შპს,,ბათუმი 777“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 27, 2020 17:28
მიღების თარიღი მაისი 21, 2020
შპს,,ბათუმი 777“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მომსახურებების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№20-10-1021, 08.05.2020) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ბათუმი 777“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის მიზნით. აღნიშნული სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტის მიერ შპს „ბათუმი 777“-ის სამაუწყებლო ბადის შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ 2020 წლის 10-15 აპრილს სამაუწყებლო ეთერში განთავსდა ანიმაციური ფილმები: „Oddbods Show“, „Shaun the Sheep“, სერიალი „Mr Bean“ და მხატვრული ფილმები: „მხსნელი“, „ჭირვეულის მორჯულება“ და „უძინართა მზე“. მონიტორინგის შედეგად ასევე გამოირკვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,ბათუმი 777“-ს ავტორიზაცია გავლილი აქვს საერთო მაუწყებლობაზე, სამაუწყებლო ეთერში არ იყო განთავსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები. 2020 წლის 29 აპრილს, კომისიამ წერილობით მიმართა შპს ,,ბათუმი 777“-ს და მოსთხოვა 5 სამუშაო დღეში სამაუწყებლო ბადეში განთავსებული აუდიოვიზუალური პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების ეთერში განუთავსებლობასთან დაკავშირებით პოზიციის წარმოდგენა, რაზედაც კომისიას კომპანიისაგან პასუხი არ მიუღია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს ,,ბათუმი 777“-ის მიერ მოხდა შესაბამისი უფლებების გარეშე აუდიოვიზუალური პროდუქციის ეთერში განთავსება, ავტორიზაციის პირობების დარღვევა და მოითხოვა შესაბამისი რეაგირების განხორციელება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ბათუმი 777“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 21 მაისს, რის შესახებ კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. ამასთან, ეცნობა, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, კომისია გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე და კომისიის სხდომაზე დისტანციურად დასწრების მიზნით, გაეგზავნებოდათ სპეციალური ბმული (ლინკი), კომისიისთვის ცნობილ და მათ მიერ კომისიაში დაფიქსირებულ ბოლო ელფოსტის ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე. შესაბამისად, კომპანიას ეთხოვა, რომ შესაბამის ელექტრონულ პორტალზე (https://eforms.gncc.ge) უმოკლეს ვადაში განეახლებინა ან/და კომისიის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე (post@gncc.ge) გამოეგზავნა საკონტაქტო მონაცემები (ელფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი), წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისია იხელმძღვანელებდა მის ხელთ არსებული ბოლო საკონტაქტო მონაცემებით, რომელზეც გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება ოფიციალურად გაგზავნილად, ყველა თანმდევი სამართლებრივი შედეგით. შპს ,,ბათუმი 777”-ს, ასევე, ეცნობა, რომ კომისიის შესაბამისი შეტყობინება და გადაწყვეტილება გამოქვეყნდებოდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზეც (www.gncc.ge), ამასთან, კომისია უფლებამოსილი იყო საკითხი განეხილა სხდომაზე მისი წარმომადგენლის დასწრების გარეშეც.
კომისიის 2020 წლის 21 მაისის დისტანციურ სხდომაზე შპს ,,ბათუმი 777“-ის დირექტორმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ მოესწრო სტუდიის დასრულება, საიდანაც უნდა ემაუწყებლა ტელეკომპანიას, ასევე, არხის ტექნიკური მხარდამჭერი იმყოფებოდა კარანტინში. მისი განმარტებით, არალიცენზირებული ფილმებისა და ანიმაციური პროდუქციის სამაუწყებლო ეთერში გაშვება მოხდა მაყურებლისთვის არსებული ყოფის შემსუბუქების მიზნით და მას ჰქონდა კომერციული მიზანი და არცერთ მათგანში რეკლამა არ განუთავსებიათ, თუმცა, ეს არ ამართლებს მათ საქციელს, რაც აღარ განმეორდება. კომპანიის დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები შპს ,,ბათუმი 777“-ის სამაუწყებლო ბადეში განთავსებულ იქნებოდა 5 დღის ვადაში.
II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალით (№20-10-1021, 08.05.2020).
2. კომისიის 2020 წლის 29 აპრილის № გ-20-04/1445 წერილი.
3. ანიმაციური ფილმების: „Oddbods Show“, „Shaun the Sheep“, სერიალი „Mr Bean“ და მხატვრული ფილმების: „მხსნელი“, „ჭირვეულის მორჯულება“ და „უძინართა მზე“ სამაუწყებლო ბადეში განთავსების დამადასტურებელი აუდიოვიზუალური ჩანაწერი – CD.
4. შპს ,,ბათუმი 777“-ის შესახებ მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და კომისიის უწყებრივი რეესტრებიდან.
5. კომისიის სხდომაზე შპს ,,ბათუმი 777“-ის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი მიცემული ახსნა-განმარტება.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. ,,შპს ,,ბათუმი 777“-ის მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის შესახებ“ კომისიის 2016 წლის 21 აპრილის №256/1 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ბათუმი 777“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს შემდეგი საავტორიზაციო პირობებით: მაუწყებლობის სახე - ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა - კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა - საერთო ტელემაუწყებლობა. შესაბამისად, შპს ,,ბათუმი 777“, როგორც საერთო ტელემაუწყებელი, ვალდებულია სამაუწყებლო ბადეში განათავსოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამები.
2. კომისიის 2016 წლის 21 აპრილის №256/1 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს ,,ბათუმი 777“ ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ბ) ქვეპუნქტის თანახმად, დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული, ხოლო ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
3. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის მიერ შპს „ბათუმი 777“-ის სამაუწყებლო ბადის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ 2020 წლის 10-15 აპრილს, შპს ,,ბათუმი 777“-ის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული იყო ანიმაციური ფილმები: „Oddbods Show“, „Shaun the Sheep“, სერიალი „Mr Bean“ და მხატვრული ფილმები: „მხსნელი“, „ჭირვეულის მორჯულება“ და „უძინართა მზე“.
4. მონიტორინგის შედეგად, ასევე გამოირკვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,ბათუმი 777“-ს ავტორიზაცია გავლილი აქვს საერთო მაუწყებლობაზე, 2020 წლის 10-15 აპრილის პერიოდში სამაუწყებლო ეთერში არ ჰქონდა განთავსებული საზოგადოებრივ- პოლიტიკური თემატიკის პროგრამები.
5. 2020 წლის 29 აპრილს კომისიამ წერილობით (№გ-20-04/1445) მიმართა შპს ,,ბათუმი 777“- ს და მოსთხოვა 5 სამუშაო დღეში სამაუწყებლო ბადეში განთავსებული აუდიოვიზუალური პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციისა და საზოგადოებრივ- პოლიტიკური პროგრამების ეთერში განუთავსებლობასთან დაკავშირებით პოზიციის წარმოდგენა, რაზედაც კომისიას კომპანიისაგან პასუხი არ მიუღია.
6. შპს „ბათუმი 777“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა გამოყენებული არ ყოფილა.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
2. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო ი) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისის ფუნქციას წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.
3. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები.
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა, ბ) ქვეპუნქტის თანახმად, დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული, ხოლო ვ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა.
6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობა არის - არანაკლებ ორი თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივი-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა.
7. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით) და ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) მიერთებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი.
8. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები.
9. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება).
10. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. კერძოდ, ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიანტს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით. ამავე კანონის 42-ე მუხლის თანახმად, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით.
11. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
12. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ბათუმი 777”- ის მიერ ანიმაციური ფილმების: „Oddbods Show“, „Shaun the Sheep“, სერიალი „Mr Bean“ და მხატვრული ფილმების: „მხსნელი“, „ჭირვეულის მორჯულება“ და „უძინართა მზე“ შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე გადაცემით, შპს ,,ბათუმი 777“-ის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ვ) ქვეპუნქტები, ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, „ისმო-ს“ საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,ვ) ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლები, ხოლო სამაუწყებლო ბადეში საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების განუთავსებლობით შპს „ბათუმი 777“-ის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები და 70-ე მუხლის პირველი პუნქტი. გამომდინარე იქიდან, რომ შპს ,,ბათუმი 777“-ს ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, შპს ,,ბათუმი 777“- ს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება და დაევალოს დარღვევის აღმოფხვრა.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და ი) ქვეპუნქტების, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა), ბ) და ვ) ქვეპუნქტების, 70-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებისა და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და ი) ქვეპუნქტების, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა), ბ) და ვ) ქვეპუნქტების, 70-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებისა და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე და 98-ე მუხლებისა და VII თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „ბათუმი 777“-ს მიეცეს წერილობითი გაფრთხილება ;„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა), ბ) და ვ) ქვეპუნქტების, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, „ისმო-ს“ საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 42-ე მუხლები და კომისიის 2016 წლის 21 აპრილის №256/1 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ა), ბ) და ვ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო.
2. შპს ,,ბათუმი 777“-ს დაევალოს წინამდებარე გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს სამაუწყებლო ბადეში საზოგადოებრივ- პოლიტიკური თემატიკის პროგრამების განთავსება და ავტორიზაციის პირობების შესაბამისად მაუწყებლობა.
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს„ბათუმი 777”-სთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება.
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ბათუმი 777“-სთვის ჩაბარების დღიდან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს ბათუმი 777“ -სთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
