუგდიდის ანძებზე განთავსებული გადამცემი სადგურების ტექნიკური პარამეტრების (სიხშირეები: FM 101,5მგჰ - ბათუმის ანძა და FM 103,7 მგჰ - ზუგდიდის ანძა) შესაბამისი მომსახურების ტერიტორიებზე მაუწყებლობის განხორციელება კომისიის 2015 წლის 16 იანვრის №29/6 გადაწყვეტილებისა და კერძო მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის პირობების შესაბამისად.

3.  დაევალოს  კომისიის  ადმინისტრაციას  წინამდებარე  გადაწყვეტილების  შპს ,,ტელე- რადიო კომპანია მწვანე ტალღისთვის“ დაუყოვნებლივ   გაგზავნა და კომისიის ვებ- გვერდზე გამოქვეყნება (ო.ვოტ).

4.  გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღისთვის“  ჩაბარების დღიდან.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.  თბილისის  საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს ,,ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

6. კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  (მე-3  პუნქტის  გარდა) დაევალოს    კომისიის  აპარატის    სპექტრისა  და  ტექნოლოგიების  დეპარტამენტს  (ლ. ლაშქარავა).

კახი ბექაური       თავმჯდომარე

ელისო ასანიძე     წევრი

მერაბ ქათამაძე     წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები