შპს „პისი მაქსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 04, 2020 16:25
მიღების თარიღი ოქტომბერი 29, 2020
შპს „პისი მაქსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - „კომისია“) აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N20-10-2133, 20.10.2020) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „პისი მაქსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე“ კომისიის 2020 წლის 30 ივლისის Nგ20-22/603 გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულებების შესაძლო დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის თანახმად, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების” შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, საანგარიშო წლის შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში კომისიას უნდა წარუდგინოს ფინანსური წლის დასრულებიდან 6 თვეში, ანუ შესაბამისად არაუგვიანეს 2020 წლის 1 ივლისამდე. ხოლო იმავე დადგენილების მე-14 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად „მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მიერ, ამ დადგენილების მიხედვით, განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის პირველად მომზადების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსოლია განსაზღვროს განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის მომზადების და კომისიაში წარმოდგენის განსხვავებული ვადები.
„გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილებით და ამ გადაწყვეტილებაში 2019 წლის 18 აპრილს N235/19 გადაწყვეტილებით შეტანილი ცვლილების თანახმად, გამოყოფილი არხებით მომსახურების მაგისტრალურ/ძირითად („Trunk”) და „Backhaul” გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს: შპს „დელტაკომს, შპს“ რკინიგზის ტელეკომს“, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს“, სს „საქართველოს რკინიგზას“, და შპს „პისი მაქსს“, ამ გადაწყვეტილებით პირველად დაეკისრა შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა.
კომისიას 2020 წლის 15 ივლისს წერილობით მომართა (Nშ-20-6/3670) შპს „პისი მაქსმა. კომპანიამ განაცხადა, რომ შპს „პისი მაქსის“ საქმიანობის სფერო შემოიფარგლება მხოლოდ გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურებით და მოითხოვა შეთანხმება, რათა 2019 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის შესაბამისი ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა მოხდეს ფასს სტანდარტებით მომზადებული ფინანსური აღრიცხვის აუდირებული ანგარიშგებით. ამ ინფორმაციის კომისიაში წარმოსადგენად კომპანიამ მოითხოვა ვადა 2020 წლის 1 ოქტომბრამდე.
კომისიამ დააკმაყოფილა შპს „პისი მაქსის“ მოთხოვნა და 2020 წლის 30 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება Nგ-20-22/603 „განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე“. ამ გადაწყვეტილებით შპს „პისი მაქსისთვის“ 2019 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის შესაბამისი ინფორმაციის ფასს სტანდარტებით მომზადებული ფინანსური აღრიცხვის აუდირებულ ანგარიშგებაში ასახვა და კომისიაში წარმოდგენის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 1 ოქტომბრამდე. ვინაიდან კომპანიას აღნიშნულ ვადაში კომისიაში არ წარმოუდგენია ანგარიშგება, კომისიამ 2020 წლის 7 ოქტომბერს მიმართა წერილობით (Nგ-20-08/3237) და მოსთხოვა კომპანიას ანგარიშგების კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის 15 ოქტომბრამდე. კომპანიას აღნიშნულ ვადაში ფასს სტანდარტებით მომზადებული ფინანსური აღრიცხვის აუდირებული ანგარიშგება კომისიაში კვლავ არ წარმოუდგენია. 2020 წლის 15 ოქტომბერს კომისიაში შემოვიდა ორი წერილი შპს „პისი მაქსისგან“ (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/5342 და Nშ-20-6/5343 15.10.2020). აღნიშნულ წერილებში კომპანია განმარტავს, რომ კომპანიაში მიმდინარეობს სააღრიცხვო სისტემის ცვლილების პროცესი, რაც გულისხმობს საოპერაციო და ფინანსური აღრიცხვის სისტემის ცვლილებას. ამ მიზეზების გამო, კომპანიამ სამწუხაროდ ვერ შეძლო კომისიის მიერ მოთხოვნილი აუდირებული ანგარიშგების კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის 1 ოქტომბრამდე. კომპანიაში მიმდინარე საოპერაციო და ფინანსური აღრიცხვის სისტემის ცვლილების პროექტის დასრულება იგეგმება უახლოეს მომავალში, რომელი პროექტის დასრულებისთანავეც შპს „პისი მაქსი“ შეძლებს კომისიაში წარმოადგინოს მოთხოვნილი აუდირებული ანგარიშგება“ და მიმართავს კომისიას თხოვნით, რათა 2019 წლის ფასს სტანდარტებით მომზადებული ფინანსური აღრიცხვის აუდირებული ანგარიშგების და შესაბამისი დამატებითი ცხრილების წარმოსადგენად განესაზღვროს ახალი ვადა 2020 წლის 15 დეკემბრამდე.
შპს „პისი მაქსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2020 წლის 29 ოქტომბერი, 15:00 საათი. აღნიშნულის თაობაზე შპს „პისი მაქსს“ გაეგზავნა შეტყობინება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
კომისიის 2020 წლის 29 ოქტომბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „პისი მაქსის“ წარმომადგენელი ქ. ბენაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ შპს „პისი მაქსს“ პირველად დაეკისრა მსგავსი ვალდებულების შესრულება, კომპანიაში მიმდინარეობს სააღრიცხვო სისტემის ცვლილების პროცესი, რამაც განაპირობა აღნიშნული ვალდებულების ხელმეორედ შეუსრულებლობა.
II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N20-10-2133, 20/10/2020) და თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები;
2. შპს „პისი მაქსის“ 15.07.2020 Nშ-20-6/3670, 15.10.2020 Nშ-20-6/5342 და 15.10.2020 Nშ-20-6/5343 წერილები კომისიას;
3. კომისიის 07.10.2020 Nგ-20-08/3237 წერილი შპს „პისი მაქსს“;
4. შპს „პისი მაქსის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრიდან;
5. კომისიის 2020 წლის 30 ივლისის Nგ-20-22/603 გადაწყვეტილება „განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე“.
6. შპს „პისი მაქსის“ წარმომადგენლის ქ. ბენაშვილის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2020 წლის 29 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „პისი მაქსი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს;
2. „გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილებით და ამ გადაწყვეტილებაში 2019 წლის 18 აპრილს N235/19 გადაწყვეტილებით შეტანილი ცვლილების თანახმად, გამოყოფილი არხებით მომსახურების მაგისტრალურ/ძირითად („Trunk”) და „Backhaul” გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირს - შპს „პისი მაქსს“ დაეკისრა შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება;
3. კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების” შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, საანგარიშო წლის შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში კომისიას უნდა წარუდგინოს ფინანსური წლის დასრულებიდან 6 თვეში, ანუ შესაბამისად არაუგვიანეს 2020 წლის 1 ივლისამდე;
4. კომისიამ შპს „პისი მაქსის“ მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად 2020 წლის 30 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება Nგ-20-22/603 „განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე“. აღნიშნული გადაწყვეტილებით ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენის ვადა გახანგრძლივდა 2020 წლის პირველ ოქტომბრამდე;
5. შპს „პისი მაქსს“ 2020 წლის 1 ოქტომბრამდე კომისიაში არ წარმოუდგენია 2019 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის შესაბამისი ინფორმაცია და მოითხოვა ვადის გახანგრძლივება 2020 წლის 15 ოქტომბრამდე, თუმცა არც არნიშნულ ვადაში შეასრულა დაკისრებული ვალდებულება;
6. 2020 წლის 15 ოქტომბერს კვლავ მომართა კომისიას შპს „პისი მაქსმა“ და მოითხოვა ზემოაღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად ვადის მიცემა 2020 წლის 15 დეკემბრამდე;
7. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „პისი მაქსის“ მიმართ არ ყოფილა გამოყენებული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის.
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონიუს მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
2. ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;
3. კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების” შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, საანგარიშო წლის შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში კომისიას უნდა წარუდგინოს ფინანსური წლის დასრულებიდან 6 თვეში, ანუ შესაბამისად არაუგვიანეს 2020 წლის 1 ივლისამდე;
4. კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების” მე-14 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მიერ, ამ დადგენილების მიხედვით, განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის პირველად მომზადების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსოლია განსაზღვროს განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის მომზადების და კომისიაში წარმოდგენის განსხვავებული ვადები;
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „პისი მაქსის“ მიერ 2020 წლის პირველ ოქტომბრამდე 2019 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის შესაბამისი ინფორმაციის კომისიაში წარმოუდგენლობით,დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და „განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე“ კომისიის 2020 წლის 30 ივლისის Nგ-20-22/603 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე შპს „პისი მაქსს“ არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „პისი მაქსს“ უნდა დაეკისროს წერილობითი გაფრთხილება. ამასთან, დარღვევის აღმოფხვრისა და შპს „პისი მაქსის“ მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულების სრულყოფილად შესრულების მიზნით, შპს „პისი მაქსს“ უნდა განესაზღვროს დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად - 2020 წლის 15 დეკემბრამდე.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „პისი მაქსს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და „განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე“ კომისიის 2020 წლის 30 ივლისის Nგ-20-22/603 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2. შპს „პისი მაქსს“ დაევალოს 2019 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის შესაბამისი ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა ფასს სტანდარტებით მომზადებულ ფინანსური აღრიცხვის აუდირებულ ანგარიშგებაში დამატებით ცხრილების სახით 2020 წლის 15 დეკემბრამდე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „პისი მაქსისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) შპს „პისი მაქსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „პისი მაქსისთვის“ გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის შპს „პისი მაქსისთვის“ ჩაბარების დღიდან;
7. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
