შპს „დისქავერი ჯორჯიასათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 19, 2020 12:46
მიღების თარიღი მაისი 14, 2020
შპს „დისქავერი ჯორჯიასათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N20-10-956, 27/04/2020) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „დისქავერი ჯორჯიასათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართვლოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში (N 20-10-956, 27/04/2020) აღნიშნულია, რომ დეპარტამენტის მიერ სამაუწყებლო ბადის წარმოდგენასთან დაკავშირებული პერიოდული მონიტორინგის განხორციელებისას შემოწმდა შპს „დისქავერი ჯორჯიას“ მიერ სამაუწყებლო ბადის წარმოდგენა, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ მაუწყებელს 2019 წლის მარტის შემდეგ კომისიის ელექტრონული პორტალის საშუალებით სამაუწყებლო ბადე არ წარმოუდგენია. 2020 წლის 16 აპრილს კომისიამ წერილით (Nგ-20-04/1349, 16.04.2020) მიმართა შპს „დისქავერი ჯორჯიას“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი ვალდებულია ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით, მოსთხოვა 2 სამუშაო დღის ვადაში კომისიის ელექტრონულ პორტალზე სრულად წარმოედგინათ სამაუწყებლო პროგრამა და შემდგომში ყოველკვირეულად უზრუნველეყოთ მისი კომისიისათვის მიწოდება. კომისიის მოთხოვნას მაუწყებლის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „დისქავერი ჯორჯიას“ მხრიდან ადგილი აქვს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობას.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „დისქავერი ჯორჯიასათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 14 მაისს, 15:00 საათზე, რის შესახებაც შპს „დისქავერი ჯორჯიას“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (N გ-20-03/1539, 06/05/2020). ამავე შეტყობინებით, კომპანიას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
კომისიის 2020 წლის 14 მაისის სხდომას ესწრებოდა გ. ჟორჟოლიანი, რომელმაც შპს „დისქავერი ჯორჯიას“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართვლოს კანონის დარღვევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სრულად იზიარებს კომისიის დასკვნას აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით, ვინაიდან კანონის უზენაესობა ყველასათვის შესასრულებელია. ამასთან, კომპანიის დირექტორი, რომლის ხელმძღვანელობითაც ხდება ბადის შემუშავება და დამტკიცება, იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მარტის შემდგომ უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ საზღვრები ჩაიკეტა და ვინაიდან ქვეყანაში შეიქმნა პანდემიიდან გამომდინარე სიტუაცია კომპანიამ ვერ უზრუნველყო აღნიშნული სიტუაციის მოგვარება.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-956, 27.04.2020);
2. კომისიის წერილი (Nგ-20-04/1349, 16.04.2020) გაგზავნილი შპს „დისქავერი ჯორჯიასათვის“;
3. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „დისქავერი ჯორჯიას“ შესახებ მონაცემები;
4. შპს „დისქავერი ჯორჯიასათვის“ გაგზავნილი შეტყობინება (N გ-20-03/1539, 06/05/2020)
კომისიის 2020 წლის 14 მაისის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „დისქავერი ჯორჯია“ 2016 წლის 21 ივლისიდან წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს;
2. შპს „დისქავერი ჯორჯიას“ 2019 წლის მარტის შემდეგ, კომისიის ელექტრონული პორტალის საშუალებით, სამაუწყებლო ბადე არ წარმოუდგენია;
3. შპს „დისქავერი ჯორჯიას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/მსგავსი დარღვევისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
2. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.
კომისიას მიაჩნია, რომ შპს „დისქავერი ჯორჯიას“ მიერ 2019 წლის მარტიდან დღემდე კომისიისთვის მომდევნო კვირის პროგრამების განრიგის, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით ინფორმაციის წარმოუდგენლობით დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტები, რაც წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „დისქავერი ჯორჯიას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იგივე/მსგავსი ხასიათის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებისა და 71-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შპს „დისქავერი ჯორჯიას“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების შპს „დისქავერი ჯორჯიასათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gnccge) გამოქვეყნება;
3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. კაველიძე) შპს „დისქავერი ჯორჯიასათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „დისქავერი ჯორჯიასათვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 და მე-3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
