შპს „თივი ჯისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 05, 2020 17:58
მიღების თარიღი აპრილი 30, 2020
შპს „თივი ჯისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N20-10-893, 14.04.2020) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „თივი ჯისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათში (N20-10-893,14.04.2020) აღნიშნულია, რომ ავტორიზებული პირი შპს „თივი ჯი“ არ ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს, კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლები ვალდებულნი არიან ყოველწლიურად არაუგვიანეს 1 თებერვლისა გამოაქვეყნონ და კომისიას წარმოუდგინონ შემდეგი ინფორმაცია: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მაუწყებლის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ.
შპს „თივი ჯის“ 2020 წლის 7 თებერვალს გაეგზავნა კომისიის წერილი Nგ-20-3/384, რომლითაც განესაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა შევსებული შესაბამისობის დეკლარაციისა და კანონის ზემოაღნიშნულ პუნქტებში მითითებული ინფორმაციის წარმოდგენისათვის.
აგრეთვე ეცნობა, რომ ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში კომისია მიიღებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს. წერილი კომპანიას ასევე გაეგზავნა კომისიის უწყებრივ რეესტრში არსებულ ელექტრონულ მისამართებზეც. აღნიშნულის მიუხედავად, კომპანიამ არ წარმოადგინა აღნიშნული ინფორმაცია.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „თივი ჯისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 30 აპრილს, 15:00 საათზე, რის შესახებაც შპს „თივი ჯის“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (N გ-20-03/1402; 24/04/2020). ამავე შეტყობინებით, მას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შეტყობინებით, შპს „თივი ჯის“ ასევე, ეცნობა, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, კომისია გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე და კომისიის სხდომაზე დისტანციურად დასწრების მიზნით, გაეგზავნებოდათ სპეციალური ბმული (ლინკი), კომისიისთვის ცნობილ და მათ მიერ დაფიქსირებულ ბოლო ელფოსტის ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე. შესაბამისად, შპს „თივი ჯის“ ეთხოვა, რომ შესაბამის ელექტრონულ პორტალზე (https://eforms.gncc.ge) უმოკლეს ვადაში განეახლებინა ან/და კომისიის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე(post@gncc.ge) გამოეგზავნათ მათი საკონტაქტო მონაცემები (ელფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი), წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისია იხელმძღვანელებდა მის ხელთ არსებული ბოლო საკონტაქტო მონაცემებით, რომელზეც გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლებოდა ოფიციალურად გაგზავნილად, ყველა თანმდევი სამართლებრივი შედეგით. ამასთანავე, შპს „თივი ჯის“ ეცნობა, რომ კომისიის შესაბამისი შეტყობინებები და გადაწყვეტილებები გამოქვეყნდებოდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზეც (www.gncc.ge).
შპს „თივი ჯიმ“ კომისიის 2020 წლის 30 აპრილის სხდომის გამართვამდე, 2020 წლის 27 აპრილს წერილით (შ-20-6/2198) მომართა კომისიას განახლების მოთხოვნამდე ავტორიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით. კომისიის 2020 წლის 30 აპრილის სხდომას ესწრებოდა შპს „თივი ჯის“ წარმომადგენელი, რომელმაც ასევე მიუთითა განცხადებაში მითითებულ მოთხოვნაზე, კერძოდ, განახლების მოთხოვნამდე კომპანიისათვის ავტორიზაციის შეჩერების მოთხოვნაზე.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N20-10-893, 14.04.2020);
2. კომისიის 2020 წლის 7 თებერვლის Nგ-20-3/384 წერილი;
3. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „თივი ჯის“ შესახებ მონაცემები;
4. შპს „თივი ჯისათვის“ გაგზავნილი შეტყობინება (N გ-20-03/1402; 24/04/2020) კომისიის 2020
წლის 30 აპრილის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.
5. შპს „თივი ჯის“ 2020 წლის 27 აპრილის წერილი (შ-20-6/2198) ავტორიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „თივი ჯი“ არის მაუწყებელი (ავტორიზაციის თარიღი: 26.02.2015; მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა);
2. შპს „თივი ჯის“ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის, კომისიაში წარმოსადგენი ჰქონდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, კერძოდ: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მაუწყებლის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ;
3. შპს „თივი ჯის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/მსგავსი დარღვევისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
2. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას კომისიას წარუდგენს არა უგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა;
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.
6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის 111 პუნქტის მიხედვით, ავტორიზაციის შეჩერება ნიშნავს ავტორიზებული საქმიანობის აკრძალვას მის განახლებამდე. ამავე მუხლის 112 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის მიხედვით, ავტორიზაცია შეჩერდება მაუწყებლობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე.
კომისიას მიაჩნია, რომ შპს „თივი ჯის“ მიერ 2020 წლის პირველი თებერვლიდან დღემდე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობით დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“საქართველოს კანონის 451 მუხლის 10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, რაც წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. კომისია განმარტავს, რომ კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ წარმოების პროცესში შპს „თივი ჯიმ“ კომისიას მომართა განახლების მოთხოვნამდე ავტორიზაციის შეჩერების განცხადებით, ავტორიზაციის შეჩერება კი გულისხმობს ავტორიზებული საქმიანობის აკრძალვას მის განახლებამდე, კომისიას მიაჩნია, რომ მიზანშეწონილია დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეწყდეს, ვინაიდან კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფმა შპს „თივი ჯის“ განცხადების საფუძველზე უნდა განახორციელოს შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ორგანიზება, შპს „თივი ჯისათვის“ ავტორიზაციის შეჩერების მიზნით.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და 71-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს შპს „თივი ჯისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება, მისი ავტორიზაციის შეჩერების საფუძვლების არსებობის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფს შპს „თივი ჯისათვის“ ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ორგანიზება;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების შპს „თივი ჯისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gnccge) გამოქვეყნება;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. კაველიძე) შპს „თივი ჯისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „თივი ჯისთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
მერაბ ქათამაძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
