წვდომის მენიუ

სს ,,სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 648

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 27, 2020 17:10

მიღების თარიღი აგვისტო 20, 2020

სს ,,სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე

 I.          საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი  ბარათის  (№20-10-1525;  27.07.2020)  თანახმად,  2020  წლის  23 ივნისს,  სს,,სილქნეტმა“ კომისიას წერილობით (№შ-20-6/3239) მიმართა   სს „სილქნეტის“ აქციათა 100%-ის მფლობელის შპს „სილქნეტ ჰოლდინგის“ წილის 95%-ის შპს „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგის“ (ს/კ 404579354) მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით. კომისიის უწყებრივი რეესტრის ბოლო მონაცემებით, სს ,,სილქნეტის“ (ს/კ204566978) აქციების 100%-ის მფლობელი იყო შპს „სილქნეტ ჰოლდინგი“ (ს/კ 404569285), ხოლო შპს „სილქნეტ  ჰოლდინგის“  წილის  100%-ის    მფლობელს    წარმოადგენდა არარეზიდენტი პირი ,,რაინსტრიმ ჰოლდინგს ლიმიტედს“ (C48790 (მალტა). მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ წილის შეძენასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის პროცესში გაირკვა, რომ შეიცვალა სს „სილქნეტის“ აქციათა 100%-ის მფლობელის შპს „სილქნეტ ჰოლდინგის“ პარტნიორთა სტრუქტურა, კერძოდ: შპს „სილქნეტ ჰოლდინგის“ (ს/კ 404569285) წილის 95%-ის მფლობელი გახდა არარეზიდენტი იურიდიული პირი „პრომეთეუს ჰოლდინგი“ (C41770 (მალტა), ხოლო   შპს „სილქნეტ ჰოლდინგის“ (ს/კ 404569285) წილის    5%-ის    მფლობელი  გახდა არარეზიდენტი იურიდიული პირი    “რაინსტრიმ    ჰოლდინგს    ლიმიტედი“  (C48790(მალტა), რაც დასტურდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ბოლო ამონაწერით.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების, ასევე კომისიის 2019 წლის 5 აგვისტოს №გ-19-16/2399 წერილის თანახმად, კომისიის მიერ კანონით განსაზღვრული ამოცანისა და ფუნქციის სათანადოდ შესრულებისთვის, კომპანიის ყველა ბენეფიციარ (მათ შორის ბოლო ბენეფიციარის)  მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის  ან    აქციების შეძენის/გასხვისების, ასევე შერწყმის განზრახვის შემთხვევაში, საჭიროა კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღება. მოხსენებითი ბარათში მითითებულია, რომ კომისიის 2020 წლის 2 ივლისის სხდომაზე აღნიშნულ იქნა, რომ სს „სილქნეტის“ აქციათა 100%-ის მფლობელის შპს „სილქნეტ ჰოლდინგის“ წილის 95%-ის „პრომეთეუს ჰოლდინგის“ C41770 (მალტა) მიერ შეძენა, შესაძლოა უნდა დაქვემდებარებოდა კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომისიის სხდომაზე, სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომისიის 2019 წლის 5 აგვისტოს №გ-19-16/2399 წერილის თანახმად, არაავტორიზებული პირის წილის შეძენისას კომისიის თანხმობა მხოლოდ მაშინ არის საჭირო, როცა იცვლება ბოლო ბენეფიციარი ფიზიკური პირი, რისი ნათელი მაგალითიც იყო სს „სილქნეტის“ მიერ წილის შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნა, როდესაც    „სილქნეტის“ ერთ-ერთ ბოლო ბენეფიციარ ფიზიკურ პირს განზრახული ჰქონდა წილის გასხვისება, რასთან დაკავშირებითაც კომისიის 2019 წლის 5 დეკემბრის   Nგ-19-11/673   გადაწყვეტილებით,   სს  ,,სილქნეტს“   მიეცა   თანხმობა,   სს,,სილქნეტის“ მესაკუთრე ბენეფიციარი კომპანია „რაინსტრიმ ჰოლდინგს ლიმიტედის“ („RHINESTREAM HOLDINGS LIMITED“) აქციების 27,55%-ის ფიზიკურ პირის მიერ შეძენაზე. სს სილქნეტის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ როცა ბოლო ბენეფიციარი ფიზიკური პირები უცვლელი რჩება და ცვლილება შედის მხოლოდ ბენეფიციართა შუალედურ რგოლებში, კომპანია თვლის, რომ აღნიშნულზე თანხმობა საჭირო არ არის და ამიტომაც არ მოხდა შპს „სილქნეტ ჰოლდინგის“ წილების 95%-ის „პრომეთეუს ჰოლდინგის“ მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მოთხოვნა. რაც შეეხება შპს „სილქნეტ ჰოლდინგის“ წილის 95%-ის შპს „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მოთხოვნას, სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა განმარტა, რომ სს „სილქნეტმა“ აღნიშნულ ტრანზაქციაზე თანხმობა მოითხოვა მას შემდეგ, რაც კომისიას მიმართა წერილით და აღნიშნული წერილით განემარტა, რომ ბენეფიციართა შუალედური რგოლების ცვლილებას, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ბენეფიციარი ფიზიკური პირები იგივე რჩებოდა, ესაჭიროებოდა კომისიის წინასწარი თანხმობა. ამასთან ერთად, კომპანიას მიაჩნია, რომ არც მოქმედი კანონმდებლობით და არც კომისიის 2019 წლის 5 აგვისტოს №გ-19-16/2399 წერილის მოთხოვნიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული ტრანზაქცია წინასწარ თანხმობას არ ექვემდებარება.   მოხსენებით ბარათში დამატებით აღნიშნულია, რომ სს„სილქნეტის“ განცხადების საფუძველზე, კომისიის 2019 წლის 11 მარტის N 174/11 გადაწყვეტილებით, სს „სილქნეტს“ მიეცა თანხმობა, „რაისტრიმ ჰოლდინგს ლიმიტედის“ კუთვნილი სს „სილქნეტის“ აქციათა 100%-იანი წილის შპს „სილქნეტ ჰოლდინგის“ მიერ შეძენაზე, ანუ პრეცენდენტი ბენეფიციართა შუალედური რგოლის ცვლილებაზე თანხმობის მიღებისა, როცა არ იცვლებიან ბოლო ბენეფიციარი ფიზიკური პირები, კომისიაში არსებობს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოსაზრებით, სს „სილქნეტის“ აქციათა 100%-ის მფლობელის შპს „სილქნეტ ჰოლდინგის“ წილის 95%-ის არარეზიდენტი იურიდიული პირი „პრომეთეუს ჰოლდინგის“ C41770 (მალტა) მიერ შეძენამდე, აღნიშნული ტრანზაქცია ექვემდებარებოდა კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი ითხოვს შესაბამისი ქმედების განხორციელებას.

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (№20-10-1525; 27.07.2020) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს ,,სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის მიზნით, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაძლო დარღვევის გამო, ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2020 წლის 13 აგვისტო, რის შესახებ სს,,სილქნეტს“ ეცნობა კომისიის წერილობითი შეტყობინებით და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  98-ე  და  99-ე  მუხლებით  გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.

სს ,,სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის მიზნით,   კომისიის სხდომები გაიმართა 2020 წლის 13 და 20 აგვისტოს, რომლებზეც სს ,,სილქნეტის’ უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ნ. ნიჟარაძემ აღნიშნა, რომ სს „სილქნეტი“ არ დავობს და ეჭვქვეშ არ აყენებს საკითხს - უნდა შეთანხმდეს თუ არა დამფუძნებლის დამფუძნებლის ცვლილება კომისიასთან წინასწარ, ასევე, კომისიის უფლებამოსილებას ბენეფიციარი მფლობელების ცვლილების შემთხვევაში წინასწარი თანხმობის გასაცემად გამოითხოვოს ინფორმაცია. მან განმარტა, რომ სს „სილქნეტის“ ბოლო ბენეფიციარი ან დამფუძნებელი არ შეცვლილა. სს ,,სილქნეტის“ აქციათა 100%-ის მფლობელი ისევ შპს „სილქნეტ ჰოლდინგია“. შეიცვალა დამფუძნებლის დამფუძნებელი, კერძოდ,, კომპანია „რაინსტრიმ ჰოლდინგს ლიმიტედმა’ თავისი 95% წილი მისივე დამფუძნებლის - „პრომეთეუს ჰოლდინგის“ კაპიტალში შეიტანა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გახდა შპს „სილქნეტ ჰოლდინგის“ 95% წილის მფლობელი, ხოლო 5% დარჩა კომპანია „რაინსტრიმ ჰოლდინგს ლიმიტედს“. ამ ტრანზაქციაზე სს „სილქნეტს“ კომისიისაგან  წინასწარი თანხმობა არ მოუთხოვია, ვინაიდან, კანონის მიხედვით კომისიის თანხმობა საჭიროა ავტორიზებული პირის წილისა/აქციების გასხვისებაზე, ხოლო კომისიის წერილის მიხედვით - ბენეფიციარი მესაკუთრის წილის/აქციების გასხვისებაზე. კომპანიისთვის არ იყო ცნობილი და არც პრეცედენტი არსებობს, რომ კომპანიის დამფუძნებლის დამფუძნებლის   ცვლილების შემთხვევაშიც საჭირო იყო კომისიის წინასწარი თანხმობა, მით უფრო, როდესაც მესამე პირი არ შემოსულა, გადანაწილება არსებულ მეწილეებს შორის ხდება და არც ბენეფიციართა წილები იცვლება. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც სს ,,სილქნეტმა“ არ მიმართა კომისიას წინასწარი თანხმობის მიღების მიზნით.  სამართალდარღვევა კომპანიის მიზანი არ ყოფილა და არც ამის მიზეზი ჰქონდა. სს ,,სილქნეტის“  წარმომადგენელმა    ასევე,   აღნიშნა,    რომ„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი ბენეფიციარი მესაკუთრის განმარტებას არ იძლევა, მაგრამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ბოლო ბენეფიციარი არის ბოლო ფიზიკური პირი, რომელსაც შემოსავლის სხვისთვის გადაცემის ვალდებულება არ აქვს. მან აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც სს ,,სილქნეტმა“ მის წერილობით კითხვაზე კომისიისაგან მიიღო პასუხი, რომ საჭირო იყო კომისიის წინასწარი თანხმობა კომპანიის დამფუძნებლის დამფუძნებლის ცვლილებაზე, როდესაც კვლავ იცვლებოდა დამფუძნებლის დამფუძნებელი წინასწარ მიმართა კომისიას თანხმობის მისაღებად. მან, ასევე აღნიშნა, რომ ბუნდოვანი ნორმა ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ბუნდოვანი აქტი არ შეიძლება საფუძვლად დაედოს კომპანიის სანქცირებას. კომისიას აქვს პრეცედენტები, როდესაც ავტორიზებულ პირს სცნობს სამართალდამრღვევად და ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან და ითხოვა სს ,,სილქნეტის“ სამართალდარღვევად ცნობა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება.

II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი   და   სამსახურებრივი   ბარათები   (№20-10-1525;   27.07.2020;  №20-10-1595;06.08.2020).

2. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან სს ,,სილქნეტის“ შესახებ.

3. სს ,,სილქნეტის” უფლებამოსილი წარმომადგენლის ახსნა-განმარტებები.

III.  კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1. სს ,,სილქნეტი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 10.03.2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფa;  A.F.2  ადგილობრივი  დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; პაკეტური   საკომუტაციო   საშუალებების ფუნქციური რესურსებითა          და          სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო  ციფრული  სისტემის    სახაზო  (სადენიანი) გატარების  საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ- ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სპილენძის წყვილების მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სპილენძის წყვილების მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფa; A.F.5 მაგისტრალური  საკომუნიკაციო ციფრული სისტემის   (უსადენო)  გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.6 საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა; საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა: საბილინგო მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით, მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ელექტრონული საკომუნიკაციო ანძების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: CDMA; LTE; WIMAX; GSM; WCDMA; A.S.1 თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.1 ფიქსირებული  საკომუნიკაციო  სისტემის  აბონენტების სატელეფონო  ხმოვანი  კავშირით

მომსახურება: ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ტექსტური შეტყობინების მომსახურება; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება:   სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL), CDMA,  ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება, კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up), WiMax, WiFi, ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება, 3G, სხვა. B.F.3 მონაცემთა გადაცემა: მონაცემთა გადაცემა; B.F.4 მაუწყებლობის  ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი; B.F.6  გამოძახებით  აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand): გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand); B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება: ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; როუმინგული კავშირით მომსახურება; B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული         მომსახურებით უზრუნველყოფა:           ტექსტური შეტყობინების მომსახურება; მულტიმედიური მომსახურება; ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვა); მოძრავი ინტერნეტ მომსახურება; მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება; სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება; B.S.2 ციფრული მონაცემების  გადაცემის მომსახურება  თანამგზავრული  არხით:  ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით; B.S.3 თანამგზავრული    ინტერნეტ მომსახურება: თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება; B.S.4 თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება: თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება).

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან 2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერიდან (04.03.2020) დგინდება, რომ სს „სილქნეტის“ აქციათა 100%-ის მფლობელის შპს„სილქნეტ ჰოლდინგის“ (ს/კ 404569285) წილის 95%-ის მფლობელი გახდა არარეზიდენტი იურიდიული პირი „პრომეთეუს ჰოლდინგს“ (C41770 (მალტა), ხოლო წილის 5%-ის მფლობელი არარეზიდენტი იურიდიული პირი ,,რაინსტრიმ ჰოლდინგს ლიმიტედ“   (C48790   (მალტა).   აღნიშნული   ცვლილებების  განხორციელებამდე, შპს„სილქნეტ ჰოლდინგის“ წილის 100%-ის მფლობელს წარმოადგენდა არარეზიდენტი პირი ,,რაინსტრიმ ჰოლდინგს ლიმიტედს“ (C48790 (მალტა).

მტკიცებულება: მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი.

3. კომისიის 2019 წლის 5 აგვისტოს №გ-19-16/2399 და 2018 წლის 27 ივლისის   №16/2567-18 წერილებით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, სს ,,სილქნეტს“,  ეცნობათ, რომ კომისიის მიერ მისთვის კანონით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების სათანადოდ შესრულებისთვის, კერძოდ, რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილებისა და შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების, შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით, ასევე, აუცილებელია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედ ავტორიზებულ პირთა ურთიერთდამოკიდებულების (აფილირებულობის) გამოვლენა, რაც შეუძლებელია პარტნიორთა წილების ან      აქციების      მფლობელების      (ბოლო    ბენეფიციარი მესაკუთრის/მესაკუთრეების ჩათვლით) შესახებ ინფორმაციის გარეშე. შესაბამისად, კომისიის მიერ მისთვის კანონით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების სათანადოდ შესრულებისთვის, კომპანიის ყველა ბენეფიციარ    (მათ შორის ბოლო ბენეფიციარის) მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის ან აქციების შეძენის/გასხვისების, ასევე, შერწყმის განზრახვის შემთხვევაში, საჭიროა კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღება. შესაბამისად, მოსალოდნელი ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია ავტორიზებული პირების მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს წინასწარ.

მტკიცებულება: კომისიის 2019 წლის 5 აგვისტოს № გ-19-16/2399 და 2018 წლის 27 ივლისის №16/2567-18 წერილები.

4. სს ,,სილქნეტს“, მისი ბენეფიციარი მესაკუთრის წილის შეძენის განზრახვის შესახებ ინფორმაცია წინასწარ, შეძენის განხორციელებამდე, კომისიაში არ წარმოუდგენია.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი  ბარათი (№20-10-1525; 27.07.2020).

5. სს „სილქნეტის“ აქციათა 100%-ის მფლობელის შპს „სილქნეტ ჰოლდინგის“ წილის 95%- ის არარეზიდენტი იურიდიული პირის „პრომეთეუს ჰოლდინგის“ C41770 (მალტა) მიერ შეძენას სს „სილქნეტის“ ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრე ფიზიკური პირების ცვლილება არ გამოუწვევია.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№20-10-1595; 06.08.2020)

6. სს ,,სილქნეტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში   ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის     არცერთი          სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან

IV.  სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-11 მუხლის პირველი   პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული   კომუნიკაციების     სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის   მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

2. „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება,   შენარჩუნება   და   განვითარება,   ხოლო   გ)   ქვეპუნქტის  შესაბამისად, მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი  პუნქტის  შესაბამისად,  კომისია  აკონტროლებს  ავტორიზებულ  პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების    შესრულებას.   ამავე   კანონის   44-ე  მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს    კანონმდებლობის,  მათ  შორის,  კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა  და ფუნქციების შესრულებასთან  დაკავშირებით მოთხოვნილი    ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ- ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

6.   ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის რეგულირების ერთ-ერთი მიზანია რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილება, ხოლო მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში    ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბება.

7.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები გამოიყენება: ა) თუ ხდება ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივის შეძენა; ბ) თუ შერწყმის შედეგად ერთიანდება ორი ან მეტი პირი, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია; გ) თუ ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა და თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26- ე და 27-ე მუხლები არ გამოიყენება ავტორიზებული პირების წილის ან აქციების შეძენის შემთხვევაში, თუ შემძენი პირის ან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მიერ ერთობლივად ხდება ავტორიზებული  პირის  5 პროცენტამდე წილის ან აქციების შეძენა.

8. „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის    შესახებ    კომისიას    უნდა    ეცნობოს    შერწყმის  ან  შეძენის განხორციელებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

9.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული(აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე.

10. „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   27-ე   მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ; ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომისიის თანხმობით განხორციელებული შერწყმის ან შეძენის შედეგად ჩამოყალიბებული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის მიერ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის მნიშვნელოვნად დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებულ ავტორიზებულ პირს, საოპერაციო აქტივის შემძენ ავტორიზებულ პირს ან ავტორიზებულ პირს, რომლის წილის ან აქციების შეძენაც მოხდა, ფუნქციონალური განცალკევება (ფუნქციონალურად გამოყოფილი სტრუქტურული ერთეულების ცალკე იურიდიულ პირად/პირებად გამოყოფა).

11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33) ქვეპუნქტის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულება არის  ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობა, რომელსაც შეუძლია უშუალო გავლენა მოახდინოს მათ შორის გარიგებების პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ასეთ განსაკუთრებულ ურთიერთობებს განეკუთვნება, კერძოდ, ურთიერთობები, რომელთა დროსაც: პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირის საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი თანამდებობრივი მდგომარეობით ექვემდებარება მეორე პირს ან ერთ პირს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირი; პირები არიან ფილიალი საწარმოები ან პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; პირები ნათესავები არიან (ამ კანონის მიზნებისთვის ნათესავებად ითვლებიან: ოჯახის წევრები, პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავები, გერი, და და ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები).

12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების    სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია  უფლებამოსილია  დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

13. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება     ან    მინიჭებული  უფლებამოსილება  -   გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები გამოიყენება თუ ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა და თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი. ამავე კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო  აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის ობიექტური მიზანია ავტორიზებული პირის წილის/აქციების შეძენის რეგულირება რამდენიმე პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის  თავიდან  აცილების,  ელექტრონული  კომუნიკაციების  სფეროში ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბებისა და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების, შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით. აღნიშნულს ადასტურებს ისიც, რომ     აღნიშნული ნორმა კანონმდებლის მიერ გათვალისწინებულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის IV თავში, რომელიც აწესრიგებს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას, ხოლო ნორმის სათაურია ავტორიზებულ პირთან შერწყმის, ავტორიზებული პირის წილის, აქციებისა და საოპერაციო აქტივის შეძენის  რეგულირება.

კომისია აღნიშნავს, რომ ავტორიზებული პირების ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილებისა და შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების, შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით, აუცილებელია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედ ავტორიზებულ პირთა ურთიერთდამოკიდებულების (აფილირებულობის) გამოვლენა და შესწავლა. კერძოდ, არიან თუ არა პირები ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები); ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს თუ არა მეორე პირის საწარმოში; ერთ პირს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს თუ არა მეორე პირი; პირები არიან თუ არა ფილიალი საწარმოები ან პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს თუ არა მესამე პირი; პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ თუ არა მესამე პირს და ა.შ., რაც შეუძლებელია ავტორიზებული პირების წილების/აქციების მფლობელების წილების/აქციების მფლობელების/მესაკუთრეების (ყველა ბენეფიციარების), მათი წილების/აქციების მფლობელების/მესაკუთრეების და ა.შ. წილების/აქციების საბოლოო მფლობელებამდე/მესაკუთრემდე (ბოლო ბენეფიციარი), ასევე, მათი წილების/აქციების მოსალოდნელი ცვლილების შესახებ ინფორმაციის გარეშე. შესაბამისად, ავტორიზებული პირის ყველა ბენეფიციარ (მათ შორის ბოლო ბენეფიციარის) მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის/აქციების შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას   უნდა   ეცნობოს   შეძენის   განხორციელებამდე,    წინააღმდეგ    შემთხვევაში, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის ობიექტური მიზანი - ავტორიზებული პირის წილის/აქციების შეძენის რეგულირება რამდენიმე პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილების, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბებისა და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების, შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით - ვერ იქნება მიღწეული.

სწორედ აქედან გამომდინარე, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი მოიაზრებს ავტორიზებული პირის წილის ან აქციების არა მხოლოდ პირდაპირ, არამედ ირიბ შეძენასაც. სხვა შემთხვევაში აღნიშნული ნორმა უბრალოდ აზრს დაკარგავს და ვერ შეასრულებს იმ მიზანს, რისთვისაც ის არსებობს. ავტორიზებული პირის წილის მხოლოდ პირდაპირი მფლობელის დადგენით შეუძლებელია ბაზარზე კონკურენციის შესწავლა, ვინაიდან ავტორიზებულ პირზე და მის გადაწყვეტილებებზე რეალურ გავლენას ახდენს სწორედ წილის საბოლოო მფლობელი/ბოლო ბენეფიციარი. აღსანიშნავია ისიც, რომ ავტორიზებული პირის ბოლო ბენეფიციარის წილობრივი მონაწილეობის დადგენა და შესაბამისად ბაზარზე კონკურენციის შესწავლა შეუძლებელია შუა რგოლის ბენეფიციარების დადგენის გარეშე, ვინაიდან ავტორიზებული პირის წილის პირდაპირი და ირიბი მფლობელების საბოლოო და სრულყოფილი სტრუქტურის შესწავლის გარეშე, გამორიცხულია ავტორიზებულ პირში საბოლოო ბენეფიციარის წილობრივი მონაწილეობისა და გავლენის დადგენა, შესაბამისად ბაზარზე კონკურენტული გარემოს შესწავლა.

კომისია აღნიშნავს, რომ სს ,,სილქნეტის“ აქციების 100 % - ის მფლობელის შპს „სილქნეტ ჰოლდინგის“ წილის 95 %-ის შეძენით, არარეზიდენტი იურიდიული პირი „პრომეთეუს ჰოლდინგს“  გახდა სს ,,სილქნეტის“ აქციების არაპირდაპირი მფლობელი შპს ,,სილქნეტ ჰოლდინგის“ მეშვეობით. ამდენად, არარეზიდენტი იურიდიული პირი „პრომეთეუს ჰოლდინგს“ მიერ, შპს ,,სილქნეტ ჰოლდინგის“ წილის 95 %-ის შეძენით, ფაქტობრივად განხორციელდა არარეზიდენტი იურიდიული პირი „პრომეთეუს ჰოლდინგსის“ მიერ  სს,,სილქნეტის“ აქციათა 95 %-ის შეძენა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2019 წლის 5 აგვისტოს № გ-19-16/2399 და 2018 წლის 27 ივლისის №16/2567-18 წერილებით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, სს ,,სილქნეტს“, ეცნობათ, რომ კომისიის მიერ მისთვის კანონით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების სათანადოდ შესრულებისთვის, კერძოდ, რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილებისა და შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების, შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით, ასევე, აუცილებელია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედ ავტორიზებულ პირთა ურთიერთდამოკიდებულების (აფილირებულობის) გამოვლენა, რაც შეუძლებელია პარტნიორთა წილების ან აქციების მფლობელების (ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრის/მესაკუთრეების   ჩათვლით)   შესახებ   ინფორმაციის   გარეშე.   შესაბამისად, კომისიის მიერ მისთვის კანონით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების სათანადოდ შესრულების მიზნით, კომპანიის ყველა ბენეფიციარ   (მათ შორის ბოლო ბენეფიციარის) მესაკუთრის მფლობელობაში არსებული წილის ან აქციების შეძენის/გასხვისების, ასევე,     შერწყმის განზრახვის შემთხვევაში,  საჭიროა კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღება. შესაბამისად, მოსალოდნელი ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია ავტორიზებული პირების მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს წინასწარ.

ამდენად,  ელექტრონული  კომუნიკაციების  სფეროში  საქმიანობის განმახორციელებელ, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ავტორიზებულ პირებთან გაგზავნილი კომისიის წერილებიდან გამომდინარე, კომისია, მისთვის კანონით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების სათანადოდ შესრულების მიზნით, არ ითხოვს მხოლოდ ავტორიზებული პირის წილების/აქციების ბოლო მფლობელების (ბოლო ბენეფიციარი) და მათი წილების/აქციების შეძენის განზრახვის შესახებ ინფორმაციას, არამედ, ასევე, ითხოვს ავტორიზებული პირების წილების/აქციების ბოლო მფლობელობამდე/მესაკუთრემდე არსებული ყველა მფლობელის/მესაკუთრის (ყველა ბენეფიციარი) წილების/აქციების, მათი წილების/აქციების შეძენის განზრახვის შესახებ ინფორმაციას და ამ წილების/აქციების შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღებას. შესაბამისად, წერილებში მითითებული ყველა ბენეფიციარის და ბოლო ბენეფიციარის ერთიდაიგივე მნიშვნელობით მიჩნევა და კომისიაში მხოლოდ ბოლო ბენეფიციარის შესახებ ინფორმაციის წარდგენა ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წერილების მიზანს და ვერ უზრუნველყოფს კომისიის მიერ მისთვის კანონით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების სათანადოდ შესრულებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,სილქნეტს“, სს „სილქნეტის“ აქციათა 100%-ის მფლობელის, შპს „სილქნეტ ჰოლდინგის“ წილის 95%-ის „პრომეთეუს ჰოლდინგის“ C41770 (მალტა) მიერ შეძენამდე, შეძენის განზრახვის შესახებ კომისიისთვის უნდა ეცნობებინა შეძენის განხორციელებამდე, როგორც ეს გააკეთა სს „სილქნეტის“ აქციათა 100%-ის მფლობელის შპს „სილქნეტ ჰოლდინგის“ წილის 95%-ის „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ“-ის  მიერ შეძენისას (იხ. კომისიის 2020 წლის 2 ივლისის №: გ-20-11/529 გადაწყვეტილება  ,,სს „სილქნეტის“ (ს/კ  204566978) აქციათა 100%-ის მფლობელის შპს„სილქნეტ ჰოლდინგის“ (ს/კ 404569285) წილის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ“) და ასევე, კომპანია „Topaz Investments (Malta) Limited“-ის მიერ სს,,სილქნეტის“ ბენეფიციარი მესაკუთრე კომპანია “Prometheus Holdings (malta) Limited“-ის წილის  38.2353%-ის    შეძენისას.  (იხ. კომისიის 2020 წლის 30 ივლისის №: გ-20-11/604 გადაწყვეტილება ,,კომპანია „Topaz Investments (Malta) Limited“-ის (C92958 მალტა) მიერ სს “სილქნეტის“ ბენეფიციარი მესაკუთრე კომპანია “Prometheus Holdings (malta) Limited“-ის (C41770 მალტა) წილის 38.2353%-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ“).

კომისია აღნიშნავს, რომ სს ,,სილქნეტს“ მისი აქციების მფლობელის წილის შეძენის განზრახვის შესახებ ინფორმაცია წინასწარ, შეძენის განხორციელებამდე, კომისიაში არ წარმოუდგენია, რითაც მის მიერ დაირღვა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები და 26-ე მუხლის პირველი და მე-2    პუნქტები,    რაც,    ,,ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის   შესაბამისად, ავტორიზებული პირის       სანქცირების   საფუძველია.   იმის  გათვალისწინებით,  რომ   სს ,,სილქნეტის“ მხრიდან ბოლო   ერთი   წლის  განმავლობაში   ადგილი   არ  ჰქონდა   იგივე/მსგავს დარღვევას,  მას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის წინასწარი თანხმობა სავალდებულოა, როდესაც ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა. ავტორიზებული პირის წილის ან აქციების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით კომისიის წინასწარი  თანხმობის გარეშე გაყიდვის  შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს წილის გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. კომისიის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენება უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ ფაქტობრივ და სამართლებრივ წინაპირობებს. პირვანდელი მდგომარეობის          აღდგენის    მოთხოვნის    ერთ-ერთ    უმნიშვნელოვანეს    კრიტერიუმს წარმოადგენს ის ფაქტი - იცვლება თუ არა წილის ან აქციების გასხვისების შედეგად საბოლოო ბენეფიციარის წილობრივი მონაწილეობა ან/და გავლენა ავტორიზებულ პირში. ამასთან,    კომისია   ხაზგასმით   აღნიშნავს,   რომ   ავტორიზებული   პირის   საბოლოო ბენეფიციარის წილის ან/და გავლენის ცვლილება ავტორიზებულ პირში საჭიროებს ყოველ ინდივიდუალურ  შემთხვევაში    კომისიის    მიერ    შეფასებას,    ვინაიდან  ცალკეულ შემთხვევებში შუალედური ბენეფიციარის/ბენეფიციარის წილის ცვლილება შესაძლოა იწვევდეს საბოლოო ბენეფიციარის წილის    ან/და    გავლენის  ცვლილებას  თავად ავტორიზებულ პირში.   ამ   კონკრეტულ შემთხვევაში,    კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის      შესწავლით (სამსახურებრივი ბარათი №20-10-1595) ირკვევა, რომ ტრანზაქციის შედეგად არ იცვლება ავტორიზებული   პირის -  სს   „სილქნეტის“   ბოლო  ბენეფიციარების   წილობრივი მონაწილეობა ან/და გავლენა ავტორიზებულ პირში, აქედან გამომდინარე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნის დავალდებულება აზრს არის მოკლებული და შედეგობრივად                   ვერანაირ    გავლენას     ვერ     მოახდენს     ავტორიზებული     პირის მდგომარეობაზე.

 V.  სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 95,   98-ე და 99-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის      მე-11 მუხლის პირველი, მე-2 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, მე-20 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. სს ,,სილქნეტს“ მიეცეს გაფრთხილება   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო.

2. გადაწყვეტილება    ძალაში    შედის    გადაწყვეტილების    დამოწმებული    ასლის სს,,სილქნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) სს,,სილქნეტისთვის“ გადაწყვეტილების   დამოწმებული   ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

4. დაევალოს     კომისიის     აპარატის     ადმინისტრაციას     (ო.     ვოტ)    აღნიშნული გადაწყვეტილების სს    ,,სილქნეტისთვის“    დაუყოვნებლივ    გაგზავნა  და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური              თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე          წევრი

ელისო ასანიძე           წევრი

მერაბ ქათამაძე           წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები