შპს „ჯეოლინკ-ისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 30, 2020 21:27
მიღების თარიღი სექტემბერი 24, 2020
შპს „ჯეოლინკ-ისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№20-10-1836, 11.09.2020) მიხედვით, 2019 წლის 3 დეკემბერს შეიცვალა შპს „ჯეოლინკ-ის“ დირექტორი და დამფუძნებელი. შპს „ჯეოლინკს“ კომისიის წინასწარი თანხმობა წილის გასხვისების თაობაზე მიღებული აქვს 2019 წლის 31 ოქტომბერს კომისიის Nგ-19-11/608 გადაწყვეტილებით, თუმცა კომპანიამ განხორციელებული ცვლილების თაობაზე არ აცნობა კომისიას. აღნიშნული სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯეოლინკ-ისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხის განხილვის მიზნით მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 მუხლის „ბ“, „გ“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაძლო დარღვევის გამო.
საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა დაინიშნა 2020 წლის 24 სექტემბერს, 15:00 საათზე, რის შესახებაც კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
შპს „ჯეოლინკ-ისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხის განხილვის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდგომ კომისიას წერილით მიმართა შპს „ჯეოლინკ-მა“ (№შ-20-6/4823, 17.09.2020) და შეატყობინა სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათში (№20-10-1836, 11.09.2020) მითითებული დამფუძნებლებისა და დირექტორის ცვლილებების თაობაზე.
2020 წლის 22 სექტემბერს კომისიაში შემოვიდა შპს „ჯეოლინკ-ის“ წერილი (№შ-20-6/4926,22.09.2020), რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „ჯეოლინკ-მა“ დაგვიანებით, თუმცა საქმის განხილვამდე მიაწოდა ინფორმაცია წილის გასხვისებისა და დირექტორის ცვლილების შესახებ. გარდა ამისა, კომპანიას უკვე ჰქონდა მიღებული კომისიის წინასწარი თანხმობა წილის გასხვისების თაობაზე მიღებული. კომპანიაში აცნობიერებენ ჩადენილ სამართალდარღვევას, ყოველთვის ცდილობენ კანონის მოთხოვნების დაცვას. სამართალდარღვევა ჩადენილი არ ყოფილა განზრახ. იგი განაპირობა რეორგანიზაციის პროცესის თანმდევმა არეულობამ, მომეტებულმა დატვირთვამ და პანდემიამ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია შუამდგომლობს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე.
2020 წლის 24 სექტემბერს, 15:00 საათზე გამართულ კომისიის სხდომაში მონაწილეობა მიიღო შპს „ჯეოლინკის“ წარმომადგენელმა დავით დოლიძემ, რომელმაც კომპანიის წერილში (№შ-20-6/4926, 22.09.2020) დასახელებულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით კომისიის წინაშე იშუამდგომლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ჯეოლინკ-ის“ შესახებ;
2. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№20-10-1836, 11.09.2020) თანდართული მასალებით;
3. შპს „ჯეოლინკ-ის“ წერილი (№შ-20-6/4823, 17.09.2020);
4. შპს „ჯეოლინკ-ის“ წერილი (№შ-20-6/4926, 22.09.2020);
5. შპს „ჯეოლინკ-ის“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „ჯეოლინკ“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირია.
2. შპს „ჯეოლინკ“ როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
3. 2019 წლის 3 დეკემბერს შეიცვალა შპს „ჯეოლინკ-ის“ დირექტორი და დამფუძნებელი, რის თაობაზეც კომპანიას კომისიისთვის არ უცნობებია.
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს: „ბ“ იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი;
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილია ავტორიზებული პირის ვალდებულება თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში; ამავე პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი ავტორიზებული პირი ვალდებულია, ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები. ხოო ამავე პუნქტის
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.
ამრიგად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „მ“ ქვეპუნქტების მოთხოვნების გათვალისწინებით ავტორიზებული პირი ვალდებულია, კომისიას წერილობით აცნობოს დეკლარაციაში მითითებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, აგრეთვე წილის მფლობელთა შესახებ მონაცემების ცვლილების თაობაზე და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები.
განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დგინდება, 2019 წლის 3 დეკემბერს შეიცვალა შპს „ჯეოლინკ-ის“ დირექტორი და დამფუძნებელი, რის თაობაზეც კომპანიას კომისიისთვის არ უცნობებია და არ შეუსრულებია კანონით გათვალისწინებული ვალდებულება. აღსანიშნავია, რომ შპს „ჯეოლინკ-ს“ წილის მფლობელთა ცვლილების თაობაზე კომისიისთვის შეტყობინების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს ის გარემოება, რომ მან 2019 წლის 31 ოქტომბერს კომისიის Nგ-19-11/608 გადაწყვეტილებით კომისიისგან წინასწარი თანხმობა მიიღო წილის გასხვისებაზე.
ავტორიზებული პირის წილის შეძენის/გასხვისების განხორციელებამდე კომისიისაგან წილის შეძენაზე/გასხვისებაზე თანხმობის მიღება, პირის დამოუკიდებელი ვალდებულებაა, რომელსაც ითვალისწინებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლი. შესაძლებელია, კომისიისაგან წინასაწარი თანხმობის მიღების მიუხედავად, კომპანიამ არ განახორციელოს წილის გასხვისება და უცვლელი დარჩეს წილის მფლობელების თაობაზე მონაცემები. შესაბამისად, კომისიისაგან წილის შეძენის თაობაზე თანხმობის მიღების მიუხედავად, ავტორიზებული პირი ვალდებულია, წილის მფლობელთა ცვლილებების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას. აღნიშნული ვალდებულების თაობაზე ავტორიზებულ პირს განემარტა კიდეც კომისიის გადაწყვეტილებით (იხ. „შპს „აირკონექტის“ (ს/კ 400065683) მიერ შპს„სტარნეტის“ (ს/კ 423355354) წილის 100%-ის, შპს „ჯეოლინკის“ (ს/კ 423355363) წილის 100%-ის და შპს „ლავნეტის“ (ს/კ 423355372) წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს„აირკონექტისა “ (ს/კ 400065683) და შპს „სტარნეტის“ (ს/კ 423355354), შპს „აირკონექტისა “ (ს/კ 400065683) და შპს „ჯეოლინკის“ (ს/კ 423355363) და შპს „აირკონექტისა “ (ს/კ 400065683) და შპს „ლავნეტის“ (ს/კ 423355372) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ” კომისიის (N გ-19-11/608, 1/10/2019) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი).
ამრიგად, კომისია ადგენს, რომ შპს „ჯეოლინკ-მა“ დაარღვია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „მ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები. კომპანიის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის აღმოფხვრად ვერ შეფასდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხის განხილვის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდგომ კომისიისთვის შეტყობინება დამფუძნებლებისა და დირექტორის ცვლილებების თაობაზე. დარღვევა უკვე ჩადენილი იყო ცვლილებების განხორციელებიდან 7 დღის ვადაში შეუტყობინებლობით და ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდგომ შეტყობინება არსებითად არ ცვლის ჩადენილ უმართლობას. საქმის განხილვისას წარმოდგენილი არ ყოფილა შპს „ჯეოლინკ- ისთვის“ პასუხისმგებლობის დაკისრების გამომრიცხველი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. რეორგანიზაციით გამოწვეულ არეულობასა და პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზე ზოგადი მითითება ვერ გამოდგება კომპანიის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თვითკმარ სამართლებრივ საფუძვლად. ამასთან, შპს „ჯეოლინკ-ის“ მიმართ სამართალდარღვევის ჩადენამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა მსგავსი დარღვევისთვის გამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შპს „ჯეოლინკ-ს“ უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „მ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „მ“ ქვეპუნქტების, 43-ე, 44-ე და 45-ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „ჯეოლინკ-ს“ (ს/კ 423355363) მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო.
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „ჯეოლინკ-ისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა (ნ. ჯავახაძე) და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე).
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ჯეოლინკ-ისთვის“ ჩაბარების დღიდან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „ჯეოლინკ-ისთვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ლ. მაისურაძე) შპს„ჯეოლინკ-ისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა.
6. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).
7. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
