წვდომის მენიუ

შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 735

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 30, 2020 21:35

მიღების თარიღი სექტემბერი 24, 2020

            შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

 I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - „კომისია“) აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N20-10-1864, 15/09/2020) საფუძველძე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მის მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში (N20-10-1864, 15/09/2020) აღნიშნულია, რომ საარჩევნო კოდექსით დადგენილი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფის წესების თანახმად, მაუწყებელი, რომელიც გეგმავს ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის ეთერში განთავსებას ვალდებულია აცნობოს კომისიას მის მიერ გამოყოფილი გრაფიკისა და ტარიფების შესახებ. კერძოდ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი ან ავტორიზებული მაუწყებლები ვალდებულნი არიან კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნების მიზნით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გადასცენ ინფორმაცია ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად საეთერო დროის ტარიფების შესახებ. კომისიისათვის აღნიშნული ინფორმაციის გაგზავნა უნდა მოხდეს კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-60 დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში. კომუნიკაციების კომისიამ შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსის“ მიერ დადგენილი ტარიფების შესახებ ინფორმაცია მიიღო კანონით განსაზღვრული ვადის გადაცილებით, კერძოდ 2020 წლის 8 სექტემბერს, კენჭისყრამდე 53 დღით ადრე. საარჩევნო კოდექსის 931  მუხლის თანახმად, მაუწყებლის მიერ საეთერო დროის ტარიფების შესახებ მოთხოვნილი   ინფორმაციის   დადგენილ   ვადებში  კომისიისათვის მიუწოდებლობის შემთხვევაში მაუწყებელს ეკისრებაადმინისტრაციული პასუხისმგებლობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ფორმით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსის“ მხრიდან ადგილი აქვს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების დარღვევას.

შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2020 წლის 24 სექტემბერი, 15:00 საათი. აღნიშნულის თაობაზე შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსს“ გაეგზავნა შეტყობინება (N გ-20-03/2974, 18/09/2020) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

კომისიის 2020 წლის 24 სექტემბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსის“ დირექტორი კახა მახარაშვილი და კომპანიის იურისტი თამარ სულაბერიძე. თამარ სულაბერიძემ განმარტა, რომ რადიომაუწყებელმა მუშაობა დაიწყო 2020 წლის თებერვალში და კომპანია პირველად იღებს მონაწილეობას საარჩევნო პროცესში. ამასთან აღნიშნა, რომ კომპანიას იურისტიც არ ჰყავდა იმ დროისთვის და შესაბამისად, კომპანიამ ვერ უზრუნველყო ვადების დაცვით შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსის“ მიერ   დადგენილი ტარიფების  შესახებ  ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა.

II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-1864, 15/09/2020) და თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები;

2.  მონაცემები შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსის“ შესახებ კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრიდან;

3.  შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება (N გ-20-03/2974, 18/09/2020) კომისიის 2020 წლის 24 სექტემბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;

4. შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსის“ წამომადგენლის თამარ სულაბერიძის მიერ 2020 წლის 24 სექტემბრის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტება.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსი“ ფლობს   რადიომაუწყებლობის B176 ლიცენზიას. შესაბამისად, იგი ვალდებულია,    შეასრულოს  მაუწყებლობის  სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები.

2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, საარჩევნო კოდექსით დადგენილი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფის წესების თანახმად, მაუწყებელი, რომელიც გეგმავს ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის ეთერში განთავსებას ვალდებულია აცნობოს კომუნიკაციების კომისიას მის მიერ გამოყოფილი გრაფიკისა და ტარიფების შესახებ, საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-60 დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში. კომუნიკაციების კომისიამ შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსის“ მიერ დადგენილი ტარიფების შესახებ ინფორმაცია მიიღო კანონით განსაზღვრული ვადის გადაცილებით, კერძოდ 2020 წლის 8 სექტემბერს, კენჭისყრამდე 53 დღით ადრე;

3. ბოლო  ერთი  წლის  განმავლობაში  შპს  „რადიო  ჯორჯიან  თაიმსის“ მიმართ  არ ყოფილა გამოყენებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის.

IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ტ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქცია და ვალდებულებაა მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა, კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.

4.  „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  70-ე  მუხლის  მე-2 პუნქტის მიხედვით, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და  სამართალდამცავი ორგანოების მიერ   მათი   უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.

5. საქართველოს  ორგანული  კანონის  „საქართველოს  საარჩევნო კოდექსის“  45-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე. პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები სარგებლობენ    თანასწორი     უფლებებით  და  აკისრიათ  თანაბარი ვალდებულებები ამ კანონით დადგენილი წესით.

6.  საქართველოს  ორგანული  კანონის  „საქართველოს  საარჩევნო კოდექსის“  50-ე მუხლის   პირველი  ნაწილის    მიხედვით,  სამაუწყებლო  ლიცენზიის მფლობელი, ავტორიზებული მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია/რადიო ვალდებულია ცესკოს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით, კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-60 დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში გადასცეს ინფორმაცია ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად საეთერო დროის ტარიფების შესახებ. ეს ტარიფები ძალაში შედის კენჭისყრამდე 50-ე დღიდან. შესაბამისი ტარიფის შეცვლა დასაშვებია ერთხელ, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 35-ე კალენდარული დღისა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. ტარიფის შეცვლის შემთხვევაში ახალი ტარიფი ეგზავნება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით. ეს ტარიფი ძალაში შედის კენჭისყრამდე 30-ე კალენდარულ დღეს. ამ პუნქტში აღნიშნული შესაბამისი პირი ვალდებულია კენჭისყრამდე 50-ე დღიდან დაიწყოს რეკლამის განთავსება შემდეგი პირობების დაცვით: ა) მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადოს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყოველკვირეულად გადასცეს შემდეგი ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობით არის გამოყოფილი საეთერო დრო, 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, გაწეული მომსახურება; ბ) ტელე- ან რადიოკომპანიის მიერ 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს და არცერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი. ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის ერთნაირი უნდა იყოს; გ) პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“. ასეთ რეკლამას უნდა ჰქონდეს სურდოთარგმანი, რომლის უზრუნველყოფაც რეკლამის წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის ვალდებულებაა; დ) ამ პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში არ დაუშვას პოლიტიკური რეკლამის განთავსება სხვა დროს, გარდა ამ მიზნით გამოყოფილი დროის შუალედისა.

7. საქართველოს ორგანული  კანონის „საქართველოს   საარჩევნო  კოდექსის“ 931 მუხლის მიხედვით, შესაბამისი მაუწყებლის მიერ კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-60 დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის საეთერო დროის ტარიფებისა და შეცვლილი ტარიფების მიწოდების მოთხოვნის, აგრეთვე ამ კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მაუწყებლისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას;

8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია;

9. საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  76-ე  მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფის წესების თანახმად, რაც გულისხმობს მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგად რეგულირებას, მაუწყებელი, რომელიც გეგმავს ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის ეთერში განთავსებას ვალდებულია აცნობოს კომუნიკაციების კომისიას მის მიერ გამოყოფილი გრაფიკისა და ტარიფების შესახებ. კერძოდ, საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი ან ავტორიზებული მაუწყებლები ვალდებულნი არიან კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გადასცენ ინფორმაცია ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად საეთერო დროის ტარიფების შესახებ. კომისიისათვის აღნიშნული ინფორმაციის გაგზავნა უნდა მოხდეს კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-60 დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში. მომავალი საპარლამენტო  არჩევნების  კენჭისყრის  დღედ  განისაზღვრა  2020 წლის 31 ოქტომბერი, შესაბამისად, 31 ოქტომბრამდე არაუგვიანეს მე-60 დღისა უნდა მომხდარიყო აღნიშნული ინფორმაციის გაგზავნა კომისიისთვის 5 კალენდარული დღის ვადაში. კომუნიკაციების კომისიამ კი შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსის“ მიერ დადგენილი ტარიფების შესახებ ინფორმაცია მიიღო კანონით განსაზღვრული ვადის გადაცილებით, კერძოდ, 2020 წლის 8 სექტემბერს, კენჭისყრამდე 53  დღით    ადრე.  საქართველოს   ორგანული  კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 931 მუხლის მიხედვით, შესაბამისი მაუწყებლის მიერ კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-60 დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის საეთერო დროის ტარიფებისა და შეცვლილი ტარიფების მიწოდების მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მაუწყებლისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას. თავის მხრივ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს.

შესაბამისად, შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსის“ მიერ დადგენილი ტარიფების შესახებ ინფორმაციის კომისიაში კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით წარმოდგენის გამო კომპანიის მხრიდან დარღვეულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს  კანონის  71-ე  მუხლით  გათვალისწინებული  სანქცირების  საფუძველია.

გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსის“ მიმართ არ ყოფილა გამოყენებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური  დარღვევისათვის,  კომპანიას    უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტი,   მე-3 მუხლის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის პირველი ნაწილის, 50-ე მუხლის პირველი ნაწილის, 931 მუხლის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევის გამო;

2. დაევალოს    კომისიის    აპარატის    ადმინისტრაციას    (ო.    ვოტ)    წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე   (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ  დეპარტამენტს  (თ. გოშუა) შპს„რადიო ჯორჯიან თაიმსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

4. გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  ქ.  თბილისის  საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსისთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსისთვის“ ჩაბარების დღიდან.

6. გადაწყვეტილების  შესრულებაზე  კონტროლი  (გარდა  მე-2  და  მე-3  პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კახი ბექაური         თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე     წევრი

ელისო ასანიძე       წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

7

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები