შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 24, 2020 20:25
მიღების თარიღი ნოემბერი 19, 2020
შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში: „კომისია“) ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათის (N 20-10-2180, 28/10/2020) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. აღნიშნულ მოხსენებით ბარათში მითითებულია, რომ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს, შპს „ტელეკომპანია პირველს“ ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება 12004.71 ლარის ოდენობით.
ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდგომ კომისიაში შემოვიდა შპს „ტელეკომპანია პირველის“ წერილი (შ-20-6/5859, 19.11.2020), რომელშიც კომპანია მიუთითებს, რომ სრულად გადაიხადა რეგულირების საფასურის დავალიანება. წერილს თან ერთვის გადახდის ქვითარი. დავალიანების გადახდის ფაქტი დასტურდება ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მიერ მოწოდებული მონაცემებითაც.
შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა გაიმართა 2020 წლის 19 ნოემბერს 15:00 საათზე, რის შესახებაც კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით. კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
კომისიის სხდომაში მონაწილეობდა შპს „ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენელი ნინო ციციშვილი. მისი განმარტებით, შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიერ დავალიანების გადაუხდელობა გამოიწვია პანდემიამ და იმ გარემოებამ, რომ საგადასახადო ვალდებულებების გამო მათ საბანკო ანგარიშებს დაედო საინკასო დავალება. აღნიშნულის გათვალისწინებით შპს „ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენელმა იშუამდგომლა კომისიის წინაშე კომპანიის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელეკომპანია პირველის“ შესახებ;
2. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათი (N 20-10-2180, 28/10/2020);
3. „შპს „ტელეკომპანია პირველის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე“ კომისიის (Nგ-20-18/258, 27/02/2020) გადაწყვეტილება და მისი ჩაბარების დამადასტურებელი გზავნილი;
4. შპს „ტელეკომპანია პირველის“ წერილი (შ-20-6/5859, 19.11.2020) თანდართული მასალებით.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „ტელეკომპანია პირველი“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირია.
მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელეკომპანია პირველის“ შესახებ.
2. შპს „ტელეკომპანია პირველს“ კომისიის ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშებების შესაბამისად ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება 12004.71 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება: კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათი (N 20-10-2180, 28/10/2020.
3. შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელეკომპანია პირველის“ შესახებ.
4. „შპს „ტელეკომპანია პირველის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე“ კომისიის (N გ-20-18/258, 27/02/2020) გადაწყვეტილებით შპს „ტელეკომპანია პირველი“ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე- 5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული პირობების დარღვევის გამო. კერძოდ, დასახელებული გადაწყვეტილებით შპს „ტელეკომპანია პირველი“ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად რეგულირების საფასურის გადაუხდელობის გამო. ამასთან, საკითხზე კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ვალდებულების ნებაყოფლობით აღმოფხვრისა და საფასურის გადახდის ფაქტის გათვალისწინებით კომპანია პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა. გადაწყვეტილება შპს „ტელეკომპანია პირველს“ ჩაბარდა 2020 წლის 11 მარტს.
მტკიცებულება: „შპს „ტელეკომპანია პირველის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე“ კომისიის (N გ-20-18/258, 27/02/2020) გადაწყვეტილება და მისი ჩაბარების დამადასტურებელი გზავნილი.
5. შპს „ტელეკომპანია პირველმა“ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდგომ კომისიის სხდომამდე გადაიხადა რეგულირების საფასურის დავალიანება.
მტკიცებულება: შპს „ტელეკომპანია პირველის“წერილი(№შ-20-6/5859, 19.11.2020) თანდართული მასალებით.
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან მაუწყებლები. რეგულირების საფასურის ოდენობაა მაუწყებლის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მაუწყებელთა შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით;
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა;
5. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისთვის ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. მაუწყებლის გაფრთხილების უფლებამოსილება არ ვრცელდება ამ კანონის 561 და 562 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებზე.
განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს, შპს „ტელეკომპანია პირველს“ არ გადაუხდია „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული რეგულირების საფასური და ერიცხებოდა დავალიანება 12004.71 ლარის ოდენობით. შპს „ტელეკომპანია პირველმა“ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდგომ, კომისიის სხდომამდე სრულად გადაიხადა რეგულირების საფასურის დავალიანება და ამ თვალსაზრისით აღმოფხვრა დარღვევა.
ამრიგად, მაუწყებლის მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის მოთხოვნები. შპს „ტელეკომპანიაპირველის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობ ის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა. თუმცა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში „შპს „ტელეკომპანია პირველის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე“ კომისიის (N გ-20-18/258, 27/02/2020) გადაწყვეტილებით შპს„ტელეკომპანია პირველი“ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად ანალოგიური დარღვევისთვის და კომისიის მიერ საკითხის განხილვამდე დარღვევის აღმოფხვრისთვის გათავისუფლდა პასუხისმგებლობისგან.
კომისია მიიჩნევს, რომ იმის მიუხედავად, რომ განსახილველ შემთხვევაშიც დარღვევა აღმოფხვრილია, მაუწყებელი პასუხისმგებლობისგან არ უნდა გათავისუფლდეს, ვინაიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში მის მიერ მეორედ ხდება ანალოგიური სამართალდარღვევის ჩადენა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მიზანშეწონილია სანქციის გამოყენება დარღვევის პრევენციის მიზნით.
ამგვარად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე მუხლის გათვალისწინებით შპს „ტელეკომპანია პირველს“ უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების დარღვევის გამო.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ტელეკომპანია პირველს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების დარღვევის გამო.
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. შოვნაძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ჩაბარების დღიდან;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ლ. მაისურაძე) შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. შოვნაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
