ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 08, 2020 21:44
მიღების თარიღი ივნისი 04, 2020
ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 20-10-1130, 01/06/2020) თანახმად, კომისიის აპარატის აუდიო- ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ განხორციელდა ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანას“ სამაუწყებლო ბადის შემოწმება, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ 2020 წლის 28-29 აპრილს მაუწყებლის მიერ არასახელმწიფო ენაზე ეთერში განთავსდა დასავლური წარმოების მხატვრული ფილმები, რომლებიც არ იყო მწარმოებლის ენაზე (განთავსებულია რუსულ ენაზე) და არ ჰქონდა სავალდებულო სუბტიტრები: „ჰობიტი“, „რიდიკი“, „დროის ყულფში“, „ძარცვა იტალიურად“, „ტურა“, „მოჩვენებებზე უკანასკნელი მონადირე“ და „უკომპრომისოდ“.
2020 წლის 11 მაისის წერილით (Nგ-20-04/1563,11.05.2020) კომისიამ მიმართა ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანას“ და მოსთხოვა 5 სამუშაო დღეში სამაუწყებლო ბადეში განთავსებული აუდიო-ვიზუალური პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა. ასევე, პოზიციის წარმოდგენა ფილმების არასახელმწიფო ენაზე განთავსებასთან დაკავშირებით. ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიოტელევიზია ფარვანასგან“ კომისიას პასუხი არ მიუღია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანას“ მიერ მოხდა შესაბამისი უფლებების გარეშე აუდიო- ვიზუალური პროდუქციის ეთერში განთავსება და არამწარმოებლის ენაზე, სავალდებულო სუბტიტრების გარეშე ფილმების არასახელმწიფო ენაზე განთავსება.
ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 4 ივნისს, რის თაობაზეც შეტყობინებით (N გ-20-03/1792, 01/06/2020 ) ეცნობა ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანასთვის“ და ეთხოვა საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებებისა და მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა. კომპანიას ასევე განემარტა მისი უფლებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით. შეტყობინებით, ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანას“ ასევე, ეცნობა, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, კომისიის სხდომები იმართება დისტანციურ რეჟიმში. კომისიის სხდომაზე დისტანციურად დასწრების მიზნით, გაეგზავნებოდათ სპეციალური ბმული (ლინკი), კომისიისთვის ცნობილ და მათ მიერ დაფიქსირებულ ბოლო ელფოსტის ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე. შესაბამისად, კომპანიას ეთხოვა, რომ შესაბამის ელექტრონულ პორტალზე (https://eforms.comcom.ge) უმოკლეს ვადაში განეახლებინა ან/და კომისიის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე (post@comcom.ge) გამოეგზავნათ მათი საკონტაქტო მონაცემები (ელფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი), წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისია იხელმძღვანელებდა მის ხელთ არსებული ბოლო საკონტაქტო მონაცემებით, რომელზეც გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლებოდა ოფიციალურად გაგზავნილად, ყველა თანმდევი სამართლებრივი შედეგით. ამასთანავე,შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს ეცნობა, რომ კომისიის შესაბამისი შეტყობინებები და გადაწყვეტილებები გამოქვეყნდებოდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზეც (www.comcom.ge).
კომისიის 2020 წლის 4 ივნისის სხდომაზე არ გამოცხადდა ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანას“ უფლებამოსილი წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინება სხდომის გამართვის თარიღის, დროისა და ადგილის თაობაზე ჩაბარდა, ამდენად, კომისიამ შეასრულა მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლით დაკისრებული ვალდებულება დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვისა და მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე და შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანას“ უფლებამოსილი წარმომადგენლის დაუსწრებლად.
II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 20-10-1130, 01/06/2020) და თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები;
2. ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანასთვის“ გაგზავნილი კომისიის წერილი (N გ-20-04/1563, 11.05.2020);
3. მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრიდან ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანას“ შესახებ;
4. ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანასთვის“ გაგზავნილი შეტყობინება (N გ-20-03/1792, 01/06/2020 ) კომისიის 2020 წლის 4 ივნისის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანა“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს (მაუწყებლობის სახე - ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა - კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა - საერთო ტელემაუწყებლობა; ავტორიზაციის თარიღი - 27/05/2014). შესაბამისად, ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანა“ როგორც მაუწყებელი, ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
2. 2020 წლის 28-29 აპრილს მაუწყებლის მიერ არასახელმწიფო ენაზე ეთერში განთავსდა დასავლური წარმოების მხატვრული ფილმები: „ჰობიტი“, „რიდიკი“, „დროის ყულფში“, „ძარცვა იტალიურად“, „ტურა“, „მოჩვენებებზე უკანასკნელი მონადირე“ და „უკომპრომისოდ“, რომლებიც არ იყო მწარმოებლის ენაზე (განთავსებულია რუსულ ენაზე) და არ ჰქონდა სავალდებულო სუბტიტრები;
3. 2020 წლის 11 მაისის წერილით (N გ-20-04/1563, 11.05.2020) კომისიამ მიმართა ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანას“ და მოსთხოვა 5 სამუშაო დღეში სამაუწყებლო ბადეში განთავსებული აუდიო-ვიზუალურ პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა; წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანას“ მიერ ეთერში განთავსებული მხატვრული ფილმების - „ჰობიტი“, „რიდიკი“, „დროის ყულფში“, „ძარცვა იტალიურად“, „ტურა“, „მოჩვენებებზე უკანასკნელი მონადირე“ და „უკომპრომისოდ“-ის მართლზომიერე ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოდგნილი არ არის;
4. ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/მსგავსი დარღვევისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
2. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით) და ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალურ საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის 879 დადგენილებით) მიერთებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
3. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები;
4. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
5. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. კერძოდ, ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიანტს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით;
6. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით;
7. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, გამოიყენოს თავისი გადაცემა ნებისმიერი ფორმით, გადაცემის ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ანაზღაურების მიღების უფლების ჩათვლით. ამავე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაცემის გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა;
8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
9. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
10. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
12. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი მაუწყებლის ეთერში უნდა განთავსდეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირებული, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს საერთო და სპეციალიზებულ მაუწყებელთა ვალდებულება, ყოველკვირეულ სამაუწყებლო ბადეში განათავსონ არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი (გარდა სერიალისა) პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით. კომისიის დადგენილებით აგრეთვე განისაზღვრება საერთო და სპეციალიზებულ მაუწყებელთა ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების წესი;
13. „საერთო ან სპეციალიზირებული მაუწყებლების, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე“ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო ან სპეციალიზირებული მაუწყებელი, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო ბადეში განათავსებს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებულ მხატვრულ ფილმს, დოკუმენტურ ფილმს, ტელეფილმს, ფილმის სერიას ან სერიალს, ვალდებულია არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებული მხატრული ფილმი, დოკუმენტური ფილმი, ტელეფილმი, ფილმის სერია ან სერიალი განათავსოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე - ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - ქართულ ან აფხაზურ ენაზე დუბლირებული სახით, გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისის შემთხვევისა. ხოლო, „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო ან სპეციალიზირებული მაუწყებელი, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო ბადეში განათავსებს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებულ მხატრულ ფილმებს, ვალდებულია სამაუწყებლო ბადეში დასავლური წარმოების მხატრული ფილმები განათავსოს მწარმოებლის ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესითა და სიხშირით;
14. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები;
15. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად;
კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანას“ მიერ 2020 წლის 28-29 აპრილს შესაბამისი ნებართვის გარეშე მხატვრული ფილმების - „ჰობიტი“,„რიდიკი“, „დროის ყულფში“, „ძარცვა იტალიურად“, „ტურა“, „მოჩვენებებზე უკანასკნელი მონადირე“ და „უკომპრომისოდ“ ეთერში განთავსებით დაირღვეულ იქნა „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე და 42-ე, 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
ასევე, კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანას“ მიერ 2020 წლის 28-29 აპრილს, არასახელმწიფო ენაზე დასავლური წარმოების მხატვრული ფილმების - „ჰობიტი“, „რიდიკი“, „დროის ყულფში“, „ძარცვა იტალიურად“, „ტურა“, „მოჩვენებებზე უკანასკნელი მონადირე“ და „უკომპრომისოდ“ არამწარმოებლის ენაზე, სავალდებულო სუბტიტრების გარეშე ეთერში განთავსებით დარღვეულ იქნა „საერთო ან სპეციალიზირებული მაუწყებლების, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე“ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511 მუხლი და 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნული წარმოადგენს ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო- ტელევიზია ფარვანასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. იმის გათვალისწინებით, რომ ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანას“ ბოლო ერთი წლის მანძილზე არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე ანალოგიური/მსგავსი დარღვევისთვის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელს უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 98-ე და 99-ე მუხლების, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, 50- ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების „ბ“ ქვეპუნქტის, 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტების, 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტების, 511 მუხლის, 70-ე მუხლის მე- 5 პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საერთო ან სპეციალიზებული მაუწყებლების, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით განთავსების წესის თაობაზე“ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანას“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე და 42-ე, 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „საერთო ან სპეციალიზირებული მაუწყებლების, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე“ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511 მუხლისა და 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანასთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანასთვის“ ჩაბარების დღიდან;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.გოშუა) ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანასთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებებიის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
