წვდომის მენიუ

შპს „სქაიტელისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 737

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 30, 2020 21:57

მიღების თარიღი სექტემბერი 24, 2020

შპს „სქაიტელისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.  აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 20-10-1836, 11/09/2020) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სქაიტელისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „მ“ ქვეპუნქტების დარღვევის  გამო.

კომისიის    აპარატის    სამართლებრივი    დეპარტამენტის  სამსახურებრივი ბარათის მიხედვით,  2020  წლის  10  ივლისს  განხორციელდა  შპს „GOLDNET“-ის  შერწყმა  შპს„სქაიტელთან“ რის შედეგადაც, შპს „GOLDNET“-ი გაუქმდა. კომპანიას თანხმობა მიღებული აქვს კომისიის 2018 წლის 20 დეკემბერს N713/11 გადაწყვეტილებით. ამავე გადაწყვტილებით, „ელექტორნული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, შპს „სქაიტელს“ განემარტა, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების, ასევე შპს „სქაიტელის“ და შპს „GOLDNET“-ის შერწყმის შემთხვევაში, შპს „სქაიტელი“ ვალდებული იყო აღნიშნულის თაობაზე კომისიისათვის ეცნობებინა, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით ავტორიზებული პირის ვალდებულებაა, თუმცა ცვლილების განხორციელების შემდგომ აღნიშნულის შესახებ არ ეცნობა კომისიას. ამასთან, ამავე სამსახურებრივი ბარათის მიხედვით, შპს „სქაიტელის“ მიერ 2020 წლის 14 აგვისტოს განხორციელდა კომპანიის იურიდიული მისამართის ცვლილება, რის შესახებაც არ მომხდარა შეტყობინება კომისიისათვის, რაც ასევე წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის დარღვევას, რომელის მიხედვითაც, ავტორიზებული პირის ვალდებულებაა იურიდიული პირის იურიდიული მისამართის  შეცვლის    შემთხვევაში    კომისიას წერილობით ეცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში კომისიას წარედგინოს სათანადო დოკუმენტები.

2020 წლის 16 სექტემბერს, კომისიაში შპს „სქაიტელის“ მიერ წარმოდგენილ იქნა წერილი (შ-20-6/4805) რომლის მიხედვითაც,  კომისიას განემარტა,  რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, 2020 წლის 10 ივლისს განხორციელდა შპს „GOLDNET“-ის (ს/კ446955055)   და შპს “სქაიტელის“ (ს/კ 400013748) რეორგანიზაცია. შერწყმის შედეგად წარმოქმნილი საწარმოს სახელწოდებად განისაზღვრა შპს „სქაიტელი“ საიდენტიფიკაციო ნორმით: (ს/კ 400013748) და განცხადებაში ასევე მითითებულ იქნა კომპანიის იურიდიული მისამართი.

2020 წლის 22 სექტემბერს კომისიაში წარმოდგენილ იქნა შპს „საქაიტელის“ წერილი (შ-20-6/4921), რომელშიც კომპანია განმარტავს, რომ დაგვიანებით, მაგრამ კომისიას მიაწოდა ინფორმაცია კომპანიების შერწყმის შესახებ ელექტრონულ ფოსტაზე. ამასთან, 2018 წლის 20 დეკემბრის N713/11 გადაწყვეტილებით, დარღვეულ იქნა მხოლოდ ფორმალური ნაწილი, რომელიც გავლენას არ ახდენს კანონის რეგულირების მიზანზე. იურიდიული მისამართის ცვლილების საკითხთან დაკავშირებით, ასევე კომპანია წერილში განმარტავს, რომ მცირედით გადააცილეს კანონმდებლობით დადგენილ ვადებს, თუმცა ხარვეზი აღმოფხვრეს. საყურადღებოა დარღვევის ხასიათიც, რომელიც უკავშირდება მხოლოდ კომპანიის რეგისტრირებული მისამართის ცვლილებას და არ არის არსებითი შინაარსის მატარებელი. კომპანია ასევე განმარტავს, რომ სამართალდარღვევა არ ყოფილა განზრახ ჩადენილი და იგი გამოწვეული იყო გაუფრთხილებლობით, რაც განაპირობა შერწყმის პროცესის თანმდევმა არეულობამ და მომეტებულმა დატვირთვამ. ასევე წერილში აღნიშნულია, ქვეყანაში არსებული პანდემიური ფონი, რამაც შეაფერხა ვალდებულების ჯეროვანი შესრულება. კომპანია განმარტავს, რომ ყოველთვის ჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და მიმართავს კომისიას თხოვნით, არ იქნეს გამოყენებული სანქცია და ეპატიოს შპს „სქაიტელს“ მოცემული გადაცდომა ორივე საკითხთან მიმართებაში.

შპს „სქაიტელისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 24 სექტემბერს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც კომპანიას ეცნობა შეტყობინებით. შეტყობინებით, შპს „სქაიტელი“ მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2020 წლის 24 სექტემბრის სხდომას ესწრებოდა შპს „სქაიტელის“ წარმომადგენელი, რომელმაც სხდომაზე დააფიქსირა განცხადებაში მითითებული არგუმენტაცია და აღნიშნა, რომ შპს „სქაიტელი“ აღიარებს სამართალდარღვევას. მან კომისიას მიმართა თხოვნით, შპს „სქაიტელის“ მიმართ არ იქნეს გამოყენებული პასუხისმგებლობის არცერთი ფორმა და კომისია შპს „სქაიტელის“ პატიებით შემოიფარგლოს ორივე დარღვევის ნაწილში. წარმომადგენელმა ასევე დაამატა, რომ კომპანია ეცდება აღარ ჩაიდინოს მსგავსი დარღვევა.

II.  გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 20-10-1836, 11/09/2020) თანდართული მასალით.

2. 2020 წლის 16 სექტემბერს, კომისიაში შპს „სქაიტელის“ მიერ წარმოდგენილი წერილი (შ-20-6/4805).

3. 2020 წლის 22 სექტემბერს, კომისიაში შპს „საქაიტელის“ მიერ წარმოდგენილი წერილი (შ-20-6/4921).

4. შპს „სქაიტელისათვის“ გაგზავნილი შეტყობინება კომისიის 2020 წლის 24  სექტემბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.

5. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „სქაიტელის“ შესახებ მონაცემები.

6. შპს „სქაიტელის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის 2020 წლის 24 სექტემბრის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „სქაიტელი“ არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი. შესაბამისად, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები.

2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიის 2018 წლის 20 დეკემბერს N713/11 გადაწყვეტილების მიხედვით, კომისიას 2018 წლის 7 დეკემბერს ერთობლივი განცხადებით მიმართეს შპს „სქაიტელმა“ და შპს „GOLDNET“-მა, შპს „GOLDNET“-ის (ს/კ446955055)  წილის  100%-ის  შპს  “სქაიტელის“  (ს/კ  400013748)  მიერ  შეძენის,  ასევე  შპს “სქაიტელის“ (ს/კ 400013748) და შპს „GOLDNET“-ის (ს/კ446955055) შერწყმის განზრახვასთან დაკავშირებით, კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით. აღნიშნული გადაწყვეტილებით, კომპანიებს, შპს „GOLDNET“-ს და შპს „სქაიტელს“, შპს„GOLDNET“-ის წილის 100%-ის შპს „სქაიტელის“ მიერ შეძენაზე, ასევე შპს „სქაიტელის“ და შპს „GOLDNET“-ის შერწყმაზე კომისიისაგან მიეცეთ თანხმობა.

3.  2020 წლის 10 ივლისს განხორციელდა შპს „GOLDNET“-ის შერწყმა შპს „სქაიტელთან“ რის შედეგადაც, შპს „GOLDNET“-ი გაუქმდა. კომპანიას თანხმობა მიღებული აქვს კომისიის 2018 წლის 20 დეკემბერს N713/11 გადაწყვეტილებით. ამავე გადაწყვეტილებით, კომპანიას განემარტა, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების, ასევე შპს „სქაიტელის“ და შპს „GOLDNET“-ის შერწყმის შემთხვევაში, შპს „სქაიტელი“ ვალდებული იყო აღნიშნულის თაობაზე კომისიისათვის ეცნობებინა, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, თუმცა ცვლილების განხორციელების შემდგომ არ ეცნობა კომისიას.

3. შპს „სქაიტელის“ მიერ 2020 წლის 14 აგვისტოს განხორციელდა კომპანიის იურიდიული მისამართის ცვლილება, რის შესახებაც არ მომხდარა შეტყობინება კომისიისათვის და რითაც დარღვეულია ავტორიზებული პირის ვალდებულება იურიდიული პირის იურიდიული მისამართის შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით ეცნობოს ამის შესახებ         და   ცვლილებების   რეგისტრაციიდან   7   სამუშაო   დღის   ვადაში   კომისიას წარედგინოს სათანადო დოკუმენტები.

4. შპს „სქაიტელის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით  გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის გამოყენებული არ ყოფილა.

IV.   გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობის ან/და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო პირობების, აგრეთვე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას.

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი  პუნქტის    შესაბამისად,    ავტორიზებულ    პირთა  მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს   კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და  გადაწყვეტილებებით  განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია   ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ავტორიზებული პირი ვალდებულია, თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ავტორიზებული პირი ვალდებულია ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები.

7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდების ავტორიზაციის მსურველი პირი მიმართავს კომისიას დეკლარაციით, რომლის ფორმას ამტკიცებს კომისია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს  იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი.

8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის        განზრახვის    შესახებ    კომისიას    უნდა  ეცნობოს შერწყმის ან    შეძენის განხორციელებამდე.  ამავე    მუხლის  მე-2  პუნქტის მიხედვით კი შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი  პუნქტის    შესაბამისად,    ავტორიზებული    პირის  მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული    მოთხოვნებისა    და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

კომისია აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ 2020 წლის 10 ივლისს შპს „სქაიტელის“ მიერ მოხდა შპს „GOLDNET“-ის (ს/კ 446955055) წილის 100%-ის შეძენა და ასევე შპს “სქაიტელის“ (ს/კ 400013748) და შპს „GOLDNET“-ის (ს/კ446955055) შერწყმის განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში არ ეცნობა კომისიას აღნიშნულის თაობაზე, რაც ევალებოდა კომპანიას ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რაც ასევე კომპანიას განემარტა კომისიის 2018 წლის 20 დეკემბერს N713/11 გადაწყვეტილებით, შპს „სქაიტელის“ მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები. ამასთან, კომისიას მიაჩნია, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში კომპანიის იურიდიული მისამართის შპს „სქაიტელის“ მიერ 2020 წლის 14 აგვისტოს შეცვლის შესახებ ინფორმაციის კანონით განსაზღვრულ ვადაში კომისიისათვის შეუტყობინებლობითა და ცვლილების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში სათანადო დოკუმენტების კომისიაში წარმოუდგენლობით,  შპს „სქაიტელის“   მიერ  ასევე   დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტები, რომლის მიხედვითაც, ავტორიზებული პირის ვალდებულებაა იურიდიული პირის იურიდიული მისამართის შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით ეცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში კომისიას წარედგინოს სათანადო დოკუმენტები. შესაბამისად, აღნიშნული დარღვევა ასევე წარმოადგენს მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კომპანიის მხრიდან მხოლოდ 2020 წლის 16 სექტემბერს, კანონისმიერი ვადის დარღვევით, წერილის საშუალებით მოხდა კომისიის ინფორმირება, 2020 წლის 10 ივლისს განხორციელებული შპს „GOLDNET“-ის (ს/კ446955055)  და შპს “სქაიტელის“ (ს/კ 400013748) რეორგანიზაციისა და შერწყმის შედეგად შპს „სქაიტელის“ ჩამოყალიბების, ასევე კომპანიის იურიდიული მისამართის ცვლილების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული დარღვევები წარმოადგენს კანონისმიერი ვალდებულებების დარღვევას, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, ავტორიზებული პირის  სანქცირების  საფუძველია.  გამომდინარე  იქიდან,  რომ შპს  „სქაიტელის“  მიმართ ბოლო  ერთი  წლის  განმავლობაში  ,,ელექტრონული  კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს  კანონით    გათვალისწინებული    პასუხისმგებლობის    არც    ერთი   სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის გამოყენებული არ ყოფილა, ის ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის პირველი და მესამე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „მ“ ქვეპუნქტების, 43-ე და 44-ე მუხლების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  შპს „სქაიტელს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-19  მუხლის მე-2  პუნქტის  „ბ“  და „გ“  ქვეპუნქტების დარღვევის გამო.

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „სქაიტელისათვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება. 

3.  დაევალოს  კომისიის  აპარატის  სამართლებრივ  დეპარტამენტს  (თ. კაველიძე) შპს„სქაიტელისათვის“ ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის  დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა.

4.  გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  მისი  დამოწმებული  ასლის  შპს „სქაიტელისათვის“ ჩაბარების დღიდან.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,  №64) შპს „სქაიტელისათვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

6.  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  კონტროლი (გარდა   მე-2   და  მე-3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტის (ი. ბუთბაია).

კახი ბექაური            თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე        წევრი

ელისო ასანიძე         წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები