წვდომის მენიუ

მაუწყებლისთის - ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 440

გამოქვეყნების თარიღი მაისი 21, 2020 13:00

მიღების თარიღი მაისი 14, 2020

მაუწყებლისთის - ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.           აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  (შემდგომში  „კომისია“)  აპარატის  აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების  დეპარტამენტის  სამსახურებრივი ბარათის (N20-10-893, 14.04.2020)  საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის  მარეგულირებელი  წესების“  36-ე  მუხლის  მე-14  პუნქტის  შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართვლოს კანონის 451  მუხლის მე-10 პუნქტის  ა) და დ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამეენტის სამსახურებრივ   ბარათში   (N   20-10-952,   27/04/2020)    აღნიშნულია,   რომ დეპარტამენტის  მიერ სამაუწყებლო ბადის წარმოდგენასთან დაკავშირებული პერიოდული მონიტორინგის განხორციელებისას შემოწმდა მაუწყებლის - ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ მიერ სამაუწყებლო ბადის წარმოდგენა, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ მაუწყებელს 2019 წლის მარტის შემდეგ კომისიის ელექტრონული პორტალის საშუალებით სამაუწყებლო ბადე არ წარმოუდგენია. 2020 წლის 16 აპრილს კომისიამ წერილით (Nგ-20-04/1348,16.04.2020) მიმართა მაუწყებელს - ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმადაც მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი ვალდებულია ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით, მოსთხოვა სამაუწყებლო ბადის 2 სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენა. კომისიის მოთხოვნას მაუწყებლის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ მაუწყებლის - ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ მხრიდან ადგილი აქვს კანონმდებლობით დადგენლი ვალდებულების შეუსრულებლობას.

კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა  2020  წლის  14  მაისის,  15:00  საათზე,  რის  შესახებაც  მაუწყებელს  -  ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (Nგ-20-03/, 6/05/2020). ამავე შეტყობინებით, მას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შეტყობინებით, კომპანიას ასევე, ეცნობა, რომ კომისია გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე და კომისიის სხდომაზე დისტანციურად დასწრების მიზნით, გაეგზავნებოდათ სპეციალური ბმული (ლინკი), კომისიისთვის ცნობილ და მათ მიერ დაფიქსირებულ ბოლო ელფოსტის ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე.

კომისიის 2020 წლის 14 მაისის სხდომაზე გამოცხადდნენ ქეთევან სესიაშვილი, გიგა ჭეიშვილის და ზვიად კვირიკაძე. გ.ჭეიშვილმა განმარტა, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, რომელიც წარმოადგენს ფორს-მაჟორს, სატელევიზიო ბადე, რომელშიც უნდა მიეთითებინათ პროგრამის დასახელება, ანოტაცია, გაშვების დრო, არ იყო წარდგენილი კომისიაში. ტელეკომპანიას დაგეგმილი ჰქონდა შეევსო და გაემდიდრებინა სამაუწყებლო გადაცემები, მაგრამ რადგანაც პრეზიდენტის დეკრეტით გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, ამან შეცვალა მათი დღის წესრიგი. გ.ჭეიშვილის აზრით, ყოველკვირეული ბადის კომისიაში წარმოუდგენობით, კანონის ფორმალურ დარღვევას აქვს ადგილი და არა არსებით დარღვევას.

კომისიის 2020 წლის 14 მაისის სხდომაზე ახსნა-განმარტება ასევე გააკეთა ზ. კვირიკაძემ, რომელმაც აღნიშნა,  რომ  მაუწყებლის  - ააიპ  „ჟურნალისტები და  იურისტები  დემოკრატიისა და  ადამიანის უფლებებისათვის“ მხრიდან დარღვევა გამოწვეული იყო სერვერის დაზიანებისა და პროგრამის არევის გამო. ასევე, ფორს-მაჟორული სიტუაციის გამო ვერ მოხერხდა რესპოდენტებთან გადაცემების ჩაწერა. მან თხოვნით მიმართა კომისიას, რომ ამ შემთხვევაში, მისთვის კანონით მინიჭებული უფლების შესაბამისად, შემოიფარგლოს გაფრთხილებით და დაამატა, რომ ყველაფერი გამოსწორებული იქნება.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1.  კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამეენტის მოხსენებითი ბარათი (N 20-10-952, 27/04/2020);

2. კომისიის წერილი (Nგ-20-04/1348, 16.04.2020) გაგზავნილი ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“;

3.   მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან კომპანიის - ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ შესახებ მონაცემები;

4.   ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ გაგზავნილი შეტყობინება (Nგ-20-03/, 06/05/2020) კომისიის 2020 წლის 14 მაისის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;

5.  გიგა ჭეიშვილისა და ზვიად კვირიკაძის მიერ კომისიის 2020 წლის 14 მაისის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

III.        დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1.    ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ 2016 წლის 16 თებერვლიდან წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს;

2. მაუწყებელს - ააიპ  „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ 2019 წლის მარტის შემდეგ, კომისიის ელექტრონული პორტალის საშუალებით, ყოველკვირეულად არ წარმოუდგენია მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

3. მაუწყებლის - ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/მსგავსი დარღვევისათვის „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონით  გათვალისწინებული  პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

IV.  გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.  ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს  კანონის  მე-3  მუხლის  პირველი  პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

2.   ,,მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე–5  მუხლის  მე–3  პუნქტის  ვ)  ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის  სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;

3.  „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   451 მუხლის   მე-10   პუნქტის   ა)  ქვეპუნქტის თანახმად,  ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

4.   „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  451 მუხლის  მე-10  პუნქტის  დ)  ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია  ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

5.   „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  71-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის  თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

კომისიას  მიაჩნია,  რომ  მაუწყებლის  -  ააიპ  „ჟურნალისტები  და  იურისტები  დემოკრატიისა  და ადამიანის უფლებებისათვის“ მიერ 2019 წლის მარტიდან დღემდე კომისიისთვის მომდევნო კვირის პროგრამების   განრიგის,   პროგრამების   დასახელებისა   და   მოკლე   ანოტაციის   მითითებით ინფორმაციის     კომისიაში     წარმოუდგნელობით     დარღვეულია     „მაუწყებლობის     შესახებ“ საქართველოს კანონის   451  მუხლის მე-10 პუნქტის ა)   და დ) ქვეპუნქტები, რაც წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის  დაკისრების  საფუძველს.    გამომდინარე  იქიდან,  რომ  მაუწყებლის  -  ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ მიმართ  ბოლო ერთი წლის განმავლობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იგივე/მსგავსი ხასიათის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის  ვ) ქვეპუნქტის,  451 მუხლის მე-10 პუნქტის  ა)  და დ) ქვეპუნქტებისა და 71-ე მუხლის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98- ე და 99-ე მუხლებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1.  მაუწყებელს-ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და დ) ქვეპუნქტების  დარღვევის გამო;

2.   დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ)  გადაწყვეტილების მაუწყებლისთვის- ააიპ  „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gnccge) გამოქვეყნება;

3.    დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) მაუწყებლისთვის - ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

4.  გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის მაუწყებლისთვის-ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“   ჩაბარების დღიდან;

5.    გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;

6.    კონტროლი  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  (გარდა  მე-2  და  მე-3  პუნქტებისა)  დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).

კახი ბექაური       თავმჯდომარე

ელისო ასანიძე     წევრი

მერაბ ქათამაძე    წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები