შპს „ახტელის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 27, 2020 17:26
მიღების თარიღი აგვისტო 20, 2020
შპს „ახტელის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 20-10-1454; 17/07/2020) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ახტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, შპს „ახტელის“ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 20-10-1454; 17/07/2020) თანახმად, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებულ ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიურ წესების” შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, საანგარიშო წლის შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში კომისიას უნდა წარუდგინოს ფინანსური წლის დასრულებიდან 6 თვეში, ანუ მაქსიმუმ 1 ივლისამდე. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვთ დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, წარმოადგენენ: შპს„მაგთიკომი“, სს „სილქნეტი“, შპს „ვიონი საქართველო“, შპს „ახალი ქსელები“, შპს„ახტელი“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“, შპს„კავკასუს ონლაინი“ შპს„რკინიგზის ტელეკომი“, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი“, შპს „პისი მაქსი“, სს“ საქართველოს რკინიგზა“ და შპს „დელტაკომი“.
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 20-10-1454; 17/07/2020) თანახმად, 2020 წლის 29 ივნისს კომისიაში შემოვიდა შპს „ახტელის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/3348), სადაც კომპანია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ცვლის სააღრიცხვო პოლიტიკას და საერთაშორისო სტანდარტების IFRS ნაცვლად გადადის ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგების საერთაშორისო (ფასს) მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგებაზე, აღნიშნული ცვლილებების შესაბამისობის და შესადარისობის უზრუნველყოფის მიზნით უნდა დაეკორექტირებინა 2018 წლის 1 იანვრისთვის და 31 დეკემბრისთვის ბალანსები და 2018 წლის პერიოდის მოგება ზარალის ანგარიშგება, ასევე უნდა მოეხდინა ძირითადი საშუალებების გადაფასება. რომლის მიხედვითაც ვინაიდან აღნიშნული კორექტირებები მნიშნველოვან გავლენას იქონიებს 2019 წლის დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშგებაზე, აქედან გამომდინარე შპს„ახტელი“ ითხოვდა კომისიაში განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშგების წარდგენისთვის დამატებით დროს 2020 წლის 1 ოქტომბრამდე. ასევე 2020 წლის 10 ივლისს შემოვიდა შპს „ახტელის“ წერილი (Nშ-206/3586), სადაც ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზებთან ერთად კომპანია აღნიშნავდა ქვეყნაში მიმდინარე მოვლენებს და შეზღუდვებს COVID-19- ის გავრცელებასთან დაკავშირებით, რამაც ხელი შეუშალა აუდიტის სამუშაო პროცესების წარმართვას და ითხოვდა განცალკევებული აღრიცხვის კომისიაში წარმოდგენის ვადის გადავადებას 2020 წლის 1 დეკემბრამდე.
გამომდინარე იქედან, რომ 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების” შესაბამისად, კომპანიას ევალებოდა 2020 წლის 1 ივლისამდე 2019 წლის განცალკევებული აღრიცხვის კომისიაში წარმოდგენა, შესაბამისად შპს „ახტელს“ 2020 წლის 13 ივლისს კომისიისაგან წერილობით უარი ეთქვა (წერილი Nგ-20-08/2240) დადგენილებით დამტკიცებული ვადებისგან განსხვავებული ვადის შეთანხმებასთან დაკავშირებით.
შესაბამისად, შპს “ახტელის“ მიერ დარღვეულია ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები.
შპს „ახტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2020 წლის 13 აგვისტო, 15:00 საათი. აღნიშნულის თაობაზე კომპანიას გაეგზავნა შეტყობინება (N გ-20-03/2535; 07/08/2020) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით შპს „ახტელს“ განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს სხდომას ესწრებოდა შპს „ახტელის“ წარმომადგენელი, მ. კილაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ 2020 წლის 5 იანვარს კომპანიამ დადო აუდიტორულ კომპანიასთან ფინანსური ანგარიშის აუდიტის მომსახურებაზე ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად მომსახურება უნდა დაწყებულიყო არაუგვიანეს 2020 წლის 15 თებერვლისა და დასრულებულიყო პირველ მაისს, რის შემდეგაც კომპანიას რჩებოდა დრო მოემზადებინა განცალკევებული ფინანსური ანგარიში და მოესწრო მისი აუდირება. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ კომპანია არ განეკუთვნებოდა პირველი კატეგორიის საწარმოს, აუდიტორულმა კომპანიამ მისცა რეკომენდაცია, რომ IFRS სტანდარტებიდან გადასულიყვნენ ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგების საერთაშორისო (ფასს) მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგებაზე. შემოწმების დაწყებისას აუდიტორულმა კომპანიამ დააყენა საკითხი, რომ თუ ქონება არ შეფასდებოდა 2018 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, აუდიტორი ვერ დაადასტურებდა ძირითადი ქონების ღირებულებას. კომპანიამ გაითვალისწინა აუდიტორის რეკომენდაცია და ამჟამად თავიდან მიმდინარეობს ქონების შეფასება 2018 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით. ამასთან, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, კომპანია ვერ მუშაობდა, ვინაიდან დისტანციურად ქონების შეფასება იყო შეუძლებელი. ამჟამად მიმდინარეობს ქონების შეფასების პროცესი, შემდეგ დასრულდება ფინანსური ანგარიშის აუდირება, რის შემდეგაც მოამზადებენ განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშს. აღნიშნულის დამადასტურებლად წარმოადგენდნენ აუდიტორული კომპანიის წერილს და ხელშეკრულებას. წამომადგენელმა კომისიას მიმართა თხოვნით ანგარიშის წარმოდგენისთვის მაქსიმუმ ა/წ პირველ დეკემბრამდე ვადის გადაწევის შესახებ და ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების გათავლისწინებით არ დაეკისრებინა სანქცია კომპანიისათვის. ხ. ინჯიამ, ასევე შპს „ახტელის“ წარმომადგენელმა, განმარტა, რომ აღნიშნული სამართალდარღვევა უხეშად ან დაუდევრობით გამოწვეული ქმედება არ ყოფილა. ეს გამოიწვია ორმა გარემოებამ, მსოფლიო პანდემიამ და კომპანიის ფინანსური სურათის მთლიანი ცვლილებამ, რის გამოც ახალი კვლევის ჩატარება მოუწიათ. ამასთან, არსებობდა აღნიშნულის მტკიცებულებები, რისი წარდგენაც კომპანიას შეეძლო კომისიაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სხდომის ერთი კვირით, 2020 წლის 20 აგვისტოსთვის გადადებასთან დაკავშირებით.
შპს „ახტელის“ მიერ კომისიაში 2020 წლის 18 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის N შ-20-6/4241) წარმოდგენილ იქნა წერილი კომპანიის მიერ დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის შესახებ. კერძოდ, 2020 წლის 18 აგვისტოს შპს „ბეიკერ ტილის“ წერილი და შპს „ბეიკერ ტილისა“ და შპს „ახტელს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება. წერილის მიხედვით, შპს „ბეიკერ ტილი“ განმარტავს, რომ დაინიშნა შპს „ახტელის“ 2019 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტორად. აუდიტის საწყის დაგეგმვის ეტაპზე მათ მიერ დაფიქსირებული იქნა მნიშვნელოვანი ხარვეზები, რომლის აღმოფხვრის მიზნით მოითხოვეს, 2018 წლის წარდგენილი ანგარიშგების დაზუსტება და 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეფასების გაკეთება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეძლებდნენ კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებაზე ვერც დადებით და ვერც პირობით დადებით დასკვნას. გამომდინარე აქედან, კომპანია დათანხმდა 2018 წლის წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების კორექტირებას და 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეფასების წარმოებას. ამასთან აუდიტორული კომპანიის რეკომენდაციით შესაძლებელი გახდა კომპანიაში დანერგილიყო ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (ფასს) მცირე და საშუალო საწარმოებისათვის, რისი უფლება კომპანიებს მათი მახასიათებლებიდან გამომდინარე კანონმდებლობით ქონდათ.
ამასთან, შპს „ახტელის“ მიერ კომისიაში 2020 წლის 19 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის N შ-20-6/4304) კომისიაში წარმოდგენილ იქნა აუდიტორული კომპანიის დაზუსტებული წერილი, რომლის მიხედვითაც, ფინანსური ანგარიშის აუდიტის პროცესის დასრულება მოხდებოდა სავარაუდოდ 2020 წლის ოქტომბრის ბოლომდე, ქონების შეფასების დასრულებიდან, რომელიც დასრულდებოდა 2020 წლის სექტემბერში. აღნიშნულის შემდეგ მოახდენდნენ დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის სპეციალური ანგარიშის აუდირებას, რომელსაც ვარაუდობდნენ, რომ დასრულდებოდა 2020 წლის 1 დეკემბრისთვის.
კომისიის 2020 წლის 20 აგვისტოს სხდომას ესწრებოდა შპს „ახტელის“ წარმომადგენელი.
II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 20-10-1454; 17/07/2020) და თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.
2. შპს „ახტელის“ შესახებ ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
3. შპს „ახტელისათვის“ გაგზავნილი შეტყობინება (N გ-20-03/2535; 07/08/2020) კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს სხდომაზე მოწვევის თაობაზე.
4. შპს „ახტელის“ წარმომადგენლების მიერ სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტება.
5. შპს „ახტელის“ მიერ კომისიაში 2020 წლის 18 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის N შ-20-6/4241) წარმოდგენილი წერილი.
6. შპს „ახტელის“ მიერ კომისიაში 2020 წლის 19 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის N შ-20-6/4304) წარმოდგენილი წერილი.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „ახტელი“ 2010 წლის 10 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს.
მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
2. ა) „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილების 8.4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვების და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისრა შემდეგი ვალდებულება: აწარმოოს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად, ობიექტურად და გამჭვირვალედ აღრიცხვა და განაწილება, მისი საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტების, საოპერაციო საქმიანობისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიხედვით, კომისიის მიერ 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესებით“ განსაზღვრული პირობების დაცვით.
ბ) „გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილების 8.4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოყოფილი არხების მაგისტრალურ/ძირითად (“trunk”) ქსელთან და „Backhaul” გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე ამ გადაწყვეტილების მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს, ამავე გადაწყვეტილების მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისრათ შემდეგი სპეციფიკური ვალდებულება: კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მიხედვით მომზადებული ყოველწლიური შემოსავლების და დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა.
მტკიცებულება: კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილება „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“; კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილება „გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“.
3. შპს „ახტელის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის სახე - წერილობითი გაფრთხილება. კერძოდ, შპს „ახტელის“ მიერ 2018 წლის აუდირებული განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშების, კომისიის დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგენლობით დარღვეულ იქნა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები.
მტკიცებულება: კომისიის 2019 წლის 18 ივლისის N გ-19-18/430 გადაწყვეტილება შპს„ახტელისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“.
4. 2020 წლის 17 ივლისის მდგომარეობით შპს „ახტელის“ მიერ 2019 წლის განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიში კომისიაში არ იქნა წარმოდგენილი.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 20-10-1454; 17/07/2020).
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.
6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირმა, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკავებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, სააღრიცხვო პოლიტიკის შესაბამისად, უნდა მოამზადოს და კომისიაში წარმოადგინოს განცალკევებული აღრიცხვის ყოველწლიური ანგარიში; ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირმა, კომისიას უნდა წარუდგინოს და გამოაქვეყნოს განცალკავებული აღრიცხვის ანგარიში, სააღრიცხვო პოლიტიკა და შესაბამისი აუდიტორული მოსაზრება ფინანსური წლის დასრულებიდან 6 თვეში.
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.
8.,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ახტელის“ მიერ 2019 წლის აუდირებული განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშების, კომისიის დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგენლობით დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები. გარდა ამისა, არსებობს, შპს „ახტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2019 წლის 18 ივლისის N გ-19-18/430 გადაწყვეტილება მსგავსი იდენტური დარღვევისათვის, რისთვისაც კომპანიას მიღებული აქვს წერილობითი გაფრთხილება. შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, აღნიშნული დარღვევა წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ახტელის“ მიერ წარმოდგენილ იქნა მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც, კომპანიას ნამდვილად ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულება აუდიტორულ კომპანიასთან, რომლის მიხედვითაც, სამუშაოს შესრულება უნდა დაწყებულიყო 2020 წლის 15 თებერვალს და დასრულებულიყო 2020 წლის პირველ მაისს, რის შედეგადაც კომპანია შეძლებდა ვალდებულების შესრულებას დროულად. ასევე კომპანიის მიერ წარმოდგენილ იქნა აუდიტორული კომპანიის წერილი, რომლის შესაბამისად, კომისიისთვის ახსნილ იქნა ის გარემოებები, რომელთა არსებობისას კომპანიამ ვერ შეძლო ვალდებულების დროულად შესრულება, კერძოდ, კომპანიამ შეცვალა სააღრიცხო პოლიტიკა და საერთაშორისო სტანდარტების IFRS ნაცვლად გადავიდა ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგების საერთაშორისო (ფასს) მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგებაზე. კომისია აღნიშნავს, რომ კატეგორიის ცვლილებასთან დაკავშირებული გარემოებები შეიძლება გახდეს გამონაკლისის დაშვების საფუძველი, ვინაიდან ეს მნიშვნელოვან გადაანგარიშებებს მოითხოვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს„ახტელის“ სამართალდამრღვევად ცნობა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება.
ამასთან, შპს „ახტელს“ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით უნდა დაევალოს 2019 წლის განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის 1 დეკემბრამდე.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის№ 5 დადგენილების მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ცნობილ იქნას შპს „ახტელი“ სამართალდამრღვევად ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების დარღვევის გამო.
2. გათავისუფლდეს შპს „ახტელი“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.
3. დაევალოს შპს „ახტელს“ 2019 წლის განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის 1 დეკემბრამდე.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ახრელისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. კაველიძე) შპს„ახტელის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა.
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს„ახტელისათვის“ ჩაბარების დღიდან.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „ახტელისათვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
