წვდომის მენიუ

შპს „ემბისი ფმ 93,5“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 767

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 06, 2020 19:57

მიღების თარიღი ოქტომბერი 01, 2020

შპს „ემბისი ფმ 93,5“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.  აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 20-10-1918, 21/09/2020)  საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის  მე-14  პუნქტის  შესაბამისად, კომისიაში  დაიწყო  მარტივი  ადმინისტრაციული წარმოება შპს „ემბისი ფმ 93,5“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართვლოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების (ფორმა 4.15 სამაუწყებლო ბადე) შესაძლო დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის   სამსახურებრივ   ბარათში   (N   20-10-1918,   21/09/2020)   აღნიშნულია, რომ დეპარტამენტის   მიერ  სამაუწყებლო   ბადის   წარმოდგენასთან   დაკავშირებული პერიოდული მონიტორინგის განხორციელებისას შემოწმდა შპს „ემბისი ფმ 93,5“-ის მიერ სამაუწყებლო ბადის წარმოდგენა რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ მაუწყებელს კომისიის ელექტრონული პორტალის საშუალებით სამაუწყებლო ბადე არასდროს წარმოუდგენია.

2020  წლის  31  აგვისტოს  კომისიამ  წერილით  (N  გ-20-04/2739, 31/08/2020)  მიმართა  შპს„ემბისი ფმ 93,5“-ს და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53–ე მუხლის შესაბამისად, რომლის    თანახმადაც    მაუწყებელი    ვალდებულია    ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს   და  კომისიას   მიაწოდოს   მომდევნო   კვირის   პროგრამების   განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით, მოსთხოვა სამაუწყებლო ბადის 5 სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენა. კომისიის მოთხოვნას მაუწყებლის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „ემბისი ფმ 93,5“-ის მხრიდან ადგილი აქვს კანონმდებლობით დადგენლი ვალდებულების შეუსრულებლობას.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ემბისი ფმ 93,5“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის პირველ ოქტომბერს, 15:00 საათზე, რის შესახებაც შპს „ემბისი ფმ 93,5“-ს ეცნობა შეტყობინებით (Nგ-20-03/3092, 28/09/2020). ამავე შეტყობინებით, კომპანიას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.

კომისიის 2020 წლის პირველი ოქტომბრის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ემბისი ფმ 93,5“- ის უფლებამოსილი წარმომადგენელი.  კომისიის შეტყობინება (N გ-20-03/3092, 28/09/2020) შპს „ემბისი ფმ 93,5“-ს გაეგზავნა, კომისიისთვის ცნობილ და მათ მიერ დაფიქსირებულ ბოლო ელფოსტის ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე, ასევე გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე. შეტყობინების მხარისათვის გაგზავნითა და ასევე კომისიის ვებგვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებით კომისიამ, უზრუნველყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „ემბისი ფმ 93,5“-ის წარმომადგენლის დაუსწრებლად.

კომისიის 2020 წლის პირველი ოქტომბრის სხდომაზე კომისიის აპაატის აუდიო- ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის უზრუნველყოფის სპეციალისტმა თინათინ ჭაჭუკაშვილმა აღნიშნა, რომ შპს „ემბისი ფმ93,5“-ს წინამდებარე გადაწყვეტიების მიღების მომენტისათვის არ აქვს კომისიის ელექტრონული პორტალის მეშვეობით წარმოდგენილი ყოველკვირეული სამაუწყებლო ბადე. ამასთან, განმარტა, რომ რადიომაუწყბელი ვალდებულია ვებგვერდზე გამოაქვეყნოს სამაუწყებლო ბადე, თუმცა ის ვებგვერდი რომელიც კომპანიას გააჩნია (www.mbcmartvili.ge) არ ფუნქციონირებს. შესაბამისად, რადიომაუწყებლის მიერ არ ხდება ყოვეკვირეული ბადის გამოქვეყნება.

II.   გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის    აპარატის    აუდიო-ვიზუალური    მედია    მომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 20-10-1918, 21/09/2020).

2. კომისიის წერილი (Nგ-20-04/2739, 31/08/2020) გაგზავნილი შპს „ემბისი ფმ 93,5“-სთვის.

3.   მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ემბისი ფმ 93,5“-ის შესახებ მონაცემები;

4.  შპს  „ემბისი ფმ 93,5“-სთვის გაგზავნილი შეტყობინება (Nგ-20-03/3092, 28/09/2020) კომისიის 2020 წლის პირველი ოქტომბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;

5. კომისიის  აპარატის  აუდიო-ვიზუალური  მედია  მომსახურებებსი რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის უზრუნველყოფის სპეციალისტის თინათინ ჭაჭუკაშვილის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2020 წლის პირველი ოქტომბრის სხდომაზე.

III.         დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1.   შპს „ემბისი ფმ 93,5“ წარმოადგენს რადიომაუწყებელს (ლიცენზიის ნომერი: B195);

2. შპს  „ემბისი  ფმ  93,5“-ს  კომისიის  ელექტრონული  პორტალის  საშუალებით სამაუწყებლო ბადე არასდროს წარმოუდგენია; ასევე,    რადიომაუწყებელი ყოველკვირეულად    არ  აქვეყნებს    მომდევნო  კვირის  პროგრამების    განრიგს, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით (კომპანიის ვებგვერდი www.mbcmartvili.ge არ ფუნქციონირებს);

3. „საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2011  წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირს და ასევე ყველა მაუწყებელს დაევალათ  ამ გადაწყვეტილების N1 დანართით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ელექტრონულად შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით; ამავე გადაწყვეტილების დანართი N1 ფორმა 4.15-ი (სამაუწყებლო ბადე) ივსება ყოველკვირეულად, ყოველი კვირის კვირა დღის ბოლომდე წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი კვირის 7 დღის სამაუწყებლო ბადე;

4.  შპს „ემბისი ფმ 93,5“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/მსგავსი დარღვევისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში  კანონმდებლობას  შეადგენს  საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს  საარჩევნო  კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ტ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია  და    რადიო,    ამ  კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის        განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი  ან/და ავტორიზებული პირი;

3.   ,,მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე–5   მუხლის   მე–3   პუნქტის   „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,   კომისიის  ფუნქციასა   და  ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.

4.   „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   53-ე მუხლის  პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველკვირეულად გამოაქვეყნონ მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით; მოახდინონ პროგრამების, მათ შორის, ფილმების, კლასიფიკაცია მათთვის კატეგორიისა და შესაბამისი აღმნიშვნელი ნიშნის მინიჭებით.

5. „საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის   2011   წლის  N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ  ძალადაკარგულად    ცნობისა  და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების   სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირს და ასევე ყველა მაუწყებელს დაევალათ ამ გადაწყვეტილების N1 დანართით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების     ელექტრონულად    შევსება    და    კომისიაში    წარმოდგენა    ამ    ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

6.    „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   71-ე   მუხლის  პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისთვის ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. მაუწყებლის გაფრთხილების უფლებამოსილება არ ვრცელდება  ამ  კანონის  561 და  562 მუხლებით გათვალისწინებული  ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებზე.

კომისიას მიაჩნია, რომ შპს „შპს „ემბისი ფმ 93,5“-ს მიერ სამაუწყებლო ბადის გამოუქვეყნებლობითა და კომისიის ელექტრონული პორტალის    საშუალებით წარმოუდგენლობით დარღვეულია „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილება (ფორმა 4.15 სამაუწყებლო ბადე) და „მაუწყებლობის შესახებ“   საქართველოს  კანონის 53-ე  მუხლის  პირველი  პუნქტი,  რომლის  მიხედვით მაუწყებელი ვალდებულია  ყოველკვირეულად  გამოაქვეყნოს  და  კომისიას  მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით, რომელიც ივსება ყოველკვირეულად, ყოველი კვირის კვირა დღის ბოლომდე და წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი კვირის 7 დღის სამაუწყებლო ბადე.

აღნიშნული დარღვევა წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. გამომდინარე იქიდან,   რომ   შპს   „ემბისი   ფმ   93,5“-ის  მიმართ  ბოლო ერთი წლის განმავლობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იგივე/მსგავსი ხასიათის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის  „ვ“ ქვეპუნქტის,  53-ე მუხლის პირველი პუქნტის და 71-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის  მარეგულირებელი  წესების“ 36-ე  მუხლის  მე-13  და  მე-14  პუნქტებისა  და კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების (ფორმა 4.15 სამაუწყებლო ბადე) შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. შპს „ემბისი ფმ 93,5“-ს მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს  კანონის 53-ე  მუხლის  პირველი პუნქტის  და  კომისიის  2011  წლის N144/22   გადაწყვეტილების    ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების (ფორმა 4.15 სამაუწყებლო ბადე)  დარღვევის გამო.

2. დაევალოს  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას  (ო.  ვოტ)  გადაწყვეტილების  შპს„ემბისი   ფმ   93,5“-სთვის   დაუყოვნებლივ  გაგზავნა   და   კომისიის   ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

3.   დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „ემბისი ფმ 93,5“-სთვის    ადმინისტრაციული    პასუხისმგებლობის  დაკისრების    თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.

4.   გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ემბისი ფმ 93,5“-სთვის ჩაბარების დღიდან.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,   №64) შპს „ემბისი ფმ 93,5“-სთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

6. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 და მე-3 პუნქტებისა) დაევალოს  კომისიის    აპარატის    აუდიო-ვიზუალური  მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).

კახი ბექაური           თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე       წევრი

ელისო ასანიძე         წევრი

მერაბ ქათამაძე         წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები