წვდომის მენიუ

შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 423

გამოქვეყნების თარიღი მაისი 05, 2020 18:39

მიღების თარიღი აპრილი 30, 2020

შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

I.  აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის  მოხსენებითი ბარათის (N20-10-893, 14.04.2020) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია ქართული არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მოხსენებით ბარათში(N20-10-893,14.04.2020) აღნიშნულია, რომ ავტორიზებული პირი შპს „ტელეკომპანია ქართული არხი“ არ ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს, კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლები ვალდებულნი არიან ყოველწლიურად არაუგვიანეს 1 თებერვლისა გამოაქვეყნონ და კომისიას წარმოუდგინონ შემდეგი ინფორმაცია: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მაუწყებლის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;  ვ) საინფორაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ.

მაუწყებლებს, მათ შორის, შპს „ტელეკომპანია ქართულ არხს“ გაეგზავნა კომისიის 2020 წლის 7 თებერვალის Nგ-20-3/384 წერილი, რომლითაც განესაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა შევსებული შესაბამისობის დეკლარაციისა და კანონის ზემოაღნიშნულ პუნქტებში მითითებული  ინფორმაციის წარმოდგენისათვის. აგრეთვე  ეცნობა,  რომ  ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში კომისია მიიღებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს. წერილი კომპანიას ჩაბარდა 2020 წლის 11 თებერვალს. აღნიშნულის მიუხედავად, კომპანიამ არ წარმოადგინა აღნიშნული ინფორმაცია.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეკომპანია ქართული არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 30 აპრილს, 15:00 საათზე, რის შესახებაც შპს „ტელეკომპანია ქართულ არხს“   ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (N გ-20-03/1392, 24/04/2020). ამავე შეტყობინებით, მას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა     და     შუამდგომლობების     წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შეტყობინებით, შპს „ტელეკომპანია ქართულ არხს“ ასევე, ეცნობა, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, კომისია გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე და კომისიის სხდომაზე დისტანციურად დასწრების მიზნით, გაეგზავნებოდათ სპეციალური ბმული (ლინკი), კომისიისთვის ცნობილ და მათ მიერ დაფიქსირებულ ბოლო ელფოსტის ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე. შესაბამისად, შპს „ტელეკომპანია ქართულ არხს“   ეთხოვა, რომ შესაბამის ელექტრონულ პორტალზე (https://eforms.gncc.ge)     უმოკლეს     ვადაში განეახლებინა ან/და კომისიის ოფიციალურ ელ. ფოსტაზ(post@gncc.ge) გამოეგზავნათ მათი საკონტაქტო მონაცემები (ელფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი), წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისია იხელმძღვანელებდა მის ხელთ არსებული ბოლო საკონტაქტო მონაცემებით, რომელზეც გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლებოდა ოფიციალურად გაგზავნილად, ყველა  თანმდევი    სამართლებრივი  შედეგით. ამასთანავე, შპს„ტელეკომპანია ქართულ არხს“ ეცნობა, რომ კომისიის შესაბამისი შეტყობინებები და გადაწყვეტილებები  გამოქვეყნდებოდა   კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზეც (www.gncc.ge).

 

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეკომპანია  ქართულმა არხმა“ 2020 წლის 27 აპრილს კომისიაში წარმოადგინა წერილი (შ-20-6/2194, 27.04.2020), რომლითაც წარმოდგენილ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.

კომისიის 2020 წლის 30 აპრილის სხდომას დაესწრო შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ წარმომადგენელი ხათუნა მაცაბერიძე, რომელმაც განაცხადა, რომ 2020 წლის 11 მარტს კომპანიის მიერ წარმოდგენილ იქნა კანონით განსაზღვრული ინფორმაია, რომელიც მათვის უცნობი მიზეზის გამო არ იქნა კომისიაში დარეგისტრირებული. შესაბამისად, 2020 წლის 27 აპრილს ხელახლა გადმოაგზავნეს.

კომისია აღნიშნავს, რომ როგორც წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ მიერ 2020 წლის 11 მარტს იყო გადმოგზავნილი ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: statsnotify@gncc.ge. კომისია განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ელექტრონული ფოსტის მისამართი არის სისტემური მეილი, რომლიდანაც სისტემის მიერ  ხდება ავტომატური შეტყობინებების  დაგზავნა   ადრესატებთან,  ხოლო კომისიის ოფიციალური  მეილი, რომელზეც ხდება  წერილების მიღება არის:  post@gncc.ge.

 

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის  მოხსენებითი ბარათი (N20-10-893, 14.04.2020);

2.  კომისიის 2020 წლის 7 თებერვლის Nგ-20-3/384 წერილი და აღნიშნული წერილის შპს „ტელეკომპანია  ქართული  არხისთვის“  ჩაბარების    დამადასტურებელი  დოკუმენტაცია (AP01007310489);

3.  მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ შესახებ მონაცემები;

4.  შპს  „ტელეკომპანია  ქართული  არხისთვის“  გაგზავნილი  შეტყობინება  (N  გ-20-03/1392, 24/04/2020) კომისიის 2020 წლის 30 აპრილის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;

5. შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ მიერ 2020 წლის 27 აპრილს წარმოდგენილი წერილი თანდართული დოკუმენტაციით (შ-20-6/2194, 27.04.2020);

6. შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ წარმომადგენლის ხათუნა მაცაბერიძის ახსნა- განმარტება გაკეთებული კომისიის 2020 წლის 30 აპრილის სხდომაზე.

III.        დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „ტელეკომპანა ქართული არხი“ 2015 წლის 15  ივლისიდან   წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს;

2. შპს „ტელეკომპანია ქართულ არხს“ კომისიაში წარმოსადგენი ჰქონდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, კერძოდ: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მაუწყებლის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;  ვ) საინფორაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ; 2020 წლის 27 აპრილის მდგომარეობით კომპანიამ სრულად წარმოადგინა ზემოაღნიშნული ინფორმაცია;

4. შპს  „ტელეკომპანია  ქართული  არხის“  მიმართ  ბოლო  ერთი  წლის  განმავლობაში იგივე/მსგავსი დარღვევისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

IV.  გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,    მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები,  საქართველოს ორგანული კანონი   „საქართველოს   საარჩევნო  კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

2. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის  სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

4.   „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   61-ე   მუხლის   პირველი   პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის  შესახებ;  ე)  პერიოდულ  ბეჭდვით  გამოცემაში  წილის  ან  აქციების  ფლობის შესახებ;  ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას კომისიას წარუდგენს არა უგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა;

5.   „მაუწყებლობის   შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე   მუხლის პირველი   პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის  პირობების დარღვევის შემთხვევაში   კომისია   ვალდებულია   განიხილოს   შესაბამისი    საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის  გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა   ან  პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის  ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ მიერ კანონით დადგენილ ვადაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგნელობით დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს კანონის  451-ე   მუხლის   10   პუნქტის   ა)   ქვეპუნქტი    და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, რაც წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.  გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ტელეკომპანია ქართული არის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დღისათვის  აღმოფხვრილ  იქნა  დარღვევა  (წარმოდგენილ  იქნა  „მაუწყებლობის  შესაებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია), კომისია უფლებამოსილია შპს „ტელეკომპანია ქართული არხი“ სცნოს სამართალდამრღვევად და გაათავისუფლოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის  ა) ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების  და 71-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1.  შპს   „ტელეკომპანია   ქართული   არხი“   ცნობილ   იქნას   სამართალდამრღვევად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის  დარღვევის გამო;

2. შპს „ტელეკომპანა ქართული არხი“ გათავისუფლდეს   ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან;

3.  დაევალოს  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას  (ო.  ვოტ)   გადაწყვეტილების  შპს „ტელეკომპანია ქართული არხისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gnccge) გამოქვეყნება;

4.  დაევალოს   კომისიის   აპარატის   სამართლებრივ   დეპარტამენტს   (თ.   გოშუა)   შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი  დამოწმებული  ასლის შპს „ტელეკომპანია ქართული არხისთვის“ ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური         თავმჯდომარე

ელისო ასანიძე       წევრი

მერაბ ქათამაძე       წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები