წვდომის მენიუ

შპს „მდ ჯგუფის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 422

გამოქვეყნების თარიღი მაისი 05, 2020 18:30

მიღების თარიღი აპრილი 30, 2020

შპს  „მდ  ჯგუფის“  სამართალდამრღვევად   ცნობისა  და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

I.  აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის  მოხსენებითი ბარათის (N20-10-893, 14.04.2020) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მდ ჯგუფისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათში (N20-10-893, 14.04.2020)   აღნიშნულია,  რომ ავტორიზებული  პირი  შპს  „მდ  ჯგუფი“  არ  ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს, კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლები ვალდებულნი არიან ყოველწლიურად არაუგვიანეს 1 თებერვლისა გამოაქვეყნონ და კომისიას წარმოუდგინონ შემდეგი ინფორმაცია: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მაუწყებლის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;  ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ.

შპს „მდ ჯგუფს“ 2020 წლის 7 თებერვალს გაეგზავნა კომისიის წერილი Nგ-20-3/384, რომლითაც განესაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა შევსებული შესაბამისობის დეკლარაციისა და კანონის ზემოაღნიშნულ პუნქტებში მითითებული ინფორმაციის წარმოდგენისათვის. აგრეთვე ეცნობა, რომ ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში კომისია მიიღებდა კანონმდებლობით   გათვალისწინებულ   ზომებს.   წერილი   კომპანიას   ასევე   გაეგზავნა კომისიის უწყებრივ რეესტრში არსებულ ელექტრონულ მისამართებზეც. აღნიშნულის მიუხედავად, კომპანიამ არ წარმოადგინა აღნიშნული ინფორმაცია.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მდ ჯგუფისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 30 აპრილს, 15:00 საათზე, რის  შესახებაც  შპს „მდ  ჯგუფს“  ეცნობა  წერილობითი  შეტყობინებით  (Nგ-20-03/1403; 24/04/2020). ამავე შეტყობინებით, მას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შეტყობინებით, შპს „მდ ჯგუფს“ ასევე, ეცნობა, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, კომისია გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე და კომისიის სხდომაზე დისტანციურად დასწრების მიზნით, გაეგზავნებოდათ სპეციალური ბმული (ლინკი), კომისიისთვის ცნობილ და მათ მიერ დაფიქსირებულ ბოლო ელფოსტის ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე. შესაბამისად, შპს „მდ ჯგუფს“ ეთხოვა, რომ შესაბამის ელექტრონულ პორტალზე (https://eforms.gncc.ge) უმოკლეს ვადაში განეახლებინა ან/და კომისიის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე (post@gncc.ge) გამოეგზავნათ მათი საკონტაქტო მონაცემები (ელფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი), წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისია იხელმძღვანელებდა მის ხელთ არსებული ბოლო საკონტაქტო მონაცემებით, რომელზეც გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლებოდა ოფიციალურად გაგზავნილად, ყველა თანმდევი სამართლებრივი შედეგით. ამასთანავე, შპს „მდ ჯგუფს“ ეცნობა, რომ კომისიის შესაბამისი შეტყობინებები და გადაწყვეტილებები გამოქვეყნდებოდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზეც (www.gncc.ge).

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მდ ჯგუფმა“  2020 წლის 28 აპრილს კომისიაში წარმოადგინა წერილი (შ-20-6/2219, 28.04.2020), რომლითაც წარმოდგენილ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, რითაც კომპანიის მიერ სრულად აღმოფხვრილ იქნა დარღვევა. კომისიის 2020 წლის 30 აპრილის სხდომას ესწრებოდა შპს „მდ ჯგუფის“ წარმომადგენელი.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N20-10-893, 14.04.2020);

2.  კომისიის 2020 წლის 7 თებერვლის Nგ-20-3/384 წერილი;

3. მეწარმეთა და არასამეწარმეო  (არაკომერციული)  იურიდიული  პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „მდ ჯგუფის“ შესახებ მონაცემები;

4.  შპს   „მდ   ჯგუფისათვის“ გაგზავნილი   შეტყობინება   (Nგ-20-03/1403;   24/04/2020) კომისიის 2020 წლის 30 აპრილის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.

5.   შპს „მდ ჯგუფის“  მიერ წარმოდგენილი წერილი თანდართული დოკუმენტაციით (შ-20-6/2219, 28.04.2020).

III. დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „მდ ჯგუფი“ არის მაუწყებელი (ლიცენზიის თარიღი 23.07.2014; მაუწყებლობის სახე: რადიომაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა);

2.  შპს „მდ ჯგუფს“ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის, კომისიაში წარმოსადგენი ჰქონდა  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, კერძოდ: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მაუწყებლის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის  შესახებ;  ე)  პერიოდულ  ბეჭდვით  გამოცემაში  წილის  ან  აქციების  ფლობის შესახებ;  ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ.

3. შპს „მდ ჯგუფის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე დარღვევისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

IV.  გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ტ) ქვეპუნქტის მიხედვით,  მაუწყებელი გულისხმობს ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელ ლიცენზიის მფლობელ ან/და ავტორიზებულ პირს;

2.  ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

3. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი  კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი   ვალდებულია   ყოველწლიურად    გამოაქვეყნოს   და კომისიას წარუდგინოს  შემდეგი ინფორმაცია:  ა)  შესაბამისობის  დეკლარაცია;  ბ) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის  ფლობის  ან  მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში  წილის ან  აქციების  ფლობის  შესახებ;   ვ)  საინფორმაციო  სააგენტოს ფლობის  შესახებ;  ზ)  საინფორმაციო სააგენტოში  წილის  ან  აქციების  ფლობის შესახებ; თ) სხვა  საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ, ხოლო  მე-2  პუნქტის  შესაბამისად,  მაუწყებელი  ამ მუხლის პირველი  პუნქტით  გათვალისწინებულ  ინფორმაციას  კომისიას  წარუდგენს  არა უგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა;

5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  მაუწყებლის  მიერ  საქართველოს  კანონმდებლობის  დარღვევის  ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის,  აგრეთვე  ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის  შემთხვევაში  კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია   უფლებამოსილია  მაუწყებელი  წერილობით  გააფრთხილოს.  კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მდ ჯგუფის“ მიერ 2020 წლის პირველი თებერვლიდან დღემდე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობით დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი  და მე-2 პუნქტები, რაც წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ შპს „მდ ჯგუფის“ მიერ 2020 წლის 28 აპრილს კომისიაში წარომდგენილი წერილით (შ-20-6/2219),   წარმოდგენილ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია, რითაც კომპანიის მიერ სრულად იქნა აღმოფხვრილი დარღვევა, კომისია უფლებამოსილია შპს „მდ ჯგუფი“ სცნოს სამართალდამრღვევად და გაათავისუფლოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი  პუნქტის,   მე-5  მუხლის  მე-3  პუნქტის ვ)  ქვეპუნქტის, 61-ე  მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და 71-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. შპს  „მდ  ჯგუფი“  ცნობილ  იქნას  სამართალდამრღვევად  „მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო;

2. შპს „მდ ჯგუფი“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ)  გადაწყვეტილების შპს „მდ ჯგუფისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gnccge) გამოქვეყნება;

4.   დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. კაველიძე) შპს „მდ ჯგუფის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი  დამოწმებული  ასლის შპს „მდ ჯგუფისთვის“ ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  (მე-4  პუნქტისა)  დაევალოს  კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური         თავმჯდომარე

მერაბ ქათამაძე      წევრი

ელისო ასანიძე      წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები