შპს „სუპერ ტვ“-ს სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 11, 2020 18:47
მიღების თარიღი მაისი 07, 2020
შპს „სუპერ ტვ“-ს სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) აღნისნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათიდან (N20-10-797, 26/03/2020) ირკვევა, რომ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის 2020 წლის 18 მარტის N16/33782 წერილის თანახმად, „სუპერ ტვ“-მ (ს/ნ 400015201) ანგარიშგება სამსახურს წარუდგინა 2019 წლის 26 სექტემბერს, მაგრამ ანგარიშგებები არ წარუდგენია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, მათ შორის, ანგარიშგება არ შეიცავს მოგება- ზარალის თაობაზე ინფორმაციასა და განმარტებით შენიშვნებს, ასევე, ანგარიშგებიდან არ იკვეთება შესადარისი პერიოდი.
კომისია აღნიშნავს, რომ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წერილის (N 16/33782, 18/03/2020) თანახმად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებული სუბიექტის, შპს „სუპერ ტვ“-ს (ს/ნ 400015201) მიერ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს ანგარიშგება 2019 წლის 26 სექტემბერს წარედგინა. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამსახურმა განახორციელა წარდგენილი ანგარიშგების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან გადამოწმება და დაადგინა შემდეგი: სუბიექტი მის მიერ წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, მიეკუთვნება მესამე ზომითი კატეგორიის საწარმოს. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, „მეორე და მესამე კატეგორიების საწარმოები ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებენ მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS for SMEs) შესაბამისად. ამასთანავე, მათ უფლება აქვთ, გამოიყენონ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS)“. სუბიექტის მიერ წარდგენილი ანგარიშგება არ არის მომზადებული კანონით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, მათ შორის, ანგარიშგება არ შეიცავს მოგება-ზარალის თაობაზე ინფორმაციასა და განმარტებით შენიშვნებს, ასევე, ანგარიშგებიდან არ იკვეთება შესადარისი პერიოდი. კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური ითხოვს კომისიამ დაავალოს შპს „სუპერ ტვ“-ს კანონით გათვალისწინებული სტანდარტით მომზადებული ანგარიშგებების სამსახურში წარდგენა.
შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 7 მაისს, 15 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს „სუპერ ტვ“-ის ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (N გ-20-03/1488, 04/05/2020). ამავე შეტყობინებით, მას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შეტყობინებით, კომპანიას ასევე, ეცნობა, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, კომისია გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე და კომისიის სხდომაზე დისტანციურად დასწრების მიზნით, გაეგზავნებოდათ სპეციალური ბმული (ლინკი), კომისიისთვის ცნობილ და მათ მიერ დაფიქსირებულ ბოლო ელფოსტის ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე. შესაბამისად, შპს „სუპერ ტვ“-ს ეთხოვა, რომ შესაბამის ელექტრონულ პორტალზე (https://eforms.gncc.ge) უმოკლეს ვადაში განეახლებინა ან/და კომისიის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე (post@gncc.ge) გამოეგზავნათ მათი საკონტაქტო მონაცემები (ელფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი), წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისია იხელმძღვანელებდა მის ხელთ არსებული ბოლო საკონტაქტო მონაცემებით, რომელზეც გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლებოდა ოფიციალურად გაგზავნილად, ყველა თანმდევი სამართლებრივი შედეგით. ამასთანავე, შპს ,,სუპერ ტვ“-ს ეცნობა, რომ კომისიის შესაბამისი შეტყობინებები და გადაწყვეტილებები გამოქვეყნდებოდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზეც (www.gncc.ge). კომისიის 2020 წლის 7 მაისის სხდომაზე კომისიის შეტყობინებით (N გ-20-03/1489, 04/05/2020) ასევე მოწვეულ იქნა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური.
კომისია აღნიშნავს, რომ 2020 წლის 5 მაისს და 6 მაისს შპს „სუპერ ტვ“-იმ კომისიას წერილობით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/2402, 05.05.2020 და შ-20-6/2425, 06.05.2020) აცნობა, რომ კომპანიამ აღმოფხვრა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურის“ წერილში აღნიშნული ხარვეზები და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სტანდარტის შესაბამისი ანგარიში წარუდგინა. ასევე, "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა" შპს „სუპერ ტვ’-ის შეატყობინა, რომ მათ მიერ წარდგენილი ანგარიშგება დადასტურებულია და გასაჯაროებულია ანგარიშგების პორტალზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაციის სისწორე დადასტურებულია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის (N 16/42402,06/05/2020) წერილით, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „სუპერ ტვ“-იმ მ/წლის 6 მაისს ხელახლა წარუდგინა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს ანგარიშგება, რომელიც გასაჯაროვებულია ანგარიშგების პორტალზე (www.reportal.ge). შესაბამისად, 18 მარტის N16/33782 წერილში მითითებული სამართალდარღვევა ამ ეტაპზე აღარ ფიქსირდება.
2020 წლის 7 მაისის კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „სუპერ ტვ“-ის წარმომადგენელი, ამასთან, კომპანიას კომისიაში არ წარმოუდგენია შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე. შეტყობინებების მხარისათვის გაგზავნითა და ჩაბარებით, კომისიამ უზრუნველყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „სუპერ ტვ“-ის წარმომადგენლის დაუსწრებლად.
II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები;
1. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათი (N 20-10-797, 26/03/2020);
2. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წერილი კომისიას (N 16/33782, 18/03/2020);
3. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „სუპერ ტვ“-ის შესახებ მონაცემები;
4. შპს „სუპერ ტვ“-ისთვის გაგზავნილი შეტყობინება (Nგ-20-03/1488, 04/05/2020) კომისიის 2020 წლის 7 მაისის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;
5. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის გაგზავნილი შეტყობინება (N გ-20-03/1489, 04/05/2020) კომისიის 2020 წლის 7 მაისის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;
6. შპს „სუპერ ტვ“-ის წერილები ( კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/2402, 05.05.2020 და Nშ-20-6/2425, 06.05.2020);
7. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წერილი კომისიას (N 16/42402, 06/05/2020).
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „სუპერ ტვ“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისიის მიერ ავტორიზებულ პირს;
2. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ კომისიისთვის მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ წარდგენილი ინფორაციის თანახმად, შპს „სუპერ ტვ“ მიეკუთვნება მესამე ზომითი კატეგორიის საწარმოს ( „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის უ) ქვეპუნქტით განსაზღვრულ მესამე კატეგორიის საწარმოს);
3. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შპს „სუპერ ტვ“ ვალდებულია ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგინონ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით;
4. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, „მეორე და მესამე კატეგორიების საწარმოები ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებენ მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS for SMEs) შესაბამისად. ამასთანავე, მათ უფლება აქვთ, გამოიყენონ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS)“.
5. სუბიექტის მიერ 2019 წლის 26 სექტემბერს წარდგენილი ანგარიშგება არ იყო მომზადებული კანონით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, მათ შორის, ანგარიშგება არ შეიცავდა მოგება-ზარალის თაობაზე ინფორმაციასა და განმარტებით შენიშვნებს, ასევე, ანგარიშგებიდან არ იკვეთებოდა შესადარისი პერიოდი;
6. 2020 წლის 6 მაისს შპს „სუპერ ტვ“-იმ ხელახლა წარუდგინა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს ანგარიშგება, რომელიც გასაჯაროვებულია ანგარიშგების პორტალზე (www.reportal.ge). შესაბამისად, 18 მარტის N16/33782 წერილში მითითებული სამართალდარღვევა 2020 წლის 6 მაისის მდგომარეობით აღარ ფიქსირდება.
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სუბიექტი (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა) ვალდებულია მისთვის ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგინოს სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით;
2. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით. ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება უნდა შეესაბამებოდეს ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებს;
3. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მეორე და მესამე კატეგორიების საწარმოები ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებენ მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS for SMEs) შესაბამისად. ამასთანავე, მათ უფლება აქვთ, გამოიყენონ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS).
4. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23- ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონისა და მის საფუძველზე მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს რეგულირებისადმი/ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის მიმართ გამოსაყენებელ სანქციებს განსაზღვრავს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო;
5. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26- ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების წარმოებისა და კონსოლიდაციის წესების, მე-7 მუხლის, მე-8 მუხლის, მე-9 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებისა და მე-16 მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობა ან/და აუდიტორული შემოწმების ჩატარებისათვის თავის არიდება გამოიწვევს სუბიექტის დაჯარიმებას: ა) მეოთხე კატეგორიის საწარმოსი – 500 ლარის ოდენობით; ბ) მესამე კატეგორიის საწარმოსი – 1 000 ლარის ოდენობით; გ) მეორე კატეგორიის საწარმოსი – 5 000 ლარის ოდენობით; დ) პირველი კატეგორიის საწარმოსი და სდპ-ისა – 10 000 ლარის ოდენობით. ხოლო მეორე პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის სამსახურმა შესაძლებელია ფულადი ჯარიმის ნაცვლად წერილობითი გაფრთხილება გამოიყენოს. სამსახურის წერილობითი გაფრთხილების შეუსრულებლობის ან/და პასუხისმგებლობის დაკისრებიდან 1 თვის ვადაში შესაბამისი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სუბიექტს უორმაგდება დაკისრებული ჯარიმის ოდენობა;
6. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 27- ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია ამ კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა. ამ შემთხვევაში უფლებამოსილი პირი აღნიშნული საქმის განხილვის შედეგებზე დაყრდნობით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს გამოსცემს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული 2018 წლის ანგარიშგებების, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში კანონით დადგენილი სტანდარტის დაუცველად წარდგენით დარღვეულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი, რაც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად სანქცირების საფუძველია. გამომდინარე იქიდან, რომ კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდგომ შპს „სუპერ ტვ“-იმ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარადგინა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სტანდარტის ანგარიშგება, რომელიც გადაწყვეტილების მიღების დღისათვის გასაჯაროვებულია ანგარიშგების პორტალზე (www.reportal.ge), კომისიას მიაჩნია, რომ შპს „სუპერ ტვ“ ცნობილი უნდა იქნას სამართალდამრღვევად და უნდა გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან, ვინაიდან ადმინისტრაციული წარმოების პროცესში აღმოფხვრა სამართალდარღვევა.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის და მე-8 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „სუპერ ტვ“ ცნობის იქნას სამართალდამრღვევად „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო;
2. შპს „სუპერ ტვ“-ი გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „სუპერ ტვ“-სთვის და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ო.ვოტ);
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.გოშუა) შპს „სუპერ ტვ“-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სუპერ ტვ“-სთვის ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „სუპერ ტვ“-სთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-4 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
