წვდომის მენიუ

„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: გ-20-18 / 671

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 07, 2020 13:27

მიღების თარიღი აგვისტო 27, 2020

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზესაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებაში  ცვლილების  შეტანის  თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ ევროკავშირის დაფინანსებული ევროკავშირის „დაძმობილების“ (Twinning)  პროექტის  - „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხარდაჭერა ელექტრონული კომუნიკაციების  მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის დახვეწასა და ინსტიტუციონალურ გაძლიერებაში” ფარგლებში ექსპერტებმა  შეისწავლეს ელექტრონული  კომუნიკაციების   სფეროში   მოქმედი   კანონქვემდებარე  აქტები და მოამზადეს რეკომენდაციები აღნიშნული აქტების ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის მოყვანის მიზნით. აღნიშნული რეკომენდაციებისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე კომისიამ მოამზადა კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტში“ შესატანი ცვლილებები.

მომზადებული ცვლილებები მიზნად ისახავს მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, ხარისხიანი მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფას, მომსახურების უსაფრთხოებას, მომსახურების ხელმისაწვდომობასა და მომსახურებით სარგებლობით წახალისებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების მიერ ბოლო მომხმარებლებისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა. ამავე კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ზედამხედველობს კომისია, ხოლო მე-8 პუნქტის შესაბამისად,  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებს და მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტს განსაზღვრავს კომისია ნორმატიული აქტით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2020 წლის 28 მაისს კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება Nგ-20-23/464 „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“. კომისიის 2020 წლის 28 მაისს დისტანციურად გამართულ სხდომაზე ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების წარმომადგენელთა მიერ გამოთქმულ მოსაზრებათა გათვალისწინებით ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2020 წლის 6 აგვისტო, ხოლო ადმინისტრაციული წარმოების ვადად -  3 თვე.

ზეპირი მოსმენის გამართვამდე ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების წარმომადგენლებს, კომისიის აპარატის სხვადასხვა დეპარტამენტსა და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს შორის შედგა არაერთი სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებში განხილულ იქნა აღნიშნული კომპანიების მიერ წარმოდგენილი წინადადებები და შენიშვნები. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის პროცესში დაინტერესებული პირებისგან მიღებული მოსაზრებების საფუძველზე ცვლილებები შევიდა „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე კომისიის დადგენილების პროექტში, რომელიც განახლებული სახით გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პროექტით გათვალისწინებული ცალკეული საკითხების დამუშავების პროცესი კვლავ გრძელდებოდა, კომისიამ მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენა უნდა გაგრძელებულიყო და გამართულიყო 2020 წლის 20 აგვისტოს.

2020 წლის 20 აგვისტოს გაიმართა ზეპირ მოსმენა. კომისიის დისტანციურად გამართულ სხდომაზე კომისიამ და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების წარმომადგენლებმა  მოისმინეს ინფორმაცია „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებაში შესატანი ცვლილებების  შესახებ. კომისიის სხდომაზე ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების წარმომადგენლებმა ითხოვეს ზეპირი მოსმენა გამართულიყო 2020 წლის 27 აგვისტოს, ხოლო კომისიის დადგენილების პროექტი ავტორიზებული პირების წარმომადგენლებთან ერთად განხილულიყო სამუშაო რეჟიმში. აღნიშნულის გათვალისწინებით კომისიამ აუცილებლად მიიჩნია ზეპირი მოსმენის გაგრძელება 2020 წლის 27 აგვისტოს.

ზეპირ მოსმენამდე შედგა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების წარმომადგენლებთან. კომისიის დადგენილების განახლებული პროექტი კომისიის     ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა 2020 წლის 26 აგვისტოს.

2020 წლის 27 აგვისტოს კომისიაში შემოვიდა სს ,,სილქნეტის“ (Nშ-20-6/4396; 27.08.20), შპს ,,მაგთიკომის“  (Nშ-20-6/4392;  27.08.20)  და  შპს  ,,ვიონი  საქართველოს“  (Nშ-20-6/4395; 27.08.20) წერილობითი შუამდგომლობები „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე. სს ,,სილქნეტის“ წერილობით შუამდგომლობის თანახმად, ცვლილებები ძალიან მოცულობითია და ეხება უმნიშვნელოვანეს საკითხებს, რაც მოითხოვს თითოეული ნორმის სწორად გააზრებას, რის გამოც სს ,,სილქნეტს“ მიაჩნია, რომ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განსაზღვრული დრო არ არის საკმარისი სწორი დოკუმენტის მისაღებად, რომელიც იქნება კარგად და სწორად გააზრებული და რომელიც უზრუნველყოფს როგორც მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, ასევე,  შეუსრულებელ ვალდებულებებს არ დაუწესებს ოპერატორებს. შესაბამისად, სს ,,სილქნეტმა“ ითხოვა მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა რეგლამენტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით და დოკუმენტის სრულყოფის მიზნით მუშაობის გაგრძელება ოპერატორების აქტიური ჩართულობით.

შპს ,,მაგთიკომის“ წერილობით შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ   მიუხედავად კომისიის თანამშრომლების და ავტორიზებული პირების წარმომადგენლების აქტიური თანამშრომლობისა, ძალისხმევისა და 24, 25, 26 აგვისტოს გამართული დისტანციური შეხვედრებისა, პროექტის მოცულობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, მაინც დარჩა გარკვეული საკითხები, რომელიც დამატებით საჭიროებს შესწავლასა და განხილვას.    შპს ,,მაგთიკომმა“, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ 27 აგვისტოს იწურება კანონმდებლობით  გათვალისწინებული  საჯარო  ადმინისტრაციული  წარმოების სამთვიანი ვადა, ითხოვა მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა, რეგლამენტის პროექტზე მუშაობის გაგრძელებისა და ყველა მნიშვნელოვანი საკითხის (მათ შორის, ტექნიკური დეტალები) სამუშაო რეჟიმში განხილვის მიზნით.

შპს ,,ვიონი საქართველოს“ წერილობით შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ ცვლილებების პროექტი საკმაოდ მოცულობითია და საჭიროებს უფრო მეტ დროს, რათა კომპანიამ სრულყოფილად მიაწოდოს კომისიას თავისი პოზიცია და შენიშვნები. აქედან გამომდინარე, შპს ,,ვიონი საქართველომ“ ითხოვა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა და ცვლილებების პროექტზე მუშაობის გაგრძელება, ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესის გათვალისწინების მიზნით.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3  დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადა იწურება 2020 წლის 27 აგვისტოს.

კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ ავტორიზებული პირებისგან   წინადადებები და შენიშვნები მიღებულ იქნა 2020 წლის 24 და 25 აგვისტოს, რის   საფუძველზე განახლებული დადგენილების პროექტი კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ა/წ 26 აგვისტოს. კომისია იზიარებს ავტორიზებული პირების პოზიციას იმის თაობაზე, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებაში შესატანი ცვლილებების პროექტი მოცულობითი დოკუმენტია და ადმინისტრაციული წარმოების ვადის გათვალისწინებით არ რჩება საკმარისი დრო დაინტერესებული პირების მიერ განახლებული პროექტის სათანადოდ გასაცნობად და მათთვის ადმინისტრაციულ ორგანოში მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობის მისაცემად.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1061   მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების უფლების მქონე კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება ამავე ორგანოს გადაწყვეტილებით, ხოლო  103-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესები. ამავე კოდექსის 115-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ თავის დებულებების გათვალისწინებით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1064  პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს უფლება, წარადგინოს საკუთარი მოსაზრება კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან დაკავშირებით. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას გამოაქვს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ, ხოლო მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

ზემოაღნიშნულიდან გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებაში ცვლილების  შეტანის  თაობაზე  საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის დადგენილების    მიღების   მიზნით   კომისიის   2020   წლის   28   მაისის   Nგ-20-23/464 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 1061  მუხლის პირველი ნაწილის, 103-ე მუხლის 11 ნაწილის, 1064 პირველი ნაწილის, 115-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006   წლის 17 მარტის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის    თაობაზე    საქართველოს    კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით კომისიის 2020 წლის 28 მაისის Nგ-20-23/464 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება;

2.  გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი    კომისიის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტერნეტში (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების მე-3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს (ი. ბუთბაია);

6. კონტროლი გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

კახი ბექაური  თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

ელისო ასანიძე  წევრი

მერაბ ქათამაძე  წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები