წვდომის მენიუ

შპს „ასანეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 86

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 12, 2020 11:06

მიღების თარიღი იანვარი 23, 2020

შპს „ასანეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.          საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (შემდგომში „კომისია“) კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის N19-10-2429  13.12.2019 მოხსენებითი    ბარათის    საფუძველზე    დაიწყო    ადმინისტრაციული   წარმოება  შპს „ასანეტისთვის“ ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის დაკისრების  თაობაზე. აღნიშნული მოხსენებითი ბარათის თანახმად, შპს „მაგთიკომის“ 2019 წლის 29 ნოემბრის N19/11/29-1 წერილისა და შპს „მაგთიკომის“ სს „სილქნეტისა“ და შპს „ასანეტის“ მიერ წარმოდგენილი ოქტომბრის თვის სატელეფონო ზარების დეტალური ინფორმაციის საფუძველზე შესწავლილი იქნა შპს „ასანეტის“ მიერ მობილური სატელეფონო ხმოვანი კავშირისთვის გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსის 575 000000-575 004999 დანიშნულებისამებრ გამოყენების საკითხი. შპს „ასანეტი“ არის ავტორიზებული პირი მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურებაზე. კომისიის 2019 წლის 31 ოქტომბრის Nგ19-24/384 გადაწყვეტილებით, შპს „ასანეტი“ ფლობს მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური  მოწყობილობების  იდენტიფიცირებისათვის  ნუმერაციის  რესურსს  575 000000-575 004999. შპს „მაგთიკომის“, სს „სილქნეტის“ და შპს „ასანეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციიდან გამოირკვა, რომ საზღვარგარეთის რამდენიმე ქვეყნის სატელეფონო ნომრიდან შპს „მაგთიკომის“, სს „სილქნეტის“ და შპს „სითი ტელეკომის“ გავლით საერთაშორისო შემომავალი სატელეფონო ზარები სრულდება შპს „ასანეტის“ მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის     განკუთვნილ     სატელეფონო     ნომრებზე.    შპს  „ასანეტი“   შპს „მაგთიკომისადმი“ 2019 წლის 6 ნოემბერს ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ წერილში განმარტავს, რომ საზღვარგარეთიდან შემომავალი სატელეფონო ზარი არ სრულდება შპს „ასანეტის“ კუთვნილ სატელეფონო ნომრებზე; სატელეფონო ზარი ქართული ნომრიდან გადამისამართებულია პარტნიორი უცხოური კომპანიის სატელეფონო ნომერზე. თუმცა კომისიაში წარმოდგენილ სატელეფონო ზარების შესახებ დეტალურ ინფორმაციაში (CDR) გამავალი საერთაშორისო ზარი მითითებულია კომპანია „TopConnect“-ის მიმართულებით, სადაც „ბ“ ნომრად დაფიქსირებულია ქართული სატელეფონო ნომერი (575XXXXXX). შპს „ასანეტის“ წარმომადგენელმა სატელეფონო კომუნიკაციისას აღნიშნა, რომ კომპანიის კუთვნილი სატელეფონო ნომრები ჩართულია „TopConnect“-ის როუმინგულ ქსელში. კომისიამ მიმდინარე წლის 4 დეკემბრის N გ19-06/3827 წერილით მიმართა შპს „ასანეტს“ წარმოედგინა CDR-ებში მითითებულ აქტიურ სატელეფონო ნომრებზე მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები. ასევე მოსთხოვა სტატისტიკურ ანალიტიკურ პორტალზე ფორმა N2-ით გათვალისწინებული მონაცემების შევსება, რაც შეასრულა შპს “ასანეტმა“.    აღნიშნული მოხსენებითი ბარათის თანახმად, შპს „სითი ტელეკომს“ ოქტომბრის თვის სატელეფონო ზარების შესახებ ინფორმაციაში არ წარმოუდგენია შპს  „ასანეტის“ მიმართულებით ზარების შესახებ ინფორმაცია შესაბამისად, არ არის ცნობილი ტრანზიტულად შპს „ასანეტის“ მიმართულებით გატარებული საერთაშორისო შემომავალი ზარების წარმომავლობა.

კომისიის აპარატის სპექტისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის ტექნოლოგიის ჯგუფის მიერ 2019 წლის 2 დეკემბერს სატელეფონო ნომრიდან 2397069 განხორციელდა 2 სატესტო ზარი შპს „ასანეტის“ კუთვნილ სატელეფონო ნომერზე 575003141. მომსახურების მიღების გარეშე წარმოიქმნა 32 და 18 წუთის ხანგრძლივობის სატელეფონო ზარი („ბ“ აბონენტის პასუხის შემდეგ ფიქსირდება სიჩუმე).  2019 წლის 10 დეკემბერს სატელეფონო ნომრებზე

575003198 და 575003798 ასევე ჩატარდა სატესტო სატელეფონო ზარი, პასუხად ჩაირთო უსასრულო ხანგრძლივობის ავტომოპასუხე.

კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის თანხმად,   საქართველოს   მთავრობის   მიერ   2010   წლის   18   ნოემბერს  დამტკიცებულ „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის“ N355 დებულების N2 დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად 5-იან ინდექსზე დაწყებული ნუმერაციის რესურსი გამოიყენება ფიჭური სისტემის მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით მომსახურების ორგანიზებისთვის და მოძრავი აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების ინდენტიფირებისთვის. ტექნოლოგიის ჯგუფმა სცადა საკონტროლო შესყიდვით მიეღო შპს „ასანეტის“ მომსახურება, მაგრამ სატელეფონო კომუნიკაციით აღმოჩნდა, რომ სიმ-ბარათები არ არის ხელმისაწვდომი. მოხსენებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „ასანეტს“ არ აქვს ვებგვერდი, სადაც უნდა განათავსოს ინფორმაცია მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მომსახურების პირობების, მათ შორის მომსახურების პაკეტების და მომსახურების ტარიფების თაობაზე. შესაბამისად კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „ასანეტის“ მიერ დარღვეულია: კომისიის გადაწყვეტილებით მინიჭებულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის პირობები. კერძოდ, კომპანია არადანიშნულებით იყენებს კომისიის მიერ მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის განკუთვნილ ნუმერაციის რესურსი; ასევე დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2006  წლის  17  მარტის  დადგენილების  მე-4  მუხლის  მე-7  პუნქტი. აქედან გამომდინარე კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს    „ასანეტს“    უნდა  დაეკისროს  „ელექტრონული  კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის  პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

2019   წლის   17   დეკემბერს   კომისიას   წერილობით   (შ-19-6/4832)   მომართა  ასევე   სს „სილქნეტმა“. აღნიშნული განცხადების თანახმად, სს „სილქნეტსა“ და შპს „ასანეტს“ შორის გაფორმებული  ურთიერთჩართვის  ხელშეკრულების  ფარგლებში, სს  „სილქნეტი“  შპს „ასანეტს“  უწევს  ხელშეკრულებით  გათვალისწინებულ  საკომუნიკაციო  მომსახურებას.

2019 წლის ოქტომბრის თვეში, სს „სილქნეტის“ ქსელში, შპს „ასანეტის“ მხრიდან დაფიქსირდა საეჭვოდ დიდი ოდენობის საერთაშორისო ზარები, რაც არადამახასიათებელია იმ ავტორიზებული პირისთვის, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებით ოქტომბრის თვეში მიენიჭა შესაბამისი ნუმერაციის რესურსი. აღნიშნულის გათვალისწინებით, სს „სილქნეტმა“ მოითხოვა კომისიისგან შპს „ასანეტის“ მხრიდან ნუმერაციის რესურსით სარგებლობის დანიშნულების შემოწმება და შედეგების გაცნობა სს „სილქნეტისთვის“.

შპს „ასანეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა კომისიის 2020 წლის 16 იანვრის კომისიის სხდომაზე. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინებით ეცნობა შპს „ასანეტს“ და მოწვეული იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული   კოდექსის     98-ე     და     99-ე     მუხლებით     გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შეტყობინება 2020 წლის 16 იანვრის სხდომის თაობაზე, გაეგზავნათ შპს „მაგთიკომსა“ და სს „სილქნეტს“, როგორც დაინტერესებულ პირებს.

კომისიის 2020 წლის 16 იანვრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ასანეტის“ წარმომადგენელი ხ.კუჭაიძე, რომელმაც განაცხადა, რომ კომპანია 2 თვის დაფუძნებულია და ყავს კორპორატიული კლიენტები „TopConnect“ და „NorthConnect“, რომელებიც არიან ესტონეთის რეზიდენტები და შპს „ასანეტს“ თავისი ნუმერაციის რესურსი მთლიანად აქვს მათზე გადაცემული. მან ასევე განმარტა, რომ შპს „ასანეტს“ როუმინგული კავშირი უცხოურ კომპანიებთან ჯერჯერობით არ აქვს და შესაბამისი ხელშეკრულებები გაფორმების პროცესშია. ხ. კუჭაიძემ კომისიის წინაშე იშუამდგომლა სხდომის გადადების თაობაზე, ვინაიდან სხდომაზე ვერ გამოცხადდა იურისტი სასამართლო სხდომაზე მონაწილეობის გამო. საკითხის განხილვა გადაიდო 2020 წლის 23 იანვრისთვის.

2020 წლის 23 იანვრის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „ასანეტის“ წარმომადგენლები ხ. კუჭაიძე და კ.ნადარაია. ხ.კუჭაიძის განმარტებით, კომპანიას საქმიანობა შეჩერებული აქვს და   პარტნიორების ზარები აღარ შემოდის; ავტორიზაცია არ არის შეჩერებული, თუმცა ვებგვერდი კომპანიას ამ ეტაპზე არ აქვს. კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის ტექნოლოგიის ჯგუფის თანამშრომელმა ც.უჯმაჯურიძემ დაადასტურა, რომ სატესტო ზარების განხორციელების შედეგად, გადაწყვეტილების მიღების დღისთვის შპს „ასანეტის“ მიერ მომხმარებლებზე „TopConnect”-სა „Nord Connect“-ზე გადაცემული სატელეფონო ნომრები გათიშულია.

II.        კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები

1.   კომისიის  აპარატის  სპექტრის  და  ტექნოლოგიის  დეპარტამენტის  N19-10-2429 13.12.2019 მოხსენებითი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით;

2.   შპს „მაგთიკომის“ წერილი 29.11.2019 Nშ-19-6/4611;

3.   სს „სილქნეტის წერილი 17.12.2019 N Nშ-19-6/4832;

4.   კომისიის წერილი შპს „ასანეტს“ 04.12.2019 N გ-19-06/3827;

5.   შპს   „ასანეტს“,   შპს   „მაგთიკომის“   და   სს   „სილქნეტის“   მიერ   წარმოდგენილი ინფორმაცია ტრაფიკის შესახებ (ე.წ. CDR);

6.   ხელშეკრულებები  შპს  „ასანეტსა“  და  მომხმარებლებს  „TopConnect“-სა  და  „Nord Connect“  შორის (23.12.2019 NS-19-6/4933, 14.01.2020 NS-20-6/131);

7.   შპს „ასანეტის“ წერილი კომისიას 16.01.2020 Nშ-20-6/158;

8.   კომისიის  აპარატის  სპექტრის  და  ტექნოლოგიის  დეპარტამენტის     N20-10-156 23.01.2020 სამსახურებრივი ბარათი;

9.   ამონაწერი შპს „ასანეტის“ თაობაზე სამეწარმეო პირთა რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან;

10. კომისიის 2020 წლის 16 და 23 იანვრის სხდომებზე კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის ტექნოლოგიის ჯგუფის მთავარი სპეციალისტის ც.უჯმაჯურიძის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები;

11. კომისიის 2020 წლის 16 და 23 იანვრის სხდომებზე შპს „ასანეტის“ წარმომადგენლის ხ.კუჭაიძის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები.

III.       კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.   კომისია   აღნიშნავს,   რომ   შპს   „ასანეტი”   წარმოადგენს   ავტორიზებულ  პირს, რომელსაც  ავტორიზაცია    გავლილი    აქვს    ელექტრონული  საკომუნიკაციო მომსახურების  შემდეგ  სახეებზე: A.F.1.   ადგილობრივი    დაშვების   (სადენიანი) ქსელითა  და/ან  (სადენიანი)       ქსელის       ტერმინალური    საშუალებებით უზრუნველყოფა: ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი  (სააბონენტო)  დაშვების ქსელის ფუნქციური  რესურსებითა  და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი  ადგილობრივი       (სააბონენტო)       დაშვების       ქსელის ტერმინალური  საშუალებების  ფუნქციური  რესურსებითა  და  სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.  A.F.2.  ადგილობრივი  დაშვების  (უსადენო)  ქსელის  შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით      უზრუნველყოფა      რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო)  დაშვების  ქსელის  შესაბამისი  ელემენტებისა  და საშუალებების ფუნქციური  რესურსებითა და სიმძლავრეებით  უზრუნველყოფა. A.F.3.  ძირითადი საკომუტაციო ქსელის  შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: პაკეტური საკომუტაციო  საშუალებების ფუნქციური  რესურსებითა და  სიმძლავრეებით   უზრუნველყოფა.   A.F.7 ელექტრონული  საკომუნიკაციო ქსელის  ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა:  ძირითადი  საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი  ტერმინალური აღჭურვილობის  (IP  TV,  IP ტელეფონია)  ფუნქციური  რესურსებითა  და სიმძლავრეებით  უზრუნველყოფა;

B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით    მომსახურება:    ადგილობრივი    სატელეფონო    (ხმოვანი)    კავშირით მომსახურება;  საერთაშორისო  სატელეფონო  (ხმოვანი)  კავშირით  მომსახურება; საქალაქთაშორისო  სატელეფონო  (ხმოვანი)  კავშირით  მომსახურება;  ტექსტური შეტყობინების მომსახურება; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება ოპტიკური ქსელით ინტერნეტ  მომსახურება,  WiFi,    B.M.1    მოძრავი    საკომუნიკაციო    სისტემების აბონენტების    სატელეფონო   (ხმოვანი)   კავშირით მომსახურება: ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;  მოძრავი   საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;  როუმინგული კავშირით მომსახურება;  B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო  სისტემების  აბონენტების გაფართოებული  მომსახურებით უზრუნველყოფა: ტექსტური  შეტყობინების მომსახურება; მულტიმედიური მომსახურება;  ციფრული  მონაცემების გადაცემის  მოსამხურება  (GPRS  და  სხვა); მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;

2.   კომისიის 2019 წლის 31 ოქტომბრის Nგ19-24/384 გადაწყვეტილებით, შპს „ასანეტს“ მიენიჭა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N492 უფლება შემდეგი პირობით: ა) ნუმერაციის რესურსი: 552 220 000 - 552 224 999, სულ 5000 (ხუთი ათასი) სააბონენტო ნომერი მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური     მოწყობილობების    იდენტიფიცირებისათვის,    ავტორიზებული საქმიანობისთვის; ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო; გ)  უფლების მოქმედების ვადა: 2019 წლის 31 ოქტომბრიდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით; დ) უფლების მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;

3.   კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის ტექნოლოგიის ჯგუფის   მიერ   2019   წლის   2   დეკემბერს   სატელეფონო   ნომრიდან   2397069 განხორციელდა 2 სატესტო ზარი შპს „ასანეტის“ კუთვნილ სატელეფონო ნომერზე 575003141. მომსახურების მიღების გარეშე წარმოიქმნა 32 და 18 წუთის ხანგრძლივობის სატელეფონო ზარი („ბ“ აბონენტის პასუხის შემდეგ დაფიქსირდა სიჩუმე). 2019 წლის 10 დეკემბერს სატელეფონო ნომრებზე 575003198 და 575003798 ასევე ჩატარდა სატესტო სატელეფონო ზარი, პასუხად ჩაირთო უსასრულო ხანგრძლივობის ავტომოპასუხე. აღნიშნული გულისხმობს, რომ მობილური სატელეფონო მომსახურება არ ხორციელდება.

4.   შპს   „ასანეტის“   მიერ   არ   ხორციელდება   მომხმარებლისთვის   სიმბარათების გადაცემა, რომლის გარეშე ტექნიკურად შეუძლებელია მობილური სატელეფონო მომსახურების განხორციელება;

5. შპს „ასანეტს“ როუმინგული მომსახურების გაწევაზე   ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული მომხმარებლებთან „TopConnect“-სა და „Nord Connect“-თან, თუმცა არ        აქვს    გაფორმებული    როუმინგული    ხელშეკრულება    არცერთ    უცხოურ კომპანიასთან, შესაბამისად აღნიშნულ მომსახურებას არ აწვდის „TopConnect“-სა და „Nord Connect“-ს.

6. შპს „ასანეტს“ არ აქვს ვებგვერდი, სადაც უნდა განათავსოს ინფორმაცია მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მომსახურების პირობების, მათ შორის მომსახურების პაკეტების და მომსახურების ტარიფების თაობაზე.

7. შპს „ასანეტს“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი  სახე მსგავსი/ანალოგიური სამართალდარღვევისთვის.

IV.       სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1.   ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი  პუნქტის   შესაბამისად,   ელექტრონული   კომუნიკაციების   სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და  ლიცენზიის   ან/და   ნებართვის   მფლობელების   მიერ   რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;

2.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ    ელექტრონული    კომუნიკაციების    სფეროში    განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ  მიერ ელექტრონული კომუნიკაციების    სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ     პირთა     მიერ     ელექტრონული     კომუნიკაციების      სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული    მოთხოვნებისა    და    ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;

3.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს  ელექტრონული      კომუნიკაციების      სფეროში      საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

4.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების   დარღვევის   შემთხვევაში   კომისია   უფლებამოსილია   დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ   ვადაში   აღმოუფხვრელობის   ან    1   წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული   თვის   შემოსავლის   (საქართველოს   საგადასახადო   კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

5.   ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს კომისია, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, ნუმერაციის რესურსით     სარგებლობის     უფლებას     კომისია    პირს    ანიჭებს    ამ    კანონის,„საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად.

6.   ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2      პუნქტის      შესაბამისად,  ელექტრონული      კომუნიკაციების      სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა  და კანონიერი ინტერესების დაცვას ზედამხედველობს კომისია.

7. საქართველოს მთავრობის 2010 წლის  18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული  ,,საქართველოს    ელექტრონული    საკომუნიკაციო    ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,  ამ დებულებით დგინდება ნუმერაციის რესურსების ერთგვაროვანი სტრუქტურა და ფორმატი; რესურსების განაწილების, გამოყოფისა და მინიჭების, აგრეთვე ავტორიზებული პირებისა და მომხმარებლების მიერ ამ რესურსებით სარგებლობის საერთო პირობები, მათ შორის, ნუმერაციის რესურსების მართვისა და გამოყენების წესები.

8. საქართველოს მთავრობის 2010 წლის  18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული   ,,საქართველოს    ელექტრონული    საკომუნიკაციო    ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად,     ნუმერაციის     რესურსით     სარგებლობის     უფლების მფლობელმა პირმა უნდა უზრუნველყოს კომისიის გადაწყვეტილებით პირველადი მინიჭების საფუძველზე განსაზღვრული ნუმერაციის რესურსებით სარგებლობის პირობების დაცვა, გამოყოფილი     ნუმერაციის     რესურსების     შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა და მათი სარგებლობა საკუთარი აბონენტებისათვის (მეორადი მინიჭება).

9. საქართველოს მთავრობის 2010 წლის  18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს    ელექტრონული    საკომუნიკაციო    ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“   დანართი N2-ის მე-2 პუნქტის შესაბამისად,   500-599    არაგეოგრაფიული    ზონის    კოდებისთვის    ნუმერაციის რესურსის დანიშნულებას წარმოადგენს ფიჭური სისტემის მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით მომსახურების ორგანიზება და მოძრავი აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირება.

10. „ელექტრონული    კომუნიკაციების    სფეროში    მომსახურების    მიწოდებისა და მომხმარებელთა  უფლებების    დაცვის    შესახებ    რეგლამენტის    დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის დადგენილების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ ვებგვერდზე ინტერნეტში განათავსოს ინფორმაცია მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მომსახურების პირობების, მათ შორის, მომსახურების პაკეტების და მომსახურების ტარიფების თაობაზე, ასევე ინფორმაცია მომსახურების მიღების, შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებისა და მომსახურების პაკეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე

კომისია აღნიშნავს, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელი პირი პასუხისმგებელია კომისიის გადაწყვეტილებით პირველადი მინიჭების საფუძველზე განსაზღვრული ნუმერაციის რესურსებით სარგებლობის პირობების დაცვაზე და საკუთარი აბონენტების (მეორადი მინიჭება) მიერ ამ რესურსებით სარგებლობის უზრუნველყოფაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ასანეტის“ მიერ კომისიის 2019 წლის 31 ოქტომბრის Nგ19-24/384 გადაწყვეტილებით შპს „ასანეტისთვის“ მინიჭებული ნუმერაციის რესურსით (N4992 სარგებლობის უფლება) აღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრული დანიშნულების გარეშე გამოყენებით, დარღვეულია კომისიის 2019 წლის 31 ოქტომბრის Nგ19-24/384   გადაწყვეტილების   პირველი   პუნქტის   ა)  ქვეპუნქტი და შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი. ამასთან შპს „ასანეტის“ მიერ, ვებგვერდზე აბონენტებისთვის მომსახურების პირობების, მომსახურების პაკეტებისა და ტარიფების მიუწოდებლობით, დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის დადგენილების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ასანეტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომისიას არ გამოუყენებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღევისათვის, შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ’ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „ასანეტს“ უნდა დაეკისროს გაფრთხილება.

V.        სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის  18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-2 დანართის მე-2 პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის დადგენილების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.   შპს „ასანეტს“ მიეცეს გაფრთხილება კომისიის 2019 წლის 31 ოქტომბრის Nგ19-24/384 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის დადგენილების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის დარღვევის გამო;

2. შპს „ასანეტს“ დაევალოს აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული დარღვევის აღმოფხვრა 2020 წლის 20 თებერვლამდე;

3.   დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას  გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ასანეტისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ო.ვოტ);

4.  გადაწყვეტილება ძალაში შედის შპს ,,ასანეტისთვის“ გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან;

5.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ  საქმეთა    კოლეგიაში (მისამართი:  ქ.  თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს ,,ასანეტისთვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ლ.ლაშქარავა).

კახი ბექაური   თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

მერაბ ქათამაძე   წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები