წვდომის მენიუ

შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 421

გამოქვეყნების თარიღი მაისი 05, 2020 18:16

მიღების თარიღი აპრილი 30, 2020

შპს  „ტელე-რადიო კომპანია ტვ     24“-ის  სამართალდამრღვევად  ცნობისა  და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

I. აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომშიმ„კომისია“)აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N20-10-893, 14.04.2020) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათში (N20-10-893,14.04.2020) აღნიშნულია, რომ ავტორიზებული პირი შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“ არ ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს, კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლები ვალდებულნი არიან ყოველწლიურად არაუგვიანეს 1 თებერვლისა გამოაქვეყნონ და კომისიას წარმოუდგინონ შემდეგი ინფორმაცია: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მაუწყებლის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;  ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ.

შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ს 2020 წლის 7 თებერვალს კომისიისაგან გაეგზავნა წერილი (Nგ-20-3/384),  რომლითაც  განესაზღვრა  10  სამუშაო  დღის  ვადა  შევსებული შესაბამისობის დეკლარაციისა  და  კანონის  ზემოაღნიშნულ  პუნქტებში  მითითებულ გათვალისწინებულ  ზომებს. წერილი  კომპანიას  ასევე  გაეგზავნა  კომისიის  უწყებრივ რეესტრში არსებულ ელექტრონულ მისამართებზეც. აღნიშნულის მიუხედავად, კომპანიამ არ წარმოადგინა აღნიშნული ინფორმაცია.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 30 აპრილს, 15:00 საათზე, რის შესახებაც შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ს ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (N გ-20-03/1401; 24/04/2020). ამავე შეტყობინებით, მას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შეტყობინებით, შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ს ასევე, ეცნობა, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, კომისია გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე და კომისიის სხდომაზე დისტანციურად დასწრების მიზნით, გაეგზავნებოდათ სპეციალური ბმული (ლინკი), კომისიისთვის ცნობილ და მათ მიერ დაფიქსირებულ ბოლო ელფოსტის ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე. შესაბამისად, შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ს ეთხოვა, რომ შესაბამის ელექტრონულ პორტალზე (https://eforms.gncc.ge) უმოკლეს ვადაში განეახლებინა ან/და კომისიის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე (post@gncc.ge) გამოეგზავნათ მათი საკონტაქტო მონაცემები (ელფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი), წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისია იხელმძღვანელებდა მის ხელთ არსებული ბოლო საკონტაქტო მონაცემებით, რომელზეც გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლებოდა ოფიციალურად გაგზავნილად, ყველა თანმდევი სამართლებრივი შედეგით. ამასთანავე, შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ს ეცნობა, რომ კომისიის შესაბამისი შეტყობინებები და გადაწყვეტილებები გამოქვეყნდებოდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზეც (www.gncc.ge).

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24”-მა 2020 წლის 30 აპრილს კომისიაში წარმოადგინა წერილი (შ-20-6/2269, 30.04.2020), რომლითაც წარმოდგენილ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, რითაც კომპანიის მიერ სრულად აღმოფხვრილ იქნა დარღვევა. კომისიის 2020 წლის 30 აპრილის სხდომას ესწრებოდა ასევე შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ის წარმომადგენელი, რომელმაც აღნიშნა, რომ აღნიშნული დარღვევა კომპანიის მიერ შეგნებულად არ მომხდარა, კომპანია ყოველწლიურად აგზავნის აღნიშნულ ინფორმაციას   და ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა გაუგებრობას, ვინაიდან კომპანიას ეგონა რომ ინფორმაცია გამოგზავნა კომისიაში, მაგრამ რეალურად აღმოჩნდა რომ არ იყო კომისიაში აღნიშნული ინფორმაცია გამოგზავნილი. წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდებოდა კომპანიის მხრიდან.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის  მოხსენებითი ბარათი (N20-10-893, 14.04.2020);

2.  კომისიის 2020 წლის 7 თებერვლის Nგ-20-3/384 წერილი;

3. მეწარმეთა   და   არასამეწარმეო   (არაკომერციული)   იურიდიული   პირების რეესტრიდან  და კომისიის  ავტორიზებულ  პირთა  უწყებრივი  რეესტრიდან  შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ის შესახებ მონაცემები;

4.  შპს  „ტელე-რადიო  კომპანია  ტვ  24“-ისთვის  გაგზავნილი  შეტყობინება  (N  გ-20-03/1401; 24/04/2020) კომისიის 2020 წლის 30 აპრილის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.

5. შპს  „ტელე-რადიო  კომპანია  ტვ  24“-ის   მიერ  წარმოდგენილი  წერილი თანდართული დოკუმენტაციით (შ-20-6/2269, 30.04.2020).

III.   დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1.  შპს  „ტელე-რადიო  კომპანია  ტვ  24“  არის  მაუწყებელი  (ავტორიზაციის  თარიღი:06.10.2014; მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა);

2. შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ს გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის, კომისიაში წარმოსადგენი ჰქონდა  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, კერძოდ: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მაუწყებლის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;  ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ;

3. შპს  „ტელე-რადიო  კომპანია  ტვ  24“-ის  მიმართ  ბოლო  ერთი  წლის  განმავლობაში იგივე/მსგავსი დარღვევისათვის „მაუწყებლობის    შესახებ“   საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

IV.  გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

2. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი  კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;

3. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  451 მუხლის  მე-10  პუნქტის  ა) ქვეპუნქტის თანახმად,  ავტორიზებული პირი  ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი  კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

4.   „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,   მაუწყებელი   ვალდებულია   ყოველწლიურად    გამოაქვეყნოს   და კომისიას წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა)  შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მაუწყებლობის   სფეროში სხვა  ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში  წილის ან  აქციების  ფლობის  შესახებ;   ვ)  საინფორმაციო  სააგენტოს ფლობის  შესახებ;  ზ)  საინფორმაციო სააგენტოში  წილის  ან  აქციების  ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის   შესახებ,  ხოლო  მე-2  პუნქტის  შესაბამისად,  მაუწყებელი  ამ მუხლის პირველი  პუნქტით  გათვალისწინებულ  ინფორმაციას  კომისიას  წარუდგენს  არა უგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა;

5.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს  კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის  პირობების დარღვევის შემთხვევაში  კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია  უფლებამოსილია  მაუწყებელი  წერილობით  გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის  ღონისძიებათა განსახორციელებლად.

კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ის მიერ 2020 წლის პირველი თებერვლიდან დღემდე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობით დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს კანონის   451  მუხლის 10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი და  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი  და მე-2 პუნქტები, რაც წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დღისათვის სრულად იქნა აღმოფხვრილი დარღვევა (წარმოდგენილ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია), კომისია უფლებამოსილია შპს „ტელე- რადიო კომპანია ტვ 24“ სცნოს სამართალდამრღვევად და გაათავისუფლოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის  ა) ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების  და 71-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1.  შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“ ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო;

2. შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების შპს „ტელე- რადიო კომპანია ტვ 24“-ისთვის“   დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gnccge) გამოქვეყნება;

4. დაევალოს  კომისიის  აპარატის  სამართლებრივ  დეპარტამენტს  (თ.  კაველიძე)  შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24-ისთვის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-სთვის“ ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64)  გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური       თავმჯდომარე

მერაბ ქათამაძე     წევრი

ელისო ასანიძე     წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები