შპს ,,ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 14, 2020 17:21
მიღების თარიღი მაისი 07, 2020
შპს ,,ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 20-10-905, 15/04/2020) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში (N 20-10-905, 15/04/2020) აღნიშნულია, რომ 2020 წლის 10 აპრილს Nგ-20-06/1279 კომისიამ წერილობით მიმართა შპს „ვიონი საქართველოს“. წერილით მოთხოვნილი იყო F97 რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიიდან გამომდინარე, 2020 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით ლიცენზიის „ე.ბ.“ და „ე.გ.“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სალიცენზიო ვალდებულებების შესრულების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნული ლიცენზია შპს „მობიტელს“ (ამჟამად - შპს „ვიონი საქართველო“) მიენიჭა კომისიის 2016 წლის 29 სექტემბრის N653/2 გადაწყვეტილებით. კერძოდ, აღნიშნული ლიცენზიის „ე.ბ.“ და „ე.გ.“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) საქართველოს იმ დასახლებული პუნქტებისათვის (მოსახლეობის განსახლების პირველადი ტერიტორიული ერთეული, რომელსაც აქვს სახელწოდება, ადმინისტრაციული საზღვრები, ტერიტორია და ჰყავს რეგისტრირებული მოსახლეობა), სადაც საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის და შემდგომში - უახლესი საყოველთაო აღწერის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა 5000-ზე ნაკლებია, შემდეგი პირობებით: უზრუნველყოს მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა დასახლებული პუნქტების რაოდენობის მინიმუმ 90%- ში 2020 წლის 1 თებერვლამდე; ამასთან შენიშვნის მიხედვით, დასახლებულ პუნქტში მომსახურების ხელმისაწვდომობა არის განსაზღვრული ხარისხის მომსახურების სტაბილურად მიწოდების უზრუნველყოფა დასახლებული პუნქტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული მოსახლეობის 100%–სთვის. შესაბამისად, წერილით მოთხოვნილ იქნა აღნიშნული გადაწყვეტილების „ე.ბ“ და „ე.გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად იმ დასახლებული პუნქტების ჩამონათვალი, რომლებიც აკმაყოფილებენ ლიცენზიით ნაკისრ ვალდებულებას. ამასთან, კომისიის წერილში ასევე მითითებული იყო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ავტორიზირებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ინფორმაცია მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად. ასევე, მითითებული იყო, რომ ავტორიზირებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. ზემოთქმულიდან გამომდინარე, კომისიამ კომპანიას განუსაზღვრა მოთხოვნილი ინფორმაციის 10 სამუშაო დღის ვადაში წარდგენა.
2020 წლის 13 აპრილს შპს „ვიონი საქართველოსაგან“ კომისიაში შემოვიდა საპასუხო წერილი (შ-20-6/2000), სადაც აღნიშნულია, რომ კომპანია არ აწარმოებს დაფარვის შესახებ აღრიცხვას დასახლებული პუნქტების მიხედვით, არამედ აღრიცხვა წარმოებდა მთლიანი ქვეყნის მასშტაბით, ტერიტორიისა და მოსახლეობის დაფარვის (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა), პროცენტული მაჩვენებლით და 13 აპრილის მდგომარეობით, შპს ,,ვიონი საქართველოს“ ქსელით დაფარული იყო: საქართველოს მოსახლეობა - 92%; საქართველოს ტერიტორია -87%.
შპს ,,ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 30 აპრილს 15:00 საათზე, რის შესახებ შპს ,,ვიონი საქართველოს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (N გ-20-03/1400;
24/04/2020). ამავე შეტყობინებით, მას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
კომისიის 2020 წლის 30 აპრილის სხდომას ესწრებოდა შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელი, ი. ესართია, რომელმაც აღნიშნა, შემდეგი: შპს „ვიონი საქართველოს“ მიაჩნია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი არ დაურღვევია, ვინაიდან ვალდებულებად არსად ყოფილა გაწერილი, რომ კომპანიას ასეთი სახით აღრიცხვა უნდა ეწარმოებინა. გარდა ამისა, კომპანიას არ გააჩნია კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია და ვერც წარმოადგენდა. ამასთან, თუ ავტორიზებულ პირს არ გააჩნია ინფორმაცია, რომელსაც კომისია მისგან ითხოვს, მას სანქცია ვერ დაეკისრება ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო, ვინაიდან მას ეს ინფორმაცია ფიზიკურად არ გააჩნია; ზემოხსენებული მუხლის დარღვევის ფაქტი დგება მაშინ, როდესაც ავტორიზებულ პირს გააჩნია ინფორმაცია და მის წარმოდგენაზე უარს აცხადებს. კომისიის პირველი წერილის შემდეგ კომპანიამ მიიღო კომისიისაგან მეორე მოთხოვნა, რომ GIS ფორმატის მეშვეობით წარედგინათ კომისიაში მოთხოვნილი ინფორმაცია, რაზეც კომპანიის პასუხი იყო, რომ ეს პროგრამა კომპანიას არ გააჩნია. სხდომის დღის წესრიგის წინა საკითხის განხილვის ფარგლებშიც განიმარტა, რომ აღნიშნული პროგრამა კომპანიას არ გააჩნია და მის დანერგვას შეძლებენ 3 თვის ვადაში, რაც კომისიამ გაითვალისწინა და პირველადი ინფორმაციის წარმოდგენის ვადა დადგენილების მიღებიდან 3 თვით განსაზღვრა. შესაბამისად, კომპანია მოთხოვნილი ფორმატის ინფორმაციის წარმოდგენას შეძლებს 3 თვის ვადაში. კომისიას აინტერესებს კომპანიის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულება დაფარვის ვალდებულების კუთხით, რის გადამოწმებასაც კომისია ადვილად შეძლებს, როდესაც შპს „ვიონი საქართველო“ შეიძენს შესაბამის პროგრამას 3 თვის განმავლობაში და ატვირთავს მონაცემებს. კომისიაში იყო წარმოდგენილი ინფორმაცია, რომ რუკის მიხედვით შპს ,,ვიონი საქართველოს“ ქსელით დაფარულია საქართველოს მოსახლეობის 92%, შესაბამისად, სალიცენზიო ვალდებულება შესრულებულია. ლიცენზიაში კონკრეტული დასახლებული პუნქტები არ არის მითითებული, პირობა ადგენს, რომ უნდა ყოფილიყო მოცული დასახლებული პუნქტები 5000-ზე ნაკლები მოსახლეობის რაოდენობით, კონკრეტული იქნებოდა სოფლები რომ ყოფილიყო ჩამოთვლილი; კომპანია ვალდებულების შესრულებაში დარწმუნდა რუკის მეშვეობით, რომელიც კომისიაშიც არის წარმოდგენილი და აჩვენებს, საქართველოს ტერიტორიის რამდენი პროცენტია დაფარული, რომლებშიც მცირე მოსახლეებიანი სოფლებიც შედის; კომისიის ვალდებულებაა შეამოწმოს სალიცენზიო პირობის შესრულება და თუ დარღვევას აღმოაჩენს, დააკისრებს კომპანიას სანქციას; კომისიამ უნდა შეისწავლოს, ასრულებს თუ არა კომპანია სალიცენზიო პირობას, თუ არ ასრულებს, წარმოადგინოს მტკიცებულება და დაიწყოს ცალკე პროცესი. რაც შეეხება ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულების დარღვევას, არსად წერია, რომ კომპანიამ დასახლებული პუნქტების მიხედვით უნდა აწარმოოს აღრიცხვა და ამით ამტკიცოს, ასრულებს თუ არა სალიცენზიო ვალდებულებას;
წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ 2016, 2017 და 2018 წლებში და 2020 წლის 1 თებერვლისთვის კომისიას ასევე ჰქონდა შემოწმების ვალდებულება. წინა 3 წლის განმავლობაში კომისია ამოწმებდა დაფარვას, მაგრამ არცერთხელ არ მოუთხოვია დასახლებული პუნქტების ჩამონათვალი. ახლაც ისევე შეუძლია შემოწმება, როგორც წინა წლებში ამოწმებდა. კომპანიას აღრიცხვა არ უწარმოებია დასახლებული პუნქტების დასახელებების მიხედვით და სახელების ჩამონათვალი არ გაუკეთებიათ არც 2016, არც 2017 და არც 2018 წლებში, როდესაც კომისია ამოწმებდა დაფარვის მდგომარეობას. საქართველოს ტერიტორიის მხოლოდ 17%-ია დაუფარავი და კომპანიას მიაჩნია, რომ სალიცენზიო პირობა შესრულდა. აღნიშნულ 17%-ზე ისეთი დასახლებული პუნქტების რაოდენობა, რომლის მოსახლეობაც 5000-ზე ნაკლებია, იქნება მიზერული, ან იქნება საერთოდ დაუსახლებელი ტერიტორია. კომპანიას არ აქვს სამართლებრივი ვალდებულება დასახლებული პუნქტების სახელებით ეწარმოებინა აღრიცხვა; ამასთან, კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია კომპანიას არ გააჩნია. კომპანია წარმოადგენს ამ ინფორმაციას, მაგრამ მოძიებისთვის 1 თვე არ იქნება საკმარისი, არსებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე.
კომისიამ, შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენლის, ი. ესართიას პოზიციის წარმოდგენის შემდეგ აღნიშნა, შემდეგი: შპს „ვიონი საქართველოს“ ლიცენზიით ჰქონდა განსაზღვრული 2020 წლის თებერვლამდე დაფარვის ვალდებულება (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) საქართველოს იმ დასახლებული პუნქტებისათვის (მოსახლეობის განსახლების პირველადი ტერიტორიული ერთეული, რომელსაც აქვს სახელწოდება, ადმინისტრაციული საზღვრები, ტერიტორია და ჰყავს რეგისტრირებული მოსახლეობა), სადაც საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის და შემდგომში - უახლესი საყოველთაო აღწერის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა 5000-ზე ნაკლებია და სადაც უზრუნველყოფს ლიცენზიის მფლობელი მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას დასახლებული პუნქტების რაოდენობის მინიმუმ 90%-ში. კომისიას სჭირდება დასაბუთება, რის საფუძველზე დარწმუნდა შპს „ვიონი საქართველო“, რომ სალიცენზიო ვალდებულება ტერიტორიის დაფარვის თაობაზე, შეასრულა. სალიცენზიო ვალდებულებაში კომპანიას საქართველოს მოსახლეობის და ტერიტორიის დაფარვის პროცენტები არ უწერია, არამედ დაკონკრეტებულია, რომ უნდა ყოფილიყო დაფარული დასახლებული პუნქტები, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 5000-ზე ნაკლებია; შესაბამისად, კომპანიისთვის უნდა იყოს ცნობილი, რომელი დასახლებული პუნქტებია 5000-ზე ნაკლები მოსახლეობით და ეს უნდა ჰქონდეს აღრიცხული, ვინაიდან ასეთი დასახლებული პუნქტების კონკრეტული პროცენტული რაოდენობა აქვს დასაფარი. მონიტორინგი არის კომისიის ვალდებულება, ასევე კომისიის ვალდებულებაა იმის შემოწმება, როგორ შეასრულა ლიცენზიის მფლობელმა ვალდებულება. თუ ოპერატორმა 5000 მოსახლეზე ნაკლებით დასახლებული პუნქტების მოსახლეობის 90% არ უზრუნველყო მომსახურებით, ეს ნიშნავს სალიცენზიო ვალდებულების შეუსრულებლობას; შესრულებულია თუ არა სალიცენზიო ვალდებულება, დგება კითხვის ნიშნის ქვეშ წარმომადგენლის პოზიციიდან გამომდინარე, რომელიც აცხადებს, რომ კომპანიას არ მიუქცევია ყურადღება, დაფარა თუ არა 5000 მოსახლეზე ნაკლებით დასახლებული პუნქტების მოსახლეობის 90% და შეასრულა თუ არა ეს სალიცენზიო ვალდებულება. სალიცენზიო ვალდებულებაში არ ეწერა მთელი საქართველოს მოსახლეობის 90%-ის დაფარვა. კომისია არ გამორიცხავს, რომ ეს ვალდებულება შესრულებული იყოს, თუმცა გაჩნდა კითხვა, რადგანაც კომპანიას სალიცენზიო პირობით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისი ინფორმაცია არ წარმოუდგენია კომისიაში (5000 მოსახლეზე ნაკლებით დასახლებული პუნქტების მოსახლეობის 90%). ამ ინფორმაციის წარმოსადგენად შპს „ვიონი საქართველოს“ 3 თვე და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა არ უნდა დასჭირდეს, ეს უკვე გაკეთებული უნდა ჰქონდეს. თუ ამისთვის პროგრამული უზრუნველყოფა იყო საჭირო, ეს დანერგილი უნდა ჰქონოდა, რათა სწორად შეესრულებინა სალიცენზიო ვადებულება და ეწარმოებინა შესაბამისი აღრიცხვა. კომპანიას, თუ ნამდვილად აქვს მოცული ანძებით მოსახლეობის 92%, შეუძლია ნახოს 5000-ზე ნაკლები მოსახლეობით დასახლებული ტერიტორიები, გააკეთოს გათვლა და წარმოადგინოს ინფორმაცია, ასეთი პუნქტებიდან რომლებია დაფარული და ეს საერთო რაოდენობის რამდენი პროცენტია. კომპანიამ 5000-ზე ნაკლები მოსახლეობით დასახლებული პუნქტების რაოდენობის 90% უნდა დაფაროს. ეს არის სალიცენზიო პირობა. იმისთვის, რომ კომისიამ შეამოწმოს, რამდენად ზუსტად შეასრულა შპს „ვიონი საქართველომ“ სალიცენზიო პირობა, მიმართავს კომპანიას წარმოადგინოს ბოლო აღწერით 5000-ზე ნაკლები მოსახლეობით დასახლებული პუნქტების X რაოდენობის 90% (ასევე კონკრეტული რიცხვი) დასახლებული პუნქტების ჩამონათვალი, რომლებშიც კომპანიას მე-4 თაობის ტექნოლოგია აქვს დანერგილი. საუბარი არ არის ისეთი სირთულის ინფორმაციის წარმოდგენაზე, რომელსაც სპეციალური აღრიცხვა, პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა ესაჭიროება. კომპანიისთვის ცნობილი იყო რა სალიცენზიო პირობა უნდა შეესრულებინა 2020 წლის თებერვლისთვის. ამასთან, წინა წლებში შემოწმებებთან დაკავშირებით, კომისიამ აღნიშნა, რომ ის იყო შუალედური შემოწმებები, რომლის დროსაც კომპანია პირველ რიგში ფარავდა 5000 მოსახლეზე ნაკლებით დასახლებულ, მაგრამ შედარებით მსხვილ პუნქტებს და დანარჩენი მოგვიანებით უნდა დაეფარათ. ანუ იყო გარკვეული პროცენტულობით, წლების მიხედვით, დაფარვის ვალდებულება და ამის შესრულება მოწმდებოდა. ამჟამად სალიცენზიო პირობის სრულად შესრულების ვადაა მოსული და ასეთი დასახლებული პუნქტების 90%-ის დაფარვის დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს კომპანიამ. კომანიის გადასაწყვეტი იყო, 100%-დან რომელ კონკრეტულ 90%-ს აირჩევდა მომსახურებით დასაფარად. სწორედ ამ ინფორმაციას ითხოვს კომისია; თუ კომისიამ თავისი მონიტორინგი ისე ჩაატარა, რომ კომპანიისგან ინფორმაციის გამოთხოვა არ დასჭირდა, ეს არ უხსნის ვალდებულებას კომპანიას, რომ გამოთხოვილი ინფორმაცია წარმოადგინოს; კომისია ითხოვს სალიცენზიო ვალდებულების ფარგლებში, რომელი დასახლებული პუნქტები დაფარა მომსახურებით კომპანიამ.
შესაბამისად, იმის დასადგენად თუ რა დრო დასჭირდებოდა კომპანიას კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოსადგენად, შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელმა იშუამდგომლა კომისიის წინაშე სხდომის ერთი კვირით გადადების თაობაზე, რათა საკითხი შეეთანხმებინა კომპანიის ტექნიკურ დირექციასთან, თუ რამდენ ხანში შეძლებდნენ ინფორმაციის წარმოდგენას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სხდომა გადაიდო 2020 წლის 7 მაისისთვის.
კომისიის 2020 წლის 7 მაისის სხდომას ესწრებოდა შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელი, ი. ესართია, რომელმაც აღნიშნა, შემდეგი: შპს „ვიონი საქართველოს არ მიაჩნია, რომ დაარღვია კანონი, ვინაიდან ინფორმაცია რომელიც უნდა წარმოედგინა, მას არ გააჩნია. რაც შეეხება, აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენის ვადას, ტექნიკურ დირექციასთან შეთანხმებით, გაანალიზებულ იქნა სოფლების რაოდენობაც, რომელიც უნდა შემოწმდეს, რაც არის დაახლოებით 3000 სოფელი. აგრეთვე სალიცენზიო ვალდებულებისთვის, გარდა იმისა, რომ კომპანია სიას მიაწვდის კომისიას დასახლებული პუნქტების, კომპანიამ უნდა შეამოწმოს ლიცენზიის პირობების მიხედვით, შესაბამისი სიჩქარეები, რაც ლიცენზიაშია მოცემული, რათა ჩაითვალოს ეს ტერიტორია დაფარული. შესაბამისად, 5-6 თვის პერიოდი სჭირდება აღნიშნულ შემოწმებას, 3000 სოფელი, რომელიც ერთი აპარატით უნდა მოიაროს მთელმა ჯგუფმა მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება დროში გაწელილი. რაც შეეხება მიზანს, რისთვისაც სჭირდება კომისიას აღნიშნული ინფორმაცია 1 აგვისტოს მდგომარეობით, კომისია შეძლებს შეამოწმოს ეს ინფორმაცია GIS პროგრამის მეშვეობით.
კომისიამ აღნიშნა, რომ GIS პროგრამის მეშვეობით შემოწმების შესაძლებლობა არ უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ დღევანდელი ვითარებით, კომპანიამ არც თავად შეამოწმა და არც კომისიას წარმოუდგინა შესაბამისი ინფორმაცია დასახლებული პუნქტების ჩამონათვლის სახით, რათა კომისიას განესაზღვრა, ასრულებს თუ არა კომპანია სალიცენზიო ვალდებულებას. სალიცენზიო პირობების შესრულების შესამოწმებლდა კომისიასაც და კომპანიასაც სჭირდება მომსახურებით დაფარული 5000-ზე ნაკლებით დასახლებული პუნქტების ზუსტი ჩამონათვალი. იმისათვის, რომ კომისიის მიერ განხორციელდეს კომპანიის შემოწმება ასრულებს თუ არა სალიცენზიო პირობებს, აუცილებელია კომპანიას ჰქონდეს დასახლებული პუნქტების ჩამონათვალი. შესაბამისად, 2020 წლის 1 თებერვალს გავიდა ვადა სალიცენზიო პირობების შესრულებისა, აღნიშნულიდან გამომდინარე მოთხოვნილ იქნა დასახლებული პუნქტების ჩამონათვალი, რათა განხორციელებულიყო შემოწმება რამდენად შესრულდა აღნიშნული სალიცენზიო პირობა კომპანიამ, რასთან დაკავშირებითაც კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მას არ ევლებოდა დასახლებული პუნქტების ჩამონათვლის აღწერა, თუ რომელ 90%-ში არის შესაბამისი ხარისხის მომსახურების მიწოდება განხორციელებული. აღნიშნული კი წარმოადგენს კომპანიის სანქცირების საფუძველს, ვინაიდან კომისიაში კომპანიას არ აქვს წარმოდგენილი კომისიის მიერ 2020 წლის 10 აპრილის წერილით (Nგ-20-06/1279) ლიცენზიიდან გამომდინარე მოთხოვნილი ინფორმაცია დასახლებული პუნქტების ჩამონათვლის სახით. კერძოდ, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის კომპანიას არ წარმოუდგენია კომისიაში კომისიის მიერ 2020 წლის 10 აპრილის წერილით (Nგ-20-06/1279) მოთხოვნილი ინფორმაცია, F97 რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიიდან გამომდინარე, 2020 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) საქართველოს იმ დასახლებული პუნქტების ჩამონათვალის სახით (მოსახლეობის განსახლების პირველადი ტერიტორიული ერთეული, რომელსაც აქვს სახელწოდება, ადმინისტრაციული საზღვრები, ტერიტორია და ჰყავს რეგისტრირებული მოსახლეობა), სადაც საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის და შემდგომში - უახლესი საყოველთაო აღწერის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა 5000-ზე ნაკლებია და სადაც უზრუნველყოფს ლიცენზიის მფლობელი მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას დასახლებული პუნქტების რაოდენობის მინიმუმ 90%-ში. ამასთან, კომისიამ აღნიშნა, რომ კომისია არის მარეგულირებელი ორგანო, რომლის მოთხოვნის შესრულება არის სავალდებულო კომპანიისათვის, მით უფრო რომ აღნიშნული ინფორმაცია გამომდინარეობდა შესაბამისი ლიცენზიიდან.
II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 20-10-905, 15/04/2020);
2. შპს „ვიონი საქართველოსთვის“ გაგზავნილი კომისიის 2020 წლის 10 აპრილის Nგ-20-06/1279 წერილი;
3. შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ კომისიისათვის გამოგზავნილი 2020 წლის 13 აპრილი Nშ-20-6/2000 საპასუხო წერილი;
4. შპს „ვიონი საქართველოსთვის“ გაგზავნილი შეტყობინება (N გ-20-03/1400; 24/04/2020) კომისიის 2020 წლის 30 აპრილის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;
5. მონაცემები შპს „ვიონი საქართველოს“ შესახებ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „ვიონი საქართველო“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 12.02.2010);
2. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის კომანიას არ წარმოუდგენია კომისიაში კომისიის მიერ 2020 წლის 10 აპრილის წერილით (Nგ-20-06/1279) მოთხოვნილი ინფორმაცია, F97 რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიიდან გამომდინარე, კერძოდ, 2020 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) საქართველოს იმ დასახლებული პუნქტების ჩამონათვალი (მოსახლეობის განსახლების პირველადი ტერიტორიული ერთეული, რომელსაც აქვს სახელწოდება, ადმინისტრაციული საზღვრები, ტერიტორია და ჰყავს რეგისტრირებული მოსახლეობა), სადაც საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის და შემდგომში - უახლესი საყოველთაო აღწერის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა 5000-ზე ნაკლებია და სადაც უზრუნველყოფს ლიცენზიის მფლობელი მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას დასახლებული პუნქტების რაოდენობის მინიმუმ 90%-ში.
3. შპს „ვიონი საქართველოს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/მსგავსი დარღვევისათვის ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციებია: ზ) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო პირობების, აგრეთვე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება; მ) სხვა ფუნქციები, რომლებიც გამომდინარეობს ამ კანონიდან და კომისიის ამოცანებიდან.
3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ- ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ვიონი საქართველოს“ მიერ კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოუდგენლობით („ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად) დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. გამომდინარე იქიდან, რომ შპს ,,ვიონი საქართველოს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა, ის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს. ამასთან, კომპანიას უნდა დაევალოს კომისიაში კომისიის 2020 წლის 10 აპრილის წერილით (Nგ-20-06/1279) მოთხოვნილი ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის 1 აგვისტომდე.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95, 98-ე, 99-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-3 პუნქტის „ზ“ და „მ“ ქვეპუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შპს ,,ვიონი საქართველოს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო.
2. დაევალოს შპს ,,ვიონი საქართველოს“ F97 რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიიდან გამომდინარე, 2020 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) საქართველოს იმ დასახლებული პუნქტების ჩამონათვალის წარმოდგენა (მოსახლეობის განსახლების პირველადი ტერიტორიული ერთეული, რომელსაც აქვს სახელწოდება, ადმინისტრაციული საზღვრები, ტერიტორია და ჰყავს რეგისტრირებული მოსახლეობა), სადაც საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის და შემდგომში - უახლესი საყოველთაო აღწერის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა 5000-ზე ნაკლებია და სადაც უზრუნველყოფს ლიცენზიის მფლობელი მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას დასახლებული პუნქტების რაოდენობის მინიმუმ 90%-ში (შენიშვნა: დასახლებულ პუნქტში მომსახურების ხელმისაწვდომობა არის განსაზღვრული ხარისხის მომსახურების სტაბილურად მიწოდების უზრუნველყოფა დასახლებული პუნქტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული მოსახლეობის 100%–სთვის), 2020 წლის 1 აგვისტომდე.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,ვიონი საქართველოსათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge ) გამოქვეყნება.
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. კაველიძე) შპს ,,ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ვიონი საქართველოსათვის“ ჩაბარების დღიდან.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების შპს ,,ვიონი საქართველოსათვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ლ. ლაშქარავა).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
