შპს „მაგთიკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 01, 2020 23:11
მიღების თარიღი ნოემბერი 19, 2020
შპს „მაგთიკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიამ 2020 წლის იანვარში დაიწყო კორპორატიული აბონენტების სეგმენტის შესწავლა ფიქსირებული ინტერნეტისა და მობილური მომსახურებების ბაზრებზე, შესაბამისი მოქმედი ხელშეკრულებების საფუძველზე. 2020 წლის 24 იანვარს, კომისიამ წერილობით (Nგ-20-05/218) მიმართა შპს ,,მაგთიკომს“ და სთხოვა 2020 წლის 4 თებერვლამდე კომისიის ელექტრონული ფოსტის მისამართზე იურიდიულ პირებთან გაფორმებული მოქმედი ხელშეკრულებების გადმოგზავნა, როგორც ფიქსირებულ, ისე მობილურ მომსახურებაზე მომსახურების პირობებისა და სატარიფო გეგმების ჩათვლით, ასევე, 2019 წლის მე-4 კვარტლის საბილინგო მონაცემები იურიდიული აბონენტების მიხედვით. მოთხოვნილი ინფორმაციიდან შპს „მაგთიკომის“ მიერ ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულება შესრულებულია მხოლოდ საბილინგო მონაცემების წარმოდგენის ნაწილში. რაც შეეხება იურიდიულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებების წარმოდგენის ვალდებულებას, შპს ,,მაგთიკომის“ მიერ დღემდე არ არის შესრულებული, მიუხედავად კომპანიასთან არაერთი კომუნიკაციისა და განმეორებით ინფორმაციის არაერთხელ გამოთხოვისა.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 19 ნოემბერს, რის შესახებ შპს„მაგთიკომს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შეტყობინებით, შპს„მაგთიკომს“, ასევე, ეცნობა, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, კომისია გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე და კომისიის სხდომაზე დისტანციურად დასწრების მიზნით, გაეგზავნებოდათ სპეციალური ბმული (ლინკი), კომისიისთვის ცნობილ და მათ მიერ დაფიქსირებულ ბოლო ელფოსტის ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე. შესაბამისად, შპს ,,მაგთიკომს“ ეთხოვა, რომ შესაბამის ელექტრონულ პორტალზე (https://eforms.gncc.ge) უმოკლეს ვადაში განეახლებინა ან/და კომისიის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე (post@gncc.ge) გამოეგზავნათ მათი საკონტაქტო მონაცემები (ელფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი), წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისია იხელმძღვანელებდა მის ხელთ არსებული ბოლო საკონტაქტო მონაცემებით, რომელზეც გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება ოფიციალურად გაგზავნილად, ყველა თანმდევი სამართლებრივი შედეგით. ამასთანავე, შპს ,,მაგთიკომს“ ეცნობა, რომ კომისიის შესაბამისი შეტყობინებები და გადაწყვეტილებები გამოქვეყნდებოდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზეც (www.gncc.ge).
2020 წლის 17 ნოემბერს კომისიას წერილობით მომართა (შ-20-6/5821) შპს „მაგთიკომმა“ და მიუთითა, რომ ბაზრის განვითარებისა და სტრატეგიული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათში (№N 20-10-2254, 11.11.2020) აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები გადმოცემულია არასრულყოფილად, ტენდენციურად და იმ ფორმით, რომ შეიქმნას არარეალური სურათი - თითქოს მაგთიკომის მხრიდან ადგილი აქვს ვალდებულების მიზანმიმართულ და განზრახ დარღვევას. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ მსოფლიო პანდემიის პირობებში, შპს „მაგთიკომშიც“ შექმნილია მძიმე ეპიდემიულოგიური ვითარება, კერძოდ, შპს „მაგთიკომის“ თანამშრომლებში ჯამურად გამოვლენილია COVID 19-ით ინფიცირების 50 შემთხვევა (ნაცვლად მანამდე არსებული 34 შემთხვევისა), თვითიზოლაციაში მყოფი თანამშრომლების ჯამური რაოდენობა შეადგენს 1025-ს (ნაცვლად მანამდე არსებული 992 პირისა) და დაიხურა 19 რეალიზაციის ოფისი (ნაცვლად მანამდე არსებული 17 ოფისისა). მაგთიკომის წერილის შესაბამისად, კომპანიაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე შეუძლებელია კომისიის დავალების შესრულება. კომპანიას მიაჩნია, რომ მსგავს სიტუაციაში მიღებული გადაწყვეტილება იქნება არარა ადმინისტრაციული აქტი და მოითხოვა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.
კომისიის 2020 წლის 19 ნოემბრის დისტანციურად ჩატარებულ სხდომაზე გამოცხადდნენ შპს„მაგთიკომის“ წარმომადგენლები ლ.გიორგაძე, ნ. ქართველიშვილი, დ. ძიძიგური, გ.გაგნიძე. შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა ლ. გიორგაძემ იშუამდგომლა კომისიის სხდომის გადადებისა და მომდევნო სხდომის კომისიის იურიდიულ მისამართზე ჩატარების თაობაზე. მისი განმარტებით, დისტანციურად გამართული სხდომების დროს არ ეძლევა პოზიციების სრულყოფილად წარდგენის საშუალება (რადგანაც კომისიის თავმჯდომარე მხარეებს განუსაზღვრავს რეგლამენტს), რაც იმას ნიშნავს, რომ სრულფასოვნად ვერ იცავს მარწმუნებლის ინტერესებს. შესაბამისად, მიაჩნია, რომ კომისიის იურიდიულ მისამართზე გამართული საჯარო სხდომის დროს უფრო სრულყოფილად შეძლებენ მარწმუნებლის ინტერესების დაცვას. ლ. გიორგაძემ ასევე აღნიშნა, რომ როდესაც კომისია საჯარო სხდომებს ატარებდა კომისიის სხდომათა დარბაზში, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გაცილებით კვალიფიციური და მაღალი ხარისხის იყო, ვიდრე პანდემიის პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები.
კომისიამ შპს „მაგთიკომის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო, კერძოდ, შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა ვერ დაასახელა ვერც ერთი კონკრეტული გარემოება, რომელთა გამო ხელი ეშლებოდა შპს „მაგთიკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის ონლაინ სხდომაზე განხილვას, იქნებოდა ეს მხარეთა მოსმენა, მტკიცებულებათა გამოკვლევა თუ ადმინისტრაციული წარმოებისთვის აუცილებელი სხვა პროცედურები. ამასთან შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელს განემარტა, რომ სხდომის მონაწილეთათვის დროის დაწესება კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ შესაბამისად, კომისიის თავმჯდომარის მიერ განისაზღვრება და შესაძლებელია როგორც დისტანციურად, ისე კომისიის იურიდიულ მისამართზე ჩატარებულ სხდომაზე. რაც შეეხება სხდომათა საჯაროობას, კომისიის დისტანციურ სხდომაზეც ნებისმიერ პირს აქვს დასწრების უფლება, თუ ის ამის სურვილს გამოთქვამს (კომისიის წინაშე სურვილის გაცხადების შემთხვევაში, კომისიის მიერ მას ეგზავნება სპეციალური ბმული, რომლის მეშვეობითაც შეუძლია დაესწროს დისტანციურ სხდომას, ასევე ე.წ. „ონლაინ“ სხდომები (ისევე როგორც ე.წ. „ოფლაინ“ სხდომები) გადაიცემა www.youtube.com-ზე ონლაინ რეჟიმში და ნებისმიერი მსურველი უფლებამოსილია თვალი ადევნოს სხდომის მიმდინარეობას.
2020 წლის 19 ნოემბრის კომისიის სხდომაზე შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შპს „მაგთიკომი“ მოკლებულია შესაძლებლობას ხელშეკრულებების წარმოდგენის პირობა დადოს ამ ეტაპზე. მათი განმარტებით შესაძლოა მომდევნო კვირაში აიკრძალოს გადაადგილება, რა შემთხვევაშიც კომპანია ვერ შეასრულებს კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებულ ვალდებულებას. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, შპს„მაგთიკომის“ წარმომადგენლებმა წინადადებით მიმართეს კომისიას საკითხის მომდევნო სხდომისთვის გადატანასთან დაკავშირებით, რასაც კომისია არ დაეთანხმა, ვინაიდან 11 თვეა კომისია შპს „მაგთიკომისგან“ ითხოვს კონკრეტულ ინფორმაციას, თუმცა ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულება შპს „მაგთიკომის“ მხრიდან დღემდე არ არის შესრულებული.
2020 წლის 12 ნოემბრის კომისიის სხდომაზე, კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დაპარტამენტის უფროსმა ე. იმედაძემ კომისიას და სხდომის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ კორპორატიული აბონენტების სეგმენტის შესწავლის ფარგლებში კომისიამ შესაბამისი ხელშეკრულებები გამოითხოვა ოთხი ავტორიზებული პირისგან, რომელთაგან ორმა სრულად წარმოადგინა ხელშეკრულებები, მესამეს აქვს გაწერილი გრაფიკი და წარმოადგენს ნაწილ-ნაწილ, მოწოდებულია გამოთხოვილი ხელშეკრულებების 40%, კვირის ბოლომდე კი მიღებული იქნება 60% ხელშეკრულებებისა, წლის ბოლომდე - გამოთხოვილი ინფორმაციის 90%, ხოლო 2021 წლის 10 თებერვლამდე კი სრულად წარმოადგენს. ე. იმედაძის განმარტებით, გრაფიკი ისეა შედგენილი, რომ ხელშეკრულებების ძირითადი ნაწილი მოწოდებული იქნას ნოემბრის ბოლომდე. შპს „მაგთიკომს“ კი ასეთი გრაფიკიც არ აქვს შეთანხმებული კომისიასთან. ე. იმედაძემ დააყენა წინადადება კომისიის წინაშე, რომ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადები შპს „მაგთიკომის“ მიერ ხელშეკრულებების გამოთხოვასთან დაკავშირებით იყოს იმდაგვარი, რომ კომისიის აპარატს ჰქონდეს წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზის საშუალება, რის შემდგომაც გაირკვევა არის თუ არა დამატებითი დოკუმენტაციის გამოთხოვის აუცილებლობა.
II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის ბაზრის განვითარებისა და სტრატეგიული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№N 20-10-2254, 11.11.2020);
2. კომისიის წერილები შპს „მაგთიკომს“ (Nგ-20-05/218, 24.01.2020, N გ- 20-05/363, 6.02.2020);
3. შპს ,,მაგთიკომის“ წერილი კომისიას (Nშ-20-6/669, 07.02.2020);
4. კომისიის წერილი შპს „მაგთიკომს“ (18.02.2020);
5. შპს „მაგთიკომის“ წერილი კომისიას (Nშ-20-6/1053 , 27.02.2020);
6. კომისიის წერილი შპს „მაგთიკომს“ 15.09.2020 Nგ20-05/2917);
7. შპს „მაგთიკომის“ წერილი კომისიას 07.10.2020 (შ-20-6/5251);
8. კომისიის წერილი შპს „მაგთიკომს“ ( 08.10.2020 N გ-20-05/3255);
9. შპს „მაგთიკომის“ წერილი კომისიას (09.10.2020 N შ-20-6/5293);
10. შეტყობინება კომისიის სხდომის დანიშვნის თაობაზე;
11. მონაცემები შპს ,,მაგთიკომის“ შესახებ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
12. შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენლების მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა- განმარტებები;
13. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ე. იმედაძის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „მაგთიკომი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს;
2. კომისიამ წერილობით (24.01.2020 Nგ-20-05/218) მიმართა შპს „მაგთიკომს“ და მოსთხოვა იურიდიულ პირებთან გაფორმებული მოქმედი ხელშეკრულებები როგორც ფიქსირებულ, ისე მობილურ მომსახურებაზე მომსახურების პირობებისა და სატარიფო გეგმების ჩათვლით, ასევე, 2019 წლის მე-4 კვარტლის საბილინგო მონაცემები იურიდიული აბონენტების მიხედვით, რაც შპს ,,მაგთიკომის“ მიერ არ შესრულდა;
3. კომისიამ წერილობით (N გ- 20-05/363, 6.02.2020) განმეორებით მიმართა შპს „მაგთიკომს“ აღნიშნული ინფორმაციის კომისიაში 2020 წლის 7 თებერვლამდე წარმოდგენის მოთხოვნით, რაც შპს ,,მაგთიკომის“ მიერ ისევ არ შესრულდა. 2020 წლის 7 თებერვალს, შპს,,მაგთიკომმა“ წერილობით (Nშ-20-6/669) აცნობა კომისიას, რომ 7 თებერვლამდე კომისიის მოთხოვნის შესრულება ფიზიკურად შეუძლებელი იყო, ამასთან, კომისიის მოთხოვნა არ იყო დასაბუთებული. ასევე, აცნობა, რომ კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენს შპს „მაგთიკომის“ კომერციულ საიდუმლოებას, რომლის გამჟღავნება/ხელმისაწვდომობა არსებით და მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებდა შპს„მაგთიკომს“ და მის კონკურენტუნარიანობას. შპს „მაგთიკომმა“, ასევე განმარტა, რომ მისი წერილი არ წარმოადგენს შპს ,,მაგთიკომის“ მხრიდან მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებზე უარის თქმას და ის მზად არის დაეხმაროს კომისიას მისი ფუნქციის შესრულებაში თუ კომისიის მხრიდან დასაბუთდებოდა მოთხოვნის მიზნობრიობა/კანონიერება, რა დროსაც გათვალისწინებულ იქნებოდა ადამიანური რესურსების ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობა, მოთხოვნილი მოცულობითი ინფორმაციის დასამუშავებლად გონივრული ვადა და მისი კონფიდენციალობა;
4. კომისიის 2020 წლის 18 თებერვლის წერილით შპს „მაგთიკომს“ ეცნობა, რომ კომისიას 2020 წლის 24 იანვრის №გ-20-05/218 წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას ესაჭიროებოდა ე.წ. კორპორატიული (იურიდიული პირი აბონენტების) ბაზრის სეგმენტზე არსებული მდგომარეობის შესწავლის, მათ შორის, კომისიის კანონქვემდებარე აქტებთან ხელშეკრულებების შესაბამისობის შესწავლის მიზნით, რომელიც კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენდა, ხოლო, ინფორმაციის კონფიდენციალობასთან დაკავშირებით განემარტა, რომ ხელშეკრულებების წარმოდგენისას უნდა მოეთხოვა ხელშეკრულების რომელი მუხლის ცნობა სურდა კონფიდენციალურად შესაბამისი დასაბუთებით და კომისია მიიღებდა შესაბამის გადაწყვეტილებას. ამასთან, შპს ,,მაგთიკომს“ კვლავ ეთხოვა აღნიშნული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა არაუგვიანეს 2020 წლის 28 თებერვლისა;
5. 2020 წლის 27 თებერვალს, შპს ,,მაგთიკომმა“ კომისიას წერილობით (Nშ-20-6/1053) მიმართა, სადაც განმარტა, რომ კომისიას 2020 წლის 24 იანვრის Nგ-20-05/218 წერილის მოთხოვნა და მასში ასახული მოთხოვნის დასაბუთება - ე.წ. კორპორატიული ბაზრის სეგმენტზე არსებული მდგომარეობისა და ხელშეკრულებების კანონქვემდებარე აქტებთან შესაბამისობის შესწავლა, მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს და არ შეესაბამება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. შპს ,,მაგთიკომის“ განმარტებით, ინფორმაციის მოთხოვნა წინააღდეგობაში მოდიოდა თავად კომისიის მიერ საჯაროდ დეკლარირებულ პოლიტიკასთან, რომლის თანახმად, არცერთი საცალო ბაზრის სეგმენტი არ უნდა იყოს დარეგულირებული კომისიის მიერ. ამასთან, მაგთიკომი მიუთითებდა, რომ მათ მიერ სტატისტიკური ფორმების საშუალებით და სხვადასხვა კვლევის, მათ შორის, 2019 წელს ჩატარებული საცალო ბაზრების კვლევის ფარგლებში (კომისიის №266/9, №267/9, №268/9 გადაწყვეტილებები), კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაცია სავსებით საკმარისი იყო კომისიის მიერ დეკლარირებული მიზნის მისაღწევად. შესაბამისად, კომპანიის აზრით, არ არსებობდა ლოგიკური კავშირი მოთხოვნილ ინფორმაციასა და კომისიის წერილში მითითებულ მიზანს შორის. მაგთიკომის განმარტებით, „ხელშეკრულებების კანონქვემდებარე აქტებთან შესაბამისობის შესწავლას არ სჭირდება ყველა იურიდიულ პირთან გაფორმებული ყველა ხელშეკრულების წარდგენა. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია ბევრი სხვა საშუალებითაც“;
6. კომისიის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მოწოდების ფორმატზე და ვადაზე შპს,,მაგთიკომთან“ შეთანხმება შედგა და კომისიის 2020 წლის 16 აპრილის Nგ-20-18/404 გადაწყვეტილებით შპს ,,მაგთიკომს“ დაევალა კომისიაში წარმოედგინა კომისიის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია 3 თვის ვადაში კომისიასთან შეთანხმებული ფორმით, კერძოდ, ელექტრონულ ფორმატში (Microsoft Excel). ასევე, შპს „მაგთიკომის“ მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, კომპანიას კომისიისთვის უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულებები, რომლის წარდგენის ვადა გონივრულ შესაბამისობაში იქნებოდა გამოთხოვნილი ხელშეკრულებების რაოდენობასთან, რომლის ოდენობა არ იქნებოდა ხელშეკრულებების საერთო რაოდენობის 10%-ზე მეტი;
7. 2020 წლის 27 ივლისს შპს „მაგთიკომმა“ კომისიას წარუდგინა საბილინგო მონაცემები, შეთანხმებული ფორმატით (Microsoft Excel), სადაც წარმოდგენილი იყო როგორც მობილური, ასევე ფიქსირებული ინტერნეტის ნაწილი. კომისიამ შპს „მაგთიკომს“ წერილობით (15.09.2020 (Nგ20-05/2917) მიმართა და წარუდგინა იმ შერჩეული ხელშეკრულებების ჩამონათვალი, რომელთა საფუძველზე კომისია ჩაატარებდა კვლევას. აღსანიშნავია, რომ შერჩეული ხელშეკრულებების რაოდენობა, შეთანხმებულ 10%-ზე გაცილებით ნაკლები იყო. შპს „მაგთიკომს“ ხელშეკრულებების წარმოდგენის ვადად განესაზღვა 2020 წლის 12 ოქტომბერი;
8. შპს„მაგთიკომმა“ წერილობით (07.10.2020 შ-20-6/5251) მიმართა კომუნიკაციების კომისიას და აღნიშნა, რომ კომპანია ითვალისწინებს სახელმწიფო რეკომენდაციას კორონა ვირუსის პრევენციასთან დაკავშირებით და თანამშრომლები ჰყავს დისტანციურ მუშაობაზე, შესაბამისად არქივიდან ხელშეკრულებების მოძიებას და კონსოლიდირებას ესაჭიროებოდა ბევრი ადამიანური რესურსის მობილიზება, რაც არსებულ სიტუაციაში ფაქტობრივად შეუძლებელი იყო და კომისიას აუწყა, რომ ხელშეკრულებების წარმოდგენა შესაძლებელი იქნებოდა მას მერე რაც კომპანია ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდა;
9. კომუნიკაციების კომისიამ 2020 წლის 8 ოქტომბერს, წერილობით (N გ-20-05/3255) მიმართა შპს „მაგთიკომს“ და განუმარტა რომ აღნიშნულ ხელშეკრულებებზე და შესაბამის საკითხებზე მუშაობა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობდა და კომისიისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ამ პროცესის გონივრულ ვადებში წარმართვა. არსებითი იყო ის გარემოებაც, რომ კომისიას სხვა ოპერატორებისგან უკვე ჰქონდა ოპტიმალურ ვადაში ანალოგიური ინფორმაცია მიღებული. ასევე კომისიამ შეახსენა შპს „მაგთიკომს“, რომ 2020 წლის 16 აპრილის კომუნიკაციების კომისიის სხდომაზე მოხდა შეთანხმება, რომ დათქმულ ვადაში წარმოადგენდნენ ხელშეკრულებების არაუმეტეს 10% - ს. ამასთან გასათვალისწინებელი იყო, რომ მოცემულ მომენტში გამოთხოვილი ხელშეკრულებების რაოდენობა (როგორც ფიქსირებული ინტერნეტის, ასევე მობილური მომსახურებების ნაწილში), რომელიც საერთო რაოდენობის 5%-ზე მცირე იყო. ასევე, კომუნიკაციების კომისიამ არსებული ვითარების გათვალისწინებით შპს „მაგთიკომს“ შესთავაზა კომპანიას გამოეყო პასუხისმგებელი თანამშრომელი ვინც კომპანიის ოფისში ან/და არქივში წარმოადგენს/გადასცემს მოთხოვნილ ხელშეკრულებებს კომისიის აპარატის თანამშრომელს და შემდეგ მათ ელექტრონულ ფორმაში გადაყვანას (ადგილზე) და ასლების კომუნიკაციების კომისიამდე ტრანსპორტირებას კომუნიკაციების კომისია უზრუნველყოფდა საკუთარი რესურსით. არსებულ თანამშრომელზე და პროცესის ორგანიზების ვადების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენის ვადად შპს „მაგთიკომს“ განესაზღვა 2020 წლის 12 ოქტომბერი. შპს „მაგთიკომმა“ 2020 წლის 9 ოქტომბერს, კომისიას წერილობით (N შ-20-6/5293) დაუდასტურა რომ მოთხოვნილი ხელშეკრულებები მართლაც შეთანხმებულ 10%-ზე გაცილებით ნაკლებია, თუმცა მოთხოვნის შესრულება არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე არის შეუძლებელი, და არა სხვა ტექნიკური მიზეზის გამო. ასევე, აღნიშნავენ რომ 2020 წლის 9 ოქტომბრის მდგომარებით, კომპანიაში ორ თანამშრომელს ქონდა კორონა , ხოლო 52 გადასული იყო თვითიზოლაციაში, როგორც რისკ ჯგუფის წარმომადგენელი. წერილის დასასრულს აღნიშნული იყო რომ მაგთიკომი მზად არის განიხილოს ნებისმიერი გონივრული წინადადება, რაც, ერთის მხრივ,შესაძლებელს გახდის კომისიის მოთხოვნის ფიზიკურად შესრულებას და ამავდროულად გამორიცხავს ადამიანების ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებას და ეჭვქვეშ არ დააყენებს კომპანიის ფუნქციონირებას. ასევე, საჭიროების შემთხვევაში კომისიას შეუძლია გაგზავნოს წარმომადგენელი, რომელსაც ადგილზე გააცნობდნენ არსებულ სიტუაციას. არსებული წერილის შემდეგ, კომისია მართავს სამუშაო შეხვედრებს შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლებთან, სთავაზობს კონკრეტული გრაფიკის შემუშავებას რომ გამოარკვიოს თუ რა ვადებში და რა რაოდენობით არის შესაძლებელი ხელშეკრულებების წარმოდგენა თუმცა დღემდე ასეთი შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება, დღემდე შპს „მაგთიკომს“ არ წარმოუდგენია არც ერთი ხელშეკრულება და არ არსებობს აღნიშნული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენის გრაფიკიც კი;
10. შპს „მაგთიკომს“ მსგავსი დარღვევისთვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების მიერ ბოლო მომხმარებლებისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდების, მათთვის მომსახურების ფართო არჩევანისა და სატარიფო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციებია: გ) მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; მ) სხვა ფუნქციები, რომლებიც გამომდინარეობს ამ კანონიდან და კომისიის ამოცანებიდან;
3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ზედამხედველობს კომისია. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ აბონენტს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდოს მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე;
5. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ- ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ გამოთხოვილი ხელშეკრულებების შპს„მაგთიკომის“ მიერ წარმოუდგენლობით, შეუძლებელი ხდება კომისიის მიერ გარკვეული მარეგულირებელი ფუნქციის განხორციელება, კერძოდ კორპორატიული აბონენტების სეგმენტის შესწავლა ფიქსირებული ინტერნეტისა და მობილური მომსახურებების ბაზრებზე.
კომისია აღნიშნავს, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზრის კორპორატიული აბონენტების სეგმენტის შესწავლის საჭიროებიდან გამომდინარე, საკითხის შესწავლა დაიწყო 2020 წლის იანვრიდან, როდესაც ქვეყანაში პანდემია არ იყო და ხელშეკრულებების კომისიაში წარმოდგენა თავისუფლად იყო შესაძლებელი. გამოთხოვილი ინფორმაციის მოცულობისა და შემდეგ პანდემიის გათვალისწინებით, კომისიამ ჯერ ექსელის ცხრილის სახით მოითხოვა ინფორმაცია და შემოიფარგლა კონკრეტული კონტრაქტების 10%-ის წარმოდგენით, შემდეგ კი ეს ციფრი 5%-მდე შემცირდა. შედეგად კი მიიღო ის, რომ იანვარში გამოთხოვილი ხელშეკრულებებიდან ნოემბერში ერთიც კი არ არის წარმოდგენილი. სხვა კომპანიების მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებების ანალიზი მიმდინარეობს კომისიის მიერ, მაშინ, როდესაც შპს „მაგთიკომის“- ერთერთი უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანიის მიერ ინფორმაციაც არ არის წარმოდგენილი, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს პროცესს და კომისიას ხელს უშლის მისი უმნიშვნელოვანესი ფუნქციის განხორციელებაში. პანდემია ეხება ყველას და პანდემიის პირობებში ორმა ავტორიზებულმა პირმა შეძლო კომისიის მიერ გამოთხოვილი ხელშეკრულებების სრულად წარმოდგენა, მესამე კომპანია კომისიასთან შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ინფორმაციის ნაწილ-ნაწილ წარმოდგენის რეჟიმშია, ხოლო კომისია აღნიშნული კომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლასა და ანალიზს ახორციელებს, კომპანიების მიერ ინფორმაციების წარმოდგენის პარალელურად. გარდა შპს„მაგთიკომისა“, კვლევაში ჩართული ყველა სხვა კომპანია და კომისია ახერხებენ ადამიანური რესურსის მობილიზებას, რათა შესრულდეს კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულებები. ამდენად, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება შპს „მაგთიკომის“ მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად, ვინაიდან ესა თუ ის ვითარება, თავისთავად არ წარმოადგენს ვალდებულებისგან გათავისუფლების საფუძველს, არამედ აუცილებელია, რომ ეს გარემოება ხელს უშლიდეს პირს ვალდებულების შესრულებაში. შპს „მაგთიკომი“ კი ვერ ასაბუთებს რატომ და რა სახით შეუშალა ხელი ქვეყანაში არსებულმა პანდემიამ ხელშეკრულებების მოწოდებაში, მაშინ როდესაც კომპანია აგრძელებს ფუნქციონირებას შეზღუდვების პერიოდშიც და იმის გათვალისწინებით, რომ კომისიამ შესთავაზა კიდეც კომპანიას, რომ თავადვე გამოყოფდა თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფდა კონტრაქტების სკანირებას და კომისიისთვის მიწოდებას.
კომისია აღნიშნავს, რომ თავდაპირველად, კომისიის 2020 წლის 16 აპრილის Nგ-20-18/404 გადაწყვეტილებით, შპს „მაგთიკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა სწორედ არსებული ვითარების გათვალისწინებით და იმის იმედით, რომ შპს „მაგთიკომი“ შეასრულებდა ვალდებულებას, რაც არ გამართლდა. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ კომპანიისთვის სანქციის სახით წერილობითი გაფრთხილების დაკისრებას ექნება პრევენციული ხასიათი, ხოლო შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენის წინამდებარე გადაწყვეტილებით დავალდებულება უზრუნველყოფს შპს „მაგთიკომის“ მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,მაგთიკომის“ მიერ კომისიის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის წარმოუდგენლობით, შპს „მაგთიკომის“ მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნტები, რაც ამავე კანონის შესაბამისად ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შპს„მაგთიკომს“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე არ დაკისრებია, შპს „მაგთიკომი“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველიპუნქტის შესაბამისად, წერილობით უნდა გაფრთხილდეს. ამასთან, მას უნდა დაევალოს კომისიის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის წარმოდგენა.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-3 პუნქტის გ) და მ) ქვეპუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შპს „მაგთიკომს“ დაეკისროს გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნტების დარღვევის გამო;
2. შპს „მაგთიკომს“ დაევალოს კომისიის მიერ წერილობით (15.09.2020 Nგ20-05/2917) გამოთხოვილი - იურიდიულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებების 50%-ის კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის 15 დეკემბრამდე, ხოლო ხელშეკრულებების დანარჩენი 50%-ის კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
3. დაევალოს შპს „მაგთიკომს“, კვლევის საჭიროებებიდან გამომდინარე, კომისიის მიერ დამატებითი ხელშეკრულებების გამოთხოვის შემთხვევაში, აღნიშნული ხელშეკრულებების კომისიაში წარმოდგენა, კომისიის მიერ ასეთი ხელშეკრულებების გამოთხოვნიდან 30 კალენდარული დღის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს “მაგთიკომისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) შპს„მაგთიკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს„მაგთიკომისთვის“ ჩაბარების დღიდან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების შპს „მაგთიკომისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ბაზრის განვითარებისა და სტრატეგიულ დეპარტამენტს.
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
