წვდომის მენიუ

შპს „კავკასუს ონლაინის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 641

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 27, 2020 16:37

მიღების თარიღი აგვისტო 20, 2020

შპს „კავკასუს ონლაინის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 20-10-1454; 17/07/2020) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,კავკასუს ონლაინისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 20-10-1454; 17/07/2020) თანახმად, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებულ ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიურ წესების” შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, საანგარიშო წლის შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში კომისიას უნდა წარუდგინოს ფინანსური წლის დასრულებიდან 6 თვეში, ანუ მაქსიმუმ 1 ივლისამდე. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვთ დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული  აღრიცხვის  სპეციფიკური  ვალდებულება,  წარმოადგენენ:  შპს„მაგთიკომი“,  სს  „სილქნეტი“,  შპს  „ვიონი  საქართველო“,    შპს  „ახალი ქსელები“,  შპს„ახტელი“,   შპს   „საქართველოს   ცენტრალური   კავშირგაბმულობის  კორპორაცია“,   შპს„კავკასუს    ონლაინი“    შპს    „რკინიგზის    ტელეკომი“,  შპს„ოპტიკურ    ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი“, შპს „პისი მაქსი“, სს“ საქართველოს რკინიგზა“ და შპს „დელტაკომი“.

ვინაიდან შპს „კავკასუს ონლაინს“ 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების” შესაბამისად 2019 წლის განცალკევებული ანგარიშგება კომისიაში 2020 წლის 1 ივლისამდე არ წარმოუდგენია, შესაბამისად, შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები.

შპს „კავკასუს ონლაინისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2020 წლის 13 აგვისტო, 15:00 საათი. აღნიშნულის თაობაზე კომპანიას გაეგზავნა შეტყობინება (N გ-20-03/2547; 07/08/2020) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით შპს „კავკასუს ონლაინს“ განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს სხდომას ესწრებოდა ვ. მღებრიანი, შპს „კავკასუს ონლაინის“ ფინანსური დირექტორი, რომელმაც აღნიშნა,   რომ შპს „კავკასუს ონლაინს“ საერთოდ უარი ეთქვა აუდირებული ანგარიშის გამოშვებაზე, რადგან ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ფუნქციონირებადი საწარმოს პრობლემა ჰქონდა. ავტორიზაციის შეჩერების რისკის არსებობის შემთხვევაში საერთოდ ვერ იღებდნენ აუდირებულ დასკვნას. ასევე, პანდემიის პერიოდში შპს „კავკასუს ონლაინმა“ თავისი საერთაშორისო პარტნიორებისგან, ვერ მიიღეს დასტურები ნაშთზე. თუმცა კომპანიამ ბოლოს მაინც მიიღო მხარდაჭერა აუდიტორული კომპანიისგან, რომელმაც შპს „კავკასუს ონლაინის“ ინდივიდუალური განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშზე გასცა დასკვნა და 2020 წლის 12 აგვისტოს გადმოგზავნეს და ასევე წერილობითი ფორმითაც წარადგინეს კომისიაში 2019 წლის აუდირებული ანგარიში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სხდომის ერთი კვირით, 2020 წლის 20 აგვისტოსთვის გადადებასთან დაკავშირებით. კომისიის 2020 წლის 20 აგვისტოს სხდომას ესწრებოდა შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელი.

II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 20-10-1454; 17/07/2020).

2. შპს „კავკასუს ონლაინის“ შესახებ ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

3. შპს „კავკასუს ონლაინისათვის“ გაგზავნილი შეტყობინება (N გ-20-03/2547; 07/08/2020) კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს სხდომაზე მოწვევის თაობაზე.

4. შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლის მიერ სხდომაზე გაკეთებული ახსნა- განმარტება.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „კავკასუს ონლაინი“ 2010 წლის 11 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს.

მტკიცებულება:

მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

2. „ინტერნეტის   გლობალურ  რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2015 წლის 29 იანვრის N57/9 გადაწყვეტილების 4.3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული“ ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების  მეთოდოლოგიური  წესების“  შესაბამისად  მომზადებული აუდიტორის მიერ  დამოწმებული ყოველწლიური შემოსავლების და დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის  ანგარიშის  კომისიისთვის წარმოდგენა. აღნიშნული ანგარიში კომისიისთვის წარმოდგენილი უნდა    იქნას    კომისიის  მიერ  „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების     შესახებ“  კომისიის    2006 წლის 20  აპრილის  N5 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდეგ კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში.  შემოსავლების და  ხარჯების განცალკევებულად    აღრიცხვის    ანგარიშში დეტალიზირებული უნდა იყოს ყველა საბითუმო და საცალომომსახურება ცალ-ცალკე; შემოსავლების და დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში დამოწმებული უნდა იყოს „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის N360 დადგენილებით განსაზღვრულ პირთა ნუსხიდან ნებისმიერი აუდიტორული კომპანიის მიერ.

მტკიცებულება

კომისიის 2015 წლის 29 იანვრის N57/9 გადაწყვეტილება „ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“.

3.  შპს„კავკასუს ონლაინის“  მიმართ     ბოლო     ერთი     წლის    განმავლობაში მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის სახე - წერილობითი გაფრთხილება. კერძოდ, შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ 2018 წლის აუდირებული განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშების, კომისიის დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში    წარმოუდგენლობით     დარღვეულ     იქნა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის    ბ)  ქვეპუნქტი  და  კომისიის 2006  წლის  20  აპრილის  №  5  დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი  და მე-3 პუნქტები.

მტკიცებულება:

კომისიის  2019  წლის  18  ივლისის N გ-19-18/428  გადაწყვეტილება შპს„კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის  დაკისრების თაობაზე“.

4. 2020 წლის 17 ივლისის მდგომარეობით შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ 2019 წლის განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიში კომისიაში არ იქნა წარმოდგენილი.

მტკიცებულება:

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 20-10-1454; 17/07/2020).

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ)ქვეპუნქტის თანახმად,  კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას.   ამავე   კანონის   44-ე  მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს  კანონმდებლობის, მათ შორის,    კომისიის  დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.

6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად  განაწილების  მეთოდოლოგიური  წესების“  მე-14  მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირმა, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკავებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, სააღრიცხვო პოლიტიკის შესაბამისად,     უნდა     მოამზადოს     და     კომისიაში     წარმოადგინოს განცალკევებული აღრიცხვის ყოველწლიური ანგარიში; ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირმა, კომისიას უნდა წარუდგინოს და გამოაქვეყნოს განცალკავებული აღრიცხვის ანგარიში, სააღრიცხვო პოლიტიკა და შესაბამისი აუდიტორული მოსაზრება ფინანსური წლის დასრულებიდან 6 თვეში.

7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.

8. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან     მინიჭებული    უფლებამოსილება  -  გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ 2019 წლის აუდირებული განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშების, კომისიის  დადგენილებით  განსაზღვრულ  ვადაში  წარმოუდგენლობით დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  „ბ“  ქვეპუნქტი  და  კომისიის  2006  წლის  20 აპრილის  №  5  დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები. გარდა ამისა, არსებობს შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2019 წლის 18 ივლისის N გ-19-18/428 გადაწყვეტილება მსგავსი/იდენტური დარღვევისთვის, რისთვისაც კომპანიას მიღებული აქვს წერილობითი გაფრთხილება. შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, აღნიშნული დარღვევა წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს.

კომისია  აღნიშნავს,  რომ  კომისიის  მიერ  გადაწყვეტილების  მიღების  დღისათვის შპს„კავკასუს ონლაინმა“ შეასრულა კანონმდებლობით მასზე დაკისრებული ვალდებულება, რითაც აღმოფხვრილ იქნა დარღვევა. კერძოდ, 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით, შპს,,კავკასუს ონლაინმა“ კომისიაში წარმოადგინა 2019 წლის განცალკევებული აღრიცხვის კორექტირებული ანგარიში, რომელიც  შესაბამისობაშია   კომისიის   დადგენილებით დამტკიცებულ ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიურ      წესების”    მოთხოვნებთან. აღნიშნულიდან        გამომდინარე,  კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, შპს  „კავკასუს ონლაინის“ სამართალდამრღვევად ცნობა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის№ 5 დადგენილების მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის,  ,,საქართველოს     კომუნიკაციების     ეროვნული    კომისიის     საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ცნობილ იქნას შპს „კავკასუს ონლაინი“ სამართალდამრღვევად ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების დარღვევის გამო.

2. გათავისუფლდეს შპს,,კავკასუს ონლაინი“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.

3. დაევალოს    კომისიის    აპარატის    ადმინისტრაციას    (ო.ვოტ)    აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „კავკასუს ონლაინისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge)  გამოქვეყნება.

4.   დაევალოს  კომისიის  აპარატის  სამართლებრივ  დეპარტამენტს  (თ.  კაველიძე) შპს„კავკასუს ონლაინის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა.

5.  გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „კავკასუს ონლაინისათვის“ ჩაბარების დღიდან.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „კავკასუს ონლაინისათვის“  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა)  დაევალოს     კომისიის     აპარატის     სატელეკომუნიკაციო     ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე).

კახი ბექაური       თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე    წევრი

ელისო ასანიძე      წევრი

მერაბ ქათამაძე      წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები