წვდომის მენიუ

შპს „კორპორაცია რედნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 740

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 01, 2020 0:40

მიღების თარიღი სექტემბერი 24, 2020

შპს „კორპორაცია რედნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

 I.  აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 20-10-1836, 11/09/2020) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად,  კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „კორპორაცია რედნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „მ“ ქვეპუნქტების დარღვევის  გამო.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (N 20-10-1836, 11/09/2020) ირკვევა, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამანეტის ავტორიზებისა და ლიცენზირების ჯგუფის მიერ გამოვლინდა, რომ 2020 წლის 17 ივნისს შეიცვალა კომპანიის დირეტქორი და დამფუძნებელი (ამონაწერი:B20044040, 17/06/2020 ). თანხმობა წილის გასხვისების თაობაზე მიღებული აქვს „შპს „კორპორაცია რედნეტის“ (ს/კ405261620) წილის 50%-ის ფიზიკურ პირ ეგნატე ცაავას მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ“ კომისიის 2020 წლის 11 ივნისის Nგ-20-11/488 გადაწყვეტილებით. ამავე გადაწყვეტილებით შპს „კორპორაცია რედნეტს“ განემარტა, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს„კორპორაცია რედნეტი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში,    თუმცა განხორციელებული ცვლილების შესახებ კომპანიამ არ აცნობა კომისიას.

შპს „კორპორაცია რედნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 24 სექტემბერს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც კომპანიას ეცნობა შეტყობინებით (N გ-20-03/2951, 17/09/2020). შეტყობინებით, შპს „კორპორაცია რედნეტი“ მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა  და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2020 წლის 24 სექტემბრის სხდომაზე არ გამოცადდა შპს „კორპორაცია რედნეტის“ წარმომადგენელი. კომისიის შეტყობინება (N გ-20-03/2951,17/09/2020) შპს„კორპორაცია რედნეტს“ გაეგზავნა, კომისიისთვის ცნობილ და მათ მიერ დაფიქსირებულ ბოლო ელფოსტის ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე, ასევე გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე. შეტყობინების მხარისათვის გაგზავნითა და ასევე კომისიის ვებგვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებით კომისიამ, უზრუნველყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „კორპორაცია რედნეტის“ წარმომადგენლის დაუსწრებლად.

II.  გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 20-10-1836, 11/09/2020) თანდართული მასალით.

2.  „შპს „კორპორაცია რედნეტის“ (ს/კ 405261620) წილის 50%-ის ფიზიკურ პირ ეგნატე ცაავას მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ“ კომისიის 2020 წლის 11 ივნისის Nგ-20-11/488 გადაწყვეტილება;

3.  ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან  (B18035412, 29/03/2018, B20044040, 17/06/2020) და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „კორპორაცია რედნეტის“ შესახებ მონაცემები.

4.   შპს   „კორპორაცია   რედნეტისთვის“   გაგზავნილი   შეტყობინება   (N  გ-20-03/2951,17/09/2020) კომისიის 2020 წლის 24 სექტემბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.

III.    დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „კორპორაცია რედნეტი“ არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი. შესაბამისად, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში   მოქმედი   კანონმდებლობით,  მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები.

2.  „შპს „კორპორაცია რედნეტის“ (ს/კ 405261620) წილის 50%-ის ფიზიკურ პირ ეგნატე ცაავას მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ“ კომისიის 2020 წლის 11 ივნისის Nგ-20-11/488 გადაწყვეტილებით მიეცა თანხმობა შპს „კორპორაცია რედნეტს“, შპს „კორპორაცია რედნეტის“ წილის 50%-ის ფიზიკურ პირ ეგნატე ცაავას მიერ შეძენაზე; ამავე გადაწყვეტილებით  შპს „კორპორაცია რედნეტს“ განემარტა, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს„კორპორაცია  რედნეტი“  ვალდებულია  აღნიშნულის  თაობაზე  კომისიას  აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. კომისიის   აპარატის   სამართლებრივი   დეპარტამანეტის  ავტორიზებისა  და ლიცენზირების ჯგუფის მიერ გამოვლინდა, რომ 2020 წლის 17 ივნისს შეიცვალა კომპანიის დირეტქორი და დამფუძნებელი    (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან B20044040,  17/06/2020);  შპს  „კორპორაცია  რედნეტს“ კომისიისთვის  არ  მიუწოდებია ინფორმაცია წილის მფლობელთა ცვლილების და დირექტორის ცვლილების თაობაზე, კანონით განსაზღვრულ 7 სამუშაო დღიან ვადაში;

4.  შპს  „კორპორაცია რედნეტის“ მიმართ ბოლო  ერთი  წლის  განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის გამოყენებული არ ყოფილა.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული  პირების    საქმიანობის    ან/და რადიოსიხშირული     სპექტრით     ან/და    ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო პირობების, აგრეთვე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის   დადგენილებებითა   და   გადაწყვეტილებებით   განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას.

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის   შესაბამისად,   ავტორიზებულ   პირთა   მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში  საქართველოს  კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

4.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის   „ბ“    ქვეპუნქტის    შესაბამისად,   ავტორიზებული  პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

5.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ავტორიზებული პირი ვალდებულია, თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

6.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ავტორიზებული პირი ვალდებულია ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები.

7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდების ავტორიზაციის მსურველი პირი მიმართავს კომისიას დეკლარაციით, რომლის ფორმას ამტკიცებს კომისია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და  არასამეწარმეო (არაკომერციული)    იურიდიული    პირების    რეესტრში  რეგისტრაციის    შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი.

8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების  დარღვევის     შემთხვევაში     კომისია     უფლებამოსილია     დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

9.  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია,  წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში, ხოლო საფირმო სახელწოდების, სამართლებრივი ფორმის, იურიდიული მისამართის (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემების, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელის და გვარის ცვლილების შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები. შესაბამისად, შპს „კორპორაცია რედნეტის“ მიერ, წილის მფლობელთა ცვლილების  და დირექტორის ცვლილების რეგისტრაციიდან, კანონით განსაზღვრულ 7 სამუშაო დღიან ვადაში ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოუდგენლობით დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), გ) და მ) ქვეპუნქტები. ზემოაღნიშნული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, ავტორიზებული პირის   სანქცირების საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის მხრიდან  ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონდა იგივე/მსგავს დარღვევას, შპს „კორპორაცია რედნეტი“  წერილობით უნდა გაფრთხილდეს.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე, 98-ე,   99-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის პირველი და მესამე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „მ“ ქვეპუნქტების, 43-ე და 44-ე მუხლების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს  „კორპორაცია  რედნეტს“  მიეცეს  წერილობითი  გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „მ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო;

2.  დაევალოს     კომისიის     აპარატის     ადმინისტრაციას     (ო.     ვოტ)    წინამდებარე გადაწყვეტილების   შპს   „კორპორაცია   რედნეტისთვის“  გაგზავნა   და   კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე   (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

3. დაევალოს  კომისიის  აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.გოშუა)  შპს„კორპორაცია რედნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

4.  გადაწყვეტილება   ძალაში   შედის   მისი   დამოწმებული   ასლის   შპს  „კორპორაცია რედნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი:    ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „კორპორაცია რედნეტისთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

6.  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  კონტროლი  (გარდა  მე-2  პუნქტისა)    დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტის (ი. ბუთბაია).

კახი ბექაური          თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე      წევრი

ელისო ასანიძე       წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები