შპს ,,ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 13, 2020 10:57
მიღების თარიღი ივლისი 02, 2020
შპს ,,ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომ ,,კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიისაპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N20-10-1244; 17.06.2020) თანახმად, კომისიაში შემოვიდა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/2457; 08.05.2020), რომლის თანახმადაც შპს „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში გავიდა გადაცემა „საქმიანი დილა“, რომელშიც ხდებოდა თამბაქოს ახალი პროდუქტების და მათი მოწყობილობების პოპულარიზაცია. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა განცხადებაში აღნიშნული პროგრამის მონიტორინგი, რის შედეგადაც ირკვევა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
გადაცემის ფარგლებში 2020 წლის 6 მარტს სტუმრად იყვნენ კომპანია „British American Tobacco“-ს კავკასიაში კორპორატიული და იურიდიული დირექტორი ზვიად ცხვიტარიძე და გენერალური დირექტორი ფელიციო ფერაზი. გადაცემის ჰედლაინი იყო „რა განსხვავებაა თამბაქოს და ნიკოტინის პროდუქტებს შორის?“. გადაცემაში ხდება თამბაქოს ნაწარმის დემონსტრირება, მაგიდაზე დევს კოლოფები, როგორც თამბაქოს ნაწარმით, ისე მისი გამოყენებისთვის საჭირო მოწყობილობებით. სტუმარს ხელში უჭირავს ასეთი მოწყობილობა და ასევე ხდება ამონათება, სადაც ჩანს ეს მოწყობილობები და ინგლისურ ენაზე წერია, რომ ეს პროდუქტი შეიცავს 0% კუპრს და რომ ნომერ პირველია ბრიტანეთის აფთიაქებში.
კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათში (N20-10-1244; 17.06.2020) ასევე აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჰ17 პუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება (Product Placement) არის საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით გავრცელება, რაც გამოიხატება პროგრამაში ამ პროდუქტის ინტეგრირებით, პროდუქტზე მითითებით ან/და მომსახურებასა და სასაქონლო ნიშანზე მითითებით; აღსანიშნავია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, „დაუშვებელია პროგრამაში იმ პროდუქტის განთავსება, რომლის რეკლამირებაც აკრძალულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 82 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ყველა სახის რეკლამა, გარდა ექსკლუზიურად თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლისთვის განკუთვნილი ბეჭდური ან ელექტრონული გამოცემისა, რომელიც არაა განკუთვნილი სხვა პირისთვის და არ ვრცელდება სხვა პირზე.“
კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათში (N20-10-1244; 17.06.2020) 2020 წლის 14 მაისს შპს „ტელეკომპანია პირველს“ გაეგზავნა წერილი, სადაც ეთხოვა წარმოედგინა თავისი პოზიცია თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის განცხადებასთან დაკავშირებით, რის თაობაზეც პასუხი კომისიას არ მიუღია. კომისიამ 2020 წლის 28 მაისს ხელმეორედ გაუგზავნა წერილი მაუწყებელს იმავე მოთხოვნით, თუმცა ამ შემთხვევაშიც მაუწყებელს წერილზე პასუხი არ გაუცია.
ზემოაღნიშნული პროგრამის შესწავლის საფუძველზე კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ აღნიშნულ პროგრამა არღვევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე–5 პუნქტს ვინაიდან მასში ხდება ისეთი პროდუქტის განთავსება, რომლის რეკლამირებაც აკრძალულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით.
კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N20-10-1244; 17.06.2020) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 2 ივლისს, რის თაობაზეც შეტყობინებით (Nგ-20-03/2099; 29.06.2020) ეცნობა შპს ,,ტელეკომპანია პირველს“.
2020 წლის 30 ივნისს, შპს ,,ტელეკომპანია პირველმა“ კომისიაში წარმოადგინა თავისი წერილობითი პოზიცია მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით (Nშ-20-6/3361; 30.06.20). შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ განცხადებით, 2020 წლის 6 მარტს მაუწყებლის გადაცემაში „საქმიანი დილა“ გაშუქებული სიუჟეტი არ არღვევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 69 პრიმა მუხლის მე–5 პუნქტს. სიუჟეტის პირველ ნაწილში საუბარი იყო თამბაქოს მომხმარებლის დღევანდელ რეალობაში რეზიუმირებულ ორ არჩევანზე, მოკვდეს ან დაანებოს მოწევას თავი. ასევე, საუბარი იყო თამბაქოს მოხმარება-რეალიზაციის სფეროში მაკონტროლებელი ორგანოების მოქმედებასა და რეგულაციების რელევანტურობაზე. სტუმრები შეეხნენ ამ რეგულაციების შესახებ ევროპული ქვეყნების გამოცდილებას. მაყურებლისთვის ნაჩვენები იყო მხოლოდ მაღაზიებში კანონშესაბამისად მოწყობილი თამბაქოს თაროები და გაყიდვის ადგილები. გადაცემაში მიმდინარეობდა ასევე ბრიტანეთში ნიკოტინის გარშემო არსებული მეცნიერული კვლევების მიმოხილვა და გაზიარება. შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ განმარტებით, სიუჟეტის სოლიდური ნაწილი დაეთმო თამბაქოს პროდუქციის აქციზის განაკვეთსა და დაბეგვრის წესებს, როგორც საქართველოში, ასევე ევროპულ ქვეყნებში. გადაცემის რეზიუმირება კი დათმობილია „British American Tobacco“-ს მნიშვნელოვან პრიორიტეტებზე, რომელიც გულისხმობს პროდუქტის მაქსიმალურად გაჯანსაღებას, თამბაქოს კონტროლის შესახებ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის ფუნდამენტური ღირებულებების გაზიარებას და მისი მოთხოვნების სრულ მხარდაჭერას, ხოლო ის მოწყობილობა, რომელიც ნაჩვენები იქნა გადაცემაში და რომელზეც ხდება აპელირება სამსახურებრივ ბარათში, არ წარმოადგენს თამბაქოს პროდუქციას, კონკრეტულ შემთხვევაში კი ნიკოტინსაც არ შეიცავს, და შესაბამისად მასზე არ ვრცელდება თამბაქოს კონტროლის კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ტელეკომპანია პირველს“ მიაჩნია, რომ განხილულ გადაცემაში არ მომხდარა თამბაქოს ახალი პროდუქტების და მათი მოწყობილობების რეკლამირება და პოპულარიზაცია, რის გამოც ის არ წარმოადგენს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონმდებლობის დამრღვევ სუბიექტს და შესაბამისად მასზე არ უნდა გავრცელდეს რაიმე სახის პასუხისმგებლობის დამდგენი სანქციები.
კომისიის 2020 წლის 2 ივლისის დისტანციურად გამართულ სხდომას ესწრებოდა შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენელი ნ. აბურჯანიძე. მისი განმარტებით, კომპანია „British American Tobacco“-მ იცის მოქმედი რეგულაციების შესახებ, რა უფლებები აქვს და რა აკრძალვები ვრცელდება მასზე. გადაცემაში ნაჩვენები პროდუქტი არ შეიცავს არანაირ ნიკოტინს და მასზე არ ვრცელდება მოქმედი რეგულაციები, ამიტომ, კომპანია „British American Tobacco“-მ მაუწყებელთან თამამად მიიტანა ეს პროდუქტი. შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენლის განმარტებით, სათაური „რა განსხვავებაა თამბაქოს და ნიკოტინის პროდუქტებს შორის?“, რომელიც თან სდევდა გადაცემაში სიუჟეტს, მართლაც შეცდომაში შემყვანი იყო. თუმცა, პროდუქტი არ შეიცავს ნიკოტინს და მასზე არ შეიძლება გავრცელდეს თამბაქოს ნაწარმის რეგულაციები. მისი განცხადებით, ეს პროდუქტი არ არის თამბაქოს ნაწარმი ან მისი აქსესუარი. მას აქვს ელექტრონული სიგარეტის ფორმა, მაგრამ არ შეიცავს თამბაქოს და ნიკოტინს. ამიტომაც, არის დაშვებული ბრიტანულ აფთიაქებში. შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენლის განცხადებით, მათი მიზანი არ ყოფილა თამბაქოს მოწევის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N20-10-1244; 17.06.2020);
2. შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ გადაცემაში ,,საქმიანი დილა“ თამბაქოს ნაწარმისა და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის განთავსების ამსახველი ვიდეოჩანაწერი;
3. თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის წერილი (Nშ-20-6/2457; 08.05.2020);
4. კომისიის წერილი (Nგ-20-04/1597; 14.05.2020) შპს ,,ტელეკომპანია პირველს“;
5. კომისიის წერილი (Nგ-20-04/1747; 28.05.2020) შპს ,,ტელეკომპანია პირველს“;
6. შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ განცხადება (Nშ-20-6/3361; 30.06.2020);
7. გადაცემაში გამოქვეყნებული ინგლისურენოვანი ინფორმაციის ქართულ ენაზე დამოწმებული თარგმანი;
8. შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ შესახებ“ მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
9. შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენლის ნ. აბურჯანიძის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს ,,ტელეკომპანია პირველი“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: B.1.2.1 საერთო ტელემაუწყებლობა; ავტორიზაციის თარიღი:
14.01.2015);
მტკიცებულება: კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ შესახებ
2. 2020 წლის 8 მაისს, კომისიაში შემოვიდა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/2457; 08.05.2020), რომლის თანახმადაც შპს „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში გავიდა გადაცემა „საქმიანი დილა“, რომელშიც ხდებოდა თამბაქოს ახალი პროდუქტების და მათი მოწყობილობების პოპულარიზაცია;
მტკიცებულება: თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/2457; 08.05.2020).
3. 2020 წლის 6 მარტს, შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ ეთერში გასულ გადაცემაში ,,საქმიანი დილა“ განთავსდა თამბაქოს ნაწარმი და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობა - ნიკოტინის შემცველი ელექტრონული სიგარეტი, სახელწოდებით „Vype”. გადაცემის სტუმრები იყვნენ კომპანია „British American Tobacco“-ს კავკასიაში კორპორატიული და იურიდიული დირექტორი ზ. ცხვიტარიძე და გენერალური დირექტორი ფ. ფერაზი. გადაცემის სიუჟეტს ეკრანზე თან სდევს ფრაზა „რა განსხვავებაა თამბაქოს და ნიკოტინის პროდუქტებს შორის?“. სტუმარს ხელში უჭირავს თამბაქოს ნაწარმი და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობა - ნიკოტინის შემცველი ელექტრონული სიგარეტი. გადაცემაში ხდება ამონათება, სადაც ჩანს ელექტრონული სიგარეტები და ინგლისურ ენაზე მითითებულია, რომ ეს პროდუქტი შეიცავს 0% კუპრს, შეიცავს 95 %-ით ნაკლებ ტოქსინებს და ნომერ პირველია ბრიტანეთის აფთიაქებში, ასევე, აღწერილია თუ როგორ აწარმოებენ გადაცემაში განთავსებულ პროდუქტს და რა პრიორიტეტებით ხელმძღვანელობენ პროდუქტის წარმოებისას. მაგიდაზე განთავსებული ელექტრონული სიგარეტის კოლოფზე მითითებულია, რომ პროდუქტი შეიცავს ნიკოტინს. კომპანია „British American Tobacco“-ს კავკასიაში კორპორატიული და იურიდიული დირექტორი ზ. ცხვიტარიძე აღნიშნავს: ,,..ჩვენ ვსაუბრობთ განსხვავებაზე თამბაქოსა და ნიკოტინის პროდუქტებს შორის. ნიკოტინის პროდუქტი, რომელიც არის 95 % უფრო ნაკლებად ტოქსიკური, ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტი და მრავალ ევროპულ ქალაქში ეს უკვე იყიდება, ე.წ. ‘’Vype”, სხვადასხვა მაღაზიებში, სხვადასხვა ადგილას არის განთავსებული...“. კომპანია „British American Tobacco“-ს გენერალური დირექტორი ფ. ფერაზი აღნიშნავს: ,,..კვლევისა და განვითარების ინსტიტუტში ვიყავით, ბრიტანეთში. ორასი მეცნიერი მუშაობს. მე ინტერვიუ ვნახე. ჩვენმა სამეცნიერო ხელმძღვანელმა განაცხადა, ნიკოტინი შეიძლება სხვა პროდუქტებში აღმოვაჩინოთ, დავუშვათ ეს შეიძლება იყოს ბადრიჯანში, ეს შეიძლება იყოს კარტოფილში. ნიკოტინი არის სტიმულანტი. მაგრამ, თუ ნიკოტინის დიდ მოცულობას მოიხმართ, კარგი არ არის თქვენთვის...“. კომპანია „British American Tobacco“-ს კავკასიაში კორპორატიული და იურიდიული დირექტორი ზ. ცხვიტარიძე აღნიშნავს: ,,...და კიდევ ერთი ნიკოტინთან დაკავშირებით, პროდუქტი, რომელსაც განახებთ, იგი შეიცავს მხოლოდ ნიკოტინს და მეტს არაფერს. საზოგადოებას შეუძლია ნახოს ვიდეო, რომელსაც ვანახებთ, იქიდან ნათელია, რომ ორთქლის შეწოვის დროს არის ზიანი, აი მაშინ გამოდის ტოქსიკური ნივთიერებები, მაგრამ ნიკოტინის მიღება თამბაქოდან ან ნებისმიერი სხვა საშუალებიდან, ეს ისეთივე მაგალითად დამაზიანებელია როგორც კოფეინი კოკა-კოლაში, ყავაში...“;
მტკიცებულება: შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ გადაცემაში ,,საქმიანი დილა“ თამბაქოს ნაწარმისა და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის განთავსების ამსახველი ვიდეოჩანაწერი.
4. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ მიმართ არ ყოფილა გამოყენებული ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გადაცემაში ისეთი პროდუქტის განთავსებისთვის, რომლის რეკლამირება აკრძალულია ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით.
მტკიცებულება: კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ შესახებ.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
2. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამისა და სპონსორობის საკითხები რეგულირდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო რეკლამისადმი ზოგადი მოთხოვნები, ალკოჰოლიანი სასმელის, სექსუალური ხასიათის პროდუქციის, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის, ფარმაცევტული პროდუქტის, ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების, იარაღის და ფასიანი ქაღალდების რეკლამის საკითხები, აგრეთვე რეკლამის წარმოების, განთავსებისა და გავრცელების დროს არასრულწლოვანთა დაცვის საკითხები რეგულირდება ამ კანონით.
3. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 82 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ყველა სახის რეკლამა, გარდა ექსკლუზიურად თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლისთვის განკუთვნილი ბეჭდური ან ელექტრონული გამოცემისა, რომელიც არაა განკუთვნილი სხვა პირისთვის და არ ვრცელდება სხვა პირზე.
4. ,,თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ა) ქვეპუნქტის თანახმად, თამბაქოს ნაწარმი არის თამბაქოს ან მისი ელემენტების შემცველი ნაწარმი (გარდა ნიკოტინის შემცველი სამკურნალწამლო საშუალებისა), რომელიც განკუთვნილია მოსაწევად, დასაღეჭად, საწუწნად ან შესასუნთქად, მათ შორის: ა.ა) ფილტრიანი სიგარეტი, უფილტრო სიგარეტი; ა.ბ) პაპიროსი, სიგარა, სიგარილა; ა.გ) საჩიბუხე თამბაქო, ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქო; ა.დ) შესახვევი თუთუნი; ა.ე) დასაღეჭი თამბაქო, საწუწნი თამბაქო, შესასუნთქი თამბაქო; ა.ვ) ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალა/კარტრიჯი/კაფსულა; ა.ზ) თამბაქოს ახალი ნაწარმი − თამბაქოს შემცველი პროდუქტი, რომელიც არ შედის ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თამბაქოს ნაწარმის არცერთ სხვა კატეგორიაში; ა.თ) თამბაქოს ნედლეული, თამბაქოს ნარჩენები. ამავე მუხლის ა1) ქვეპუნქტის თანახმად, თამბაქოს აქსესუარი ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობა არის მუნდშტუკი, ჩიბუხი, ჩილიმი, საწუწნი თამბაქოს მოწყობილობა, შესასუნთქი თამბაქოს მოწყობილობა, ელექტრონული სიგარეტი ან სხვა მსგავსი მოწყობილობა, სიგარეტის ასანთები სპეციალური სანთებელა, თამბაქოს გასახვევი ქაღალდი, თამბაქოს შესახვევი აპარატი, თამბაქოს დასაჭრელი აპარატი, საფერფლე, ნებისმიერი სახის პორტსიგარი ან სხვა საგანი, რომელიც განკუთვნილია უპირატესად თამბაქოს მოხმარებისთვის ან/და შენახვისთვის, აგრეთვე სიგარეტის, მისი კოლოფის ან ზემოაღნიშნული საგნის ილუსტრაცია ან მისი გამომსახველი სხვა საგანი. ამავე მუხლის ღ) ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული სიგარეტი არის პროდუქტი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადამიანის პირისთვის განკუთვნილი მოწყობილობით ნიკოტინის შემცველი აეროზოლის მოხმარებისთვის, ან ამ პროდუქტის ნებისმიერი კომპონენტი, კარტრიჯისა და ავზის ჩათვლით, ან მოწყობილობა კარტრიჯის ან ავზის გარეშე. ელექტრონული სიგარეტი შეიძლება იყოს ერთჯერადი გამოყენების ან მრავალჯერადი გამოყენების (კონტეინერისა და ავზის მეშვეობით შესავსები ან ერთჯერადი მოხმარების კარტრიჯის მეშვეობით დასატენი).
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქცია და ვალდებულებაა მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა, კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება. ამავე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციაა საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია პროგრამაში იმ პროდუქტის განთავსება, რომლის რეკლამირებაც აკრძალულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოკვლეული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ ეთერში გასულ გადაცემაში ,,საქმიანი დილა“ თამბაქოს ნაწარმისა და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის - ნიკოტინის შემცველი ელექტრონული სიგარეტის განთავსებით შპს ,,ტელეკომპანია პირველის მიერ“ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და 691 მუხლის მე-5 პუნქტი. კომისია ვერ გაიზიარებს შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ განცხადებას იმის თაობაზე, რომ გადაცემაში ნაჩვენები პროდუქტი არ წარმოადგენს თამბაქოს ნაწარმს და არ შეიცავს ნიკოტინს. გადაცემის მსვლელობისას ნათლად ჩანს მაგიდაზე განთავსებული ელექტრონული სიგარეტის კოლოფი, რომელზეც მითითებულია, რომ პროდუქტი შეიცავს ნიკოტინს. ამასთანავე, გადაცემაში მოწვეული სტუმრები საუბრობენ განსხვავებაზე თამბაქოსა და ნიკოტინის პროდუქტებს შორის, ყურადღებას ამახვილებენ სწორედ ნიკოტინის შემცველ პროდუქტზე და აღნიშნავენ, რომ მათ მიერ გადაცემაში წარმოდგენილი პროდუქტი შეიცავს მხოლოდ ნიკოტინს (იხ. მე-3 ფაქტობრივი გარემოება). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სრულიად დაუსაბუთებელია შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ განცხადება იმის თაობაზე, რომ გადაცემაში ნაჩვენები პროდუქტი არ წარმოადგენს თამბაქოს ნაწარმს და არ შეიცავს ნიკოტინს.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ მიმართ მსგავსი სამართალდარღვევისთვის არ ყოფილა გამოყენებული ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
V. სარეზოლუციო ნაწილი
,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) და ი) ქვეპუნქტების, 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 691 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის და 82 მუხლის პირველი პუნქტის, ,,თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ა) , ა1) და ღ) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,ტელეკომპანია პირველს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და 691 მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ჩაბარების დღიდან;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (გარდა მე-2 და მე-5 პუნქტებისა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
