წვდომის მენიუ

ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 665

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 04, 2020 14:08

მიღების თარიღი აგვისტო 27, 2020

ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე

I.  საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) აპარატის აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N20-10-1656, 12.08.2020) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის მიზნით. აღნიშნული სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ სამაუწყებლო ბადის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 2020 წლის 28 ივლისს 22 საათსა და 33 წუთზე „ობიექტივის“ ეთერში გავიდა საზოგადოებრივ- პოლიტიკური გადაცემა „ყველას გასაგონად“ არასახელმწიფო ენაზე (რუსულ ენაზე). გადაცემას არ ჰქონდა სუბტიტრები სახელმწიფო ენაზე და მისი ხანგრძლივობა იყო 48 წუთი. „სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ კომუნიკაციების კომისიის 2016 წლის 31 ოქტომბრის N6 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოში ავტორიზებული საერთო ეროვნული ტელემაუწყებელი უფლებამოსილია სამაუწყებლო ბადეში პროგრამები, არასახელმწიფო ენაზე (ენებზე), განათავსოს ისე, რომ მათი მთლიანი მოცულობა არ აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის ხანგრძლივობის 10%-ს. ამასთანავე, საუკეთესო დროს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) განთავსებული პროგრამების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს საუკეთესო დროის 10%-ს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში ავტორიზებული საერთო ეროვნული ტელემაუწყებელი, იმ შემთხვევაში, თუ პროგრამას სამაუწყებლო ბადეში განათავსებს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) ვალდებულია არასახელმწიფო ენაზე (ენებზე), გადაცემული პროგრამა სამაუწყებლო ბადეში განათავსოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით. სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ საუკეთესო დრო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად არის 19:00-დან 24:00 საათამდე პერიოდი. „ობიექტივის“ ეთერში არასახელმწიფო ენაზე განთავსებული გადაცემა 48 წუთს აღემატება, ხოლო საუკეთესო დრო არის 300 წუთი. აქედან გამომდინარე,  არასახელმწიფო ენაზე განთავსებული გადაცემების ხანგრძლივობა გასცდა დასაშვებ საუკეთესო დროის 10%-ს. გარდა ამისა გადაცემებს არ ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრები. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ადგილი აქვს კომისიის N6 დადგენილების პირობების დარღვევას.

ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი  ობიექტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 27 აგვისტოს, რის შესახებ კომპანიას  ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (№20-03/2659, 19.08.2020) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული  მტკიცებულებებისა და   შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2020 წლის 27 აგვისტოს სხდომაზე არ გამოცხადდა ააიპ „არასამეწარმეო მედია- კავშირი ობიექტივის“ წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივს“ შეტყობინება (№20-03/2659, 19.08.2020) სხდომის გამართვის თარიღის, დროისა და ადგილის თაობაზე ჩაბარდა 2020 წლის 19 აგვისტოს. ამდენად, კომისიამ შეასრულა მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლით დაკისრებული ვალდებულება დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვისა და მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე და შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ააიპ ,,არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წარმომადგენლის დასწრების გარეშე.

II.        კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები

1. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ თაობაზე მონაცემები სამეწარმეო და არასამეწარმეო პირთა რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.

2. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-1656, 12.08.2020) შემოწმების ჩატარების ამსახველი ვიდეოჩანაწერით.

3. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათი (№20-10/1692, 18.08.2020).

4. კომისიის სხდომაზე კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსის მიერ გაკეთებული განმარტება.

5. კომისიის მიერ  გაგზავნილი შეტყობინების  (№20-03/2659, 19.08.2020) ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

III.       კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ     პირს     (მაუწყებლობის     სახე     -     ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა - კერძო ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა - საერთო ტელემაუწყებლობა;  ავტორიზაციის   თარიღი  -  15.07.2015).   შესაბამისად,    ა(ა)იპ „არასამეწარმეო  მედია  კავშირი ობიექტივი“ როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები.

2. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ სამაუწყებლო ბადის მონიტორინგი, რომლის შედეგად გამოვლინდა, რომ 2020 წლის 28 ივლისს, 22 საათსა და 33 წუთზე, მაუწყებლის ეთერში გავიდა საზოგადოებრივ- პოლიტიკური გადაცემა „ყველას გასაგონად“ არასახელმწიფო ენაზე (რუსულ ენაზე), რომელსაც  არ ჰქონდა სავალდებულო სუბტიტრები საქართველოს სახელმწიფო  ენაზე. ამასთან, საუკეთესო დროს არასახელმწიფო ენაზე განთავსებული გადაცემის ხანგრძლივობა იყო 48 წუთი, რაც აღემატება საუკეთესო დროის 10%-ს.

3. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ სამაუწყებლო ბადეში, 2020 წლის 27 აგვისტოს მდგომარეობით, კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით, ისევ განთავსებულია საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა არასახელმწიფო ენაზე.

4.     ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წლიური შემოსავლის 1% არ აღემატება 5000 ლარს.

5.     ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ ბოლო ერთი წლის მანძილზე, კერძოდ 2020 წლის 26 მარტის №გ-20-18/369 გადაწყვეტილებით დაეკისრა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით   ანალოგიური/მსგავსი სამართალდარღვევისთვის.

IV.       სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1. ,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.

2.    ,,მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  70-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის თანახმად, მაუწყებელი    ვალდებულია     უზრუნველყოს     მის     მიერ     გადაცემული პროგრამების,            რეკლამისა    და    სპონსორების    შესახებ    ინფორმაციის    საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა,  ხოლო, მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის საქმიანობის   საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა,   მათ   შორის,   კომისიის   დადგენილებები   და გადაწყვეტილებები.

4.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 381  მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ავტორიზებულმა საერთო ეროვნული მაუწყებლობის განმახორციელებელმა ტელემაუწყებელმა   სამაუწყებლო  ბადეში   პროგრამები საქართველოს სახელმწიფო  ენაზე უნდა განათავსოს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ან/და კომისიის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.

5. „სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 31 ოქტომბრის N6 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, საქართველოში ავტორიზებული საერთო ეროვნული ტელემაუწყებელი უფლებამოსილია სამაუწყებლო ბადეში პროგრამები, არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) განათავსოს ისე, რომ მათი მთლიანი მოცულობა არ აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის ხანგრძლივობის 10%-ს. ამასთანავე, საუკეთესო დროს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) განთავსებული პროგრამების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს საუკეთესო დროის 10%-ს. საქართველოში ავტორიზებული საერთო ეროვნული ტელემაუწყებელი, იმ შემთხვევაში, თუ პროგრამას სამაუწყებლო ბადეში განათავსებს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე)  ვალდებულია არასახელმწიფო ენაზე   (ენებზე) გადაცემული პროგრამა სამაუწყებლო ბადეში განათავსოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ5“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საუკეთესო დრო არის დრო 19.00 სთ-დან 24.00 სთ-მდე, როდესაც შესაძლებელია მაუწყებლის პროგრამებს უყუროს ან უსმინოს მისი მომსახურების ზონის აუდიტორიის პიკურმა რაოდენობამ.

7. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად; ამავე მუხლის  მე-2  პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა.

8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ ავტორიზაციის შესაჩერებლად.

კომისია აღნიშნავს, რომ ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ სამაუწყებლო ეთერში  არასახელმწიფო ენაზე განთავსებული გადაცემა არ განეკუთვნება „სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 31 ოქტომბრის N6 დადგენილების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლისებს (უცხოური ენის შემსწავლელი გადაცემა, მუსიკალური ნაწარმოები, ხმოვანი ბილიკის მეშვეობით არასახელმწიფო ენაზე გადაცემული პროგრამა, გადაცემაში უზრუნველყოფილი მიმდევრობითი თარგმანის თანხლებით გადაცემული გადაცემა). შესაბამისად, სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრების გარეშე, ასევე, საუკეთესო დროის 10%-ზე მეტი ხანგრძლივობით პროგრამის განთავსებით ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 381 მუხლის პირველი პუნქტი, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი, 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და „სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ 2016 წლის 31 ოქტომბრის N6 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 და მე-3    პუნქტები. იმის გათვალისწინებით, რომ ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ ბოლო ერთი წლის მანძილზე დაკისრებული აქვს ანალოგიური/მსგავსი სამართალდარღვევისთვის ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით და მისი წლიური შემოსავლის 1% არ აღემატება 5000 ლარს, მას უნდა დაეკისროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. ამავდროულად უნდა დაევალოს სამაუწყებლო ბადიდან არასახელმწიფო ენაზე კანონდარღვევით განთავსებული პროგრამის დაუყოვნებლივ ამოღება.

V.   სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს  კანონის  მე-2  მუხლის ,,ჰ5“ ქვეპუნქტის,  მე-5  მუხლის მე-3  პუნქტის,  381 მუხლის პირველი პუნქტის, 451   მუხლის მე-10 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 31 ოქტომბრის N6 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა: 

1.    ა(ა)იპ  „არასამეწარმეო  მედია-კავშირი  ობიექტივს“  დაეკისროს  ჯარიმა  5000  ლარის ოდენობით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 381  მუხლის პირველი პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სამაუწყებლო ბადეში  პროგრამების არასახელმწიფო    ენაზე    განთავსების    წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ 2016 წლის 31 ოქტომბრის N6 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 და მე-3  პუნქტების დარღვევის გამო.

2.   ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივმა“ უზრუნველყოს:

ა) წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი  რეკვიზიტების  მიხედვით:  ხაზინის  ერთიანი  ანგარიში,  ანგარიშის  ნომერი  - 200122900;  ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22; სახაზინო კოდი -  300773251;

ბ)     გადახდის     დამდასტურებელი     დოკუმენტის,     გადახდიდან     3     დღის ვადაში კომისიაში  წარმოდგენა.

3. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივმა“ უზრუნველყოს სამაუწყებლო ბადიდან კანონდარღვევით განთავსებული პროგრამის დაუყოვნებლივ ამოღება.

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ჩაბარების დღიდან.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

6. დაევალოს  კომისიის აპარატის  ადმინისტრაციას (ო. ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

7.  კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  მე-2  პუნქტის  შესრულებაზე  დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი).

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე   (გარდა მე-2 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე). 

კახი ბექაური   თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

ელისო ასანიძე   წევრი

მერაბ ქათამაძე   წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები